მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე მაკაბელთა*
თავი 13

1ასორმოცდაცხრა წელს იუდას ყურამდე მივიდა ამბავი, რომ ანტიოქოს ევპატორი დიდი ლაშქრით მოდის იუდაში,

2და რომ მასთან ერთადაა ლისიაც, მეფის მეურვე და სახელმწიფო საქმეთა გამრიგე. თითოეული მათგანის ხელში იყო ელინთა სამხედრო ძალა - ასათიათასი ქვეითი და ხუთიათას სამასი ცხენოსანი, ოცდაორი სპილო და სამასი ეტლი, ცელებით შეიარაღებული.

3მათ შემოუერთდა მენელაოსიც და დიდის თვალთმაქცობით აქეზებდა ანტიოქოსს იუდაელთა წინააღმდეგ - არა სამშობლოს ხსნისთვის, არამედ ხელისუფლების ხელში ჩაგდების იმედით.

4ხოლო მეუფეთა მეუფემ აღაგზნო ამ უწმიდურის წინააღმდეგ ანტიოქოსის რისხვა და ლისიამაც დაუსაბუთა მეფეს, რომ მენელაოსია ყოველივე ბოროტების მიზეზი. ანტიოქოსმაც გადაწყვიტა მენელაოსი ბერეაში წაეყვანათ და ადგილობრივი რჯულის მიხედვით დაესაჯათ.

5ამ ადგილას არის ორმოცდაათი წყრთის სიმაღლის გოდოლი, ნაცრით სავსე; მასზე მოწყობილია იარაღი წრიულად მბრუნავი და ნაცრის მიმართ დამრეცად მოქცეული.

6აქ მოჰყავდათ ხოლმე სიკვდილმისჯილნი - ტაძრის მძარცველები ან სხვა რამ ზღვარგადასული ბოროტების ჩამდენნი.

7ასეთი სიკვდილით მოკვდა უწმიდური მენელაოსი, მიწაც არ ღირსებია მას სამარედ და სავსებით სამართლიანად,

8რადგან ბევრჯერ შესცოდა მან სამსხვერპლოებს, სადაც წმიდაა ცეცხლი და ნაცარი. ამიტომაც უწია ნაცარში სიკვდილმა.

9ხოლო მეფემ, რისხვით თავგზააბნეულმა, განიზრახა თავის მამაზე უარესი საქმეები დაეტეხა იუდაელებისთვის.

10ეს იუდამაც გაიგო და უბრძანა თავის ხალხს დღედაღამ ლოცვები აღევლინათ უფლისათვის, რომ როგორც ყოველთვის, ახლაც შეწევნა მოევლინა რჯულის, სამშობლოსა და წმიდა ტაძრის დაცვის მსურველთათვის;

11არ ჩაეგდო უღვთოთა ხელში ხალხი, რომელმაც ეს-ესაა სული მოითქვა.

12როცა ეს ბრძანება ერთსულოვნად აღასრულეს, ლოცვები აღუვლინეს მოწყალე უფალს, სამი დღის მანძილზე განუწყვეტლივ გოდებდნენ, მარხულობდნენ და მუხლმოდრეკით იდგნენ. მერე მოუხმო ხალხს იუდამ და მზადყოფნისკენ მოუწოდა.

13უხუცესებთან თათბირის შემდეგ გადაწყვიტა, გასულიყვნენ ქალაქიდან და ღვთის შეწევნით წარემართათ საქმე, ვიდრე მეფის ლაშქარი იუდაში შემოიჭრებოდა.

14სამყაროს შემოქმედის მფარველობას რომ მიენდო, მაკაბელმა მოუწოდა თავისიანებს, ღირსეულად ებრძოლათ რჯულისთვის, ტაძრისთვის, ქალაქისთვის, სამშობლოსთვის და მოქალაქეობისთგის, და მოდეინის მიდამოებში განალაგა ბანაკი.

15მისცა პირობით ნიშნად სიტყვები - ღვთის გამარჯვება - და უმამაცესი ჭაბუკების რაზმით მეფის კარავს დაეცა ღამით, და ორიათასამდე კაცი გაწყვიტა ბანაკში. მოკლეს მეთაური სპილო და მისი მხედარი.

16ბოლოს, შიში და აღრეულობა რომ შეიტანეს მტრის ბანაკში, გამარჯვებულნი უკან მობრუნდნენ.

17უკვე გათენებული იყო, როცა ეს ამბავი მოხდა ღვთის შეწევნით.

18ხოლო მეფემ, იუდაელთა სიმამაცე რომ იწვნია თავის თავზე, სცადა ხრიკებითა და მოტყუებით დაეკავებინა ადგილები.

19მიადგა ბეთ-ცურს, იუდაელთა ციხე-სიმაგრეს, მაგრამ უკუაქციეს იგი, მარცხი აგემეს, დაამცირეს.

20მეციხოვნიებს კი იუდამ აუცილებელი სახსარი შეუგზავნა.

21აუწყა მტერს ეს საიდუმლოება როდოკოსმა იუდაელთა ბანაკიდან, მაგრამ იგი ამხილეს, შეიპყრეს და ჩაამწყვდიეს.

22მეორეჯერ წამოუწყო მოლაპარაკება მეფემ ბეთ-ცურში გამაგრებულთ, ზავი შესთავაზა, მძევლები გაცვალეს, უკან გამობრუნდა, თავს დაესხა იუდას რაზმებს და დამარცხდა.

23შეიტყო, რომ ფილიპე, რომელიც ანტიოქიაში იყო დატოვებული სახელმწიფო საქმეებისთვის, აჯანყდა; იგი დაიბნა, თხოვნით იუდაელებს მიადგა, მათ დამორჩილდა და ფიცით აღუთქვა ყველაფერი, რაც სამართლიანად ეკუთვნოდათ, შეეშვა მათ და, მსხვერპლიც კი შესწირა. პატივი მიაგო ტაძარს და მკვიდრი ხალხისადმი სიყვარულით განეწყო.

24მან მაკაბელიც მიიღო და დატოვა განმგებლად ჰეგემონიდე პტოლემაისიდან გერენაიმდე.

25მერე პტოლემაისში წავიდა. პტოლემაისის მკვიდრნი კი მოლაპარაკებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ და დადგენილების გაუქმება სურდათ.

26ლისია საჯაროდ გამოვიდა და თავი გაიმართლა. ხალხი დაარწმუნა, დაამშვიდა, კეთილად განაწყო და ანტიოქიისკენ გაემართა. ასე დასრულდა მეფის შეტევა და უკუდახევა.


წინა თავი შემდეგი თავი