მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე მაკაბელთა*
თავი 14

1სამი წლის შემდეგ იუდამდე მოვიდა ხმა, რომ დემეტრიოს სელევკოსის ძე მიადგა ტრიპოლის ნავსადგომს ძლიერი ჯარითა და მრავალი ხომალდით.

2დაიპყრო ქვეყანა და მოკლა ანტიოქოსი და მისი მეურვე ლისია.

3ხოლო ვინმე ალკიმოსი, რომელიც ადრე მღვდელმთავარი იყო, მაგრამ აღრეულობის ჟამს ნებით წაიბილწა თავი, როცა მიხვდა, რომ არასგზით არ ექნებოდა არც ხსნა, არც წმინდა სამსხვერპლოსთან მისადგომი,

4ასორმოცდათერთმეტ წელს ეახლა მეფე დემეტრიოსს, მიართვა მას ოქროს გვირგვინი, პალმის რტო და, გარდა ამისა, ზეთისხილის რტოები, ტაძრიდან წამოღებული. იმ დღეს მეტი აღარაფერი უღონია.

5და როცა თავისი უგუნურების აღსასრულებლად ხელსაყრელი დრო მოიხელთა, როცა იგი დემეტრიოსმა სათათბიროდ მოიხმო, შეკითხვაზე, რა განწყობა და სულისკვეთება სუფევსო იუდაელებში, ეს უპასუხა:

6ხასიდიანებად წოდებული იუდაელები, რომელთაც სათავეში უდგას იუდა მაკაბელი, ომისთვის არიან განწყობილნი და ამბოხებისთვის შემართულნი და მოსვენებას არ აძლევენ სამეფოს.

7მათ მე ამყარეს საგვარეულო პატივი ანუ მღვდელმთავრობა, ამიტომაც მოვსულვარ აქ,

8უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ პირუთვნელად ვზრუნავ მეფის კუთვნილებაზე, მეორეც, ჩემს თანამოქალაქეებს ვუფრთხილდები, რადგან ზემოხსენებული ხალხის უგუნურობით დიდად დაზარალდა მთელი ჩვენი მოდგმა.

9რაკი ყოველივე უკვე გაიგე, მეფეო, იზრუნე ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს დაბეჩაგებულ ხალხზე შენი ყოვლადმოწყალე სიკეთით.

10ვიდრე ცოცხალია იუდა, სამეფო სიმშვიდეს ვერ ეღირსება.

11ეს რომ თქვა, მეფის სხვა მრჩევლებმა, რომლებიც იუდასადმი მტრულად იყვნენ განწყობილნი, კიდევ უფრო მეტად წააქეზეს დემეტრიოსი.

12მეფემაც მაშინვე მოიხმო ნიკანორი, სპილოთა განმგებელი, მთავარსარდლად განაწესა იუდაში.

13დაავალა, თავად იუდა მოეკლა, მისი ხალხი გაეფანტა, ხოლო ალკიმოსი დიდი ტაძრის მღვდელმთავრად დაესვა.

14ხოლო იუდადან ლტოლვილი წარმართები, რომლებიც იუდას გამოქცეოდნენ, ჯოგივით აწყდებოდნენ ნიკანორს, და იმედოვნებდნენ, რომ იუდაელთა ბედუკუღმართობა და ავბედობა მათთვის სასიკეთო იქნებოდა.

15იუდაელებმა რომ გაიგეს ნიკანორის გამოლაშქრების ამბავი და ისიც, რომ მას წარმართებიც შემოუერთდნენ, მიწა დაიყარეს თავზე და ევედრებოდნენ მას, ვინც უკუნისამდე დაამკვიდრა თავისი ხალხი და მუდამ ხილულად შეეწეოდა თავის წილხვედრილთ.

16წინამძღოლის ბრძანებაზე ფიცხლად დაიძრნენ და სოფელ დესაუსთან შეებნენ მათ.

17სიმონი, იუდას ძმა, ნიკანორთან ომში ჩაება, მაგრამ მალე, მტრის უეცარი თავდასხმის გამო, მცირეოდენი მარცხი განიცადა.

18თუმცა ნიკანორსაც გაგონილი ჰქონდა, თუ რა ვაჟკაცობით იყო იუდას ხალხი გამორჩეული და რა გაბედულად იბრძოდნენ სამშობლოსათვის ბრძოლაში, ამიტომაც მოერიდა სისხლისღვრამდე მიეყვანა საქმე.

19და გააგზავნა ბოსიდონიოსი, თეოდოტე და მატათია იუდაელებთან დასაზავებლად.

20ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ, როცა წინამძღოლმა ამის შესახებ აუწყა ხალხს, მოლაპარაკების პირობები ერთხმად მოიწონეს და დათანხმდნენ დაზავებაზე.

21დანიშნეს დღეც, როცა პირისპირ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, და დათქმული დღე რომ მოვიდა, თითოეულს საგანგებო სავარძლები დაუდგეს;

22იუდამ მოხერხებულ ადგილებში შეიარაღებული ხალხი დააყენა, რომ მზად ყოფილიყვნენ, თუ მტერი მოულოდნელად რაიმე მზაკვრობას განიზრახავდა, და მშვიდობიანი მოლაპარაკება ჰქონდათ.

23ნიკანორმა ერთი ხანი იერუსალიმში დაჰყო და უადგილო არაფერი ჩაუდენია, და შემოკრებილი ხალხი დაშალა.

24იუდას თავიდან არ იშორებდა და გულითადად განეწყო მისდამი.

25დაიყოლია, რომ დაქორწინებულიყო და შვილები გაეჩინა. იუდაც დაქორწინდა, დამშვიდდა და ცხოვრებით ტკბებოდა.

26ხოლო ალკიმოსმა რომ დაინახა მათი ერთმანეთისადმი კეთილგანწეობა და ურთიერთდაზავება, მოიკრიბა გამბედაობა, ეახლა დემეტრიოსს და მოახსენა, ნიკანორს სამეფოს მიმართ სიავე აქვს განზრახული, რაკი მან თავის მემკვიდრედ სამეფოზე ავისმზრახველი იუდა დასვაო.

27მეფემაც, ბოროტმოქმედის ასეთი ცილისწამებით გაღიზიანებულმა და განრისხებულმა, მისწერა ნიკანორს, რომ უმძიმს ამგვარი მოლაპარაკების ატანა და ბრძანებს მაკაბელი სასწრაფოდ, ბორკილგაყრილი მიჰგვაროს ანტიოქიაში.

28წერილმა ნიკანორამდე რომ მოაღწია, შეცბუნდა; მეტადრე იმან ატკინა გული, რომ უნდა დაერღვია მოკავშირეობა კაცთან, რომელსაც უმართებულო არაფერი ჩაუდენია.

29მაგრამ მეფეს რომ ვერ ეურჩებოდა, ხელსაყრელ შემთხვევას უცდიდა, ეშმაკურად მოეგვარებინა საქმე.

30როცა მაკაბელმაც დაინახა, რომ ნიკანორი მის მიმართ მკაცრი გახდა და შეხვედრაზეც ჩვეულებრივზე მეტად უხეშობდა, და მიხვდა, რომ ეს სიმკაცრე კარგს არაფერს მოასწავებდა, შეკრიბა თავის თანმხლებთაგან არცთუ მცირერიცხოვანი ხალხი და დაემალა ნიკანორს.

31როცა ამ უკანასკნელმა გაიგო, რომ ეშმაკობით მას მაკაბელმა აჯობა, მივიდა დიდ და წმიდა ტაძართან და, როცა მღვდლებს დაწესებული მსხვერპლი მოჰქონდათ, ბრძანა გადაეცათ მისთვის ეს კაცი.

32რაკი მღვდლები ეუბნებოდნენ და ეფიცებოდნენ, არ ვიცითო იმ კაცის ადგილსამყოფელი, ვისაც შენ ეძებო,

33ნიკანორმა ტაძრისკენ გაიწვდინა მარჯვენა და ფიცით წარმოთქვა: თუ არ გადმომცემთ შებორკილ იუდას, ამ საღვთო ტაძარს მიწასთან გავასწორებ, სამსხვერპლოს ამოვთხრი და ამ ადგილას დიონისეს დიდებულ ტაძარს აღვმართავო.

34ეს თქვა და წავიდა. მღვდლები კი აღაპყრობდნენ ზეცისკენ ხელებს, ევედრებოდნენ ჩვენი ხალხის მარადიულ შემწეს და ამბობდნენ:

35შენ, უფალო, არავითარი გასაჭირი რომ არ გქონია, კეთილინებე, რომ ეს ტაძარი ყოფილიყო შენი სამკვიდრო ჩვენს შორის.

36და ახლაც, ყოველი სიწმიდის წმიდა უფალო, დაიცავი უკუნისამდე შეურყვნელად ეს ახლადგანწმედილი სახლი და დახშე უწმიდური ბაგეები.

37ხოლო ნიკანორს მოახსენეს ვინმე რაზისზე, ერთ-ერთ იერუსალიმელ უხუცესზე, როგორც თავის თანამოქალაქეთა მეგობარზე, რომელსაც ყველგან კეთილი სახელი ჰქონდა გავარდნილი და თავისი კეთილმოსურნეობის გამო იუდაელთა მამად აღიარებდნენ.

38მას ადრე, აღრეულობის ჟამს, იუდაელობის მხარე ეჭირა და მზად იყო იუდაელობისთვთს სულიცა და სხეულიც შეეწირა.

39ნიკანორმა იმის სურვილით, რომ ეჩვენებინა, თუ რაოდენ ეზიზღება იუდაელები, გააგზავნა ორმოცდაათზე მეტი ჯარისკაცი რაზისის შესაპყრობად,

40რადგან, მისი აზრით, რაზისის დატყვევებით უბედურება დატრიალდებოდა იუდაელებში.

41მაგრამ როცა ხალხის ბრბომ ციხის აღება დააპირა და ეზოს კარიბჭეს მოაწყდა, და უკვე განკარგულებაც გაიცა ცეცხლი მოეტანათ ჭიშკრისთვის წასაკიდებლად, მაშინ რაზისმა, რაკი დაინახა, რომ უცილობლად მტერს უვარდებოდა ხელთ, თვითონვე განიგმირა მახვილით თავი,

42რადგან არჩია ვაჟკაცურად მომკვდარიყო, ვიდრე ურჯულოებს ჩავარდნოდა ხელში და თავისი ღირსება დაემცირებინა.

43მაგრამ რაკი სიჩქარეში დარტყმა მიზანს ააცდინა, და ბრბოც უკვე შემოსასვლელებში შემოიჭრა, იგი უშიშრად აიჭრა გალავანზე და იქიდან ზედ ხალხზე გადმოეშვა.

44შეჯგუფებულმა ხალხმა სასწრაფოდ მიიწ-მოიწია, ადგილი დაცარიელდა და რაზისი შუაგულს დაასკდა მუცლით.

45ჯერ კიდევ ცოცხალი, იგი ფეხზე აღიმართა და რისხვით ანთებულმა ჩაურბინა ხალხის ხროვას, თუმცა სისხლი ღვარებად სდიოდა და ჭრილობებიც სტანჯავდა, დადგა ერთ ციცაბო კლდეზე

46და სისხლისგან მთლად დაცლილმა, ამოიგლიჯა შიგნეულობა, ასწია იგი ორივე ხელით და შიგ ხალხში გადაისროლა, თან სიცოცხლისა და სულის მეუფეს ავედრებდა, კვლავ ებოძებინა მისთვის სიცოცხლე და სუნთქვა, და ასე დალია სული.


წინა თავი შემდეგი თავი