მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მესამე ეზრა*
თავი 5

1ახლა ნიშანთა თაობაზე: აჰა, მომავალი დღეები, როცა მიწის მკვიდრთ შეიპყრობს დიდი შიში, დაიფარება გზა ჭეშმარიტებისა და რწმენისაგან დაიცლება ქვეყანა.

2გახშირდება უსამართლობა იმაზე მეტად, ვიდრე თავად ხედავ და ვიდრე ოდესმე გსმენია;

3სამეფო, რომელსაც ახლა გამართულს ხედავ, უკაცრიელი და უვალი გახდება და გაუდაბურებულს იხილავენ.

4თუ უზენაესი მოგანიჭებს სიცოცხლეს, ამას იხილავ მესამე საყვირის შემდეგ; უეცრად გაანათებს მზე ღამეს და დღეში სამჯერ გამოჩნდება მთვარე.

5ხიდან იწვეთებს სისხლი და ქვა გამოიღებს ხმას, და შეძრწუნდებიან ხალხები.

6გამეფდება, ვისაც არ ელოდნენ მიწის მკვიდრნი, და ერთად გადაიხვეწებიან ფრინველები.

7სოდომის ზღვა გამორიყავს თევზებს და ხმას გამოსცემს ღამე, რასაც ბევრი ვერ მიხვდება, თუმცა მის ხმას ყველა გაიგონებს.

8იქნება აღრეულობა მრავალ ადგილას და ხშირად მოევლინებათ ცეცხლი და ველური მხეცები გადაიხვეწებიან და დედათა წესში მყოფნი ურჩხულებს დააჩენენ.

9მტკნარი წყლები მლაშედ იქცევა და მეგობრები გადაეკიდებიან ერთმანეთს; მაშინ დაიფარება გონება და განცალკევდება სიბრძნე თავის სამყოფელში.

10ბევრი დაუწყებს მას ძებნას და ვერ იპოვის და გახშირდება უსამართლობა და ძალადობა დედამიწის ზურგზე.

11შეეკითხება ქვეყანა თავის მეზობელს და ეტყვის: ხომ არ გამოუვლია შენზე სამართლიანობას ან სამართლისმყოფელსო? არაო, მიუგებს.

12მოხდება იმხანად, რომ ადამიანებს ექნებათ იმედი, მაგრამ ვერაფერს მიაღწევენ: იშრომებენ, მაგრამ ვერ წარემართებათ გზები.

13ნება მომეცა, რომ ეს ნიშნები გაგიმხილო. და კვლავაც თუ ილოცებ, იტირებ, როგორც ახლა, და იმარხულებ შვიდ დღეს, მოისმენ ამაზე მეტსაც.

14გამოვფხიზლდი და ტანი მიცახცახებდა; ისე იყო დამაშვრალი ჩემი სული, ლამის წამსვლოდა.

15მაშინ შემეწია ანგელოზი, რომელიც მომევლინა, რომელიც მელაპარაკებოდა, გამამხნევა და ფეხზე დამაყენა.

16მეორე ღამეს იყო, რომ მომევლინა სალათიელი, ხალხის წინამძღოლი და მითხრა: სად იყავი და რად გაქვსო მწუხარე სახე;

17ნუთუ არ იცი, რომ შენზეა მონდობილი ისრაელი თავისი გადასახლების ქვეყანაში?

18მაშ, ადექი და იგემე პური და ნუ გაგვწირავ, როგორც მწყემსი თავის ფარას ბოროტი მგლების ხელში.

19ვუთხარი: განვედი ჩემგან და ნუ მომიახლოვდები-მეთქი. მან გაიგონა ჩემი ნათქვამი და გამეცალა.

20შვიდ დღეს ვმარხულობდი, მგლოვარე და მოტირალი, როგორც მიბრძანა ურიელ ანგელოზმა.

21შვიდი დღის შემდეგ იყო, რომ კვლავ დამიმძიმდა გულის ფიქრები.

22მაშინ კვლავ მიიღო ჩემმა სამშვინველმა გონების სული და კვლავაც ღირსი შევიქენი საუბრისა უზენაესის წინაშე.

23ვთქვი: მბრძანებელო უფალო, დედამიწის ტყეებისა და მის ხეთა შორის შენ ერთადერთი ვაზი აირჩიე;

24დედამიწის ყველა ადგილს შორის ერთი მღვიმე აირჩიე, დედამიწის ყველა ყვავილს შორის ერთი შროშანი აირჩიე,

25ზღვის ყველა უფსკრულიდან ერთი მდინარე აივსე შენთვის, ყველა აშენებულ ქალაქს შორის სიონი აკურთხე შენთვის,

26ყველა შექმნილ ფრინველს შორის ერთადერთი მტრედი დაასახელე, შენ მიერ გამოსახულ ყველა პირუტყვს შორის ერთი ცხვარი განიკუთვნე,

27ყველა მრავალრიცხოვან ხალხს შორის ერთი ხალხი შეიძინე და ყველასგან მოწონებული რჯული მიეცი ხალხს, რომელიც შეიყვარე.

28მაგრამ ახლა, უფალო, ერთი მრავალს რად ჩაუგდე ხელში? ერთ ძირზე სხვები გაგიმზადებია და მრავალში გაგიფანტავს შენი ერთადერთი.

29ფეხით გათელეს იგი მათ, ვინც ეწინააღმდეგებოდნენ შენს აღთქმებს, ვისაც არ სწამდა შენი დაპირებებისა.

30თუ ასე შეიძულე შენი ხალხი, ბარემ შენი ხელითვე დაისაჯოს.

31ამ სიტყვებს რომ ვამბობდი, მომევლინა მე ანგელოზი, რომელიც წინა ღამით იყო ჩემთან მოსული.

32მითხრა: მისმინე და დაგარიგებ; ყური მიგდე და უფრო მეტს გეტყვი.

33ვთქვი: ილაპარაკე-მეთქი, ჩემო უფალო. მითხრა: მეტისმეტად ბევრს ფიქრობ ისრაელზე. ნუთუ შენს შემოქმედზე მეტად გიყვარს?

34ვუთხარი: არა, უფალო, შეწუხებული ვლაპარაკობ-მეთქი. რაკი ყოველწამს ნაწლავები მიშფოთავს უზენაესის ბილიკთა შეცნობის მოწადინეს, მისი სამართლის თუნდაც მცირედი წილის მაძიებელს-მეთქი.

35მითხრა: ვერ შეძლებ. ვკითხე: რატომ-მეთქი, უფალო? რისთვის გავჩნდი, ან რად არ მექცა დედაჩემის საშო საფლავად, რომ იაკობის ტანჯვა და ისრაელის მოდგმის ჭაპანწყვეტა არ მეხილა-მეთქი?

36მითხრა: დამითვალე, რაც ჯერ არ შემოსულა, შემიგროვე გაბნეული წვეთები, და ხელახლა ამიმწვანე დამჭკნარი ყვავილები,

37გამიღე დაკეტილი საცავები და გამომიყვანე მათში ჩამწყვდეული ქარები, მაჩვენე ხმის ხატი და მეც გიჩვენებ ტანჯვას, რომლის ხილვასაც ითხოვ.

38ვთქვი: მბრძანებელო უფალო, ვინ არის ის, ვისაც ამის ცოდნა ძალუძს, თუ არა იგი, ვისაც არა აქვს ადამიანებთან სამკვიდრებელი?

39მე კი უმეცარმა რა გიპასუხო შენს შეკითხვებზე?

40მითხრა: რაკი ერთიც ვერ შეასრულე ამ ნათქვამებიდან, ასევე ვერ შესძლებ ჰპოვო ჩემი სამართალი ან ის საბოლოო მადლი, რომელიც ხალხს აღვუთქვი.

41ვთქვი: მაგრამ, აჰა, უფალო, შენ ახლოს ხარ მათთან, ვინც ბოლოში არიან, მაგრამ რა ქნან მათ, ვინც ჩემამდე იყვნენ, ან ჩვენ, ან მათ, ვინც ჩვენ შემდეგ იქნებიან?

42მითხრა: გვირგვინს მივამსგავსებ ჩემს სამართალს, არც უახლესთა დაყოვნება იქნება, არც წინათა სისწრაფე.

43ვუპასუხე და ვთქვი: ნუთუ ვერ შეძლებ ერთად ქმნა ყველა, ვინც ყოფილა, ვინც არის და ვინც იქნება, რათა უფრო სწრაფად გააცხადო შენი სამართალი?

44მიპასუხა და თქვა: არ შეუძლია ქმნილებას შემოქმედზე უფრო აჩქარდეს; ვერც წუთისოფელი აიტანს ერთიანად ყველაფერს, რაც მასშია შესაქმნელი.

45ვთქვი: მაშ, როგორ უთხარი შენს მორჩილს, რომ შენ, ცხოველმყოფელმა, ერთბაშად მიანიჭე სიცოცხლე შენს ქმნილებას და აიტანა ეს ქმნილებამ. ახლაც შეძლებდნენ ერთბაშად ამის ატანას ამჟამად არსებულნიც.

46მითხრა: ჰკითხე დედაკაცის საშოს და უთხარი: თუკი ბადებ, რაღა ჟამიდან ჟამზე ბადებ-თქო? მოსთხოვე, ბარემ ათივე ერთბაშად გააჩინოს.

47ვთქვი: ვერაფრით შეძლებს, მხოლოდ დროგამოშვებით თუ შესძლებს-მეთქი.

48მითხრა: და მეც მივეცი იმათ მიწის საშო, ჟამიდან ჟამზე რომ ითესებიან მასში.

49როგორც ჩვილს არ შეუძლია შობა და არც მოხუცებულს, ასევე განვაწესე მე ჩემი შექმნილი წუთისოფელი.

50შევეკითხე და ვთქვი: რაკი გზას მაძლევ, ამას გეტყოდი: ჩვენი დედა, ვისზეც მელაპარაკე, ჯერაც ახალგაზრდაა, თუ სიბერეში შევიდა უკვე?

51მიპასუხა და თქვა: ჰკითხე მას, ვინც ბადებს და გეტყვის.

52უთხარი: რატომ არ გვანან ისინი, ვინც ახლახან გააჩინე, წინათ გაჩენილებს? რატომ არიან უფრო ტანმორჩილნი-თქო?

53თავად გეტყვის: სხვანი არიან ისინი, ვინც ჭაბუკური ძალით გავაჩინე და სხვანი არიან, ვინც სიბერის ხანაში, საშოს დაუძლურებისას იშვნენ.

54თავად განსაჯე: თქვენ ხომ მათზე ტანმორჩილნი ხართ, ვინც თქვენს წინ იყვნენ.

55შენი შემდგომნი კი შენზე კნინები იქნებიან, როგორც ქმნილებანი დაბერებულთა და სიჭაბუკის ძალაგამოცლილთა. მაშინ ვთქვი: გთხოვ, უფალო, თუკი მადლი ვპოვე შენს თვალში, აჩვენე შენს მორჩილს, როგორ ეცხადები შენს ქმნილებას?


წინა თავი შემდეგი თავი