მთავარი გვერდი - ბიბლია

ახალი აღთქმა
ებრაელთა მიმართ
თავი 7

1რამეთუ ესე მელქისედეკ, მეფე სალემისაჲ, მღდელი ღმრთისა მაღლისაჲ, რომელი შეემთხჳა აბრაჰამს, მო-რაჲ-ქცეულ იყო იგი მოწყუედისა მისგან მეფეთაჲსა, და აკურთხა იგი,

2რომელსაცა-იგი ათეული მისცა ყოვლისა მისგან ნაწილად აბრაჰამ, პირველად უკუე ითარგმანების „მეუფე სიმართლისაჲ“, და მერმე - „მეფე სალემისაჲ“, რომელ არს მეუფე მშჳდობისაჲ,

3უმამო, უდედო, ნათესავ-მოუჴსენელებელ; არცა დასაბამი დღეთაჲ, არცა აღსასრული ცხორებისაჲ აქუს, ხოლო მიმსგავსებულ არს იგი ძესა ღმრთისასა და ჰგიეს იგი მღდელად სამარადისოდ.

4იხილეთ-ღა, რაბამ იყო ესე, რომელსა-იგი ათეულიცა მისცა აბრაჰამ რჩეულთა მათგან მამათმთავარმან.

5და რომელნი-იგი ლევის ძეთაგანნი მღდელობასა მიიღებენ, მცნებაჲ აქუს ათეულისა მიღებად ერისაგან მსგავსად რჩულისა, ესე იგი არს, ძმათაგან თჳსთა, და გამოსრულთა მათგანღა წელთაგან აბრაჰამისთა.

6ხოლო ნათესავ-მოუჴსენებელმან მან მათგან ათეული მიიღო აბრაჰამისგან და აკურთხა, რომელსა-იგი აღთქუმანი აქუნდეს.

7ხოლო თჳნიერ ყოვლისა ცილობისა უმცირესი იგი უმჯობესისაგან იკურთხევის.

8და აქა რომელნი-იგი მოსწყდებიან კაცნი, ათეულსა მიიღებენ; ხოლო მუნ წამებულ არს, ვითარმედ ცხოველ არს.

9და, რაჲთა მოკლედ ვთქუათ, აბრაჰამისთჳს და ლევისთჳს, და რომელი ათეულსა მიიღებს, ათეულადვე შეწირულ არს;

10რამეთუ წელთაღა შინა მამისათა იყო, ოდეს-იგი შეემთხჳა მას მელქისედეკ.

11რამეთუ, უკუეთუმცა განსრულებაჲ ლევიტელთაგან მღდელობისაჲ იყო, - რამეთუ ერი იგი მას ზედა შჯულ-დებულ არს, - რადღა საჴმარ იყო მერმე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა სხუაჲ აღდგინებად მღდელი და არა წესსა მას ზედა აჰრონისსა თქუმად?

12რამეთუ ცვალებასა თანა მღდელობისასა ჩანს იძულებით, რამეთუ შჯულისაცა ცვალებაჲ იქმნების,

13რომელსა ზედა თქუმულ არს ესე: სხჳსა ნათესავსამან დაიპყრა, რომლისაგანი არასადა საკურთხეველსა წარდგომილ იყო.

14წინაწარ ჩანს, რამეთუ იუდაჲს ნათესავისაგან აღმოგჳბრწყინდა უფალი ჩუენი, რომლისა ნათესავისაჲ მღდელობისათჳს არაჲ აჴსენა მოსე.

15და უმეტესადღა ცხად არს, უკუეთუ მსგავსად მელქისედეკისა აღდგეს სხუაჲ მღდელთმოძღუარი,

16რომელი არა შჯულისა მისებრ მცნებისა ჴორციელისა იყოს, არამედ ძალისა მისებრ ცხორებისა წარუვალისა.

17რამეთუ ეწამების, ვითარმედ: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა.

18რამეთუ შეურაცხებაჲ იქმნების პირველისა მის მცნებისაჲ უძლურებისა მისისათჳს და ურგებობისა,

19რამეთუ არარაჲ სრულ ყო შჯულმან; ხოლო შემოსლვაჲ უმჯობესისა სასოებისაჲ, რომლისა მიერ მივეახლებით ღმერთსა.

20და რაოდენ-იგი არა თჳნიერ ფიცისა, - რამეთუ რომელნიმე თჳნიერ ფიცისა არიან მღდელ ყოფილ;

21ხოლო ესე - ფიცით მის მიერ, რომელმან-იგი ჰრქუა მას: ფუცა უფალმან და არა შეინანოს; შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა,

22ესოდენ უმჯობესისა აღთქუმისა იქმნა თავს-მდებ იესუ.

23და რომელნიმე მრავალნი არიან მღდელად დადგინებულნი სიკუდილისაგან დაყენებითა დადგრომად.

24ხოლო ამას დადგრომისათჳს მისისა უკუნისამდე წარუვალად აქუს მღდელობაჲ იგი.

25ვინაჲცა ყოვლითურთ ცხორებად შემძლებელ არს მათდა, რომელნი-იგი მის მიერ მოუჴდებიან ღმერთსა, და სამარადისოდ ცხოველ არს მეოხად მათთჳს.

26რამეთუ შე-ვე ესევითარი-ჰგვანდა ჩუენდა მღდელთმოძღუარი: წმიდაჲ, უმანკოჲ, შეუგინებელი, განშორებული ცოდვათაგან და უმაღლესი ცათაჲ.

27რომელსა არა უჴმს დღითი დღედ, ვითარცა მღდელთმოძღუართა მათ, პირველად თჳსთა ცოდვათათჳს მსხუერპლისა შეწირვაჲ და მერმე ერისათჳს, რამეთუ თავადმან ერთგზის ყო ესე და თავი თჳსი შეწირა.

28რამეთუ შჯულმან კაცნი დაადგინნა მღდელთმოძღურად, რომელთა აქუნდა უძლურებაჲ, ხოლო სიტყუამან ფიცისამან, რომელი-იგი შემდგომად შჯულისა იყო, - ძე უკუნისამდე განსრულებული.


წინა თავი შემდეგი თავი