მთავარი გვერდი - ბიბლია

ახალი აღთქმა
ლუკას სახარება
თავი 15

1და იყვნეს ყოველნი მეზუერენი და ცოდვილნი მახლობელად მისა და ისმენდეს მისსა.

2და დრტჳნვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი და იტყოდეს, ვითარმედ: ესე ცოდვილთა შეიწყნარებს და მათ თანა ჭამს და სუამს.

3და ეტყოდა მათ იგავსა ამას და ჰრქუა:

4ვის თქუენგანსა კაცსა ედგას ასი ცხოვარი და წარუწყმდეს მას ერთი მათგანი, არა-მე დაუტევნესა ოთხმეოც და ათცხრამეტნი იგი უდაბნოსა ზედა და წარვიდეს წარწყმედულისა მისთჳს, ვიდრემდე პოოს იგი?

5და პოოს რაჲ, დაისუას იგი მჴართა თჳსთა ზედა სიხარულით;

6და მო-რაჲ-ვიდეს იგი სახედ თჳსა, მოუწოდოს მეგობართა და მოძმეთა და ჰრქუას მათ: ჩემ თანა გიხაროდენ, რამეთუ ვპოვე ცხოვარი ჩემი წარწყმედული.

7გეტყჳ თქუენ: ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათჳს ცოდვილისა, რომელმან შეინანოს, ვიდრეღა არა ოთხმეოც და ათცხრამეტთა მათ მართალთა, რომელთა არა უჴმს სინანული.

8გინა დედაკაცსა, რომელსა აქუნდა დრაქმაჲ ათი და წარწყმიდის ერთი, არა-მე აღანთისა სანთელი და მოჰმართის სახლი და ეძიებნ გულს-მოდგინედ, ვიდრემდე პოოს იგი?

9და პოოს რაჲ, მოუწოდის მეგობართა და მოძმეთა და ჰრქჳს მათ: ჩემ თანა გიხაროდენ, რამეთუ ვპოვე დრაქმაჲ იგი, რომელი წარვწყმიდე.

10გეტყჳ თქუენ: ესრეთ იყოს სიხარული წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს.

11მერმე იტყოდა და თქუა: კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე.

12და ჰრქუა უმრწემესმან მან მამასა თჳსსა: მამაო, მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი სამკჳდრებელისაჲ. და განუყო მათ საცხორებელი იგი.

13და შემდგომად არა მრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი უმრწემესმან მან ძემან და წარვიდა შორსა სოფელსა და მუნ განაბნია ნაყოფი იგი მისი, რამეთუ ცხოვნდებოდა იგი არაწმიდებით.

14და ვითარცა წარაგო მან ყოველივე მისი, იყო სიყმილი ძლიერი მას სოფელსა, და იწყო მან მოკლებად.

15და მივიდა და შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა, ხოლო მან წარავლინა იგი ველად თჳსა ძოვნად ღორთა.

16და გული-ეტყოდა განძღებად მუცლისა რქისა მისგან, რომელსა ჭამედ ღორნი, და არავინ სცის მას.

17და მოეგო რაჲ თავსა თჳსსა, თქუა: რაოდენთა სასყიდლით-დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური, და მე აქა სიყმილითა წარვწყმდები.

18აღვდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვჰრქუა მას: მამაო, ვცოდე ცად მამართ და წინაშე შენსა,

19და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი.

20და აღდგა და მოვიდა იგი მამისა თჳსისა. და ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა. და მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს-უყოფდა მას.

21და ჰრქუა მას ძემან მან: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა.

22ჰრქუა მამამან მისმან მონათა თჳსთა: გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას და შეაცუთ ბეჭედი ჴელსა მისსა და ჴამლნი ფერჴთა მისთა.

23და მოიბთ ზუარაკი იგი ჭამებული და დაკალთ, და ვჭამოთ და ვიხარებდეთ,

24რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა. და იწყეს განცხრომად.

25და იყო ძე იგი მისი უხუცესი ველსა გარე. და ვითარცა მოვიდოდა და მოეახლა სახლსა მას, ესმა ჴმაჲ სიხარულისაჲ და განცხრომისაჲ.

26და მოუწოდა ერთსა მონათაგანსა და ჰკითხვიდა, ვითარმედ: რაჲ არს ესე?

27ხოლო მან ჰრქუა მას, რამეთუ: ძმაჲ შენი მოსრულ არს, და მამამან შენმან დაკლა ზუარაკი იგი ჭამებული, რამეთუ ცოცხლებით მოვიდა იგი.

28ხოლო იგი განრისხნა და არა უნდა შინა შესლვად. ხოლო მამაჲ მისი გამოვიდა ჰლოცვიდა მას.

29და მან მიუგო და ჰრქუა მამასა თჳსსა: აჰა ესერა ესოდენნი წელნი გმონენ შენ და არასადა მცნებასა შენსა გარდავჰჴედ, და არასადა მომეც ერთი თიკანი, რაჲთამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე.

30და ოდეს ძე ესე შენი მოვიდა, რომელმან შეჭამა საცხორებელი შენი მეძავთა თანა, დაუკალ მას ზუარაკი იგი ჭამებული.

31ხოლო მან ჰრქუა მას: შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს.

32ხოლო აწ მხიარულებაჲ და სიხარული ჯერ-არს, რამეთუ ძმაჲ ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა.


წინა თავი შემდეგი თავი