მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე მაკაბელთა*
თავი 4

1ხოლო ზემოთხსენებული სიმონი, საგანძურისა და სამშობლოს გამყიდველი, ცილს სწამებდა ონიას, თითქოს მას შთაეგონებინოს ჰელიოდოროსი და ბოროტ საქმეთა მოთავე ყოფილიყოს.

2იმის თქმასაც კი ბედავდა, თითქოს ქალაქის კეთილმოამაგე, თვისტომებზე მზრუნველი და კანონების თავგამოდებული ქომაგი, მმართველობის წინააღმდეგ შეთქმულიყოს.

3მტრობა იქამდე მივიდა, რომ სიმონი, ერთი თვისი სანდო კაცის მეშვეობით, მკვლელირაზე აქეზებდა ხალხს.

4როცა ონია მიხვდა, რომ ეს მტრობა სახიფათო იყო და რომ აპოლონიოს მენესთევსის ძე, კოილეს სირიისა და ფინიკიის სტრატეგოსი, აქეზებდა სიმონს ბოროტმოქმედებაზე,

5ეახლა მეფეს არა როგორც თანამოქალაქეთა ბრალმდებელი, არამედ როგორც კერძო და საზოგადო კეთილდღეობაზე მზრუნველი.

6რადგან ხედავდა, რომ მეფის ჩარევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქმეთა მშვიდობიანი მოგვარება და სიმონიც თავის უგუნურებაზე არ იღებდა ხელს.

7როცა სელევკოსი აღესრულა და სამეფო ეპიფანედ წოდებულმა ანტიოქოსმა ჩაიბარა, მღვდელმთავრობის უკანონოდ ხელში ჩაგდება მოიწადინა იასონმა, ონიას ძმამ.

8იგი ეახლა მეფეს და აღუთქვა მას სამასსამოცი ტალანტი ვერცხლი და კიდევ ოთხმოცი ტალანტი სხვა შემოსავლიდან.

9გარდა ამისა, შეჰპირდა კიდევ ასორმოცდაათის გადახდას, თუკი უფლებას მისცემდნენ, ამ თანხით დაეარსებინათ გიმნასიონი და ეფებეიონი, იერუსალემელები კი ანტიოქიის მოქალაქეებად ჩაეწერათ.

10მეფე რომ დაითანხმა და ძალაუფლება ჩაიგდო ხელში, მაშინვე შეეცადა თვისტომთა შორის ელინური ჩვევების გავრცელებას.

11აუქმებდა შეღავათებს, რომლებიც იუდაელებს კაცთმოყვარე მეფისგან ჰქონდათ მიღებული ევპოლემოსის მამის, იოანეს წყალობით, როცა ის ელჩობდა რომაელებთან მეგობრობისა და კაცთმოყვარეობის გასამყარებლად. არღვევდა რჯულიერ ცხოვრებას და ურჯულო წეს-ჩვეულებებს ნერგავდა.

12ხალისით ააგო მან გიმნასიონი პირდაპირ ციხესიმაგრის ძირას და აიძულებდა რჩეულ ყმაწვილებს, ელინური ქუდი ეტარებინათ.

13ეს იყო ელინურობის უკიდურესი გამოვლინება და უცხოურობის შემოჭრა უღვთო და ცრუმღვდელმთავრის, იასონის მკრეხელური მოქმედების მეოხებით.

14აღარ იყვნენ ღვთისმსახურებას მოწადინებული მღვდლები, მოიძულეს მათი ტაძარი, არ სურდათ მსხვერპლშეწირვა და გატყორცნილი დისკოს ხმის გაგონებისთანავე გარბოდნენ მოედანზე ურჯულო ასპარეზობის საყურებლად.

15არად აგდებდნენ მამაპაპეულ პატივს და მხოლოდ ელინური დიდება მიიჩნეოდა ღირსებად.

16ამის გამო კიდეც დაატყდათ მათ თავს უბედურება; სწორედ ისინი შეიქნენ მათი მტრები და დამსჯელები, რომელთა ცხოვრების წესი მოსწონდათ და ბაძავდნენ.

17რადგან არ არის ადვილი საქმე ღვთიური რჯულის შეურაცხყოფა, როგორც ამას მომავალი გამოაჩენს ხოლმე.

18იმ დროს, როცა ტვიროსში მეფის თანდასწრებით ხუთწლიანი ასპარეზობა მიმდინარეობდა,

19უწმიდურმა იასონმა იერუსალიმიდან ანტიოქიელები გაგზავნა მაყურებლებად, რათა ჩაეტანათ იქ სამასი დრაქმა ჰერაკლესთვის შესაწირად. მაგრამ მათ, ვისაც ეს ფული ებარა, არ სურდათ მისი შეწირვა, რადგან უკეთურებად მიაჩნდათ, და ფიქრობდნენ, სხვა საჭიროებისთვის დაეხარჯათ იგი.

20ამგვარად, ეს ფული, რომელიც მისი გამომგზავნელის ფიქრით ჰერაკლეს სამსხვერპლოდ უნდა გამოყენებულიყო, მის წამომღებთა გადაწყვეტილებით ტრირემების მშენებლობას მოხმარდა.

21მას შემდეგ, რაც ფილომეტორის მეფედ გამოცხადების გამო ეგვიპტეში გააგზავნეს აპოლონიოს მენესთევსის ძე, ანტიოქოსმა იგი სამეფოს მტრად მიიჩნია და საკუთარ უსაფრთხოებაზე დაიწყო ზრუნვა. ამიტომაც იაფოში ჩასვლის შემდეგ იერუსალიმისკენ გაემართა.

22დიდებულად დახვდნენ მას იასონი და მოქალაქენი, ჩირაღდნებითა და ყიჟინით შეიყვანეს ქალაქში. მერე ფინიკიისკენ გაემართა ანტიოქოსი ლაშქრით.

23სამი წლის შემდეგ გააგზავნა იასონმა ზემოთხსენებული სიმონის ძმა, მენელაოსი, რათა მეფისთვის ფული გადაეცა და გადაუდებელ საქმეთა თაობაზეც მოეხსენებინა.

24ხოლო მენელაოსმა, როცა იგი წარუდგინეს მეფეს, მლიქვნელურად განადიდა სამეფო ხელისუფლება, თავი მღვდელმთავრად გამოაცხადა და იასონის შეპირებული თანხის ზევით სამასი გალანტი აღუთქვა მეფეს.

25როცა მენელაოსმა მეფისაგან დავალება მიიღო, დაბრუნდა უკან, მაგრამ მღვდელმთავრობის ღირსი არაფერი წამოუღია თან, მხოლოდ ტირანის სისასტიკე და მძვინვარება ველური მხეცისა.

26ამგვარად, იასონი, ვინც საკუთარი ძმა გააბრიყვა და თავადაც სხვისგან იქნა გაბრიყვებული, გაიქცა ლტოლვილი ყამონელთა ქვეყანაში.

27მენელაოსმა ძალაუფლება კი ჩაიგდო ხელში, მაგრამ მეფისთვის არ გადაუხდია დაპირებული ფული,

28თუმცა მოთხოვნას მოთხოვნაზე უგზავნიდა მას სოსტრატოსი, აკროპოლისის ეპარქოსი, ვისაც ევალა ეს საქმეები. ამის გამო მეფემ თავისთან იხმო ორივე.

29მენელაოსმა მღვდელმთავრობა დაუტოვა მოსაყდრეს - ლისიმაქოსს, თავის ძმას, სოსტრატოსმა კი - კრატესს, კვიპროსელთა განმგებელს.

30ამ დრთას დაიწყო ტარსოსელთა და მალოტელთა აჯანყება იმის გამო, რომ ისინი საჩუქრად მიუძღვნეს ანტიოქისს, მეფის ხასას.

31ამიტომ მეფე სასწრაფოდ გაეშურა საქმეების მოსაგვარებლად და თავის მოსაყდრედ დატოვა ანდრონიკოსი, ერთ-ერთი დიდებულთაგანი.

32მენელაოსმაც იფიქრა, რომ დრო დაუდგა ტაძრის კუთვნილი ნივთებიდან რაღაც ნაწილი ანდრონიკოსისთვის ეჩუქებინა, დანარჩენი კი ტვიროსში და მიმდებარე ქალაქებში გაეყიდა.

33დანამდვილებით რომ გაიგო ონიამ ეს ამბავი, ამხილა მენელაოსი და მერე ანტიოქიის მახლობლად დაფნეს შეაფარა თავი.

34მენელაოსმა კი, რომელმაც ანდრონიკოსის მხარი დაიჭირა, სთხოვა მას, მოეკლა ონია. ანდრონიკოსი მივიდა ონიასთან და ვერაგული ფიცით და მარჯვენის გაწვდით დაიყოლია, საწმიდარის თავშესაფარიდან გამოსულიყო, მაგრამ კი ყოყმანობდა ონია. გამოსვლისთანავე მოკლა იგი სამართლის უგულებელმყოფელმა.

35ამან აღაშფოთა არა მარტო იუდაელები, არამედ სხვა ხალხებიც, ყველანი გულისწყრომით შეხვდნენ კაცის უსამართლო მკვლელობას.

36როცა დაბრუნდა მეფე კილიკიის ქვეყნებიდან, ქალაქში მყოფმა იუდაელებმაც და ელინებმაც აღშფოთებით აუწყეს მას, რომ ონია უდანაშაულოდ იყო მოკლული.

37დიდად შეწუხდა მაშინ ანტიოქოსი, მოწყალების სულით განიმსჭვლა და ცრემლებით იგონებდა გარდაცვლილის გონიერებასა და დიდ წესიერებას.

38რისხვით აგზნებულმა უმალვე შემოაძარცვა ანდრონიკოსს ძოწეული, შემოახია ქიტონი, მთელი ქალაქი შემოატარა და იმ ადგილზე, სადაც უკეთურად მოკლა მან ონია, სიკვდილით დაასჯევინა იგი, რითაც უფალმა საკადრისი მიუზღო ანდრონიკოსს.

39როცა ქალაქში ლისიმაქოსის თაოსნობითა და მენელაოსის წაქეზებით ტაძართა ძარცვა გახშირდა და ხალხმაც გაიგო ეს ამბავი, აღშფოთდა ხალხი ლისიმაქოსზე, რადგან მას უკვე დიდძალი ოქროს ჭურჭელი ჰქონდა დატაცებული.

40როცა რისხვაატანილი ბრბოები აღდგნენ, ლისიმაქოსმა შეაიარაღა სამასი ათასამდე მეომარი ვინმე ავრანიოსის, ასაკითაც და უგუნურებითაც ხანდაზმული კაცის, მეთაურობით და უსამართლო შეტევაზე გადავიდა.

41მაგრამ გაუგეს ლისიმაქოსს განზრახული და დასწვდა ვინ - ქვას, ვინ კომბალს, ზოგმაც მიწაზე დაყრილი ნაცარი მოხვეტა და ერთობლივ დაიძრნენ ლისიმაქოსის ხალხის წინააღმდეგ.

42ბევრი მათგანი დაჭრეს, ზოგი დახოცეს, ბევრიც უკუაქციეს, თავად ტაძრის მძარცველი კი საგანძურთან მოკლეს.

43ეს ყოველივე ბრალდებად წაუყენეს მენელაოსს.

44როცა მეფე ჩავიდა ტვიროსში, სამმა რწმუნებულმა უხუცესთა საბჭოდან საჩივარი აღძრა მის წინააღმდეგ.

45უკვე შეპყრობილმა მენელაოსმა კი პტოლემეოს დორიმენეს ძეს აღუთქვა საკმაოდ დიდი ქრთამი მეფის დასაყოლიებლად.

46ამიტომ პტოლემეოსმაც, გაინაპირა რა მეფე დასვენების მომიზეზებით, გადაიბირა იგი და აზრი შეაცვლევინა.

47ასე რომ, მართლად ცნეს და გაათავისუფლეს ბოროტმოქმედების სულისჩამდგმელი მენელაოსი და სასიკვდილო განაჩენი გამოუგანეს იმათ, რომელთა სამართლიანი სიტყვა სკვითებთანაც კი გაჭრიდა.

48ასე დაატყდა თავს უსამართლო სასჯელი ქალაქის, ხალხისა და წმიდა ჭურჭლის დამცველებს.

49ამ ამბით აღშფოთებულმა ტვიროსელებმა უხვად გაიღეს დახოცილთა დასამარხავი ხარჯები.

50ხოლო მენელაოსს ამა ქვეყნის ძლიერთა მომხვეჭელობის წყალობით შერჩა ხელისუფლების სადავეები და კიდევ უფრო მომეტებული ბოროტებით მოსისხლე მტრად მოევლინა თანამოქალაქეთ.


წინა თავი შემდეგი თავი