მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეოთხე მაკაბელთა*
თავი 10

1ამანაც გაუძლო წამებას და სახელოვანი სიკვდილით აღესრულა. გამოიყვანეს მესამე. მრაგალგზის ურჩევდნენ მრავალნი: შეჭამე და გადარჩებიო.

2მაგრამ მან წამოიძახა: განა არ იცით, რომ სიკვდილისთვის ჩამსახა მამაჩემმა და გამაჩინა დედამ და ამ მოძღვრებით ვარ აღზრდილი?

3არ გავტეხ ძმობის კეთილშობილურ ნათესაობას.

4მოაყენეთ ჩემს სხეულზე, თუ რამ საწამებელი იარაღი გაქვთ; ჩემს სულს კი ვერაფერს დააკლებთ, რაც უნდა ეცადოთ.

5ამ კაცის სიმხნევით განმძვინვარებულებმა საწამებელი იარაღებით ხელ-ფეხი დაულეწეს.

6გადაუმტვრიეს თითები, მკლავები, წვივები, იდაყვები.

7ვერაფრით რომ ვერ აიძულეს აზრის შეცვლა, სკვითური წესით თავიდან ფეხებამდე მანქანებით გააძრეს ტყავი.

8შემდეგ ბორბალზე აიყვანეს, საიდანაც საკუთარი თვალებით ხედავდა თავისსავე დაგლეჯილ ხორცსა და შიგნეულობიდან ამომსკდარ სისხლის ნაკადებს.

9სიკვდილს მიწურულმა თქვა,

10ჩვენ, უწმიდურო მტარვალო, აღზრდისა და ღირსების გამო ვიტანთ წამებას,

11შენ კი უღვთოობისა და სისხლის მსმელობის გამო მარადიული სატანჯველი გელოდება.

12როცა მოკვდა ეს ღირსეული ძმა, მეოთხე გამოათრიეს და უთხრეს:

13ნუ აჰყვები შენი ძმების სიგიჟეს, დაუჯერე მეფეს და უშველე თავს.

14მან კი უპასუხა: უფრო ძლიერად აღაგზნეთ ჩემთვის ცეცხლი, სიმხდალე თუ გამოვიჩინო.

15ვფიცავ ჩემი ძმების კურთხეულ სიკვდილს და მტარვალის მარადიულ წარწყმედას, ღვთისმოსავთა მარადიულ სიცოცხლეს ვფიცავ, არ ვუღალატებ კეთილშობილურ ძმობას.

16მოიგონე, მტარვალო, წამებანი, იქნებ მათგან ისწავლო, რომ მე წეღან წამებულთა ძმა ვარ.

17ეს რომ გაიგო სისხლს მოწყურებულმა და მკვლელმა, უწმიდურმა ანტიოქოსმა, ბრძანა, ენა ამოერთვათ ყმაწვილისთვის.

18მან კი თქვა: სიკვდილის იარაღითაც ვერ შემაშინებ. მდუმარესაც უსმენს ღმერთი.

19აჰა, ამომართვი ენა, ამით ჩემს გონებას ვერ დაადუმებ.

20ხალისით შემიწირავს ღვთისათვის სხეულის ნაწილები.

21შენ კი მალე სასჯელით მოგეწევა ღმერთი საგალობლებით უფლის განმადიდებელი ენის ამომკვეთელს.


წინა თავი შემდეგი თავი