მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მესამე ეზრა*
თავი 3

1ჩვენი ქალაქის დაქცევის ოცდამეათე წლისთავზე ბაბილონში ვიყავი. მოუსვენარი ვიწექი საწოლზე და ფიქრები აშფოთებდა ჩემს გულს.

2რადგან ვიხილე სიონის გაუკაცრიელება და ბაბილონში მცხოვრებთა კეთილდღეობა.

3და შეძრწუნდა ძლიერ ჩემი სული და შევკადრე უზენაესს მოკრძალებული სიტყვა,

4და ვუთხარი: მბრძანებელო უფალო, შენ თავიდანვე, როცა რგავდი მიწას სრულიად მარტო, უბრძანე მტვერს

5და მიეცი ადამს მოკვდავის სხეული, მაგრამ ისიც ხომ შენს ხელთა ქმნილებაა და შენ ჩაბერე მას სიცოცხლის სული, და ცოცხალი შეიქნა იგი შენს წინაშე.

6შეიყვანე იგი სამოთხეში, რომელიც დანერგა შენმა მარჯვენამ, ვიდრე მიწა გამოჩნდებოდა.

7მცნებად მიეცი შენი გზის სიყვარული, მან კი დაარღვია იგი, და შენ უმალვე დაუწესე სიკვდილი მას და მის მოდგმას. გაჩნდნენ ხალხები, ერები და ტომები, რომელთაც სათვალავი არა აქვთ.

8დადიოდა ყოველი ხალხი თავის ნებაზე და საოცრებებს სჩადიოდა შენს წინაშე და შეიძულა შენი მცნებები.

9იმ დროს რომ მოუვლინე წარღვნა წუთისოფლის მკვიდრებს და ამოწყვიტე ისინი.

10თითოეულ მათგანში მოხდა ეს, როგორც ადამისთვის სიკვდილი, ასევე მათთვის წარღვნა.

11დატოვე მათგან ერთადერთი ნოე თავისი სახლით და მისგან არის ყოველი მართალი.

12როცა დაიწყეს გამრავლება მიწის მკვიდრებმა და მომრავლდნენ მათი შვილები, ერები და მრავალი ხალხი, თავიანთ წინაპრებზე უფრო მეტად დაიწყეს უკეთურების ქმნა.

13და როცა უკანონობას ჩადიოდნენ შენს წინაშე, აირჩიე მათგან ერთი კაცი, სახელად აბრაამი;

14შეიყვარე იგი, და მხოლოდ მას განუცხადე შენი ნება.

15მიეცი მას მარადიული აღთქმა და უთხარი, რომ არასოდეს გაწირავდი მის მოდგმას; მიეცი მას ისაკი და ისაკს მიეცი იაკობი და ესავი.

16გამოაცალკგვე შენთვის იაკობი, ესავი კი უარყავი. დიდი სიმრავლე შეიქნა იაკობი.

17გამოიყვანე შენი მოდგმა ეგვიპტიდან და სინაის მთასთან მიიყვანე.

18მოდრიკე ცანი, შეარყიე მიწა და შესძარი სამყარო, შეაძრწუნე ქვესკნელი და ააფორიაქე წუთისოფელი.

19ოთხ კარიბჭეში გაიარა შენმა დიდებამ ცეცხლისა და მიწის, სუნთქვისა და ყინვის კარიბჭეებში, რათა იაკობის მოდგმისთვის რჯული მიგეცა და სიმტკიცე - ისრაელის თაობებისთვის.

20არ წაართვი მათ ბოროტი გული, რათა შენს რჯულს ნაყოფი გამოეღო მათში.

21რადგან ბოროტი გულის პირველი მტვირთველი ადამი შეცდა და იძლია, ასევე ყველა, ვინც მისგან იშვა.

22მუდმივი გახდა უძლურება და რჯული ხალხის გულში ბოროტების ძირს შეეზარდა; განშორდა, რაც კეთილი იყო და დარჩა ბოროტება.

23გამოხდა ხანი და გასრულდა წლები, და შენ აღადგინე შენთვის კაცი მორჩილი, სახელად დავითი,

24და უთხარი მას, აეგო ქალაქი შენს სახელზე და ეკმია შენთვის და მსხვერპლი შეეწირა.

25ასე იყო მრავალი წელი, მაგრამ შესცოდეს ამ ქალაქის მცხოვრებლებმა.

26ყველაფერში ისე იქცეოდნენ, როგორც ადამი და მთელი მისი შთამომავლობა, რადგან მათაც ბოროტი გული ჰქონდათ.

27და შენს მტრებს ჩაუგდე ხელში შენი ქალაქი.

28ნუთუ უკეთესად იქცევიან ბაბილონის მკვიდრნი და ამის გამო გაბატონდებიან სიონზე?

29როცა მივედი იქ, ვიხილე უკეთურებანი, რომელთაც სათვალავი არ ჰქონდა; ბევრი ცოდვილი ჰყავს ნანახი ჩემს სულს ამ ოცდაათ წელიწადში. გულიც მაქვს შეღონებული,

30რადგან ხედავს იგი, როგორ ემხრობი ცოდვილთ, როგორ დაინდე ბოროტისმოქმედნი, დაღუპე შენი ხალხი, შენი მტრები კი დაიცავი და არ ამხილე.

31ვერ ვიხსენებ, როგორ უნდა დაკარგულიყო ეს გზა? ნუთუ ბაბილონი სიონზე უკეთესად იქცევა?

32ან ისრაელის გარდა სხვა ხალხს თუ შეუცვნიხარ შენ? ან რომელმა ტომმა ირწმუნა შენი აღთქმა იაკობის მსგავსად?

33მათი საზღაურიც არ გამოჩენილა, არც მათ საქმეს მოუღია ნაყოფი. გავედი და მოვიარე ხალხები, ვიხილე ისინი გამდიდრებულნი, მაგრამ არ ახსოვდათ შენი მცნებები.

34ახლა დადე სასწორზე უკეთურებანი - ჩვენიცა და მათიც, წუთისოფელში რომ ცხოვრობენ; მხოლოდ ისრაელში იპოვება შენი სახელი.

35ან როდის არ შეუცოდავს შენს წინაშე დედამიწის მკვიდრს? ან სხვა რომელ ხალხს დაუცავს შენი მცნებები?

36ერთ ვინმეს კი იპოვნი მათ შორის შენს მცნებათა დამცველს, მთელ ხალხს კი ვერ იპოვნი.


წინა თავი შემდეგი თავი