მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მესამე ეზრა*
თავი 13

1შვიდი დღის შემდვგ კი სიზმარი მესიზმრა ღამით:

2აჰა, ზღვიდან ამოვარდა ქარი, რათა აეღელვებინა მისი ტალღები.

3ვიხილე: აჰა, ძლიერდება კაცი ცის ათასეულებითურთ და საითკენაც სახეს მიაბრუნებს, ყველაფერი ცახცახებს მისი მზერის ქვეშ.

4და სადამდისაც წვდება ხმა მისი ბაგიდან, დნება ყველაფერი მისი ხმის გაგონებაზე, როგორც დნება ცვილი, იგრძნობს თუ არა ცეცხლს.

5ამის შემდეგ ვიხილე: აჰა, იკრიბება კაცთა ურიცხვი სიმრავლე ცის ოთხი ქარიდან, რათა შეებრძოლოს ზღვიდან ამოსულ კაცს.

6ვიხილე: აჰა, გამოაქანდაკა მან თავისთვის დიდი მთა და აფრინდა მასზე.

7ხოლო მე ვეცადე დამენახა მხარე ან ადგილი, საიდანაც გამოქანდაკდა მთა, მაგრამ ვერ შევძელი.

8ამის შემდეგ ვიხილე; აჰა, დიდმა შიშმა მოიცვა ყველა, ვინც მის წინააღმდეგ საბრძოლველად იყო შეკრებილი, თუმცა მაინც ბედავდნენ შებრძოლებას.

9და, აჰა, როცა დაინახა მან მასზე წამოსული სიმრავლის იერიში, ხელი არ აღუმართავს, შუბი არც ეპყრა და არც სხვა რაიმე საომარი იარაღი; მხოლოდ ის დავინახე,

10რომ პირიდან ცეცხლის ქროლვა და ბაგეთაგან ალისქარი ამოუშვა და ენიდან ნაპერწკლების ქარიშხალი გამოაფრქვია; ერთმანეთში ირეოდა ცეცხლის ქროლვა, ალისქარი და ძლიერი ქარიშხალი;

11შეუტია საბრძოლველად გამზადებულთ და გადაბუგა ყველანი; უეცრად გაუჩინარდა ეს აღურაცხელი სიმრავლე, მხოლოდ მტვერი და კვამლის სუნიღა დარჩა. ვიხილე და შიშმა ამიტანა.

12ამის შემდეგ ვიხილე თავად კაცი, მთიდან ჩამომავალი, თავისკენ მოუხმობდა სხვა სიმრავლეს, მშვიდობიანს.

13უამრავი ხალხი მოდიოდა მასთან, ზოგი მხიარული, ზოგი დამწუხრებული; ერთნი შებოჭილნი იყვნენ, მეორენი მოჰყავდათ როგორც მსხვერპლი. ცუდად შევიქენი მეტისმეტი შიშისგან, გამომეღვიძა და ვთქვი:

14შენ თავიდანვე უჩვენებდი შენს მორჩილს ამ სასწაულებს და ღირსი გამხადე, რომ შეგესმინა ჩემი ვედრება.

15ახლაც მაჩვენე სიზმრის განმარტება.

16რადგან, როგორც მე ვფიქრობ ჩემი ჭკუით, ვაი მათ, ვინც დატოვებულნი იქნებიან იმ დღეებში, და ათასჯერ ვაი იმათ, ვინც არ არიან დატოვებულნი.

17რადგან ისინი, ვინც არ არიან დარჩენილნი, მწუხარენი იყვნენ.

18ახლა მე ვხვდები, რაც არის გამზადებული უკანასკნელი დღეებისათვის, და რა შეემთხვევა მათ და იმათაც, ვინც დარჩენილნი არიან.

19ამიტომ დიდ განსაცდელს და ბევრ გასაჭირს გაივლიან, რასაც ცხადყოფს ეს სიზმარი.

20თუმცა უმჯობესია, განსაცდელგამოვლილი მოვიდეს აქამდე, ვიდრე ღრუბელივით გავიდოდეს წუთისოფლიდან, და ახლა განიცადოს, რაც მოელის უკანასკნელ ჟამს. ხოლო მან მიპასუხა და თქვა:

21ამ ხილვის განმარტებასაც გეტყვი და გაგიმხელ, რაზეც ლაპარაკობდი.

22ამ დარჩენილებზე რომ ლაპარაკობდი, ასეთი განმარტება აქვს ამ საქმეს.

23ვინც იმ დროს აიტანს განსაცდელს, ის თავად დაიცავს თავს; ვინც განსაცდელი გამოიარა, მას ღვაწლი აქვს და სწამს ყოვლადძლიერისა.

24მაშ, იცოდე, მკვდრებზე უფრო ნეტარნი არიან დარჩენილნი.

25ასეთია ამ ხილვის განმარტეხა: კაცი რომ იხილე, შუაგულ ზღვიდან ამომავალი,

26ეს ის არის, რომელიც უზენაესმა მრავალი ხნით შემოინახა, რომელიც თვითონ იხსნის თავის ქმნილებას და თავადვე მიუჩენს ადგილს მათ, ვინც დარჩენილი არიან.

27მისი პირიდან გამომავალი ქარი, ცეცხლი და ქარიშხალი რომ იხილე,

28რომ არ ეჭირა არც შუბი, არც სხვა რამ საომარი იარაღი, და მაინც რომ შემუსრა მისმა შეტევამ მის წინააღმდეგ საბრძოლველად წარმოსული სიმრავლე, ასეთია მისი განმარტება:

29აჰა, ახლოვდება დღეები, როცა დაიწყებს უზენაესი მათ გათავისუფლებას, ვინც დედამიწაზე არიან.

30გონის შეშლა დაეუფლება მათ, ვინც მკვიდრობს დედამიწაზე.

31აღიძვრებიან საომრად ერთი მეორის წინააღმდეგ: ქალაქი ქალაქის წინააღმდეგ, ადგილი ადგილის წინააღმდეგ, ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ.

32ესენი რომ ჩათავდება, გამოჩნდება ნიშნები, ადრე რომ გიჩვენე; მაშინ გამოცხადდება ჩემი ძე, შენ რომ იხილე, როგორც კაცი, ზღვიდან ამომავალი.

33როცა გაიგონეხს მის ხმას ყოველი ხალხი, შეწყვეტენ თავ-თავის სამფლობელოებში ერთმანეთთან ბრძოლას.

34და შეიკრიბებიან ერთ უთვალავ სიმრავლედ, თითქოს საომრად აპირებენო წასვლას.

35თავად ის კი სიონის მთის მწვერვალზე შედგება.

36ხოლო სიონი მოვა; მოევლინება ყველას გამზადებული და ნაგები, მსგავსად ხელშეუხებლად გამოქანდაკებული მთისა, შენ რომ იხილე.

37ჩემი ძე თავად მოჰკითხავს შემოკრებულ ხალხებს მათ უკეთურებებს, რასაც ქარიშხლები განასახიერებს, მათი ავი ზრახვებისა და სატანჯველის გამო, რითაც მოელით ტანჯვა,

38რასაც ალი განასახიერებს და დაღუპავს მათ გაუჭირვებლად რჯულის მეოხებით, რაც ცეცხლით არის განსახიერებული.

39სხვა მშვიდობიანი სიმრავლის შემომკრებლად რომ იხილე.

40ესაა ათი ტომი, რომელიც წარტყვევნილ იქნა თავისი ქვეყნიდან მეფე ყუზიას ხანაში, როცა იგი ტყვედ წაიყვანა სალმანასარმა, აშურელთა მეფემ, და გადაიყვანა ისინი მდინარეზე და გადასახლებულ იქნენ სხვა ქვეყანაში.

41მათ კი ასე გადაწყვიტეს, რომ დაეტოვებინათ ხალხთა სიმრავლე და გასულიყვნენ შორეულ ქვეყანაში, სადაც კაცთა მოდგმას არასოდეს უცხოვრია.

42რომ იქ დაეცვათ თავიანთი რჯულდებანი, რომელთაც საკუთარ მიწა-წყალზე არ იცავდნენ.

43მდინარის ვიწრო გასასვლელებით შევიდნენ ევფრატში.

44მაშინ მისცა მათ ნიშანი უზენაესმა და დააყენა მდინარის დინება, ვიდრე არ გადალახეს იგი.

45იმ ქვეყნამდე დიდი გზა იყო გასავლელი - ერთი წელი და ნახევარი. ქვეყანას ეწოდება არცარეთი.

46იქ სახლობდნენ ისინი უკანასკნელ დრომდე; და ახლა, როცა უკან წამოსვლას დააპირებენ,

47კვლავაც დააყენებს უზენაესი მდინარის დინებას, რათა შეძლონ გადასვლა. ამიტომ იხილე მშვიდობიან ხალხთა სიმრავლე.

48მაგრამ ისინი, ვინც დარჩენილნი არიან შენი ხალხიდან, ჩემს საზღვრებში იმყოფებიან, რათა გადარჩნენ.

49როცა დაიწყებს უზენაეზი თავმოყრილ ტომთა სიმრავლის განადგურებას, მაშინ დაიცავს იგი დარჩენილ ხალხს,

50და მაშინ მრავლად მოუვლენს მათ სასწაულებს.

51მე ვთქვი: მბრძანებელო, უფალო, ახლა ეს გამიმჟღავნე: რისთვის ვიხილე კაცი, შუაგულ ზღვიდან ამომავალი? მითხრა:

52როგორც ვერ შესძლებ გამოიკვლიო ან მიხვდე, რა არის ზღვის უფსკრულებში, ასევე ვერავინ შეძლებს იხილოს დედამიწაზე ჩემი ძე, ან ისინი, ვინც მას ახლავან, ვიდრე საამისო დღე არ დადგება.

53ეს არის განმარტება სიზმარისა, რომელიც იხილე და რისთვისაც მხოლოდ შენა ხარ განათლებული.

54რადგან დათმე შენეული და ჩემს რჯულს მოუხმე და გამოიძიე იგი.

55რადგან შენი ცხოვრება სიბრძნით წარმართე და შენს გონებას დედა უწოდე.

56ამიტომაც გიჩვენე უზენაესის ჯილდო. კიდევ სამი დღის მერე კი სხვას გეტყვი და გაგიცხადებ საგულისხმო და საოცარ ამბებს.

57წამოვედი და გავსწიე ველად უზენაესის განმადიდებელმა და მაქებელმა იმ საოცრებათა გამო, რასაც ახდენს იგი ჟამიდან ჟამზე,

58იმის გამო, რომ მართავს იგი თავად დრო-ჟამს და იმასაც, რაც დრო-ჟამში შემოდის, და ვიჯექი იქ სამი დღე.


წინა თავი შემდეგი თავი