მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე მაკაბელთა*
თავი 11

1სულ მცირე ხნის შემდეგ ლისიამ, მეფის მცველმა და ნათესავმა, მომხდარი ამბებით ძლიერ შეწუხებულმა,

2შეაგროვა ოთხმოციათასამდე ქვეითი ჯარი და მთელი მხედრობა და იუდაელებზე გამოილაშქრა, რაკი იმედოვნებდა, რომ მათ ქალაქს ელინთა სამკვიდრებლად გადააქცევდა.

3ტაძარს გადასახადით დაბეგრავდა წარმართთა სხვა საკერპოების მსგავსად, მღვდელმთავრობას კი ყოველწლიურად გასაყიდად აქცევდა.

4არაფრად ჩააგდო ღვთის ძალა თავისი ათიათასი ქვეითის, ათასი ცხენოსნის და ოთხმოცი სპილოს იმედით.

5შემოვიდა იუდაში, მიუახლოვდა ბეთ-ცურს, გამაგრებულ ადგილს, რომელიც იერუსალიმიდან ხუთი სტადიონით იყო დაშორებული, და ძლიერ შეავიწროვა იგი.

6როცა მაკაბელმა და მისმა თანამდგომებმა გაიგეს, რომ ლისიამ იერიში მიიტანა სიმაგრეზე, ხალხთან ერთად გოდებითა და ცრემლებით შესთხოვეს უფალს, რომ კეთილი ანგელოზი მოევლინებინა ისრაელის დასახსნელად.

7პირველად მაკაბელმა აისხა იარაღი და სხვებს არწმუნებდა, საფრთხეს არ დარიდებოდნენ მასავით და ძმებს დახმარებოდნენ. და ყველანი ერთად დაიძრნენ.

8იერუსალიმს რომ მიუახლოვდნენ, უცებ წინამძღოლად გამოეცხადათ თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი მხედარი, რომელიც ოქროს იარაღს არხევდა.

9მაშინ ყველამ ერთიანად შესწირა მადლი მოწყალე ღმერთს და სული გაიმაგრეს, მზად იყვნენ, არა მარტო ადამიანები, არამედ სასტიკი მხეცები ან თვით რკინის კედლებიც კი შეემუსრათ.

10წამოვიდნენ საბრძოლო წყობით ცით მოვლენილი თანამებრძოლის მფარველობით, რადგან უფალმა მოიღო მათზე წყალობა.

11ლომებივით დაეძგერნენ მტერს და გაანადგურეს იგი - თერთმეტი ათასი ქვეითი და ათასექვსასი ცხენოსანი, დანარჩენი ყველა უკუაქციეს.

12ბევრი მათგანი შიშველი და დაჭრილი გაიქცა, თავად ლისიამაც სამარცხვინო უკუქცევით უშველა თავს.

13რაკი უგუნური კაცი არ იყო და თავისით ასწონ-დასწონა მის თავს მოწეული მარცხი, მიხვდა, რომ უძლეველნი არიან ებრაელები, რადგან ძლიერი ღმერთი იბრძვის მათ მხარეზე.

14ამიტომ მოციქულები გაუგზავნა მათ და არწმუნებდა, რომ ყველა კანონიერ მოთხოვნაზე დაყაბულდებოდა და მეფესაც დაარწმუნებდა, იუდაელებთან მეგობრობა დაემყარებინა.

15რაკი მაკაბელს საერათო სიკეთე სურდა, დათანხმდა ყველაფერზე რასაც ლისია სთავაზობდა. მეფემაც დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა, რაც მაკაბელმა წარუდგინა წერილობით ლისიას იუდაელებთან დაკავშირებით.

16იუდაელებისადმი გამოგზაგნილ ლისიას წერილში კი ეს იყო ნათქვამი: ლისია ყველა იუდაელს სალამს უთვლის.

17იოანემ და აბესალომმა, თქვენმა მოციქულებმა, გადმოგვცეს თქვენი ხელმოწერილი სიგელი და იზრუნეს გაეცნოთ, რაც წერილშია წარმოდგენილი.

18მე მოვახსენე მეფეს ყველაფერი, რაც კი საჭიროა მისთვის წარსადგენად, და რაზეც შეიძლებოდა დათანხმება, მეფე დათანხმდა.

19თუ კეთილგანწყობილებას შეინარჩუნებთ ხელისუფლების მიმართ, მომავალშიც ვეცდები შეგეწიოთ სასიკეთოდ.

20რაც კერძო საკითხებს შეეხება, მე დავავალე თქვენს მოციქულებს და ჩემს რწმუნებულთ, მოილაპარაკონ თქვენთან ერთად.

21დღეგრძელი იყავით. ასორმოცდარვა წელი, დიოს კორინთიოსის ოცდაოთხი.

22მეფის წერილში კი ეს ეწერა: მეფე ანტიოქოსი ძმას, ლისიას სალამს უთვლის.

23მას შემდეგ, რაც მამაჩვენი ღმერთებთან გადავიდა, ჩვენ მოვისურვეთ, სამეფოს ქვეშევრდომთ უშფოთველად წარემართათ თავიანთი საქმეები.

24როცა გავიგეთ, რომ იუდაელები არ ეთანხმებიან მამაჩვენის ახლადშემოღებულ ელინურ წეს-ჩვეულებებს, საკუთარ წეს-ჩვეულებებს ანიჭებენ უპირატესობას და მოითხოვენ, ნება მიეცეთ საკუთარი რჯულის დაცვისა,

25ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ხალხმა უდრტვინველად უნდა იცხოვროს, და დავადგინეთ: აღდგენილ იქნას მათი ტაძარი და იცხოვრონ თავიანთი მამაპაპეული რჯულის თანახმად.

26შენ კი კარგს იზამ, თუ მოციქულებს გაუგზავნი და დაუზავდები მათ, რათა ჩვენს კეთილმოსურნეობაში დარწმუნებულებმა, სიხარულით და ხალისით აკეთონ თავიანთი საქმეები.

27ხოლო იუდაელი ხალხისადმი მეფის წერილი ამას გვაუწყებდა: მეფე ანტიოქოსი იუდაელთა უხუცესთა საბჭოს და ყველა იუდაელს სალამს უთვლის.

28ჯანმრთელად თუ ხართ, ჩვენც ეს გვინდა. ჩვენც კარგად ვართ.

29მენელაოსმა გვაუწყა, რომ შინ დაბრუნებას აპირებთ თქვენი საქმეების მისახედად.

30და ვინც ქსანთიკოსის ოცდამეათე დღემდე ჩამოვა, ყველა უზრუნველყოფილი იქნება მეგობრობითა და სრული ნებართვით

31იუდაელთათვის, რომ წინანდებურად ჭამონ თავიანთი საჭმელები და დაიცვან თავიანთი რჯული, რომ არავის არავითარ შემთხვევაში არ შეაწუხებენ, რაც არ უნდა ჩაიდინონ თავიანთი უმეცრებით.

32ვაგზავნი თქვენთან მოსალაპარაკებლად მენელაოსს.

33ჯანმრთელად იყავით. ასორმოცდარვა წელი, ქსანთიკოსის თხუთმეტი.

34რომაელებმაც გაუგზაგნეს იუდაელებს წერილი, რომელშიც ეწერა, კვინტუს მემიუსი, ტიტუს მანიუსი, რომაელთა უხუცესნი სალამს უთვლიან იუდაელ ხალხს.

35რაც ლისიამ, მეფის ნათესავმა, თქვენ დაგითმოთ, ამას ჩვენც ვადასტურებთ.

36რასაც იგი გადაწყვეტს მოახსენოს მეფეს, მყისვე აწონ-დაწონეთ და ჩვენც გაგვაგებინეთ, რომ შეგეწიოთ თქვენთვის საჭირო საქმეში, რადგან ანტიოქიაში მოვდივართ.

37ამიტომ იჩქარეთ, გვაუწყეთ ამბავი, რომ ჩვენც ვიცოდეთ, რა აზრს დაადექით.

38ჯანმრთელად იყავით. ასორმოცდარვა წელი, ქსანთიკოსის თხუთმეტი.


წინა თავი შემდეგი თავი