მთავარი გვერდი - ბიბლია

ახალი აღთქმა
მათეს სახარება
თავი 17

1და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან.

2და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი.

3და აჰა ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა, და თანა-ზრახვიდეს.

4მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. და, თუ გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა.

5და ვიდრეღა იგი ამას იტყოდა, აჰა ესერა ღრუბელი ნათლისაჲ აგრილობდა მათ, და აჰა ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ.

6და ესმა რაჲ ესე მოწაფეთა, დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და შეეშინა ფრიად.

7და მოუჴდა მათ იესუ, შეახო ჴელი და ჰრქუა: აღდეგით და ნუ გეშინინ!

8და აღ-რაჲ-იხილნეს თუალნი მათნი, არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მარტოჲ.

9და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს იგინი მიერ მთით, ამცნო მათ იესუ და ჰრქუა: ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს.

10და ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა და ეტყოდეს: ვითარ უკუე იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ: ალიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ?

11ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს პირველად და კუალად-აგოს ყოველი.

12ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია აწვე მოვიდა, და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რაოდენი უნდა. და ეგრეთვე ძესაცა კაცისასა ეგულების ვნებად მათგან.

13მაშინ გულისჴმა-ყვეს მოწაფეთა, რამეთუ იოვანე ნათლისმცემელისათჳს ჰრქუა მათ.

14და ვითარცა მოვიდეს იგინი ერისა მის, მოუჴდა მას კაცი ერთი, მუჴლნი დაიდგინა მის წინაშე და ეტყოდა:

15უფალო, შეიწყალე ძე ჩემი, რამეთუ ცისად-ცისად ბოროტად იგუემების, რამეთუ მრავალ-გზის შთავარდის იგი ცეცხლსა და მრავალ-გზის წყალსა.

16და მოვჰგუარე იგი მოწაფეთა შენთა, და ვერ შეუძლეს განკურნებად მისა.

17მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ ნათესავი ურწმუნო და გულარძნილი, ვიდრემდის ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდის თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა!

18და ვითარცა მოგჰუარეს, შეჰრისხნა მას იესუ, და განვიდა მისგან ეშმაკი იგი. და განიკურნა ყრმაჲ იგი მიერ ჟამითგან.

19მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი თჳსაგან და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს ჩუენ ვერ შეუძლეთ განჴდად მისა?

20ხოლო იესუ ჰრუქა მათ: ურწმუნოებისა თქუენისათჳს. ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, ჰრქუათ მთასა ამას: მიიცვალე ამიერ იქი, და მიიცვალოს, და არარაჲ შეუძლებელ იყოს თქუენ მიერ.

21ხოლო ესე ნათესავი არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა.

22და ვითარცა იქცეოდეს იგინი გალილეას, ჰრქუა მათ იესუ, ვითარმედ: ეგულების ძესა კაცისასა მიცემად ჴელთა კაცთასა,

23და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს. ხოლო იგინი შეწუხნეს ფრიად.

24და ვითარცა მოვიდეს იგინი კაპერნაუმდ, მოუჴდეს მას, რომელნი-იგი დიდრაქმასა შეჰკრებდეს, და ჰრქუა პეტრეს: მოძღუარმან თქუენმან არა მოგუცესა ხარკი?

25 ხოლო მას ჰრქუა: ჰე. და ვითარცა შევიდა იგი სახიდ, უსწრო მას იესუ და ჰრქუა: რასა ჰგონებ შენ, სიმონ: მეფენი ქუეყანისანი ვიეთგან მიიღებენ ხარკსა ანუ ზუერსა: შვილთაგან ანუ უცხოთაგან?

26ჰრქუა მას პეტრე: უცხოთაგან. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: აწ უკუე თავისუფალ სამე არიან შვილნი.

27ხოლო რაჲთა არა დავაბრკოლნეთ იგინი, წარვედ ზღუად და შთააგდე სამჭედური, და რომელი პირველად აღმოჴდეს თევზი, აღიღე და აღუღე პირი მისი და ჰპოო მის შორის სტატირი, მოიღე იგი და მიეც მათ შენთჳს და ჩემთჳს.


წინა თავი შემდეგი თავი