მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე მაკაბელთა*
თავი 1

1ეგვიპტელ იუდაელებს სიხარულს, კეთილდღეობას და მშვიდობას უთვლიან ძმები - იერუსალიმში და იუდაში მყოფი იუდაელები.

2დაე, სიკეთე მოგაგოთ ღმერთმა და გაიხსენოს თავისი აღთქმა აბრაამის, ისაკისა და იაკობის - თავის ერთგულ მორჩილთა მიმართ.

3დაე, სუყველას მოგცეთ გული, რთამ თაყვანი სცეთ მას და აღასრულოთ მისი ნება მტკიცე გულითა და მოწადინე სულით.

4გული გაგიხსნათ მან თავისი რჯულისათვის და მცნებებისთვის, მშვიდობა მოგფინოთ.

5შეისმინოს უფალმა თქვენი ლოცვა-ვედრება და შეგიწყნაროთ გასაჭირში და არ გაგწიროთ.

6ჩვენ ახლა თქვენთვის ვლოცულობთ.

7დემეტრიოსის მეფობის დროს, ას სამოცდა ცხრა წელს, ჩვენ, იუდაელებმა, მოგწერეთ თქვენ დიდი გულისტკივილითა და მწუხარებით, რომელიც განვიცადეთ ჩვენ, როცა იასონი და მისი თანამზრახველები განუდგნენ წმიდა მიწას და სამეფოს,

8და გადაწვეს კარიბჭეები, დაღვარეს უმანკო სისხლი. მაგრამ ჩვენ შევევედრეთ უფალს და შესმენილ იქნა ჩვენი ვედრება და შევწირეთ მსხვერპლი და ძღვენი, დავანთეთ კანდლები და პური დავუწყვეთ გვერდით.

9ახლაც აღასრულებდეთ კარვობის დღესასწაულს, ქისლევის თვეში ას ოთხმოცდა რვა წელს.

10მეფე პტოლომეოსის მასწავლებელს, არისტობულოსს, მირონცხებულ მღვდელთა ნათესავს და ეგვიპტელ იუდაელებს სიხარულსა და ჯანმრთელობას უსურვებენ იერუსალიმში და იუდაში მყოფნი, უხუცესობა და იუდა.

11დიდად ვუმადლით ღმერთს, საშინელ საფრთხეთაგან ჩვენს მხსნელს, რომ შეგვეწია მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში

12და უკუაქცია წმინდა ქალაქზე გამოლაშქრებული ჯარი,

13რადგან სპარსეთს რომ მიადგა წინამძღთალი თავისი ლაშქრით, როშელიც უძლეველად იყო მიჩნეული, ნაკუწ-ნაკუწად აკაფეს ნანეას ტაძარში ამ ტაძრის ქურუმთა ეშმაკობის წყალობით.

14ანტიოქოსი ხომ თითქოსდა მასთან შეუღლების სურვილით წამოვიდა ხსენებული ადგილისაკენ და მასთან ერთად მისი მეგობრებიც მოვიდნენ აქ, მზითვის ფულის ასაღებად.

15ნანეას ქურუმებმა გადაიხადეს ფული და მეფეც მცირედი ამალით კვრივის გალავანში შემოვიდა. და, როგორც კი შედგა ტაძარში ანტიოქოსმა ფეხი, შიგნით მოიმწყვდიეს იგი ქურუმებმა,

16გახსნეს თაღზე ფარული კარი, დაუშინეს იქიდან ქვები და ჩაქოლეს ყველა - წინამძღოლიცა და თანმხლებნიც; შემდეგ მოკვეთეს მათ თავები და გარეთ გამოყარეს.

17ყოვლად კურთხეულია ჩვენი ღმერთი, რომ გასცა მკრეხელები;

18ხოლო ჩვენ, რაკი მოვისურვეთ ქისლევის ოცდამეხუთე დღეს გვედღესასწაულა ტაძრის სატფურების დღესასწაული, საჭიროდ ვცანით, გვეუწყებინა თქვენთვის, რომ თქვენც გაგემართათ კარვობისა და ცეცხლის დღესასწაული, როგორც ნეემიამ, ტაძრისა და სამსხვერპლოს ამშენებელმა, შესწირა მსხვერპლი.

19რადგან როცა სპარსეთში ტყვედ წაასხეს ჩვენი მამა-პაპა, ღვთისმოშიშმა მღვდლებმა საკურთხევლიდან საიდუმლოდ წამოიღეს ცეცხლი და მშრალი ჭის ფსკერზე გადამალეს და საიმედოდ შეინახეს ჭაში, რაკი არავინ იცოდა ეს ადგილი.

20გამოხდა მრავალი წელი და ღმერთმა ინება, რათა სპარსეთის მეფეს ნეემია გაეგზავნა ცეცხლისთვის მისი შემნახველი მღვდლების შთამომავლებთან; როცა გვაცნობეს, რომ არ აღმოჩნდა ცეცხლი, არამედ მხოლოდ შემკვრივებული წყალი, უბრძანა მათ ნეემიამ, მოეტანათ იგი.

21როცა ყველაფერი მოამზადეს მსხვერპლის შესაწირად, ნეემიამ მღვდლებს უბრძანა, ეპკურებინათ წყალი შეშისთვის და მასზე დაწყობილი მსხვერპლისთვის.

22ბრძანება რომ შეასრულეს და დრომ მოაწია, გამოანათა მზემ, აქამდე ღრუბლებით რომ იყო დაფარული, და აღეგზნო დიდი ცეცხლი; გააოცა ამან ყველა.

23მღვდლები კი, ვიდრე მსხვერპლი იწვოდა, ლოცულობდნენ მღვდლებიც და ყველანი. იონათანი იწყებდა და დანარჩენები ხმას აყოლებდნენ, და ნეემიაც მათ შორის.

24ასეთი იყო მათი ლოცვა: უფალო, უფალო, ღმერთო, ყოვლის შემოქმედო, საშინელო და ძლიერო, სამართლიანო და ლმობიერო, ერთადერთო მეუფევ, კეთილისმყოფელო,

25ერთადერთო გამრიგევ, ერთადერთო მართალო, ყოვლისმპყრობელო და მარადიულო, რომელმაც იხსენი ისრაელი ყოველივე ბოროტისაგან, რომელმაც გამოარჩიე მამები და აკურთხე ისინი;

26შეიწირე ეს მსხვერპლი მთელი შენი ხალხის, ისრაელის გულისთვის, დაიცავი შენი წილხვედრი და წმინდაჰყავ იგი.

27გევედრებით, კვლავ შეკრიბო ჩვენი გაფანტული ხალხი, იხსნა დატყვევებულნი წარმართთა შორის, მოხედე განწირულთ და მოძულებულთ; დაე, უწყოდნენ წარმართებმა, რომ ჩვენი ღმერთი ხარ;

28დასაჯე ჩვენი მოძალადეები, ამპარტავნობით რომ გვაგულისებენ.

29დანერგე შენი ხალხი შენს წმიდა ადგილას, როგორც თქვა მოსემ.

30მღვდლები კი ამასობაში საზეიმო სიმღერებს გალობდნენ.

31როგორც კი შეიწირა მსხვერპლი, ნეემიამ ბრძანა, დანარჩენი წყალი დიდ ქვებზე მოეღვარათ.

32როგორც კი ეს ბრძანება აღასრულეს, იფეთქა ალმა, მაგრამ სამსხვერპლოსაგან გამოტევებულ შუქზე ჩანელდა იგი.

33განცხადდა ეს საქმე და მოახსენეს სპარსეთის მეფეს, რომ იმ ადგილას, სადაც გადმოსახლებული მღვდლები ინახავდნენ ცეცხლს, აღმოჩნდა წყალი და ამ წყლით ნეემიას მიმდევრებმა განწმიდეს მსხვერპლი.

34მეფემ საქმის ვითარება რომ გაიცნო, ბრძანა შემოესაზღვრათ ეს ადგილი, როგორც კვრივი.

35ხოლო იმათ, ვისაც სწყალობდა, მეფემ ბევრი ძღვენი უბოძა, რაც თავად ჰქონდა მიღებული.

36ხოლო ნეემიას თანმხლებმა ხალხმა უწოდა ამ ადგილს ნეფთარ, რაც განწმედად ითარგმნება. ბევრი კი მას ნეფთაის უწოდებს.


შემდეგი თავი