მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მესამე ეზრა*
თავი 16

1ვაი შენ, ბაბილონო და აზიავ, ვაი შენ, ეგვიპტევ და სირიავ!

2შეიმოსეთ ჯვალო და ფლასი, იტირეთ თქვენი შვილები და იმწუხარეთ, რადგან მოახლოვდა თქვენი აღსასრული.

3მოვლენილია თქვენზე მახვილი და ვინ იქნება, რომ აგაცდინოთ იგი?

4მოვლენილა თქვენზე ცეცხლი და ვინ იქნება, რომ ჩააქროს იგი?

5მოვლენილია თქვენზე უბედურებანი და ვინ იქნება, რომ უკუაქციოს ისინი?

6ნუთუ ტყიდან გამოსული მშიერი ლომი უკუაქცევს? ნუთუ ჩააქრობს ბზეში ახლადაბრიალებულ ცეცხლს?

7ნუთუ უკუაქცევს ვინმე ისარს, გატყორცნილს ძლიერი მშვილდოსნის მიერ?

8ყოველშემძლე უფალი გზავნის უბედურებებს და ვინ იქნება, რომ უკუაქციოს ისინი?

9გამოვა ცეცხლი მისი რისხვისაგან და ვინ იქნება, რომ ჩააქროს იგი?

10იელვებს და ვის არ შეეშინდება, დასჭექს და ვინ არ შეკრთება?

11უფალი დაიმუქრება და ვინ არ შეირყევა ერთიანად მის წინაშე?

12იძვრის მიწა და მისი საფუძველნი, ზღვა ღელავს ღურღუმელიდან, ბობოქრობენ მისი ტალღები და მისი თევზები უფლის პირისა და მისი ძალის დიდების წინაშე.

13რადგან ძლიერია მისი მარჯვენა, მშვილდის მომზიდველი; წვერმახია მის მიერ გასროლილი ისრები და მიზანს არ სცდება, როცა ისვრის მათ ქვეყნის კიდეებისკენ.

14აჰა, მოვლენილია უბედურებანი და არ შეიქცევიან უკან, ვიდრე არ მოაღწევენ დედამიწას.

15დანთებულია ცეცხლი და არ ჩაქრება, ვიდრე არ შთანთქავს დედამიწის საფუძვლებს.

16როგორც არ გაბრუნდება უკან ისარი, მაგარი მშვილდოსნის ხელით გატყორცნილი, ასევე არ უკუიქცევა დედამიწაზე მოვლენილი უბედურებები.

17ვაი მე, ვაი მე, ვინ მიხსნის იმ დღეებში?

18ტანჯვათა დასაბამი და მრავალი გოდება, შიმშილის დასაბამი და მრავალთა დაღუპვა! ომების დასაბამი და მძლეთა შეშინება, უბედურებათა დასაბამი და ყველას თავზარდაცემა!

19მე რა ვქნა მაშინ, უბედურებები რომ მოგვადგება?

20აჰა, შიმშილი და ჭირი, ტანჯვა და წვალება, მოვლენილია როგორც შოლტები ადამიანთა მოსარჯულებლად.

21და მაინც არ მოიქცევიან უკეთურებათაგან და არც მუდამ ეხსომებათ შოლტები.

22აჰა, იქნება ყოველწლიური სიიაფე დედამიწაზე, ეგონებათ, ჭეშმარიტი მშვიდობა დადგაო, მაგრამ სწორედ მაშინ წარმოიშობა დედამიწაზე უბედურება, მახვილი, შიმშილი და დიდი აღრეულობა.

23შიმშილით გაწყდება დედამიწის მკვიდრთა უმრავლესობა და მახვილი მოსპობს დანარჩენთ, ვინც გადაურჩება შიმშილს.

24ნეხვივით დახვავდება გვამები და არვინ იქნება მათი დამტირებელი, რადგან გაუკაცრიელდება დედამიწა და მისი ქალაქები დაემხობა.

25აღარავინ დარჩება, რომ მოხნას მიწა და დათესოს თესლი.

26ხე მოისხამს ნაყოფს, მაგრამ ვინ იქნება მისი მკრეფელი?

27ყურძენი დამწიფდება, მაგრამ ვინ იქნება მისი დამწურავი? რადგან დიდ უდაბნოდ გადაიქცევა სანახები.

28კაცს მოენატრება კაცის ხილვა ან მისი ხმის გაგონება,

29რადგან შემორჩება ქალაქიდან ათიოდე და სოფლებიდან ორიოდე კაცი, ვინც შეაფარებს თავს უღრანებს და კლდეთა ნაპრალებს.

30როგორც ზეთისხილის ბაღში აქა-იქ ხეებს შერჩება სამი თუ ოთხი ნაყოფი,

31ან როგორც გაკრეფილ ვენახში იპოვის თითოოროლა მტევანს ბეჯითი მძებნელი,

32ასე გადაურჩება იმ დღეებში სამი ან ოთხი სახლი იმათ, ვინც მახვილით ხელში მათ გასაჩხრეკად წამოვა,

33და დარჩება უდაბური მიწა, გაყამირდება მისი ყანები და მის გზებზე და ბილიკებზე ნარ-ეკალი ამოვა, რომ ადამიანმა ვერ გაიაროს.

34ატირდებიან უქორწინებელი ქალწულნი, ატირდებიან უქმროდ დარჩენილი ქალები, ატირდებიან უმწეოდ დარჩენილი მათი ასულები.

35საქმროები ომში დაეხოცებათ და ქმრები შიმშილით გაუწყდებათ.

36მაშ, ისმინეთ ეს და შეიგნეთ, უფლის მორჩილნო.

37აჰა, უფლის სიტყვა, მიიღეთ იგი; ნუ გჯერათ ღმერთებისა, რომლებზედაც გელაპარაკათ უფალი.

38აჰა, ახლოვდება უბედურება, არ დაყოვნდება,

39როგორც ფეხმძიმეს, მეცხრე თვეში მყოფს, მოუწევს მშობიარობის ჟამი და ორი ან სამი საათით ადრე ტკივილები დაუვლის მუცელში, ერთი წუთითაც არ დააყოვნებს ბავშვის გამოსვლა საშოდან,

40ასევე არ დაიგვიანებს უბედურებები მოვლინებას დედამიწაზე; კვნესა აღმოხდება წუთისოფელს და ტკივილები მოიცავს მას.

41გაიგონე სიტყვა, ჩემო ხალხო, გაემზადეთ ბრძოლისათვის და ისე იყავით გასაჭირში, როგორც მოსულნი უცხო ქვეყანაში.

42კაცი ყიდდეს და გასაქცევად ემზადებოდვს; ყიდულობდეს და კარგავდეს;

43ვაჭრობდეს და სარგებელს ვერ პოულობდეს; აშენებდეს და ვერ სახლდებოდეს;

44თესავდეს და ვერ იმკიდეს; ვაზს სხლავდეს და ვერ ისთვლიდეს;

45ქორწინობდეს და შვილებს არ აჩენდეს; ვინც არ ქორწინობდეს, ქვრივივით იყოს.

46ვინც რისთვის იღვწოდეს, ფუჭად იღვწოდეს.

47მათ ნაყოფს უცხოტომი მოიმკის და დაიტაცებენ მათ დოვლათს, დაამხობენ მათ სახლებს და მათ შვილებს ტყვედ წაასხამენ; რადგან ეყვეობასა და შიმშილში შობენ თავიანთ ნაშიერთ.

48ვინც ძარცვა-გლეჯას ეწევიან, რაც მეტ ხანს შეამკობენ თავიანთ ქალაქებსა და სახლებს, თავიანთ საბადებელს და საკუთარ თავს,

49მით უფრო მოვიძულებ მათ მათი ცოდვებისთვის, ამბობს უფალი.

50როგორც ბოზსა სძულს ღირსეული და სათნოებით აღსავსე ქალი,

51ასე მოიძულებს მართლმსაჯულება უკეთურებას, როცა თავს იმკობს იგი, და პირისპირ დასდებს მას ბრალს, როცა მოვა ის, ვინც დაიცავს ყველა ცოდვის გამომჩხრეკელს დედამიწის ზურგზე.

52ამიტომ ნურც მას მიბაძავთ და ნურც მის საქმეებს.

53რადგან ცოტაც და, აღიგავება უკეთურება მიწის პირიდან და სამართალი გამეფდება თქვენში.

54ვერ იტყვის მაშინ ცოდვილი, არ შემიცოდავსო, რადგან აგიზგიზებულ მუგუზლებს დაწვავს უფალი იმის თავზე, ვინც ამბობს: არ შემიცოდავსო უფალი ღმერთისა და მისი დიდების წინაშე.

55აჰა, უფალმა უწყის ადამიანთა ყოველი საქმე, მათი განზრახვები და მათი ფიქრები და მათი გულები.

56მან თქვა: იყოს მიწა და იქმნა მიწა; იყოს ცა და იქმნა ცა.

57მისი სიტყვით დაფუძნდა ვარსკვლავები და მან უწყის ვარსკვლავთა რიცხვი.

58მან გამოიძია ქვესკნელი და მისი საგანძურები, მან გაზომა ზღვა და მისი წიაღი.

59მან მოამწყვდია ზღვა წყალთა შუა და წყლებს ზემოთ დაჰკიდა დედამიწა თავისი სიტყვით.

60მან კამარასავით გადაფინა ცა, წყლებზე დააფუძნა იგი.

61მან დასხა უდაბნოში წყაროს თვალნი და ტბები მთათა მწვერვალებზე, რათა იდინონ მდინარეებმა მაღალი კლდეებიდან მიწის მოსარწყავად.

62მან გამოსახა კაცი და ჩაუდო გული მკერდში და და მოუვლინა მას სული, სიცოცხლე და გონება,

63და სუნთქვა ყოვლისშემძლე ღმერთისა; მან შექმნა ყველაფერი და გამოიძია ყოველივე დამალული მიწის სამალავებში.

64მან უწყის თქვენი განზრახვები და რასაც გულში ფიქრობთ ცოდვილნი, მსურველნი ცოდვათა დაფარვისა.

65ამის გამო გამოწვლილვით გამოიძიებს უფალი ყველა თქვენს საქმეს და ყველას სააშკარაოზე გამოგიყვანთ.

66და შერცხვებით, როცა გამოჩნდება თქვენი ცოდვები ადამიანთა წინაშე და ბრალმდებლებად თქვენი უკეთურებანი იმ დღეს.

67რას იზამთ? ან როგორ დამალავთ თქვენს ცოდვებს ღვთისა და მისი ანგელოზების წინაშე?

68აჰა, მსაჯულია, ღმერთი, გეშინოდეთ მისი. გაერიდეთ თქვენს ცოდვებს და დაივიწყეთ თქვენი უკეთურებებანი, განუწყვეტლივ რომ სჩადიხართ, და ღმერთიც გაგიძღვებათ თქვენ და გიხსნით ყოველი სატანჯველისგან.

69აჰა, გიზგიზებს თქვენთვის ურიცხვი ურდოების რისხვა, გაიტაცებენ ვინმეს თქვენგან და გამოგკვებავენ კერპების ნამსხვერპლით.

70თუ დაჰყვნენ მათ, მათი სამასხარაო, მათი გასაკიცხი და გასათელი შეიქნებიან.

71რადგან გახშირდება სხვადასხვა ადგილებში და მეზობელ ქალაქებში თავდასხმანი უფლისმოშიშთა წინააღმდეგ.

72შეშლილებივით იქნებიან და არავის დაინდობენ, ვინც ჯერ კიდევ უფლისმოშიშნი არიან.

73გაანადგურებენ და დაიტაცებენ მათ დოვლათს და სახლებიდან გამოყრიან მათ.

74მაშინ გამოიცდებიან ჩემი რჩეულები, როგორც ოქრო იცდება ცეცხლით.

75ისმინეთ, ჩემო საყვარელნო, ამბობს უფალი, აჰა, მოაწია განსაცდელის დღეებმა და მე დაგიხსნით მათგან.

76ნუ გეშინიათ და ნუ მერყეობთ, რადგან ღმერთია თქვენი წინამძღოლი.

77თუ დაიცავთ ჩემს ბრძანებებს და მცნებებს, ამბობს უფალი ღმერთი, არ გადაგწონით თქვენი ცოდვები, არ დაგძლევთ თქვენი უკეთურებანი.

78ვაი მას, ვინც მოშთობილია თავისი ცოდვებით და დაფარულია თავისი უკეთურებებით, როგორც ღვარძლით მოშთობილი ყანა და ნარ-ეკლით დაფარული ბილიკი, სადაც ადამიანი ვერ გაივლის. გაიხვეტება იგი და ცეცხლს მიეცემა შთასანთქმელად.


წინა თავი