მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მესამე მაკაბელთა*
თავი 2

1მაშინ სიმონ მღვდელმთავარმა ტაძრის წინ მოიყარა მუხლი, მოწიწებით გაიწოდა ხელები და წარმოთქვა ეს ლოცვა:

2უფალო, უფალო, ცათა მეუფეო და ყოველი ქმნილების გამრიგევ, წმიდაო წმიდათა შორის, თვითმპყრობელო, ყოვლადძლიერო, შეგვეწიე შეჭირვებულთ უღვთოსგან და მკრეხელისგან, ძალითა და მძლავრობით გაკადნიერებულისგან.

3რადგან შენ, ყოვლის შემქმნელო და ყოვლის გამრიგევ, სამართლიანი ხელმწიფე ხარ; შენ განსჯი მათ, ვინც თავხედურად და კადნიერად იქცევა.

4შენ ხომ ადრეც შეგიმუსრავს უსამართლობის ჩამდენნი და მათ შორის ბუმბერაზებიც იყვნენ, ძალაში და სიმამაცეში თავდაჯერებულნი, მიუღვარე მათ უზომო წყლები და დაღუპე.

5შენ გადაბუგე ცეცხლითა და გოგირდით თავგასული სოდომელები, რომლებიც ახდილად ჩადიოდნენ უკეთურებებს და საარაკოდ გახადე ისინი შთამომავლობისთვის.

6შენ უჩვენე შენი ძლევამოსილება თავხედ ფარაონს, შენი ერის, წმიდა ისრაელის დამატყვევებელს და მრავალი და მრავალი სასჯელით ჰგვემე იგი; დაანახვე შენი ძლიერება.

7ეტლებითა და დიდძალი ჯარითურთ შენი ხალხის მდევნელი დანთქე ზღვის სიღრმეში, ხოლო შენი, ყოველი ქმნილების გამრიგის, მოსავნი ცოცხლები გამოიყვანე,

8და განგადიდეს ყოვლისმპყრობელი შენი ხელის ნამოქმედართა მხილველებმა.

9შენ, მეუფეო, რომელმაც შექმენი უნაპირო და უსაზღვრო მიწა, გამოარჩიე ეს ქალაქი და აკურთხე შენი სახელით ეს ადგილი, თუმცა არაფერი გაკლია, და განადიდე იგი შენი დიადი გამოცხადებით, რათა გექცია იგი შენი დიდი და პატიოსანი სახელის სადიდებლად.

10ისრაელის სახლის მოყვარული გვპირდებოდი, თუ უბედურკბაში და გასაჭირში მყოფნი ამ ადგილზე მოვიდოდით და ვილოცებდით, შენ შეისმენდი ჩვენს ლოცვას.

11მისანდობელი ხარ შენ და ჭეშმარიტი,

12რადგან ხშირად შეწევნიხარ გასაჭირში ჩავარდნილ ჩვენს მამა-პაპას და დიდი ბოროტებისგან გიხსნია.

13და ახლაც, წმიდათა მეუფეო, ჩვენი მრავალი და დიდი შეცოდებების გამო ვიტანჯებოდით ჩვენს მტერს დამორჩილებულნი, დაუძლურებულნი.

14ჩვენი დაცემის ჟამს ეს თავხედი და მკრეხელი ლამობს შეურაცხყოს ამ ქვეყანაში შენს დიდებულ სახელზე ნაკურთხი წმიდა ადგილი.

15შენი სამყოფელი, ცა ცათა, მიუწვდომელია ადამიანთათვის,

16მაგრამ შენი მოწყალებით მოჰმადლე შენს ერს, ისრაელს, შენი დიდება და აკურთხე ეს ადგილი.

17ნუ მოგვკითხავ ჩვენ ამათ უწმიდურობას, ნურც დაგვსჯი მათი მკრეხელობისთვის, რისხვით რომ არ მოჰყვნენ ტრაბახს ურჯულოები, არ გათავხედნენ და არა თქვან კადნიერი ენით:

18გავთელეთ საწმიდარის სახლი, როგორც თელავენ წაბილწულ სახლებსო.

19განგვაშორე ჩვენი ცოდვები და გაფანტე ჩვენი შეცოდებები, გამოაჩინე შენი მოწყალება ამ ჟამს.

20სწრაფად გარდამოვიდეს ჩვენზე შენი სიბრალული; ხოტბის მადლი მოანიჭე გათელილთა ბაგეს, მშვიდობა მიჰმადლე სულით შემუსვრილებს.

21მაშინ შეისმინა რჯულიერი ლოცვა-ვედრება ყოვლისმჭვრეტელმა ღმერთმა, პირველმამამ, წმიდამ წმიდათა შორის, და დასაჯა გაკადნიერებული და თავგასული,

22აქეთ-იქით შეარხია იგი, როგორც ლერწამი ირხევა ქარისაგან და დაეცა იგი მიწაზე უმწეოდ, ასოგანრღვეული, ხმის ამოღება არ შეეძლო, რადგან სამართლიანი სასჯელით იყო ნაგვემი.

23შიშმა მოიცვა მისი მეგობრებიცა და პირადი მცველები ამ საშინელი სასჯელის შემსწრენი; შეეშინდათ, სიცოცხლე არ მოესწრაფოსო მეფეს, და სასწრაფოდ განარიდეს ამ ადგილს თავადაც თავზარდაცემულებმა.

24მცირე ხანს გონს მოეგო და, თუმცა დასჯილი იყო, არც კი მოუნანიებია; პირთქით, სასტიკი მუქარის სიტყვებით დასტოვა იქაურობა.

25ეგვიპტეში ჩასულმა უმატა ბოროტის ქმნას, წაქეზებულმა მემთვრალე თანამეინახეთაგან, რომლებიც შორს იყვნენ ყოველგვარი სამართლიანობისგან.

26არ დასჯერდა უთვალავ უკეთურ საქმეს, არამედ იმ ზომამდე გაკადნიერდა, რომ ლანძღვა-გინებას უთვლიდა იქაურ ადგილებს. მეფის ბევრი მეგობარი, ვინც ხშირად უყურებდა მის საქციელს, მის ნებას იყო აყოლილი.

27ბოლოს, გადაწყვიტა, საჯაროდ დაემცირებინა იუდაელი ხალხი და ამისთვის გოდლის ეზოში დადგა სვეტი წარწერით:

28ვინც მსხვერპლს არ სწირავს, არავინ შევიდეს საწმიდარებში; ხოლო იუდაელნი, ყველანი გამოცხადდნენ, რათა აღწერილ იქნან მონათა სიებში. გაურჩებული ძალით უნდა მოიყვანონ და სიკვდილით დასაჯონ.

29აღრიცხულნი უნდა დაიდაღონ: ცეცხლით უნდა ამოეწვათ დიონისეს ნიშანი - სუროს ფოთოლი - და უფლებები შეეზღუდოთ.

30ყველასთვის საძულვვლად რომ არ გამოჩენილიყო, მიაწერა: საიდუმლო ღვთისმსახურებასთან ზიარების მსურველი ალექსანდრიელ მოქალაქეებთან გათანასწორდება.

31ზოგიერთებმა მოქალაქეობის უფლებათა გამო საკუთარი რჯული მოიძულეს და ადვილად დანებდნენ, თითქოს მეფესთან ურთიერთობით სახელს მოიხვეჭდნენ.

32მაგრამ მრავალნი სულით მტკიცენი აღმოჩნდნენ და არ განუდგნენ ღვთისმოსავობას; ფულით ყიდულობდნენ სიცოცხლეს და უშიშრად ცდილობდნენ, აღწერისგან თავი დაეღწიათ;

33ღვთის შეწევნის იმედით საზრდოობდნენ, განდგომილებს გაემიჯნენ, ერის მტრებად ჩათვალეს ისინი და მოიკვეთეს თავიანთი საზოგადოებისგან და ურთიერთშემწეობისგან.


წინა თავი შემდეგი თავი