მთავარი გვერდი - ბიბლია

ახალი აღთქმა
ლუკას სახარება
თავი 6

1და იყო შაბათსა მეორე-პირველსა და განვიდოდა თავადი თესულისაგან ყანისა. ხოლო მოწაფენი მისნი მოსჭრიდეს თავსა ჴუვილისასა, მუსრვიდეს ჴელითა და ჭამდეს.

2ხოლო რომელთამე ფარისეველთა ჰრქუეს მათ: რაჲსა ჰზამთ შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ არს?

3მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცაღა ესე აღმოგიკითხავსა, რომელ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია მას და მისთანათა,

4ვითარ-იგი შევიდა ტაძარსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავისანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ჭამაჲ, გარნა მღდელთაჲ ხოლო?

5და ეტყოდა მათ: უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.

6და იყო სხუასაცა შაბათსა, და შთავიდა თავადი შესაკრებელსა მათსა და ასწავებდა მათ. და იყო მუნ კაცი, რომელსა ჴელი მისი მარჯუენე განჴმელ ედგა.

7უმზირდეს მას მწიგნობარნი და ფარისეველნი, უკუეთუმცა შაბათსა განკურნა, რაჲთა პოონ, ვითარმცა შეასმინეს იგი.

8ხოლო თავადმან იცნოდა ზრახვანი მათნი და ჰრქუა კაცსა მას, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა: აღდეგ და წარმოდეგ შორის! ხოლო იგი აღდგა და დადგა შორის.

9და იესუ ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ სიტყუაჲ: რაჲ ჯერ-არს შაბათსა: კეთილისა საქმე ანუ ბოროტისა ყოფაჲ? სულისა ცხორებაჲ ანუ მოკლვაჲ?

10და მიხედა მათ ყოველთა და ჰრქუა კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! ხოლო მან განირთხა, და მოეგო ჴელი მისი, ვითარცა სხუაჲ იგი.

11ხოლო იგინი აღივსნეს მანკიერებითა და განიზრახვიდეს ურთიერთას, უკუეთუმცა უყვეს რაჲ იესუს.

12და იყო მათ დღეთა შინა და განვიდა თავადი მთად კერძო ლოცვად და ღამესა ათევდა ლოცვითა ღმრთისა მიმართ.

13და ვითარცა განთენა დღე, მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და გამოირჩინა ათორმეტნი მათგანნი, რომელთაცა მოციქულად უწოდა:

14სიმონ, რომელსა უწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, იაკობ და იოვანე, ფილიპე და ბართლომე.

15მატთეოს და თომა და იაკობ ალფესი და სიმონ, რომელსა ერქუა მოშურნე,

16და იუდა იაკობისი და იუდა ისკარიოტელი, რომელი-იგი იქმნა განმცემელ.

17და გარდამოვიდა მათ თანა და დადგა ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაჲ და სხჳსა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳს-კიდისაჲ, ტჳროსით და სიდონით,

18რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა; და ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს.

19და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან და განჰკურნებდეს ყოველთა.

20და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ;

21ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ თქუენ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით;

22ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ, ძისათჳს კაცისა.

23გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ არს ცათა შინა, რამეთუ ესრეთვე უყოფდეს წინაწარმეტყუელთა მამანი მათნი.

24ხოლო ვაჲ თქუენდა, მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინის-ცემაჲ თქუენი.

25ვაჲ თქუენდა, განმაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის; ვაჲ თქუენდა, რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდით.

26ვაჲ თქუენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ კაცნი, რამეთუ ეგრეთვე უყოფდეს ცრუ-წინაწარმეტყუელთა მამანი მათნი.

27არამედ თქუენ გეტყჳ, რომელთა-ეგე გესმის: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა.

28და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ილოცვიდით მათთჳს, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ.

29რომელმან გცეს ყურიმალსა შენსა, მიუპყარ ერთკერძოჲცა; და რომელი მიგიღებდეს შენ სამოსელსა შენსა, კუართსაცა შენსა ნუ აყენებ.

30ყოველი რომელი გთხოვდეს, მიეც; და რომელი მიგიღებდეს შენ, ნუ მოჰჴდი.

31და ვითარცა-იგი თქუენ გნებავს, რაჲთა გიყონ კაცთა, თქუენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ.

32და უკუეთუ გიყუარდენ თქუენ მოყუარენი თქუენნი, რაჲ არს მადლი თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა მოყუარეთა მათთა ჰყუარობენ.

33და უკუეთუ კეთილის-მყოფელთა თქუენთა კეთილსა უყოფდეთ, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ამას ჰყოფენ.

34და უკუეთუ ავასხებდეთ მათ, რომელთაგან ესავთ კუალად მოღებასა, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ცოდვილთა ავასხებენ, რაჲთა მოიღონ სწორი.

35ხოლო თქუენ გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით და ავასხებდით და ნურარას უსასო ჰყოფთ, და იყოს სასყიდელი თქუენი მრავალ, და იყვნეთ ძე მაღლის, რამეთუ იგი თავადი ტკბილ არს უმადლოთათჳსცა და უკეთურთა.

36იყვენით თქუენ მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს.

37ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ; და ნუ დასჯით და არა დაისაჯნეთ; მიუტევეთ და მოგეტევნენ.

38მიეცით, და მოგეცეს თქუენ. საწყაული კეთილი და შეხრილი და დატენილი და ზედაგარდათხეული მოგცენ წიაღთა თქუენთა; მითვე საწყაულითა, რომლითა მიუწყოთ, კუალად მოგეწყოს თქუენ.

39ეტყოდა მათ იგავსაცა: ნუ ჴელ-ეწიფებისა ბრმასა ბრმისა წინა-ძღუანვად? არა-მეა ორნივე ჯურღმულსა შთაცჳენ?

40არა არს მოწაფე უფროჲს მოძღურისა თჳსისა, ხოლო განკრძალული იგი ყოველი იყავნ, ვითარცა მოძღუარი თჳსი.

41რაჲსა ჰხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა თჳსსა არა განიცდი?

42ანუ ვითარ ჴელ-გეწიფების რქუმად ძმასა შენსა: ძმაო, მიტევე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და შენ დჳრესა თუალსა შინა შენსა არა ჰხედავ? ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და მერმე იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა.

43რამეთუ არა არს ხე კეთილი, რომელმან გამოიღოს ნაყოფი ხენეში; არცა კუალად ხე ხენეში, რომელმან ყვის ნაყოფი კეთილი.

44რამეთუ თითოეული ხჱ თჳსისაგან ნაყოფისა საცნაურ არნ; რამეთუ არა ეკალთაგან შეკრიბიან ლეღჳ, არცა მაყუალთაგან მოისთულიან ყურძენი.

45კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გულისა თჳსისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გულისა თჳსისა გამოიღის ბოროტი; რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა იტყჳნ პირნი მისი.

46რაჲსა მეტყჳთ მე: უფალო, უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვ თქუენ?

47ყოველი რომელი მოვალს ჩემდა და ისმენს სიტყვათა ჩემთა და ჰყოფს მათ, გიჩუენო თქუენ, ვისა იყოს მსგავს.

48მსგავს არს იგი კაცსა, რომელი აშენებნ სახლსა, რომელმან მოთხარა და დააღრმო და დადვა საფუძველი კლდესა ზედა; და დიდროაჲ რაჲ იყო, ეკუეთა მდინარე იგი სახლსა მას და ვერ შეუძლო შეძრვად მისა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა.

49ხოლო რომელმან ისმინა და არა ყოს, მსგავს არს იგი კაცსა, რომელმან აღაშენა სახლი მიწასა ზედა თჳნიერ საფუძველისა, რომელსა ეკუეთა მდინარე, და მეყსეულად დაეცა; და იყო დაცემაჲ სახლისაჲ მის დიდ.


წინა თავი შემდეგი თავი