მთავარი გვერდი - ბიბლია

ახალი აღთქმა
ლუკას სახარება
თავი 22

1და მოახლებულ იყო დღესასწაული იგი უცომოებისაჲ, რომელსა ჰრქჳან პასქაჲ.

2და ეძიებდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი, რაჲთამცა მოკლეს იგი, ხოლო ეშინოდა ერისა მას.

3და შეუჴდა ეშმაკი იუდას, რომელსა ერქუა ისკარიოტელ და იყო იგი რიცხჳსაგან ათორმეტთაჲსა.

4და მივიდა, ეზრახა მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა და ერისა წინამძღუართა, ვითარმცა იგი მისცა მათ.

5ხოლო მათ განიხარეს და აღუთქუეს მას ვეცხლი მიცემად.

6და აღუვარა მათ და ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა მისცეს იგი მათ თჳნიერ ერისა.

7მოიწინეს დღენი იგი უცომოებისანი, ოდეს ღირდა პასქაჲ იგი დაკლვად.

8და წარავლინნა პეტრე და იოვანე და ჰრქუა მათ: წარვედით და მომიმზადეთ ჩუენ პასქაჲ, რაჲთა ვჭამოთ.

9ხოლო მათ ჰრქუეს: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ?

10ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: აჰა ეგერა შესლვასა ოდენ თქუენსა ქალაქად შეგემთხჳოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგჳნი წყლითა ზე ედგას; შეუდეგით მას სახიდ, ვიდრეცა შევიდეს.

11და არქუთ სახლისა უფალსა მას: გეტყჳს შენ მოძღუარი: სადა არს სავანე, რომელსა პასქაჲ ესე მოწაფეთა ჩემთა თანა ვჭამო?

12და მან გიჩუენოს თქუენ ქორი დაგებული დიდი; მუნ მზა-მიყავთ ჩუენ.

13და წარვიდეს და პოვეს ეგრე, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ, და მოუმზადეს პასქაჲ იგი.

14და ოდეს იყო ჟამი, დაჯდა, და ათორმეტნი მოციქულნი მის თანა.

15და ჰრქუა მათ: გულის-სიტყჳთ გული-მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა ვიდრე ვნებადმდე ჩემდა.

16ხოლო გეტყჳ თქუენ: არღარა ვჭამო ამიერითგან, ვიდრემდე აღესრულოს სასუფეველსა შინა ღმრთისასა.

17და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და თქუა: მიიღეთ და განიყავთ თავისა თქუენისა.

18ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან არღარა ვსუა ნაყოფისაგან ვენაჴისა, ვიდრემდე სასუფეველი ღმრთისაჲ მოვიდეს.

19და მოიღო პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მათ და თქუა: ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთჳს მიცემული; ამას ჰყოფდით მოსაჴსენებლად ჩემდა.

20ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა და თქუა: ესე სასუმელი ­ ახალი სჯული სისხლისა ჩემისაჲ თქუენთჳს დათხეული.

21ხოლო აჰა ჴელი განმცემელისა ჩემისაჲ ჩემ თანა ტაბლასა ზედა.

22ძე სამე კაცისაჲ, მსგავსად განჩინებულისა მისისა, წარვალს, ხოლო ვაჲ არს კაცისა მის, ვის მიერ მიეცემის იგი!

23და მათ იწყეს გამოძიებად ურთიერთას: ვინ-მე არს მათგანი, რომელსა ეგულების ესე ყოფად?

24და იყო ცილობაჲცა მათ შორის, ვითარმედ: ვინ-მე იყოს დიდ მათ შორის?

25ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მეფენი წარმართთანი უფლებენ მათ ზედა, და რომელთა ჴელმწიფებაჲ აქუნ მათ ზედა, ქველის-მოქმედ ჰრქჳან.

26ხოლო თქუენ არა ეგრე იყვნეთ, არამედ უდიდესი იგი თქუენ შორის იყავნ მრწემ, და წინამძღუარი იგი ­ ვითარცა მსახური.

27ვინ არს უფროჲსი: რომელი ინაჴით-ზის ანუ რომელი ჰმსახურებს? ანუ არა რომელ-იგი ინაჴით-ზის? ხოლო მე ვარ შორის თქუენსა ვითარცა მსახური.

28და თქუენ ხართ, რომელნი დაადგერით ჩემ თანა განსაცდელთა შინა ჩემთა.

29და მე აღგითქუამ თქუენ, ვითარცა მე აღმითქუა მამამან ჩემმან, სასუფეველსა,

30რაჲთა სჭამდეთ და სუმიდეთ ტაბლასა ზედა ჩემსა და სასუფეველსა შინა ჩემსა დასხდეთ ათორმეტთა საყდართა და სჯიდეთ ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა.

31და თქუა უფალმან: სიმონ, სიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად, ვითარცა იფქლი.

32ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთჳს, რაჲთა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი, და შენ ოდესმე მიიქეც და განამტკიცენ ძმანი შენნი.

33ხოლო მან თქუა: უფალო, მე შენ თანა მზა ვარ საპყრობილედ და სიკუდილად მისლვად.

34ხოლო თავადმან თქუა: გეტყჳ შენ, პეტრე: არღა ეყივლოს ქათამსა დღეს, ვიდრემდე სამ-გზის უვარ-მყო, ვითარმედ არა მიცი მე.

35და ჰრქუა მათ: ოდეს-იგი წარგავლინენ თქუენ თჳნიერ ბალანტისა და ვაშკარანისა და ფერჴთა-შესასხმელთა, ნუ გაკლდა რაჲა თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: არარაჲ გუაკლდა.

36და მერმე ჰრქუა მათ: არამედ აწ რომელსა აქუნდეს საქუფთე, აღიღენ; ეგრეთვე მსგავსად ვაშკარანიცა; და რომელსა არა აქუნდეს, განყიდენ სამოსელი თჳსი და იყიდენ მახჳლი.

37გეტყჳ თქუენ: ესე ხოლოღა წერილი ჯერ-არს ჩემ ზედა აღსრულებად, ვითარმედ: უსჯულოთა თანა შეირაცხა, და რამეთუ ჩემთჳს აღსასრული იყოს.

38ხოლო მათ ჰრქუეს: უფალო, აჰა ესერა არიან აქა ორ დანაკ. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: კმა არს.

39და გამოვიდა მიერ და წარვიდა, ვითარცა ჩუეულებაჲ აქუნდა, მთასა მას ზეთისხილთასა, და მისდევდეს მას მოწაფენიცა მისნი.

40და მი-რაჲ-ვიდა ადგილსა მას, ჰრქუა მათ: ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა.

41და თავადი განეშორა მათგან ვითარ ქვის-სატყორცებელ ოდენ და დაიდგა მუჴლნი, ილოცვიდა

42და იტყოდა: მამაო, უკუეთუ გნებავს თანა-წარსლვად სასუმელი ესე ჩემგან, ხოლო ნუ ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ შენი იყავნ!

43და ეჩუენა მას ანგელოზი ზეცით, განაძლიერებდა მას.

44და იყო იგი ღუაწლსა შინა, უმეტესღა ილოცვიდა და იქმნა ოფლი მისი, ვითარცა ცუარი სისხლისაჲ გარდამომავალი ქუეყანასა ზედა.

45და აღდგა მიერ ლოცვისაგან და მოვიდა მოწაფეთა თჳსთა და პოვნა იგინი მძინარენი მწუხარებისა მისგან

46და ჰრქუა მათ: რაჲსა გძინავს? აღდეგით, ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა.

47და ვიდრე იგი ამას იტყოდაღა, აჰა ერი და, რომელსა ერქუა იუდა ისკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, წინა-უძღოდა მათ და მიეახლა იესუს ამბორის-ყოფად მისა, რამეთუ ესე სასწაული მიეცა მათა და ჰრქუა: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს.

48ხოლო იესუ ჰრქუა მას: იუდა, ამბორის-ყოფითა მისცემა ძესა კაცისასა?

49იხილეს რაჲ მისთანათა მათ საქმე ესე, ჰრქუეს მას: უფალო, უკუეთუ მოვსრნეთ ესენი მახჳლითა?

50და სცა ვინმე მათგანმან ერთმან მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი მარჯუენე.

51მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: აცადეთ აქამომდე, და შეახო ჴელი ყურსა მისსა და განკურნა იგი.

52ჰრქუა იესუ მოსრულთა მათ მის ზედა მღდელთ-მოძღუართა და ერისთავთა ტაძრისათა და ხუცესთა: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოსრულ ხართ მახჳლითა და წათებითა.

53დღითი-დღე ვიყავ მე თქუენ თანა ტაძარსა მას შინა, და არა განჰყავთ ჴელი ჩემ ზედა; არამედ ესე არს ჟამი თქუენი და ჴელმწიფებაჲ ბნელისაჲ.

54და ვითარცა შეიპყრეს იგი, წარიყვანეს და შეიყვანეს სახლსა მღდელთ-მოძღურისასა. ხოლო პეტრე მისდევდა შორით.

55და აღაგზნეს ცეცხლი შორის ეზოსა მას და გარე მოასხდეს იგინი; დაჯდა პეტრეცა შორის მათსა.

56და იხილა იგი მჴევალმან ვინმე მჯდომარე ნათელსა მას, მიჰხედა მას და თქუა: ესეცა მის თანა იყო.

57ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: დედაკაცო, არა ვიცი იგი.

58და მცირედრე შემდგომად იხილა იგი სხუამან და თქუა: და შენცა მათთანაჲ ხარ. ხოლო პეტრე თქუა: კაცო, არა ვარ მათთანაჲ.

59და ვითარცა წარჴდა ჟამი ერთი, სხუაჲ ვინმე დაამტკიცებდა და იტყოდა: ჭეშმარიტად ესეცა მის თანავე იყო, და რამეთუ გალილეველ არს.

60ხოლო პეტრე ჰრქუა მას: კაცო, არა ვიცი, რასა იტყჳ. და მეყსეულად, ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, ქათამმან იყივლა.

61და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელ ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამ-გზის უვარ-მყო მე.

62და განვიდა გარე და ტიროდა მწარედ.

63ხოლო კაცთა მათ რომელთა შეეპყრა იესუ, ეკიცხევდეს მას და სცემდეს.

64და დაჰბურეს მას თავსა და სცემდეს პირსა და ჰკითხვიდეს და ეტყოდეს: წინაწარმეტყუელებდ, ვინ არს, რომელმან გცა შენ.

65და სხუასა მრავალსა სიტყუასა ჰგმობდეს და იტყოდეს მისთჳს.

66და ვითარცა განთენა დღე, შეკრბეს მოხუცებულნი ერისანი, მღდელთ-მოძღუარნი და მწიგნობარნი და აღიყვანეს იგი საკრებულოსა მას მათსა

67და ეტყოდეს: უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ. ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუ გითხრა თქუენ, არა გრწმენეს ჩემი;

68და უკუეთუ გკითხო თქუენ, ვერაჲვე მომიგოთ მე გინა განმიტეოთ.

69ამიერითგან იყოს ძე კაცისაჲ მჯდომარე მარჯუენით ძლიერებასა ღმრთისასა.

70და ჰრქუეს მას ყოველთა: შენ უკუე ხარა ძე ღმრთისაჲ? ჰრქუა მათ იესუ: თქუენ იტყჳთ, ვითარმედ მე ვარ.

71და მათ თქუეს: რაჲსაღა გჳჴმან მოწამენი? რამეთუ ჩუენ თჳთ გუესმის პირისაგან მაგისისა.


წინა თავი შემდეგი თავი