მთავარი გვერდი - ბიბლია

ახალი აღთქმა
იოანეს სახარება
თავი 9

1და ვითარცა წარვიდოდა იესუ, იხილა კაცი, ბრმაჲ შობითგან.

2ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა?

3ჰრქუა მათ იესუ: არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რაჲთა გამოცხადნეს საქმე ღმრთისაჲ მაგას ზედა.

4და ჩემდა ჯერ-არს საქმედ საქმესა მომავლინებელისა ჩემისასა, ვიდრე დღე არსღა; მოვალს ღამე, ოდეს ვერვის ჴელ-ეწიფოს საქმედ.

5ვიდრემდე ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისაჲ.

6და ესე ვითარცა თქუა ჰნერწყუა ქუეყანასა და შექმნა თიჴაჲ ნერწყჳსაგან და სცხო თიჴაჲ იგი თვალთა მის ბრმისათა

7და ჰრქუა მას: წარვედ და დაიბანე საბანელსა მას სილოამისასა, რომელი ითარგმნების „მოვლინებულად“. წარვიდა კაცი იგი და დაიბანა, მოვიდა და ხედვიდა.

8ხოლო მოძმენი და რომელთა ეხილვა იგი პირველად, რამეთუ მთხოველი იყო, იტყოდეს: არა ესე არსა, რომელი ზინ და ითხოვნ?

9სხვანი იტყოდეს: ესე არს; ხოლო რომელნიმე იტყოდეს: არა, არამედ მსგავსი მისი არს; ხოლო იგი იტყოდა: მე ვარ.

10ჰკითხვიდეს მას: ვითარ აღგეხილნეს თუალნი შენნი?

11მან მიუგო და ჰრქუა მათ: კაცმან რომელსა ჰრქჳან იესუ, თიჴაჲ შექმნა და მცხო თვალთა ჩემთა და მრქუა მე: წარვედ საბანელსა მას სილოამისასა და დაიბანე. მივედ და დავიბანე და აღვიხილენ.

12ჰრქუეს მას: სადა არს იგი? ხოლო მან რქუა მათ: არა უწყი.

13იყო შაბათი, ოდეს-იგი თიჴაჲ შექმნა იესუ და აღუხილნა თვალნი მისნი.

14მოიყვანეს იგი წინაშე ფარისეველთა, რომელი–იგი პირველად ბრმაჲ იყო.

15კუალად ჰკითხვიდეს მას ფარისეველნიცა იგი: ვითარ აღიხილენ? ხოლო მან ჰრქუა მათ: თიჴაჲ დამდვა თუალთა ჩემთა, და დავიბანე და აწ ვხედავ.

16იტყოდეს ვინმე ფარისეველთაგანნი: ესე კაცი არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს. სხუანი იტყოდეს: ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევითარისა სასწაულისა საქმედ? და ცილობაჲ იყო მათ შორის.

17ჰრქუეს მას, რომელი-იგი პირველ ბრმაჲ იყო: შენ რასა იტყჳ მისთჳს, რამეთუ აღგიხილნა თუალნი შენნი? ხოლო მან ჰრქუა მათ: წინაწარმეტყუელი არს.

18არა ჰრწმენა ჰურიათა მისთჳს, ვითარმედ ბრმაჲ იყო და აღიხილნა თუალნი, ვიდრემდე მოუწოდეს მამა-დედათა მისთა, რომელმან-იგი აღიხილნა,

19ჰკითხვიდეს მათ და ჰრქუეს: ესე არსა ძჱ იგი თქუენი, რომელისაჲ თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ბრმაჲ იშვა? აწ უკუე ვითარ ხედავს?

20მიუგეს მამა-დედათა მისთა და ჰრქუეს: უწყით, რამეთუ ესე არს ძჱ ჩუენი და რამეთუ ბრმაჲ იშვა.

21ხოლო აწ ვითარ ხედავს, ჩუენ არა ვიცით; ანუ ვინ აღუხილნა მაგას თუალნი, ჩუენ არა უწყით; მაგას ჰკითხეთ, ჰასაკი აქუს, ეგე თავისა თჳსისათჳს იტყოდენ.

22ამისთჳს ესე თქუეს მშობელთა მისთა, რამეთუ ეშინოდა ჰურიათაგან, რამეთუ შეთქუმულ იყვნეს ჰურიანი, რაჲთა აღ-თუ ვინმე-იაროს იგი ქრისტედ, კრებულისაგან განჴადონ იგი.

23ამისთჳს თქუეს მამა-დედათა მისთა, ვითარმედ: ჰასაკი აქუს, მაგას ჰკითხეთ.

24მოუწოდეს კაცსა მას მეორედ, რომელი-იგი პირველ ბრმაჲ იყო, და ჰრქუეს მას: მიეც დიდებაჲ ღმერთსა; ჩუენ უწყით, რამეთუ კაცი ესე ცოდვილ არს.

25ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: ცოდვილი თუ არს, მე არა უწყი; ხოლო ერთი ესე უწყი, რამეთუ ბრმაჲ ვიყავ და აწ ვხედავ.

26მერმე ჰრქუეს მას: რაჲ გიყო შენ? ვითარ აღგიხილნა თუალნი შენნი?

27მიუგო და ჰრქუა მათ: გარქუ თქუენ პირველვე, და არა გესმა; რაჲსაღა გნებავს კუალად სმენად? ანუ თქუენცა გნებავს მოწაფე ყოფად მისა?

28ხოლო იგინი აგინებდეს მას და ჰრქუეს: შენ ხარ მოწაფე მისი, ხოლო ჩუენ მოწაფენი მოსესნი ვართ.

29უწყით, რამეთუ მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა ვიცით, ვინაჲ არს.

30მიუგო კაცმან მან და ჰრქუა მათ: საკჳრველი ესე არს, რამეთუ თქუენ არა იცით, ვინაჲ არს, და მე აღმიხილნა თუალნი.

31ესე უწყი, რამეთუ ცოდვილისაჲ არა ისმინის ღმერთმან, არამედ უკუეთუ ვინმე არნ ღმრთის-მსახურ და ნებასა ღმრთისასა ჰყოფნ, ამისი ისმინის ღმერთმან.

32საუკუნითგან არასადა ისმა, ვითარმცა აღ-ვინმე-უხილნა თუალნი შობითგან ბრმისანი.

33უკუეთუმცა არა იყო ესე ღმრთისაგან, ვერმცა რას შემძლებელ იყო საქმედ.

34მიუგეს და ჰრქუეს მას: ცოდვათა შინა შობილ ხარ შენ ყოვლად და შენ გუასწავებ ჩუენ? და განჴადეს იგი გარე.

35ესმა იესუს, რამეთუ განაძეს იგი გარე, პოვა იგი და ჰრქუა მას: შენ გრწამსა ძე ღმრთისაჲ?

36მან მიუგო და ჰრქუა: ვინ არს იგი, უფალო, რაჲთა მრწმენეს იგი?

37ჰრქუა მას იესუ: იხილე იგი, და რომელი იტყჳს შენ თანა, იგი არს.

38ხოლო მან ჰრქუა მას: მრწამს, უფალო, და თაყუანის-სცა მას.

39და თქუა იესუ: სჯად სოფელსა ამას მოსრულ ვარ მე, რაჲთა რომელნი არა ხედვიდეს, ხედვიდენ; და რომელნი ხედვიდეს, დაბრმენ.

40ესმა ესე ფარისეველთაგანთა, რომელნი იყვნეს მის თანა, და ჰრქუეს: ნუუკუე ჩუენცა ბრმანი ვართა?

41ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა ბრმანი იყვენით, ცოდვაჲმცა არა გაქუნდა; ხოლო აწ იტყჳთ, ვითარმედ: ვხედავთ, და ცოდვანი თქუენნი ჰგიან.


წინა თავი შემდეგი თავი