მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეოთხე მეფეთა
თავი 14

1წელსა მეორესა სუფევასა იოასისათა, ძისა იოაქაზისასა, მეფისა ისრაჱლისა, მეფობდა ამასია, ძე იოასისი, მეფე იუდასი.

2ძე ოცდახუთისა წლისა იყო დადგომასა მას მისსა მეფედ, ოცდაცხრა წელ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა - იოადიმ იერუსალჱმით.

3და ქმნა სიმართლე წინაშე უფლისა, ხოლო არა ვითარ დავით, მამამან მისმან, არამედ, რა ქმნა მამამან მისმან იოას, ქმნა მანცა.

4ხოლო მაღალნი იგი არა მოსპნა და ერი იგი შესწირვიდა და უკმევდეს მაღალთა მათ.

5და იყო, ვითარცა დაამტკიცა მეფობაჲ მისი ჴელსა მისსა და მოსრნა მონანი იგი თჳსნი, რომელთა მოკლეს მეფე, მამა მისი.

6და შვილნი მკულელთანი მათ არა მოსრნა, ვითარცა წერილ არს წიგნსა სჯულისასა, ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს და თქუა: ნუ მოკუდებინ მამა შვილისათჳს და ნუცა მამისათჳს შვილი, არამედ თჳთოეულად ცოდვათათჳს მოკუედინ.

7ამან დასცა ედომი გემელექს წყობასა ათი ათასი და გამოიპყრა კლდე იგი ბრძოლით და უწოდა სახელი მისი კათოელ მოდღენდელად დღედმდე.

8მას ჟამსა წარავლინა ამასია მოციქულნი იოასისა, ძისა იოაქაზისა, ძისათჳს იოას მეფისა ისრაჱლისასა და ჰრქუა: მოვედ, შეგიმთხჳვნეთ ურთი- ერთარს პირისპირ.

9და მიუგო იოას, მეფემან ისრაჱლისამან, ამასიას, მეფესა იუდისასა, და ჰრქუა: ძეძუმან ლიბანისამან მიუვლინა ფიჭუსა ლიბანისასა და ჰრქუა: მოეც ასული შენი ძესა ჩემსა ცოლად. და წარჴდეს მას ზედა მჴეცნი მაღნარისანი, რომელ იყუნეს ლიბანეს და დატკეპნეს ძეძვი იგი.

10და მოსრვით მოსარ ედომი და აღილაღე გულითა შენითა, თავ-იყავ თავსა, დაჯედ სახლსა შენსა, რაჲსა გაზრზენს შენ უკეთურება შენი? და დაეცე შენ და იუდა შენ თანა.

11და არა მიერჩოდა ამასია. განვიდა იოას, მეფე ისრაჱლისა, და შეიმთხჳვნეს პირისპირ იგი თავადი და ამასია, მეფე იუდასი, ბეთსამუსა ჰურიასტანისასა.

12და იძლია იუდა წინაშე ისრაჱლისა და ივლტოდეს თჳთოეულად სამ- კჳდრებელად თჳსად.

13და ამასია, მეფე იუდასი, ძე ოასისი, ძისა აქაზასი, შეიპყრა იოას, მეფემან ისრაჱლისამან, ბეთსამუსსა და მოვიდა იერუსალჱმდ და დაარღჳა ზღუდე ბჭემდე კიდისათა ოთხას წყრთა.

14და წარიღო ოქრო და ვეცხლი და ყოველი ჭურჭელი, რომელ იპოვა სახლსა მას უფლისასა და სახლსა მას საფასესა მეფისასა და შვილნი იგი უცხოთესლთანი, და მიიქცა სამარიად.

15და ნეშტნი სიტყუათა იოასისთანი და რომელ- რა ქმნა ძლიერებითა თჳსითა და წყობა იგი, რომელ ეწყო ამესიას, მეფესა იუდასსა, არა, აჰა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა?

16და დაიძინა მამათა თჳსთა თანა და დაეფლა სამარიას მეფეთა მათ თანა ისრაჱლისათა და მეფობდა იორობოამ, ძე მისი, მის წილ.

17და ცხონდა ამესია, ძე იოასისი, მეფე იუდასი, შემდგომად სიკუდილისა მის იოასისა, ძისა იოაქაზისა, მეფისა ისრაჱლისა, ათხუთმეტ წელ.

18და ნეშტნი სიტყუათა ამესიასთანი და ყოველი, რაცა ქმნა, არა, აჰა, ესერა წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდასთა?

19და შეკრბეს მას ზედა გუნდნი იერუსალჱმდ და მიივლტოდა ლაქისად. და შეუდგეს კვალსა მისსა ლაქისდმდე და მოკლეს იგი მუნ.

20და დასდვეს იგი საჴედარსა თჳსსა ზედა და წარმოიღეს და დაფლეს იგი იერუსალჱმსა მამათა თჳსთა თანა, ქალაქსა დავითისასა.

21და მოიყვანეს ყოველმან ერმან იუდისამან აზარია, ძე მისი, და იგი იყო ათექუსმეტისა წლისა ოდენ, და დაიდგინეს იგი მეფედ მათ ზედა მამისა მისისა წილ ამასიას.

22ამან აღაშენა აელათი და კუალად-აგო იუდა შემდგომად სიკუდილისა მისისა მამათა თჳსთა თანა.

23წელსა მას მეათერთმეტესა ამასიასისა, მეფისა იუდასისა, მეფობდა იორობოამ, ძე იოასისი, მეფე ისრაჱლისა, ზედა ისრაჱლსა სამარიასა ორმეოცდაერთ წელ.

24და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა განეშორა ყოველსა მას ცოდვასა იორობოამისასა, ძისა ნაბატისასა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი.

25მოიპყრა საზღვარი ისრაჱლისა შთასავალთა მათგან ემათისთა ვიდრე ზღუადმდე არაბიასა მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, რომელსა იტყოდა ჴელითა მონისა თჳსისა იონა წინაწარმეტყუელისათა, ძისა ამასია გეთელისათა.

26რამეთუ იხილა უფალმან ურვა იგი ისრაჱლისა დიდი სიმწარისა და შემცირებულნი და ჭირვეულნი და ნაკლულევანნი და ჴუებულნი, და არა ვინ იყო შემწე ისრაჱლისა.

27და არა უნდა უფალსა აჴოცად ნათესავი ისრაჱლისა ქუეშე ცასა და იჴსნნა იგინი უფალმან ჴელთაგან იორობოამისითა, ძისა იოსიასთა.

28და ნეშტნი სიტყუათა იორობოამისათა და ყოველი, რაცა ქმნა, და ყოველნი ძალნი მისნი, რომლითა ჰბრძოდა და ვითარ-იგი დაიპყრა დამასკე და ემათი ისრაჱლისაგან, არა აჰა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეუფეთა ისრაჱლისათა?

29და დაიძინა იორობოამ მამათა თჳსთა თანა მეფეთა მათ თანა ისრაჱლისათა. და მეფობდა აზარია, ძე ამესიასი, მამისა თჳსისა წილ.


წინა თავი შემდეგი თავი