მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეოთხე მაკაბელთა*
თავი 15

1ო, ბავშვთა გონებავ, ვნებათა დამთრგუნველო! ო, რჯულო, შვილებზე მეტად სასურველო დედისათვის!

2ორი არჩევანი ჰქონდა დედას: ან რჯული ან შვიდი შვილის გადარჩენა, როგორც მბრძანებელი დაჰპირდა.

3მან უმალ რჯული არჩია, რომელიც შეინახავდა მათ მარადიული სიცოცხლისთვის, ღვთის აღთქმისამებრ.

4როგორ აღვწერო მშობელთა შვილებისადმი სიყვარული? სულისა და სახის საკვირველ მსგავსებას აღვბეჭდავთ ჩვენ ბავშვის ბუნებაზე სიჩჩოებიდანვე. ხოლო მშობელთაგან დედები მამებზე მეტად არიან გამსჭვალულნი შვილების მიმართ თანაგრძნობით.

5რაც უფრო სუსტნი არიან დედები და ბევრის მშობნი, მით უფრო უყვართ თავიანთი შვილები.

6მაგრამ ყველა დედებზე მეტად შვილთა მოყვარული აღმოჩნდა შვიდი შვილის დედა, რომელსაც შვიდგზის ორსულობაში ჩაენერგა შვილთა სიყვარული,

7და თითოეული მათგანისთვის მშობიარობის ტკივილების გადამტანს გაუძლიერდა სიყვარულის გრძნობა.

8მაგრამ მაინც ღვთის წინაშე შიშის გამო არად ჩააგდო დროებითი ხსნა თავისი შვილებისა.

9შვილების სრულყოფილებისა და რჯულისადმი მათი მორჩილების მოწმემ კიდევ უფრო მეტი სიყვარული იგრძნო მათდამი.

10რადგან ისინი მართალნი, უბიწონი, მამაცნი, დიდსულოვანნი, ძმათა მოყვარულნი იყვნენ და იმდენად უყვარდათ დედა, რომ სიკვდილშიც კი მას დაემორჩილნენ და ბოლომდე დაიცვეს რჯული.

11თუმცა ბევრი რამ აიძულებდა დედას, თანაგრძნობით შეძრულიყო შვილების სიყვარულის გამო, მაგრამ ვერც ერთის ტანჯვა-წამებამ ვერ შეუცვალა მას გონება.

12პირიქით, დედა ყველას ერთად და თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე რჯულისთვის სასიკვდილოდ აქეზებდა.

13ო, მშობლიური სიყვარულის წმიდა ბუნებავ, გამომკვებელო ძუძუებო და დაუოკებელო დედობრივო გრძნობავ!

14ნაწამები და ცეცხლმოდებული შვილების შემხედვარეც კი მტკიცედ იდგა სარწმუნოებაზე.

15ხედავდა შვილების ხორცს, ცეცხლით დამწვარს, მათი ხელებისა და ფეხების თითებს, მიწაზე მიმობნეულს და კანს, თავიდან ნიკაპამდე ნიღაბივით ჩამოკიდებულს.

16დიდება დედას, რომელმაც სამშობიარო ტკივილებზე უმწარესი სატანჯველი დაითმინა!

17დიდება დედაკაცს, რომელმაც ერთადერთმა შვა ესოდენი სრულქმნილი ღვთისმოსაობა!

18არ გიღალატა შენ არც პირმშომ, სულთმობრძავმა, არც მეორემ, სიბრალულით რომ გიყურებდა წამების დროს; არც მესამემ, სულს რომ ღაფავდა.

19არ გიტირია, როცა უყურებდი სატანჯველში მყოფთა უტეხ მზერას და სიკვდილის ნიშნებს მათ ნესტოებში.

20როცა უყურებდი დამწვარი შვილების ერთმანეთზე თავებს, გვამს გვამზე დაგდებულს, ხედავდი შვილთა დაყრილ ხორცს, მოკვეთილ ხელებს, გადატყავებულ წამების ადგილს, მოსეირე ხალხით სავსეს, და ცრემლიც არ მოგრევია თვალზე.

21სირინოზის ჰანგები და არც გედის სიმღერა ისე არ მოიზიდავდა მსმენელს, როგორც - შვილთა ხმები, რომლებიც სატანჯველიდან ეხმიანებოდნენ დედას.

22რა ტანჯვა უნდა გამოევლო იმ წუთებში დედას, როცა ხედავდა სატანჯველში მყოფ შვილებს, როგორ აწამებდნენ ბორბლებითა და შანთებით!

23მაგრამ ღვთისმოსავმა გონებამ სიმამაცე მიჰმადლა მის გულს ამ სატანჯველში, რომ დაეძლია შვილების მიმართ წარმავალი სიყვარული.

24შვიდი შვილის დაღუპვისა და ამდენი ტანჯვა-წამების შემსწრე კეთილშობილმა დედამ ეს ყველაფერი ღვთისადმი რწმენის ძალით გადაიტანა.

25საკუთარი სულის სამსჯავროზე იგი ხედავდა ძლიერ დამცველებს - ბუნებას, ნათესაობას, დედობრივ სიყვარულს და შვილთა წამებას;

26ორი კენჭი ვჭირა ხელში დედას: ერთი სასიკვდილო და მეორე - მხსნელი თავისი შვილებისთვის,

27მაგრამ მან უარი თქვა შვიდი შვილის ხსნაზე ხანმოკლე დროით,

28არამედ მხნეობა მოიკრიბა მან, როგორც ღვთისმოსავი აბრაამის ასულმა.

29დიდება ერის დედას, რჯულის შურისმგებელს, ღვთისმოსავობის დამცველს და საკუთარი გულით ასპარეზზე ჯილდოს მომხვეჭს!

30დიდება ვაჟკაცებზე უპირატესს მხნეობით და მამამაკაცებზე უმამაცესს მოთმინებით!

31ნოეს კიდობანივით საყოველთაო წარღვნაში სოფლის გამომხსნელს და ტალღების მხნედ გადამლახველს!

32ამგვარად, სძლიე შენ, რჯულის დამცველმა, ყოველის მხრიდან მოსულ ვნებების წარღვნას, სასტიკ ქარებს, გაუძელი შენი შვილების წამებას და გადაიტანე ღვთისმოსავობაზე ჩამოწოლილი ზამთარი.


წინა თავი შემდეგი თავი