მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მესამე ეზრა*
თავი 8

1მიპასუხა და თქვა: უზენაესმა ეს წუთისოფელი მრავალთა გულისთვის შექმნა, მომავალი კი - მცირედთა გულისთვის.

2ერთ იგავს გეტყვი, ეზრა: თუ შეეკითხები მიწას, გეტყვის, რომ უამრავი თიხაა მიწაში ჭურჭლის საკეთებლად, მაგრამ მცირედზე მცირეა მტვერი, საიდანაც ოქრო გამოდის. ასეთია ჩვენი წუთისოფლის საქმეც.

3ბევრია შექმნილი, მაგრამ მცირედნი გადარჩებიან.

4ვუპასუხე და ვთქვი: შეისრუტე, სულო, აზრი და შთანთქე, რაც საცოდნელია.

5მორჩილი უნდა იყო წინასწარმეტყველების მსურველი. სხვა ასპარეზი არ არის მოცემული შენთვის, გარდა ერთი ცხოვრებისა.

6მიეცი, უფალო, ნება შენს მორჩილთ, რომ ილოცონ შენ წინაშე, ჩაგვიდევი გულში თესლი და გაგვიღივე რომ გამოიღოს ნაყოფი, რომლის წყალობითაც უნდა იცოცხლოს ყოველმა მოკვდავმა, ვინც ადამიანის ხატს ატარებს.

7შენ ხომ ერთადერთი ხარ და ჩვენც შენს ხელთა ერთი ქმნილება ვართ, როგორც ნათქვამი გაქვს.

8დედის საშოში ისახება სხეული და შენ ანიჭებ მას ნაკვთებს; ინახება ცეცხლსა და წყალში შენი შექმნილი და ცხრა თვეს უძლებს შენივე გამოსახული საშო შენს ქმნილებას, რომელიც მასში შეიქმნა.

9თავად ის, რაც ინახავს, და ისიც, რაც ინახება, ორივენი შენახული იქნება; ხოლო შენახულს ოდესმე ხელახლა მიიღებს საშო, ყველაფერს, რაც მასში აღორძინდა.

10შენ ბრძანე, რომ თავად სხეულის ნაკვთთაგან, ანუ ძუძუთაგან, მოგვეცეს, რძე ძუძუთა ნაყოფი.

11რათა იკვებებოდეს ერთხანს, რაც გამოსახულია, შემდეგ კი შენს გულმოწყალებას მიანდობ მას.

12შენ აღზარდე იგი შენი სამართლით, მოძღვრავდი მას შენი რჯულით და არცხვენდი შენი სიბრძნით.

13შენ მოაკვდინებ მას, რადგან შენი ქმნილებაა, და შენ გააცოცხლებ მას, რადგან შენია.

14თუკი დაღუპავ ამდენი შრომით გამოსახულს, ადვილი იქნებოდა შენი ბრძანებითვე გადარჩენილიყო შენი ქმნილება.

15ახლა კი ვიტყვი, უფალო, მთელ კაცთა მოდგმაზე, რომელიც შენ უკეთ უწყი, შენს ხალხზე, რომლის გამო ვიტანჯები.

16შენს წილხვედრილზე, რომელსაც ვგლოვობ, ისრაელზე, რომლის გამო შეჭირვებული ვარ, იაკობზე, რომლის გამო ვიტანჯები;

17ამიტომ ვიწყებ ლოცვას შენს წინაშე ჩემთვის და მათთვის, რადგან ვხედავ ცოდვებს ჩვენსას, ვინც მიწაზე ვსახლობთ.

18მაგრამ გავიგე სიჩქარე მსაჯულისა, რომელიც მოდის.

19ამიტომ ისმინე ჩემი ხმა და გაიგე ჩემი სიტყვა, და ვილაპარაკებ შენს წინაშე.

20ეზრას სიტყვათა დასაწყისი, ვიდრე წაიყვანდნენ. ვთქვი: უფალო, რომელიც მკვიდრობ საუკუნოდ, რომლის თვალები მაღლისკენაა მიმართული,

21რომლის ტახტიც ფასდაუდებელია და დიდება მიუწვდომელი, ვისაც ანგელოზთა ლაშქარი ახლავს ზარდამცემი,

22და ქარისა და ცეცხლის სახით ემსახურება, რომლის სიტყვა ჭეშმარიტია და ნათქვამი გარდაუვალი,

23რომლის ბრძანება მტკიცეა და განკარგულება საშინელი, რომლის მზერა უფსკრულებს აშრობს და რისხვა მთებს ადნობს, და რომლის ჭეშმარიტება დამოწმებულია.

24ისმინე ლოცვა შენი მორჩილისა და ყურადიღე ვედრება შენი ქმნილებისა.

25ვიდრე ცოცხალი ვარ, ვილაპარაკებ, და ვიდრე გაგების უნარი შემრჩენია, გიპასუხებ.

26ნუ შეხედავ შენი ხალხის შეცოდებებს, არამედ იმათ მოხედე, ვინც ჭეშმარიტებით გემსახურებოდა.

27ნუ უყურებ ხალხთა უღვთო საქციელს, არამედ იმათ უყურე, ვინც ტანჯვა-წამებით იცავდნენ შენს აღთქმებს.

28ნუ ფიქრობ მათზე, ვინც უკუღმართად იქცეოდა შენს თვალწინ, არამედ ისინი გახსოვდეს, ვინც ნებით აღიარეს შენი შიში.

29ნუ მოისურვებ იმათ დაღუპვას, ვისაც პირუტყვის ზნე სჭირდათ; არამედ მოხედე იმათ, ვინც შენი დიდებული რჯული შეისწავლა.

30ნუ აღგაშფოთებს ისინი, ვინც მხეცებზე უარესად ჩანან, არამედ ისინი შეიყვარე, ვისაც მუდამ სწამს შენი სამართალი და შენი დიდება.

31რადგან ჩვენცა და ჩვენი მამა-პაპაც ამგვარი სენით ვართ დაუძლურებულნი; შენ კი ჩვენ ცოდვილთა გამო გულმოწყალედ იწოდები.

32თუ შენ მოისურვე ჩვენი შეწყალება, ვისაც სამართლიანი საქმეები არ ჩაგვიდენია, მაშინ გულმოწყალედ მოიხსენები.

33რადგან მართალნი, რომელთაც მრავალი საქმე აქვთ ჩადენილი, საკუთარ საქმეთათვის მიიღებენ საზღაურს.

34მაგრამ რა არის კაცი, რომ აღშფოთდე მასზე? ან ხრწნადი მოდგმა, რომ ესოდენ გამწარდე მისგან?

35სინამდვილეში არავინაა შობილთაგან ისეთი, ვინც უკეთურად არ მოქცეულიყოს, მორწმუნეთაგან ისეთი, ვისაც არ შეეცოდოს.

36ამით გაცხადდება შენი სამართალი და შენი სიკეთე, უფალო, თუ მოწყალე იქნები მათ მიმართ, რომელთაც არა აქვთ კეთილ საქმეთა მარაგი.

37მიპასუხა და თქვა: სწორად ამბობ ზოგ რამეს და შენი სიტყვები გამართლდება კიდეც.

38რადგან ნამდვილად არ ვიფიქრებ იმათ ნასახზე, რომელთაც შესცოდეს სიკვდილამდე, სამსჯავრომდე, დაღუპვამდე;

39არამედ გავიხარებ მართალთა შექმნით და გავიხსენებ მათ მწირობასაც, მათ ხსნას და საზღაურს.

40როგორც ვთქვი, ისე იქნება.

41როგორც მიწისმუშაკი თესავს თესლს მრავლად მიწაზე და აშენებს უამრავ ნარგავებს, მაგრამ რაც დათესილია, ყველა როდი გადარჩება, და რაც დარგულია, ყველა როდი მოიკიდებს ფესვს; ასევე ისინი, ვინც ამ წუთისოფელში არიან დათესილნი, ყველანი როდი გადარჩებიან.

42ვუპასუხე და ვთქვი: თუ ვპოვე მადლი, ვილაპარაკებ.

43როგორც მიწისმუშაკის დათესილი თესლი იღუპება, თუ არ აღმოცენდა, ან თუ დროულად არ მიიღო წვიმა, ან თუ ბევრი წვიმისაგან დალპა,

44ასევეა ადამიანიც, რომელიც შენი ხელით არის გამოსახული და შენს ხატად იწოდება, რადგან შენი მსგავსია იგი, ვისთვისაც შექმენი ყოველივე და მიწისმუშაკის თესლს მიამსგავსე.

45ნუ განრისხდები ჩვენზე, არამედ დაინდე შენი ხალხი და შეიწყალე შენი მემკვიდრეობა; რადგან შენი ქმნილებების შემწყალე ხარ.

46მიპასუხა და თქვა: ყველაფერი, რაც აწმყოშია, აწმყოთათვის არის, და რაც მყოფადშია, მყოფადთათვის არის.

47რადგან ბევრი რამ გაკლია იმისათვის, რომ ჩემზე მეტად შეიყვარო ჩემი ქმნილება; მე ხშირად მოვსულვარ ახლოს შენთან, უსამართლოებთან კი - არასდროს.

48მაგრამ ამითაც საოცარი ხარ უზენაესის წინაშე,

49რადგან დაიმდაბლე თავი, როგორც შეგეფერება, და არ მოითხოვე, მართალთა შორის მეტად განდიდებულიყავი.

50რადგან ბევრი მწუხარება შეხვდებათ წუთისოფლის მკვიდრთ უკანასკნელ დროს იმის გამო, რომ მეტისმეტად ამპარტავნულად დადიოდნენ.

51შენ კი შენს თავზე იფიქრე და შენს მსგავსთათვის ეძებე დიდება.

52თქვენთვის ღიაა სამოთხის კარი, დარგულია სიცოცხლის ხე, გამზადებულია მომავალი ჟამი, გამზადებულია სიუხვე, აგებულია ქალაქი, მონიჭებულია შვება, სრულქმნილია სიკეთე და სრულქმნილია სიბრძნე.

53ბოროტების ძირი დაბეჭდილია თქვენთვის, სენი და მატლი დაფარულია თქვენგან და ხრწნილება ქვესკნელში გადაიხვეწა დასავიწყებლად.

54გაივლის სატანჯველი და ბოლოს გამოჩნდება უკვდავების საუნჯე.

55ამიტომ ნუღარაფერს მკითხავ იმათ სიმრავლეზე, ვინც იღუპებიან,

56რადგან მათაც მიიღეს თავისუფლება, მაგრამ მოიძულეს უზენაესი, არად ჩააგდეს მისი რჯული და მისი გზები მიატოვეს.

57აქამდე ფეხით თელავენ მის მართალ ხალხს

58და ამბობენ გულში: არ არსებობსო ღმერთი, თუმცა იცოდნენ, რომ მოკვდებოდნენ.

59როგორც თქვენ მოგელით ის, რაც წინასწარ ითქვა, ასევე გამზადებულია მათთვის წყურვილი და წამება. უზენაესს არ სურს ადამიანის განადგურება,

60მაგრამ თავად მისმა ქმნილებებმა წაბილწეს თავიანთი შემოქმედის სახელი, უმადურად მოექცნენ მას, ვინც სცოცხლე განამზადა მათთვის.

61ამიტომაც ახლოვდება ჩემი სამსჯავრო.

62არ გამიმჟღავნებია ეს ბევრისათვის, მხოლოდ შენ გაგიმჟღავნე და მცირეოდენთ, შენნაირებს. ვუპასუხე და ვთქვი;

63აჰა, გამიმჟღავნე ახლა, უფალო, იმის ნიშნები, რის ქმნასაც აპირებ უკანასკნელ ჟამს, ოღონდ არ გამიმჟღავნო, როდის.


წინა თავი შემდეგი თავი