მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მესამე მაკაბელთა*
თავი 4

1ყველგან, სადაც კი გამოცხადდებოდა მეფის განკარგულება, წარმართთათვის სახელმწიფოს ხარჯზე იმართებთდა ხმაურიანი და მხიარული ნადიმები, რადგან სააშკარაოზე გამოვიდა მანამდე ფარული, გულში ჩამარხული სიძულვილი.

2იუდაელებში კი განუწყვეტელი მოთქმა-გოდება და ცრემლის ღვრა იყო; ყველგან ოხვრა-კვნესა გაისმოდა; ხალხს გული უწუხდა, ასე უეცრად დასაღუპად განწირულს.

3რომელი ოლქი ან ქალაქი, ან საერთოდ, რომელი დასახლებული ადგილი თუ ქუჩა არ შეუძრავს მათ მოთქმას და ტირილს?

4ჯოგივით ერეკებოდნენ მათ ქალაქებიდან სასტიკი და ულმობელი სარდლები, ისე რომ ეს უჩვეულო სასჯელი იუდაელთა ზოგიერთი მტრის თვალშიც კი საწყალობელ სანახაობად იქცეოდა და იწვევდა ფიქრებს წუთისოფელის სიმუხთლეზე, და ისინიც მწარედ დასტიროდნენ უსამართლოდ დევნილებს.

5მიათრევდნენ ჭაღარით შემკობილ მოხუცებს, დაუძლურებულთ და ასაკით წელში მოხრილთ; უსირცხვილოდ აიძულებდნენ, სწრაფად ევლოთ.

6გოდებდნენ ახლადდაქორწინებული ყმაწვილი ქალები ნაცვლად იმისა, რომ გაეხარათ სანთიობოში; ნაცარს იყრიდნენ ზეთნაპკურებ თმაზე და თავშიშველნი, საქორწინო სიმღერების ნაცვლად, ერთხმად ტიროდნენ უცხოტომელთა სასტიკი მოპყრობით გამწარებულები.

7ბორკილგაყრილნი ძალადობით მიჰყავდათ ისინი ქვეყნის თვალწინ, ვიდრე ხომალდში ჩაყრიდნენ.

8ხოლო მათი ქმრები, ახალგაზრდული ასაკის მწვერვალს მიღწეულნი, კისერზე თოკშემოჭერილნი გვირგვინის ნაცვლად, ლხინისა და ჭაბუკური სიხალისის წილ გლოვაში ატარებდნენ ქორწილისთვის განკუთვნილ დღეებს, რადგან ფეხქვეშ უკვე პირაშკმულ ჯოჯოხეთს ხედავდნენ.

9მხეცებივით აჰყავდათ ხომალდზე რკინის ბორკილებში; ზოგს კისრით აჯაჭვავდნენ მერხებს, ზოგს კი მაგარ ხუნდებში ჰქონდათ ფეხები გაყრილი.

10ზემოდან სქელი ფიცარნაგი ჰქონდათ სახურავად, რომ დღის სხივი არ ენახათ და ავისმზრახველთა მსგავსად მთელი გზა ბნელში მსხდარიყვნენ.

11როცა სქედიად წოდებულ ადგილს მიადგნენ, დასრულდა მოგზაურობა, თანახმად მეფის ბრძანებისა, და გამოამწყვდიეს ისინი იპოდრომზე, რომელიც უზარმაზარი გალავნით იყო შემოზღუდული და მოსახერხებელი იყო მათ სამაგალითოდ დასასჯელად ყველას თვალწინ, ვინც კი ქალაქში შემომსვლელი იყო ან ქალაქიდან გამსვლელი ქვეყნის შიგნით; განწირულთ არც მეფის ჯარებთან უნდა ჰქონოდათ ურთიერთობა და არც ქალაქის მოსახლეობასთან.

12როცა ეს შესრულდა, შეიტყო მეფემ, რომ ქალაქიდან ჩუმ-ჩუმად გამოდიან დასასჯელად თავშეყრილთა თანამემამულენი და მწარედ დასტირიან ძმათა უსახელო აღსასრულს,

13განრისხებულმა ბრძანა, ამათაც ისევე მოქცეოდნენ, რომ არანაკლები სასჯელით დასჯილიყვნენ.

14გასცა განკარგულება, მთელი ტომი სახელდებით აღეწერათ არა სამუშაოზე გასაწვევად, როგორც ამასწინათ ჰქონდათ გამოცხადებული, არამედ სატანჯველად, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოეღოთ მათთვის ბოლო.

15თუმცა ხალხის აღწერა სწრაფად და ბეჯითად მიმდინარეობდა მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, მაგრამ მაინც გაჭიანურდა და ორმოც დღეშიც ვერ დაასრულეს.

16მეფე კი მეტისმეტი სიხარულით აღტაცებული ნადიმს ნადიმზე იწვევდა და ყველა კერპის წინაშე ფიქრითაც და ბილწი ბაგითაც დიდად სცოდავდა ჭეშმარიტებას; ხოტბას აღავლენდა მათ წინაშე, ვისაც არ ჰქონდა არც მეტყველების, არც შემწეობის უნარი; უზენაეს ღმერთზე კი შეუფერებელ სიტყვებს ამბობდა.

17აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ მწერლებმა მოახსენეს მეფეს, რომ აღარ შეუძლიათ იუდაელთა აღწერა მათი სიმრავლის გამო.

18კიდევ უფრო მეტნი მთელს ქვეყანაში იყვნენ გაფანტულნი, ზოგნი იყვნენ დარჩენილნი, სხვანი კი გზაში იყვნენ;

19როცა მეფე დაემუქრა მათ და ბრალი დასდო, რომ მოქრთამულები ხართ და ყოველმხრივ ცდილობთ თავის დაძვრენასო, დაუწყეს მას დარწმუნება.

20მოახსენეს, რომ გამოელიათ აღწერისთვის საჭირო ქაღალდი და კალმები.

21აქ გამოჩნდა მოქმედება უძლეველი განგებისა, რომელიც ზეგარდამო შეეწეოდა იუდაელებს.


წინა თავი შემდეგი თავი