მთავარი გვერდი - ბიბლია

ახალი აღთქმა
ლუკას სახარება
თავი 1

1ვინაჲთგან უკუე მრავალთა ჴელ-ყვეს აღწერად მოთხრობისა საქმეთათჳს გულსავსე-ქმნილთა ჩუენ შორის,

2ვითარცა-იგი მომცეს ჩუენ, რომელნი დასაბამითგან თჳთ-მხილველ და მსახურ ყოფილ იყვნეს სიტყჳსა მის,

3ჯერ-მიჩნდა მეცა, რომელი შეუდეგ პირველითგან ყოვლითა ჭეშმარიტებითა, შემდგომითი შემდგომად მიწერად შენდა, მჴნეო ღმრთის-მოყუარეო თეოფილე,

4რაჲთა სცნა, რომელთათჳს-იგი ისწავე სიტყუათა მათ კრძალულებაჲ.

5იყო დღეთა მათ ჰეროდე მეფისა ჰურიასტანისათა მღდელი ვინმე, რომლისა სახელი ზაქარია, შემდგომად დღითი-დღედ მსახურებისა მის აბიაჲსა, და ცოლი მისი ასულთაგან აჰრონისთაჲ, და სახელი მისი ელისაბედ.

6და იყვნეს ორნივე ესე წინაშე ღმრთისა მართალ და ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი.

7და არა ესუა მათ შვილი, რამეთუ ელისაბედ იყო ბერწ, და ორნივე გარდასრულ იყვნეს დღეთა მათთა.

8და იყო მღდელობასა მას მისსა, წესსა მას დღითი-დღედისა მისისა წინაშე ღმრთისა,

9მსგავსად ჩვეულებისა მღდელობისა ჰხუდა მას საკუმეველისა კუმევაჲ და შევიდა ტაძარსა უფლისასა.

10და ყოველი სიმრავლე ერისაჲ ილოცვიდა გარეშე ჟამსა მას საკუმეველისა კუმევისასა.

11და ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ, მდგომარე მარჯუენით საკურთხევლისა მის საკუმეველთაჲსა.

12და შეძრწუნდა ზაქარია, იხილა რაჲ იგი, და შიში დაეცა მას ზედა.

13ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეისმნეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოვანე.

14და იყოს შენდა სიხარულ და მხიარულება, და მრავალთა შობასა მისსა განიხარონ.

15რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღჳნოჲ და თაფლუჭი არა სუას და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან.

16და მრავალნი ძეთა ისრაჱლისათაგანნი მოაქცინეს უფლისა, ღმრთისა მათისა.

17და იგი თავადი პირველად განვიდეს წინაშე მისსა სულითა და ძალითა ელიაჲსითა მოქცევად გულნი მამათანი შვილთა მიმართ და ურჩნი გონებითა მართალთაჲთა განმზადებად უფლისა ერი მომზადებული.

18და ჰრქუა ზაქარია ანგელოზსა მას: რაჲთა ვცნა ესე, რამეთუ მე მოხუცებულ ვარ, და ცოლი ჩემი გარდასრულ არს დღეთა მისთა?

19მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა: მე ვარ გაბრიელ, წინაშე მდგომელი პირსა ღმრთისასა, და მოვივლინე სიტყუად შენდა და ხარებად ამას.

20და აჰა იყო შენ დადუმებულ და ვერ შემძლებელ სიტყუად ვიდრე დღედმდე ყოფად ამისა ამისთჳს, რამეთუ არა გრწმენეს სიტყუანი ჩემნი, რომელნი აღესრულნენ ჟამსა თჳსსა.

21და დგა ერი იგი და ელოდა ზაქარიას და უკჳრდა დაყოვნებაჲ იგი მისი ტაძარსა მას შინა.

22და გამო-რაჲ-ვიდა, ვერ ეძლო სიტყუად მათდა, და ცნეს, რამეთუ ჩუენებაჲ რაჲმე იხილა ტაძარსა მას შინა; და იგი წამ-უყოფდა მათ და დაადგრა უტყუად.

23და ვითართცა აღესრულნეს დღენი იგი მსახურებისა მისისანი, წარვიდა სახიდ თჳსა.

24და შემდგომად დღეთა მათ მიუდგა ელისაბედ, ცოლი მისი, და იფარვიდა თავსა თჳსსა ხუთ თუე და იტყოდა,

25ვითარმედ: ესრეთ მიყო მე უფალმან დღეთა ამათ, რომელთა მოხედვა-ყო მოსპოლვად ყუედრებაჲ ჩემი კაცთა შორის.

26და თუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქად გალილეაჲსა, რომლისა სახელი ნაზარეთ,

27ქალწულისა, თხოილისა ქმრისა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისა, და სახელი ქალწულისაჲ მის მარიამ.

28და შევიდა ანგელოზი იგი მისა და ჰრქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის.

29ხოლო მან რაჲ იხილა, შეძრწუნდა სიტყუასა მას მისსა ზედა და განიზრახვიდა: ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?

30და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა.

31და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ.

32ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ.

33და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ.

34ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?

35მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა მას: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ; ამისთჳსცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის.

36და აჰა ელისაბედ, ნათესავი შენი, იგიცა მიდგომილ არს ძესა სიბერესა თჳსსა, და ესე მეექუსე თუჱ არს მისი, რომელსა-იგი ერქუა ბერწ.

37რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაჲ.

38ჰრქუა მას მარიამ: აჰა მჴევალი უფლისაჲ; მეყავნ მე სიტყჳსაებრ შენისა! და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი.

39და აღდგა მარიამ მათ დღეთა შინა და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაჲსა.

40და შევიდა სახლსა ზაქარიაჲსსა და მოიკითხა ელისაბედ.

41და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაჲ მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაჲ იგი მუცელსა მისსა. და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ.

42და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ!

43და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა?

44რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ჴმაჲ მოკითხვისა შენისაჲ ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაჲ ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა.

45და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაჲ თქუმულთაჲ მათ მისა მიმართ უფლისა მიერ.

46და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა,

47და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა,

48რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი;

49რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი,

50და წყალობაჲ მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა;

51ყო სიმტკიცე მკლავითა თჳსითა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲთა;

52დაამჴუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა დაბალნი;

53მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი;

54შეეწია ისრაჱლსა, მონასა თჳსსა, მოჴსენებად წყალობისა.

55ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა საუკუნოდ.

56და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე და წარვიდა სახიდ თჳსა.

57ხოლო ელისაბედისნი აღივსნეს ჟამნი შობისა მისისანი და შვა ძე.

58და ესმა გარემოთა და ნათესავთა, რამეთუ განადიდა უფალმან წყალობაჲ თჳსი მის თანა, და მის თანა იხარებდეს.

59და იყო მერვესა დღესა და მოვიდეს წინადაცუეთად ყრმისა მის და რაჲთამცა უწოდეს მას სახელად მამისა მისისა ზაქარია.

60და მიუგო დედამან მისმან და ჰრქუა: არა, არამედ ეწოდოს მაგას იოვანე.

61და ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ არს ნათესავსა შენსა, რომელსა ჰრქჳან სახელი ეგე.

62და წამუყოფდეს მამასა მისსა, რაჲ-ძი უნდეს სახელის-დებად მისა.

63და მოითხოვა ფიცარი და დაწერა და თქუა: იოვანე არს სახელი მისი. და დაუკჳრდა ესე ყოველთა.

64და მეყსეულად აღეღო პირი მისი და ენაჲ, და იტყოდა და აკურთხევდა ღმერთსა.

65და იყო შიში დიდი ყოველთა ზედა გარემო მკჳდრთა მისთა; და ყოველთა მათ მთით კერძოთა ჰურიასტანისათა მიმოითქუმოდეს ყოველნი ესე სიტყუანი.

66და დაიდვეს გულსა, რომელთა ესმოდა ესე, და იტყოდეს: რაჲ-მე იყოს ყრმაჲ ესე? და ჴელი უფლისაჲ იყოს მის ზედა.

67და მამაჲ მისი ზაქარია აღივსო სულითა წმიდითა, წინაწარმეტყუელებდა და თქუა:

68კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ, რამეთუ მოჰხედნა და ყო ჴსნაჲ ერისა თჳსისაჲ;

69და აღმიდგინა ჩუენ რქაჲ ცხოვრებისაჲ შორის სახლსა მას დავითის, მონისა თჳსისა;

70ვითარცა ეტყოდა პირითა წმიდათაჲთა საუკუნითგან წინაწარმეტყუელთა მისთაჲთა,

71ცხორებასა მტერთა ჩუენთაგან და ჴელისაგან ყოველთა მოძულეთა ჩუენთაჲსა;

72ყოფად წყალობისა მამათა ჩუენთა თანა და მოჴსენებად აღთქუმისა წმიდისა მისისა;

73ფიცით, რომელ ეფუცა აბრაჰამსა, მამასა ჩუენსა, მოცემად ჩუენდა

74უშიშად ჴსნად ჴელთაგან მტერთა ჩუენთაჲსა,

75მსახურებად მისა ღირსებით და სიმართლით წინაშე მისსა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

76და შენ, ყრმაო, წინაწარმეტყუელ მაღლის იწოდო, რამეთუ წარსძღუე შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა,

77 მიცემად მეცნიერებაჲ ცხორებისაჲ ერსა თჳსსა მოტევებად ცოდვათა მათთაჲთა

78მოწყალებითა წყალობისა ღმრთისა ჩუენისაჲთა, რომელთა მიერ მომხედნა ჩუენ აღმოსავალმა მაღლით.

79გამოჩინებად მათ ზედა, რომელნი სხენან ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა, და წარმართებად ფერჴთა ჩუენთა გზათა მშჳდობისასა.

80ხოლო ყრმაჲ იგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა. და იყო უდაბნოს, ვიდრე გამოცხადებადმდე მისა ისრაჱლისა მიმართ.


შემდეგი თავი