მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეოთხე მაკაბელთა*
თავი 13

1მაშ, თუკი მომაკვდინებელ ტანჯვებს გაუძლო შვიდმა ძმამ, ყველანი დამეთანხმებით, რომ ღვთისმოსავი გონება ვნებათა მბრძანებელია.

2ვნებებს რომ დამორჩილებოდნენ და უსურმაგის ხორცი ეჭამათ, ვნებათაგან ძლეულებს ვუწოდებდით მათ.

3მაგრამ ასე არ მოხდა და ღვთივგანდიდებული გონების ძალით სძლიეს ვნებებს.

4არ უგულებელყოფილა განსჯის მთავრობა, რაკი სძლიეს მათ ვნებებსა და სატანჯველს.

5როგორ არ აღიარებდნენ ვნებათა დამთრგუნველ გონიერებას, როცა ცეცხლში წამებამაც ვერ შეცვალა ისინი?

6ნავსადგურში ჩადგმული იმ ბურჯების მსგავსად, რომლებიც ტალღათა მუქარას ათვინიერებენ და მშვიდ გზას აძლევენ ყურეში შემავალ ხომალდს,

7სძლია ყრმათა შვიდბურჯიანმა გონებამ, ღვთისმოსავობის ნავსადგურის გამამაგრებელმა, ვნებების ქარიშხალს.

8ღვთისმოსავობის წმიდა ფერხულში ჩაბმულნი, ისინი ურთიერთს ამხნევებდნენ და ამბობდნენ:

9ძმურად ვკვდებით, ძმებო, რჯულისთვის. მივბაძოთ იმ სამ ყრმას აშურში, რომლებმაც არად ჩააგდეს გახურებული ქურა.

10ნუ გამოვიჩენთ სიმხდალეს და ვაჩვენოთ ღვთისმოსავობა.

11ერთმა თქვა: გამხნევდი, ძმაო, მეორემ: ღირსეულად გაუძელი.

12სხვამაც ეს გაიხსენა: გახსოვდეთ, საიდან ხართ, ან რომელმა მამის ხელმა მიიტანა მსხვერბლად ღვთისმთსავობისთვის ისაკი.

13ერთიმეორეს შესცქეროდნენ მხიარულად და მამაცურად, ამბობდნენ: მთელი გულით შევწიროთ თავი ღმერთს, სიცოცხლის მომნიჭებელს; სხეული კი რჯულის დასაცავად გავიღოთ.

14ნუ შეგვაშინებს ის, ვინც სიკვდილს გვიპირებს,

15რადგან დიდია ბრძოლა სულისთვის და საფრთხე მარადიული საგანჯველისა მას ელის, ვინც ღვთის მცნებანი დაარღვია.

16მაშ, აღვიჭურვოთ ღვთივმონიჭებული გონებით ვნებათა მოსათრგუნად.

17სიკვდილის შემდეგ აბრაამს, ისაკს და იაკობს მივუვალთ და მამა-პაპათა ქებას დავიმსახურებთ.

18ერთს რომ გაათრევდნენ, დანარჩენები ეუბნებოდნენ: ნუ შეგვარცხვენ, ძმაო, ნუ გაუცუდებ იმედს შენს წინ დახოცილ ძმებსო.

19თქვენ იცით, რა არის ძმური სიყვარული, რომელიც ღვთიურმა და ყოვლადბრძენმა განგებამ მამებისგან მათ ნაშიერთ ჩაუნერგა, და რომელიც დედის საშოში იყო ჩასახული.

20ერთი და იგივე ხანი დაჰყო იქ თვითეულმა ძმამ და ერთსა და იმავე ხანში გამოისახენ ისინი, ერთი სიცოცხლის მიმღებელნი.

21იშვნენ თანაბარი დროის გამოშვებით, ერთი წყაროდან სვამდნენ რძეს და საზრდოობდნენ ერთმანეთთან გადანასკვული ძმური სულები.

22ძლიერდებოდნენ საერთო საზრდელით და ყოველდღიური ურთიერთსიყვარულით, საერთო აღზრდით და ჩვენი საღვთო რჯულის მოძღვრების წყალობით.

23ძმურ თანაგრძნობაში და სიყვარულში გაზრდილი ძმები, შვიდივენი ერთმანეთის მოუვარულნი დარჩნენ სამუდამოდ.

24ერთი რჯულით განსწავლულებს, ერთნაირ სიქველეებში გაწვრთნილებს და სამართლიანი ცხოვრების მიმდევრებს კიდევ უფრო მეტად უყვარდათ ერთმანეთი.

25საერთო შურმა სრულყოფილებისამ გააძლიერა მათ შორის ურთიერთგაგება და თანხმობა.

26რადგან ღვთისმოსავობის წყალობით განამტკიცებდნენ გამორჩეულ ძმურ სიყვარულს.

27და თუმცა საერთო ბუნება, საერთო აღზრდა და ქველი ჩვევები ემატებოდა ძმურ სიყვარულს, მაინც სატანჯველად თავისი ჯერის მომლოდინენი, თვალყურს ადევნებდნენ ძმების ტანჯვა-წამებას.


წინა თავი შემდეგი თავი