მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მესამე ეზრა*
თავი 4

1მიპასუხა ანგელოზმა, რომელიც ჩემთან იყო გამოგზავნილი, რომლის სახელია ურიელი.

2მითხრა: ამ წუთისოფელს ჩაწვდა შენი გული და ახლა უზენაესის გზის შემეცნებას ფიქრობ?

3ვთქვი, ასეა-მეთქი, ჩემო უფალო. მიპასუხა: სამი გზის საჩვენებლად ვარ შენთან გამოგზავნილი და სამ მსგავსებას დაგიდებ წინ.

4თუ ამათგან ერთზე მაუწყებ რასმე, მეც გიჩვენებ გზას, რომლის ხილვა გსურს, და გასწავლი, საიდან არის ბოროტი გული.

5ვთქვი; მაუწყე-მეთქი, ჩემო უფალო, და მაუწყა: მოდი, ამიწონე ცეცხლი, ან გამიზომე ქარის ქროლვა, ან უკუიხმე დღე, რომელიც გავიდა.

6ვუპასუხე და ვუთხარი: დაბადებულთაგან ვის შეუძლია ამის გაკეთება, რასაც მთხოვ-მეთქი?

7მან მითხრა: რომ მეკითხა რამდენი სამკვიდრებელია ზღვის გულში, ან რამდენი წყარო ქვესკნელის სათავეში, ან რამდენი წყაროა ცამყარს ზემოთ, ან რომელია სამოთხის შესასვლელები-მეთქი,

8მეტყოდი: არც ქვესკნელში, არც ჯოჯოხეთში არასდროს ჩავსულვარ, არც ზეცად ავმაღლებულვარო.

9ამიტომაც გკითხე ცეცხლისა და ქარის თაობაზე ან დღეებზე, რომლებიც გამოგივლია, და რომელთაგან არ შეგიძლია გამოცალკევება; შენ კი ვერ მიპასუხე.

10მითხრა: რაც სიყრმიდანვე თან გახლავს, ის ვერ შეიმეცნე

11და, აბა, როგორ შეუძლია მოიცვას შენმა ჭურჭელმა უზენაესის გზა, და ამ, უკვე გახრწნილ წუთისოფელში მყოფმა როგორ შეიმეცნოს უხრწნელება ჩემს წინაშე?

12მე ვუთხარი: უმჯობესი იქნებოდა არ გავჩენილიყავით, ვიდრე უკეთურებებში გაგვეტარებინა ცხოვრება, გვეწვალა და არ გვცოდნოდა რისთვის-მეთქი.

13ხოლო მიპასუხა: წავედი მინდვრის ტყეში და აჰა, ბჭობდნენ ერთმანეთში ხეები,

14ამბობდნენ: მოდით, ზღვაზე გავილაშქროთ, რათა უკუიქცეს ჩვენგან და ტყისთვის ახალი ადგილები მოვიპოვოთო.

15მსგავსადვე ზღვის ტალღებიც ბჭობდნენ ერთმანეთში, ამბობდნენ: მოდით, წავიდეთ, დავლაშქროთ მინდვრის ტყეები, რათა იქაც დავიმკვიდროთ ჩვენთვის ახალი ადგილებიო.

16მაგრამ ამაო აღმოჩნდა ტყის განზრახვა, რადგან მოვიდა ცეცხლი და შთანთქა იგი.

17ასე დაემართა ზღვის ტალღებსაც: ქვიშა გადაუდგა წინ და არ გაუშვა.

18შენ რომ ყოფილიყავი მათი მსაჯული, ვის გაამართლებდი, ან ვის დასდებდი მსჯავრს?

19მივუგე და ვთქვი: ფუჭი იყო ორივეს ბჭობა: მიწა ტყისთვისაა განკუთვნილი, და ზღვას კი თავისი ადგილი აქვს ტალღების სატარებლად.

20მომიგო და თქვა: სწორად განსაჯე. რატომ არ განსაჯე ასე საკუთარი თავი?

21როგორც მიწა ტყისთვის არის მოცემული და ზღვა - მისი ტალღებისთვის, ასევე, მიწის მკვიდრს მხოლოდ მიწაზე არსებულის შემეცნება შეუძლია; ცის მკვიდრთ კი იმისა, რაც ცაშია.

22მივუგე და ვთქვი: გევედრები, უფალო, მომენიჭოს შემეცნების უნარი.

23მე ხომ არ გეკითხები შენს უზენაეს საქმეებზე, არამედ იმაზე, რასაც ყოველდღე განვიცდით ჩვვნ: თუ რატომ მიეცა ისრაელი ხალხებს საგინებლად? ხალხი, რომელიც შეიყვარე, უღვთოთა ხელშია ჩაგდებული, ჩვენი წინაპრების რჯული დასაღუპადაა განწირული და აღარსად არსებობს დაწერილი მცნებები.

24კალიასავით ჩავივლით ამ წუთაასოფელში და შიში და ძრწოლაა ჩვენი ცხოვრება, და აღარც მოწყალების ღირსნი ვართ.

25მაგრამ რას უზამს თავის სახელს, რომელიც დაგვერქვა ჩვენ. აი, ეს არის ჩემი საკითხავი.

26მომიგო და თქვა: რაც მეტს გამოიძიებ, ხშირად გაოცდები; რადგან სწრაფად გადის ეს წუთისოფელი.

27ძნელად თუ აღსრულდება, რაც მომავალში მართალთათვის არის აღთქმული: რადგან წუთისოფელი უსამართლობით და უმტკიცობით არის სავსე.

28ამაზე მეკითხები და გეტყვი: დათესილია ბოროტება და ჯერ არ დამდგარა მისი ამოძირკვის ჟამი.

29ამიტომაც, თუ არ განადგურდა, რაც დათესილია, და არ აღიგავა ადგილი, სადაც ბოროტებაა დათესილი, არ მოგვევლინება ადგილი, სადაც სიკეთეა დათესილი.

30რადგან ბოროტების თესლის მარცვალი ადამის გულშია დასაბამიდან ჩათესილი და რაოდენი უკეთურება წარმოშვა დღემდე და კიდევ წარმოშობს, ვიდრე მკის ჟამი მოაწევდეს.

31განსაჯე შენთვის: უკეთურების რამდენ ნაყოფს გამოიღებს ბოროტების თესლის მარცვალი

32და რა ფართო იქნება კალო, როცა უთვალავი თავთავი მოიმკება.

33ვკითხე და ვთქვი: როდის და როგორ-მეთქი? რატომ არის ხანმოკლე და მძიმე ჩვენი წლები-მეთქი?

34მიპასუხა და მითხრა: ნუ გაუსწრებ უზენაესს; ამაოდ ცდილობ გაუსწრო მას, რაც უნდა შორს იყო წასული.

35განა ამას არ კითხულობდნენ მართალთა სულები თავიანთ სამყოფლებში, ამბობდნენ: როდემდის გვქონდეს იმედი? და როდისღა მოვა ჩვენი საზღაურის ნაყოფი?

36ამაზე მიპასუხა იერემიელმა, მთავარანგელოზმა და თქვა: როცა აღივსება თქვენში თესლთა რიცხვი, რადგან მან სასწორზე დადო წუთისოფელი;

37საზომით გაზომა და რიცხვით აღრიცხა დრო-ჟამი და არ აღძრავს, არც დააჩქარებს მათ უზენაესი, ვიდრე არ აღივსება დათქმული საწყაული.

38მე ვუპასუხე: მბრძანებელო, უფალო, ჩვენც ყველანი ხომ აღსავსენი ვართ უკეთურებით?

39იქნებ ჩვენს გამო არ აღვსებულა მართალთა კალოები, მიწის მკვიდრთა ცოდვების გამო?

40ხოლო მან მიპასუხა და თქვა: წადი და ჰკითხე ფეხმძიმეს, თუ შეძლებს მისი საშო ნაყოფის შეკავებას, როცა ცხრა თვე შესრულდება-თქო?

41მე ვთქვი: ვერ შეძლებს, უფალო. მან მითხრა: საშოს მსგავსია ქვესკნელში სულთა სამყოფელნი.

42როგორც ჩქარობს მშობიარე მოითავოს შობის აუცილებლობა, ასევე ჩქარობს ისიც გასცეს, რაც მინდობილი აქვთ დასაბამიდან.

43გამოგეცხადება ყველაფერი, რისი ხილვაც გსურს.

44მე ვუპასუხვ და ვთქვი: თუკი ვპოვე მადლი შენს თვალში, თუ შესაძლებელია და თუ ღირსი ვარ,

45გამომიცხადე, მეტია თუ არა მომავალი წარსულზე, ან თუ აღემატება განვლილი მომავალს?

46რაც განვლილია, ვიცი; რაც მომავალია, არ ვუწყი.

47მან მითხრა: დადექი მარჯვენა მხარეს და მსგავსების განმარტებას გამოგიცხადებ.

48მეც დავდექი და დავინახვ: აჰა, ჩამიარა გავარვარებულმა ქურამ. ალმა რომ ჩაიარა, დავინახე, აჰა, დარჩა კვამლი.

49შემდეგ ჩამიარა წყლით სავსე ღრუბელმა და მოვიდა მძაფრი წვიმა; წვიმამ რომ ჩაიარა, წვეთები დარჩა ღრუბელში.

50და მითხრა: იფიქრე შენთვის: როგორც წვიმა აღემატება წვეთებს და ცეცხლი - კვამლს, ასე წარსულმა გადააჭარბა მომავალს; ხოლო წვეთები და კვამლი კი დარჩა.

51ხოლო მე შევღაღადე და ვთქვი: როგორ ფიქრობ, მოვესწრები-მეთქი ამ დღეებს? ან რა იქნება-მეთქი მაშინ?

52მიპასუხა და მითხრა: ნიშნები, რომლებზეც მეკითხები, ნაწილობრივ შემიძლია განგიმარტო; მაგრამ არა ვარ გამოგზავნილი იმისთვის, რომ შენს სიცოცხლეზე გელაპარაკო; რადგან არ ვიცი.


წინა თავი შემდეგი თავი