მთავარი გვერდი - ბიბლია

ახალი აღთქმა
ეფესელთა მიმართ
თავი 6

1შვილნი მორჩილ იყვენით მამა-დედათა თქუენთა უფლისა მიერ, რამეთუ ესე არს სამართალი.

2პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რომელ-ესე არს მცნებაჲ პირველი აღთქუმასა შინა.

3რაჲთა კეთილი გეყოს შენ, და იყო დღეგრძელ ქუეყანასა ზედა.

4და მამანი ნუ განრისხდებით შვილთა თქუენთა, არამედ განზარდენით იგინი სწავლითა და მოძღურებითა უფლისაჲთა.

5მონანი ერჩდით ჴორციელთა უფალთა თქუენთა შიშით და ძრწოლით, სიწრფოებითა გულისა თქუენისაჲთა, ვითარცა ქრისტესა,

6ნუ თუალთა წინაშე თუალ-ღებით მონებად, ვითარცა კაცთ მოთნენი, არამედ ვითარცა მონანი ქრისტესნი, ჰყოფდით ნებასა ღმრთისასა გულითად;

7გონიერად ჰმონებდით ვითარცა უფალსა, და არა კაცთა;

8უწყოდეთ, რამეთუ რაჲცა ვინ ქმნეს კაცად-კაცადმან კეთილი, იგიცა მოიღოს უფლისა მიერ, გინა თუ მონამან გინა თუ აზნაურმან.

9და უფალნი ეგე ეგრეთვე ჰყოფდით მათა მიმართ, შეუნდობდით რისხვასა, უწყოდეთ, რამეთუ თქუენი და მათი უფალი ცათა შინა არს, და თუალთ-ღება არა არს მის თანა.

10ამიერითგან, ძმანო ჩემნო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისაჲთა,

11შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინა-დადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა.

12რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა მიმართ და ჴორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე.

13ამისთჳს აღიღეთ ყოვლად-საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინა-დადგომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რაჲთა სდგეთ.

14მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ.

15და შეიხსენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ სახარებისა მის მშჳდობისაჲ.

16ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განჴურვებულთა დაშრეტად;

17და ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ დაიდგთ და მახჳლი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ;

18ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა და მებრვე ამისთჳს იღჳძებდით ყოვლითა კრძალულებითა და ვედრებითა ყოველთა წმიდათათჳს

19და ჩემთჳსცა, რაჲთა მომეცეს მე სიტყუაჲ აღებასა პირისა ჩემისასა განცხადებულად უწყებად საიდუმლოჲ იგი სახარებისაჲ,

20რომლისათჳს-ესე ვციქუ ჯაჭჳთურთ, რაჲთა მას შინა განვცხადნე, ვითარ-იგი ღირს ჩემდა სიტყუად.

21ხოლო თქუენცა რაჲთა უწყოდით ჩემთჳს, რასა-იგი ვიქმ, ყოველივე გაუწყოს თქუენ ტჳქიკოს, საყუარელმან ძმამან და სარწმუნომან მსახურმან უფლისა მიერ,

22რომელი-იგი მივავლინე თქუენდა ამისთჳს მებრ, რაჲთა უწყოდით ჩუენთჳს და ნუგეშინის-სცეს გულთა თქუენთა.

23მშჳდობაჲ ძმათა და სიყუარული სარწმუნოებითურთ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.

24მადლი ყოველთა თანა მოყუარეთა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა უხრწნელებით. ამინ.


წინა თავი