მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მესამე ეზრა*
თავი 9

1მიპასუხა და თქვა: შენ თავად გაზომე დრო და, როცა დაინახავ, რომ ჩავლილია წინასწარმოსწავებულ ნიშანთა ნაწილი,

2მაშინ მიხვდები, რომ ეს სწორედ ის ჟამია, როცა მოიკითხავს უზენაესი წუთისოფელს, რომელიც მისგან არის შექმნილი.

3როცა გამოჩნდება წუთისოფელში ადგილთა ძვრა და ხალხთა აღრევა,

4მაშინ მიხვდები, თუ რატომ ლაპარაკობდა მათზე უზენაესი დღეთა დასაბამიდან, რაც შენამდე იყო.

5როგორც ყველაფერს, რაც წუთისოფელშია შექმნილი, დასაბამი აქვს, ასევე დასასრულიც აქვს და დასასრული გამოცხადებულია.

6ამგვარად, უზენაესის დრო-ჟამის დასაწყისნი გაცხადებულია სასწაულებითა და სიქველეებით, ხოლო დასასრულნი ქმედებითა და ნიშნებით.

7ყველა, ვინც გადარჩება, ვინც შესძლებს თავდახსნას თავისი საქმეებითა და სარწმუნოებით, რომლის ერთგულიც იყო,

8თავს დააღწევს წინასწარმოსწავებულ საფრთხეს და იხილავს ხსნას ჩემგნით; ჩემს ქვეყანაში და ჩემს მიწა-წყალზე, რომელიც ნაკურთხი მაქვს უკუნითიდან,

9მაშინ შესაბრალისი იქნებიან ისინი, ვინც ახლა არად მიიჩნევენ ჩემს გზებს და სატანჯველში ჩაცვივდებიან, ვინც სიძულვილით გვერდი აუარეს.

10თუმცა არ მცნობდნენ, მაგრამ სიცოცხლეში მაინც იღებდნენ წყალობას ჩემგან;

11სძულდათ ჩემი რჯული, როცა ჯერ კიდევ ჰქონდათ თავისუფლება.

12როცა ჯერ კიდევ ღია იყო მათთვის მონანიების ადგილი, მაინც არ შეიცნეს, არამედ უარყვეს ჩემი რჯული, მაშინ სიკვდილის შემდეგ სატანჯველში მოუხდებათ შემეცნება.

13შენ კი მეტად ნუღარ გამოიკითხავ, თუ როგორ იტანჯებიან უკეთურნი, არამედ იკითხე, თუ როგორ და როდის გადარჩებიან მართალნი, რომლებისაც არის წუთისთუელი და რომელთა გულისთვისაც არსებობს წუთისოფელი.

14ვუპასუხე და ვთქვი;

15ადრე მითქვამს, ახლაც ვამბობ, და კვლავ ვიტყვი: დასაღუპად განწირულნი გადარჩენილებზე ბევრნი არიან,

16როგორც ტალღაა მეტი წვეთზე. მიპასუხა და თქვა:

17როგორიც ყანაა, თესლიც ისეთია; როგორიც ყვავილებია, ფერებიც ისეთივეა; როგორიც შემოქმედებაა, შექმნილიც ისეთივეა; როგორიც მიწისმუშაკია, ნახნავ-ნათესიც ისეთივეა. რადგან წუთისოფლის იყო ჟამი.

18როცა მე წუთისოფლის გაჩენამდე, სადაც უნდა ეცხოვრათ, ვქმნიდი მათ, ვინც ახლა არიან, არავინ იყო ჩემი წინაღმდგომელი.

19მაშინაც და ახლაც იქმნება ყოველი ამ გამზადებულ სამყაროში, სადაც სამკალის ნაკლებობა არ არის და სადაც დაცემულია ზნე რჯულის შესაცნობად.

20გამოვიკვლიე წუთისოფელი და, აჰა, საფრთხე დავინახე, რომელიც წუთისოფელში შემოსულმა ფიქრებმა შექმნეს.

21დავინახე და ძლიერ შემებრალა იგი, და შემოვინახე ჩემთვის ყურძნის ერთი მარცვალი და ერთი ნერგი მრავალი ტომიდან.

22ასე დაიღუპნენ მრავალნი, უაზროდ შობილნი, და დარჩეს ჩემი ყურძენი და ჩემი ნერგი, რადგან დიდი შრომით სრულვყავი.

23ხოლო შენ თუ დაჰყოფ კიდევ შვიდ დღეს, ოღონდ არ იმარხულებ,

24გახვალ ყვავილოვან ველზე, სადაც სახლი არ დგას, და მხოლოდ ველის ყვავილებით ისაზრდოებ, პირს არ დააკარებ ხორცს და არ დალევ ღვინოს, მხოლოდ ყვავილებს შეჭამ,

25განუწყვეტლივ ილოცებ უზენაესისადმი, მაშინ მეც მოგევლინები და დაგიწყებ ლაპარაკს.

26გავედი, როგორც მითხრა, ველზე, რომელსაც ეწოდება არდათი, და ჩავჯექი იქ ყვავილებში. მინდვრის ბალახებით ვიკვებებოდი და საკმარისი იყო ჩემთვის ეს საჭმელი.

27შვიდი დღის შემდეგ იყო, რომ თივაზე მწოლარეს წინანდებურად გულშეშფოთებულს,

28გამეხსნა პირი, დავიწყე ლაპარაკი უზენაესის წინაშე და ვთქვი:

29უფალო, ცხადად გამოგვეცხადე ჩვენ-ჩვენს მამა-პაპას უკაცრიელ, უნაყოფო უდაბნოში, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდნენ, და უთხარი:

30მისმინე მე, ისრაელ და იაკობის მოდგმავ, ყურად იღე ჩემი სიტყვები.

31აჰა, მე ვთესავ თქვენში ჩემს რჯულს, დაე, გამოიღოს თქვენში ნაყოფი და განდიდებულ იყოთ მასში საუკუნოდ.

32კი მიიღო ჩვენმა მამა-პაპამ რჯული, მაგრამ არ შეინახა და ჩემი რჯულდებანი არ დაიცვა; მაინც არ დაღუპულა რჯულის ნაყოფი და ვერც დაიღუპებოდა, რადგან შენი იყო.

33დაიღუპნენ რჯულის მიმღებნი და ვერშემნახველნი იმისა, რაც მათში იყო დათესილი.

34აჰა, წესია, რომ როცა მიიღებს მიწა თესლს, ანდა ზღვა - ხომალდს, ანდა რაიმე ჭურჭელი - საჭმელს ან სასმელს, და განადგურდება ის, რაშიც დათესილია ან რაშიც ჩაშვებულია რაიმე,

35ასევე განადგურდება ყოველი დათესილი ან ჩაშვებული, ან მოთავსებული; არაფერი შეგვრჩება მისგან; მაგრამ ჩვენთვის ასე არ ხდება.

36ჩვენ, რჯულის მიმღებნი, მაგრამ ცოდვილნი დავიღუპებით, და დაიღუპება ჩვენი გულიც, რომელმაც რჯული მოითავსა.

37მაგრამ რჯული არ იღუპება, არამედ რჩება თავის ძალაში.

38როცა ამას ვამბობდი გულში, თვალი ავახილე და დავინახე ქალი მარჯვენა მხარეს, ტიროდა იგი და ხმამაღლა მოთქვამდა, ძლიერ სწუხდა სულით, ტანისამოსი შემოგლეჯილი ჰქონდა და ნაცარი ეყარა თავზე.

39მოვეშვი ჩემს საფიქრალს და დავუწყე მას ლაპარაკი, და ვუთხარი:

40რატომ სტირი? რა დარდი გაწუხებს-მეთქი? მითხრა:

41დამანებე, ბატონო, რომ ვიტირო და დარდს მივცე თავი, რადგან მეტისმეტად გამწარებული მაქვს სული, დამდაბლებული ვარ მეტისმეტად.

42ვუთხარი: რა შეგემთხვა? მითხარი-მეთქი. მითხრა:

43უშვილო ვარ, შენი მონა-მორჩილი; ქმარი მყავს, მაგრამ, ოცდაათი წელია, ვერ გავაჩინე შვილი.

44ყოველ ჟამს და ყოველ დღეს, მთელი ეს ოცდაათი წელი, დღითა და ღამით უზენაესს ვევედრებოდი,

45და აჰა, აღსრულდა: ოცდაათი წლის შემდეგ შეიწყნარა ღმერთმა შენი მონა-მორჩილის ვედრება, იხილა ჩემი დამდაბლება, მოხედა ჩემს ტანჯვას და მაჩუქა ვაჟი; დიდად გავიხარეთ ამით მე და ჩემმა ქმარმა და ჩემმა მეზობლებმაც, და დიდ პატივს მივაგებდით ყოვლადძლიერს.

46დიდი გაჭირვებით გავზარდე შვილი.

47და როცა გაიზარდა იგი და წავიდა ცოლის მოსაყვანად, მეც დავნიშნე ქორწილის დღე.


წინა თავი შემდეგი თავი