მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე მეფეთა
თავი 14

1ოდეს სცნა იოაბ, ძემან შარუელისმან, რამეთუ გული მეფისა მოლბა აბესალომისთჳს,

2მიავლინა იოაბ თეკუედ და მოიყვანა მუნით დედაკაცი ერთი ბრძენი და ჰრქუა მას, ვითარმედ: მგლოვარედ იპყარ თავი შენი და შეიმოსე სამოსელი საგლოველი და ნუცა იცხებ საცხებელსა და იყავ ვითარცა დიაცი ვინმე მრავლის ჟამითგან მწუხარე მკუდარისათჳს.

3და შეხჳდე შენ წინაშე მეფისა და იტყოდე, რომელი მე გასწაო შენ! და გულისხმა-უყვნა სიტყუანი იგი, რომელ თქუმად ესხნეს პირით მისით.

4და მოვიდა დედაკაცი იგი თეკველი წინაშე მეფისა და დავარდა პირსა ზედა თჳსსა და თაყუანი-სცა მას, ევედრებოდა მას და ეტყოდა: განმარინე მე, მეფე, განმარინე!

5და ჰრქუა მას მეფემან: რა არს? რა შეგემთხჳა? მაშინ თქუა დედაკაცმან მან: ნანდვილვე ქურივი იგი მე ვარ, რამეთუ ქმარი ჩემი მოკუდა.

6და დამშთეს მჴევალსა ამას შენსა ორ ძე და იბრძოდეს ურთიერთას უდაბნოსა, და არა ვინ იყო, რომელმანცა განაშველნა იგინი. და სცა ერთმან მან და მოკლა ძმა თჳსი.

7და მეტყჳან მე ნათესავნი მისნი, ვითარმედ მოგუეც ჩუენ ძმა იგი მისი და მოვკლათ იგი მოკლულისა მისთჳს ძმისა მისისა, რათამცა არა დაშთა მკჳდრი ქმრისა ჩემისა ქუეყანასა ზედა.

8მიუგო მეფემან და ჰრქუა დედაკაცსა მას; წარვედ შენ სახიდ შენდა მშჳდობით და მე ვბრძანო შენთჳს!

9და ჰრქუა დედაკაცმან მეფესა: უფალო ჩემო მეფე, ჩემ ზედა იყავნ შეცოდება იგი და სახლსა ზედა მამისა ჩემისასა! მეფე და საყდარი მისი უბრალო იყავნ!

10მიუგო მეფემან და ჰრქუა: რომელი გეტყოდა სიტყუასა მაგას, მოიყვანე იგი აქა ჩემს წინაშე და არღარა შეგეახლოს შენ!

11მიუგო დედაკაცმან და ჰრქუა: მოიჴსენე, მეფე, უფალი ღმერთი შენი, ნუუკუე განმრავლდენ შურისმეძიებელნი სისხლისა მისისანი და შენ მოკლა ძე იგი ჩემი? მიუგო მეფემან და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი ღმერთი ჩემი, ვითარმედ არა დავარდეს თმა ერთი თავისა მისისა ქუეყანასა ზედა!

12მიუგო დედაკაცმან და ჰრქუა: მიბრძანე, რათა თქუას მჴევალმან შენმან სიტყუაჲ ერთი შენს წინაშე! და ჰრქუა მეფემან: იტყოდე!

13მიუგო დედაკაცმან და ჰრქუა: რადმე იზრახა ესევითარი ზრახვა ერსა ამას ზედა უფლისასა? და თანაწარჴდა სიტყუაჲ ესე მეფესა დამტკიცებად, რათა არღარა მოიქცეს განშორებული შენგან.

14რამეთუ მოკუდა ძე იგი შენი და, ვითარცა წყალი რა დაითხიის ქუეყანასა ზედა, ვერღარა შეკრბის, და არცაღა მიაქციოს თავადმან სული მისი. და აწ იზრახა მეფემან განშორებად განშორებულისა მისთჳს.

15და აწ რომლისათჳს მოვსულ ვარ სიტყუად მეფისა უფლისა ჩემისა, მიხილონ მე ერმან ამან და მრქვან მჴევალსა შენსა, ვითარმედ: იტყოდეს მჴევალი შენი წინაშე უფლისა ჩემისა მეფისა, რათა ყოს მეფემან სიტყუაჲ მჴევლისა თჳსისა.

16რათა ისმინოს მეფემან და იჴსნეს მჴევალი თჳსი კაცთა მათგან, რომელნი ეძიებდეს ძესა ჩემსა მოკლვად ერთბამად სამკჳდრებელისა მისგან უფლისა.

17და თქუას მჴევალმან შენმან, ვითარმედ: იყავნ სიტყუაჲ უფლისა ჩემისა მეფისა, ვითარცა შესაწირავი მსხუერპლთა და ვითარცა ანგელოზი უფლისა, ეგრეცა უფალი ჩემი მეფე მსმენად კეთილისა და ბოროტისა! და იყავნ უფალი ღმერთი შენ თანა!

18მიუგო მეფემან დედაკაცსა მას და ჰრქუა: ნუ დამიმალავ მე ერთსაცა სიტყუასა, რომელსა გკითხავ შენ! და ჰრქუა დედაკაცმან: იტყოდენ უფალი ჩემი მეფე!

19თქუა მეფემან: ნუთუ იოაბისნი არიანა ეგე სიტყუანი, ანუ ჴელცემული რაჲ არს შენდა? თქუა დედაკაცმან მან: ცხოველ არს სული შენი, უფალო ჩემო მეფე! არასადათ მივაქციე გარნა, რომელნი-იგი შეამრგვალნა პირსა შინა ჩემსა მონამან შენმან იოაბ.

20და თჳთ შენ მეცნიერ ხარ და ბრძენ მსგავსად ანგელოზისა ღმრთისათა და უწყი ყოველივე, რაჲ არს ქუეყანასა ზედა!

21მაშინ ჰრქუა მეფემან იოაბს: ნება-გეყავნ სიტყჳსაებრ შენისა, მივედ და მოიყვანე ყრმა იგი აბესალომ!

22და დავარდა იოაბ პირსა ზედა თჳსსა და თაყუანი-სცა მას და აკურთხა მეფე იგი და თქუა იოაბ: აწ უწყი, რამეთუ ვპოვე მადლი წინაშე მეფისა, რამეთუ ყო მეფემან სიტყუაჲ მონისა თჳსისა.

23და წარვიდა იოაბ გედსურად და მოიყვანა აბესალომ იერუსალჱმდ.

24და ჰრქუა მეფემან: მივედინ აბესალომ და იყავნ სახლსა შინა თჳსსა და პირსა ჩემსა ნუ იხილავნ! და მივიდა სახიდ თჳსა და პირი მეფისა არა იხილა.

25არა იყო სხუა კაცი ქმნულკეთილ, ვითარ აბესალომ, ისრაჱლსა შორის ფერჴითგან ვიდრე თავადმდე. და არა იყო ბიწი მის თანა.

26არა იკვეცის თმა თჳსი ვიდრე წელიწადამდე და მაშინღა იკვეცის თმა თჳსი, რამეთუ დაუმძიმდის და, რაჟამს იკუეცის, არნ იგი სასწორითა სამეფოთა ორასი სიკილა.

27და ესხნეს აბესალომს სამ ძე, ერთ ასულ, და სახელი მისი თამარ, და იყო იგი ქმნულკეთილ ფრიად.

28და ჯდა აბესალომ იერუსალჱმს ორ წელ ოდენ და პირი მეფისა არა იხილა.

29და მოუწოდა აბესალომ იოაბს თჳსთა თანა, რათამცა შეავლინა იგი მეფისა. ხოლო იოაბ არა მივიდა. და მერმე მიავლინა მისა მეორედ და მან არავე ინება მისლვად მისა.

30მაშინ ჰრქუა აბესალომ მონათა თჳსთა: გვალე, მივედით და მოწუთ ყანა იგი იოაბისი ქრთილად თესილი, რომელ არს მახლობელად აგარაკსა ჩუენსა! და ყვეს ეგრე მონათა მათ აბესალომისათა, ვითარცა უბრძანა მათ. და უთხრეს იოაბს მონათა მისთა, ვითარმედ: მოწვეს ცეცხლითა ყანა იგი ჩუენი მონათა აბესალომისათა.

31მსწრაფლ მივიდა იოაბ აბესალომისა და ჰრქუა: რასთჳს მომიწვეს მონათა შენთა ყანა იგი ჩემი ცეცხლითა!

32და ჰრქუა აბესალომ იოაბს: მივავლინე შენდა ერთგზის და ორგზის და ვთქუ, ვითარმედ: მოვედ და მიგავლინო შენ მეფისა, რათამცა ჰრქუა მას, ვითარმედ: რასათჳს წარმოვედ მე გესურით და ვზი აქა? უმჯობესი იყო ჩემდა მუნ ჯდომა ვიდრე აქა მოსლვასა და მეფისა არახილვასა! და თუ არს რამე შეცოდება ჩემ თანა, სიკუდილით მომაკუდინენ მე!

33და მივიდა იოაბ მეფისა და უთხრა ესე ყოველი სიტყუაჲ. და უბრძანა მეფემან მოწოდება აბესალომისი და შევიდა იგი წინაშე მეფისა, თაყუანი-სცა პირსა ზედა თჳსსა, და მიუწოდა მეფემან აბესალომს და შეიტკბო იგი და ამბორს-უყო მას.


წინა თავი შემდეგი თავი