მთავარი გვერდი - ბიბლია

ახალი აღთქმა
მეორე პეტრესი
თავი 3

1ამას უკვე მეორე წერილსა გწერთ, საყვარელნო, და ორივეში შეხსენებით ვაღვიძებ თქვენს წმიდა აზრს,

2რათა გახსოვდეთ წმიდა წინასწარმეტყველთა მიერ იმთავითვე თქმული სიტყვები და უფლისა და მაცხოვრის მცნებანი გადმოცემულნი თქვენი მოციქულების მიერ.

3უპირველეს ყოვლისა, იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ მგმობელნი, თავიანთი გულისთქმისამებრ მოარულნი,

4და იტყვიან: სად არის აღთქმა მისი მოსვლისა? ვინაიდან მას შემდეგ, რაც მამებმა მიიძინეს, ყველაფერი უცვლელად რჩება შექმნის დასაბამიდან.

5რადგანაც საკუთარი ნებასურვილით ივიწყებენ, რომ ცა და მიწა თავდაპირველად წყლისაგან და წყალთა შუა შეიქმნა ღვთის სიტყვით.

6ამიტომაც მაშინდელი სამყარო წყლით წაირღვნა და დაიღუპა.

7ახლანდელ ცასა და მიწას კი ცეცხლისათვის ინახავს იგივე სიტყვა, რათა განკითხვის დღეს მოსრას უღვთონი.

8ისიც იცოდეთ, საყვარელნო რომ ერთი დღე უფლისათვის როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე.

9არ აყოვნებს უფალი აღთქმის აღსრულებას, როგორც ზოგიერთს ჰგონია, არამედ სულგრძელია თქვენს მიმართ, რადგანაც ვისიმე დაღუპვა კი არა სურს, არამედ ის, რომ ყველა მოიქცეს სინანულად.

10ხოლო უფლის დღე მოვა როგორც მპარავი, და მაშინ ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი.

11მაგრამ თუ ყოველივე ეს დაიშლება, როგორი უნდა იყოს თქვენი ყოფა წმიდა ქცევითა და ღვთისმოსაობით,

12რაკიღა ნატრობთ და მოელით, როდის მოვა დღე უფლისა, როცა ცეცხლმოდებული ცანი დაიშლებიან და დადნებიან ალმოდებული სტიქიონები?

13ხოლო ჩვენ, აღთქმისამებრ, მოველით ახალ ცათა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრდება სიმართლე.

14ამიტომ, საყვარელნო, რაკიღა ამას ელით, ეცადეთ მშვიდობით წარსდგეთ მის წინაშე, შეურყვნელნი და შეუბილწველნი.

15ჩვენი უფლის სულგრძელობა დასახეთ ხსნად, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ - პავლემაც მოგწერათ მისთვის ბოძებული სიბრძნით.

16ამასვე გწერთ ყველა წერილში, სადაც ზოგი რამ ისე ძნელი გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი სხვა წერილების მსგავსად ამახინჯებენ მათ, რათა წარიწყმიდონ თავიანთი თავი.

17ხოლო თქვენ, საყვარელნო, რაკიღა წინასწარ იცით ეს, ფრთხილად იყავით, რათა არ ჩაგითრიოთ უკეთურთა ცთომილებამ და არ გიღალატოთ თქვენმა სიმტკიცემ.

18არამედ იზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლითა და შემეცნებით. დიდება მას აწ და მარადის. ამინ.


წინა თავი