მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეოთხე მაკაბელთა*
თავი 9

1რაღას ფიქრობ, მბრძანებელო? ჩვენ ხომ მზად ვართ უმალ დავიხოცოთ, ვიდრე ჩვენი მამა-პაპის მცნებანი დავარღვიოთ.

2ნამდვილად შევარცხვენთ ჩვენს წინაპრებს, თუკი რჯულსა და ჩვენს მრჩეველს მოსეს არ დავემორჩილებით.

3ურჯულოების მრჩეველო მბრძანებელო, ჩვენდამი სიძულვილში იმაზე მეტად ნუ შეგვიბრალებ, ვიდრე ჩვენ გვებრალება საკუთარი თავი.

4რადგან თავად სიკვდილზე უმძიმესად მიგვაჩნია შენგან შეწყალება - რჯულის დარღვევის ფასად გადარჩენა.

5შენ გვემუქრები, წამებით ამოგხდითო სულს, თითქოს ამ ცოტა ხნის წინ ელეაზარისგან არაფერი გესწავლოს.

6თუკი ებრაელთა მოხუცებულებმა ღვთისნიერად იცხოვრეს და გაუძლეს სატანჯველს, ბარემ ჩვენ, ახალგაზრდებიც, დავიხოცოთ არად ჩამგდებნი შენგან მოვლენილი სატანჯველისა, რომელზეც გამარჯვება მოიხვეჭა ჩვენმა მოხუცმა მოძღვარმა.

7აბა, გამოგვცადე, მბრძანებელო, თუ ჩაკლავ ღვთისნიერებით განმსჭვალულ ჩვენს სულებს? ნუ გგონია, რომ წამებით ჩვენ რაიმე ზიანი მოგვაყენო.

8ჩვენ ხომ ამ ტანჯვათა მოთმინებით ამტანნი ღირსების ჯილდოს დავიმსახურებთ და ვიქნებით ღმერთთან, ვისთვისაც ვეწამებით.

9შენ კი, ჩვენი სისხლით წაბილწულს, თავად მოგიწევს ღვთის განგებით მარადიული წამება ცეცხლში.

10ამ სიტყვების მოსმენისას მარტო მათმა ურჩობამ კი არ გაამძვინვარა მბრძანებელი, არამედ მათ უმადურობაზეც მოერია რისხვა.

11უბრძანა მცველებს წინ გამოეგდოთ უფროსი ძმა, ქიტონი გაეხადათ მისთვის და ღვედებით გაეკოჭათ ხელ-მკლავი.

12როცა შოლტების ცემისგან დაიღალნენ ჯალათები, ბორბალზე შეაგდეს იგი.

13ზედ დააკრეს კეთილშობილი ყრმა და სახსრები დაუწყვიტეს.

14თუმცა მთლად დასახიჩრებული იყო, მაგრამ მაინც გმობის სიტყვებს ამბობდა:

15უწმინდურო მბრძანებელო და ციური სამართლის მტერო, გულსასტიკო, ასე იმიტომ კი არ მასახიჩრებ, რომ კაცისმკვლელი ან უღვთო ვინმე ვიყო, არამედ იმიტომ, რომ რჯულის დამცველი ვარ.

16ჯალათები ეუბნებოდნენ: ჭამე, თავი რომ დაიხსნა წამებისაგანო.

17ის კი პასუხობდა: ისე გაუსაძლისი როდი არის ეს თქვენი ბორბალი, რომ გონება დამიხშოს. ასო-ასო ამკუწეთ, დაწვით ჩემი ხორცი, გადამიგრიხეთ სახსრები,

18მთელი ამ სატანჯველით დაგარწმუნებთ, რომ უძლეველნი მხოლოდ ებრაელთა ძენი არიან, როცა მათ ღირსებაზე მიდგება საქმე.

19ამას რომ ამბობდა, შეუნთეს ქვეშ ცეცხლი და დაატრიალეს ბორბალი.

20ყოველმხრივ სისხლით ირწყვებოდა ბორბალი და ნაკვერჩხალთა გროვას სითხის წვეთები აქრობდა. იარაღის ღერძსაც კი ხორცები ეკიდა.

21ძვლებიც რომ დაუმტვრიეს, არც მაშინ დაუკვნესია კეთილშობილ ყრმას - აბრაამის ძეს,

22არამედ თითქოსდა ცეცხლში უკვდავად გარდაქმნილი, ღირსეულად უძლებდა წამებას.

23ამბობდა: მომბაძეთ, ძმებო, მარტო ნუ შემატოვებთ ასპარეზს, შემომფიცეთ სულიერი ძმობა!

24საღვთო და წმიდა ომი გამართეთ რჯულისთვის; ჩვენი მამა-პაპის სამართლიანი განგება წყალობით მოხედავს ჩვენს ხალხს, შურს იძიებს მტარვალ მბრძანებელზე.

25ეს თქვა ღვთისდარმა ჭაბუკმა და დალია სული.

26ყრმის სულიერი სიმტკიცით გაოცებულმა მცველებმა გამოიყვანეს მომდევნო ძმა, მახვილბრჭყალებიან რკინის ხელებს დაუყენეს წინ, მერე საწამებელ იარაღზე დააკრეს.

27ვიდრე აწამებდნენ, ურჩიეს ჭამა, მაგრამ ღირსეული პასუხი მიიღეს.

28აფთარივით მხეცებმა რკინის ხელებით დაძარღვეს იგი, ნიკაპამდე ხორცი შემოაგლიჯეს და თავზეც წააძრეს კანი. ის კი იტანდა ამ მძიმე წამებას და ამბობდა:

29რაოდენ ტკბილია ყოველგვარი სიკვდილი მამაპაპეული რჯულისთვის და მტარვალს მიმართავდა:

30ნუ გგონია, უსასტიკესო მტარვალო, ჩემზე ნაკლებ წამებას უძლებდე, როცა ხედავ როგორ მარცხდება შენი მტარვალური განზრახვა ჩვენი მოთმინებით რჯულის გულისთვის.

31მე ხომ სიქველით მონიჭებული სიამის წყალობით ვიმსუბუქებ ტანჯვას,

32შენ კი უღვთო მუქარა გაწამებს. ღვთიური რისხვის სამსჯავროს ვერ გაექცევი, უწმიდურო მტარვალო.


წინა თავი შემდეგი თავი