მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მესამე მაკაბელთა*
თავი 5

1მაშინ მეფემ მოიხმო ჰერმონი სპილოების ზედამხედველი და რისხვითა და დაუოკებელი ბრაზით აღსავსემ

2უბრძანა, მეორე დღისთვის უხვად ეკმიათ საკმეველი და შეესმიათ განუზავებელი ღვინო ორმოცდაათივე სპილოსთვის, რამდენიც ჰყავდათ, და გაშმაგებული ცხოველები მიესიათ იუდაელებისთვის მათ დასაღუპად.

3ეს განკარგულება რომ გასცა, გამართა ნადიმი და მოიწვია მეგობრები და მეომრები, ისინი, ვინც განსაკუთრებით მტრულად იყო განწყობილი იუდაელების მიმართ.

4ხოლო სპილოთა ზედამხედველმა ჰერმონმა პატიოსნად შეასრულა ბრძანება.

5საღამოხანს ამ საქმის აღმსრულებელნი მივიდნენ და ხელები შეუკრეს იმ უბედურთა და ყარაული დაუყენეს; დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ერთი ღამეც და ეს ტომი მთლიანად განადგურდებოდა.

6მაგრამ ბორკილდადებული იუდაელები, წარმართებს რომ ყოველმხრივ შევიწროვებულნი და ყველანაირ მფარველობას მოკლებულნი ეგონათ,

7ცრემლის ღვრითა და ღაღადისით მოუხმობდნენ ყოვლისმპყრობელ უფალს და ყოველი ძალის გამრიგეს, თავიანთ მოწყალე ღმერთსა და მამას,

8შესთხოვდნენ, განერიდებინა მათგან ავი ზრახეა და დიადი გამოცხადებით დაეხსნა ისინი მათთვის გამზადებული ბედისწერისგან.

9მათი მხურვალე ლოცვა-ვედრება ავიდა ცამდე.

10როცა მძვინვარე სპილოებს უზომო ღვინო შეასვა და საკმევლით გააძღო, ჰერმონი დილით ადრე სასახლეში წარდგა, რათა მეფისთვის მზადყოფნა მოეხსენებინა.

11მაგრამ უფალმა მოჰგვარა მეფეს ძილი - ეს კურთხეული ქმნილება, რომელიც დასაბამიდან, დღისით თუ ღამით, მის მიერ მიემადლება ყველას, ვისთვისაც მოისურვებს.

12მეუფის წყალობით მოიცვა იგი ღრმა და ტკბილმა ძილმა და სრულიად ჩაიშალა მისი უღვთო ჩანაფიქრი და ურყევი გადაწყვეტილება.

13ხოლო იუდაელები, რაკი მოსალოდნელ სასჯელს გადაურჩნენ, ადიდებდნენ თავიანთ წმიდა ღმერთს და კვლავ შესთხოვდნენ მათდამი ლმობიერად მომხედავს, ეჩვენებინა თავისი ყოვლისშემძლე მარჯვენის ძალა გათავხედებული წარმართებისათვის.

14მეათე საათის ნახევარი არ იყო გასული, როცა მესტუმრეთუხუცესმა დაინახა თავშეყრილი სტუმრები და გასაღვიძებლად ეახლა მეფეს.

15ძლივს გააღვიძა იგი და აუწყა, რომ უკვე იწურებოდა ნადიმის დრო და ანგარიში ჩააბარა შესრულებული დავალების თაობაზე.

16როცა გონს მოეგო, მეფე კვლავ მიუბრუნდა მას და უბრძანა ნადიმზე მოწვეულებს, ინახით დამსხდარიყვნენ მის წინ.

17ბრძანება რომ შესრულდა, მეფემ თანამეინახეებს მოუწოდა, ნადიმის დარჩენილი დრო მხიარულად გაეტარებინათ.

18როცა ლხინში შევიდნენ, მეფემ დაიბარა ჰერმონი და მკაცრად ჰკითხა, თუ რა მიზეზით გადარჩნენ დღევანდელ დღეს იუდაელები.

19მან მოახსენა, რომ წინა ღამითვე ჰქონდა განკარგულება შესრულებული; მეფის მეგობრებმაც დაადასტურეს ეს.

20მაშინ ფალარისზე უარესად გაშმაგებულმა მეფემ თქვა: დაე, დღევანდელ ძილს უმადლოდნენო იუდაელები, და უბრძანა ჰერმონს მეორე დღისთვის, დაუყოვნებლივ, განკარგულებისამებრ მოემზადებინა სპილოები ურჯულო იუდაელების შესამუსრავად.

21მეფის ამ სიტყვებზე ყველა იქ მყოფმა ხალისით გამოხატა კმაყოფილება და თავთავიანთ სახლებში წავიდნენ.

22მაგრამ ის ღამე ძილში კი არ გაატარეს, არამედ ფიქრობდნენ, როგორ დაემცირებინათ ხალხი, რომელიც სასიკვდილოდ განწირულად მიაჩნდათ.

23დილაადრიანად, როგორც კი მამალმა იყივლა, მოამზადა ჰერმონმა მხეცები და დიდი პერისტილონიდან დაძრა ისინი.

24ბევრმა მოიყარა თავი ქალაქიდან ამ საცოდაობის სახილველად და მოუთმენლად ელოდნენ გათენებას.

25იუდაელები კი სულგამწარებულნი ცრემლებს ღვრიდნენ და გოდებით იწვდიდნენ ხელებს ცისკენ; ევედრებოდნენ დიდ ღმერთს, კვლავაც მოევლინებინა მათთვის ხსნა.

26ჯერ კიდევ მზის სხივების მოფენამდე, როცა მეფე თავის მეგობრებს იღებდა, მოვიდა ჰერმონი და მოახსენა, რომ ყველაფერი მზად იყო მეფის განკარგულების აღსასრულებლად, და გასასვლელისკენ იწვევდა მათ.

27ნათქვამითა და გასასვლელისკენ მოულოდნელი მიწვევით განცვიფრებულმა მეფემ, რადგან სრულიად დავიწყებული ჰქონდა თავისი განკარგულება, იკითხა, თუ რა საქმეს აღასრულებენ მისთვის ესოდენი გულმოდგინებით.

28ასეთი იყო ქმედება ყოვლისგამრიგე ღმერთისა, რომელმაც დაავიწყა მეფეს ყველაფერი, რაც მოფიქრებული ჰქონდა.

29ხოლო ჰერმონმა და მეფის მეგობრებმა მიახედეს მხეცებისკენ და ჯარისკენ და უთხრეს: ყველაფერი მზადაა, მეფეო, შენი განკარგულებისამებრ.

30ამ სიტყვების გაგონებაზე მეფე დიდად განრისხდა, რადგან ღვთაებრივმა განგებამ გონებიდან გაუფანტა ჩანაფიქრი და სახეგამწყრალმა მუქარით თქვა:

31შენი მშობლები და შვილები რომ ყოფილიყვნენ აქ, მათ გავამზადებდი მხეცებისთვის სანადიმოდ იუდაელების ნაცვლად, რომლებმაც თავდადება და ერთგულება დამიმტკიცეს.

32რომ არ მიყვარდე, რადგან ერთად ვართ გაზრდილნი და არ მჭირდებოდე, მათ ნაცვლად შენ გამოეთხოვებოდი სიცოცხლეს.

33ასე დაატყდა თავზე ჰერმონს მოულოდნელი და სახიფათო მუქარა და შეეცვალა მზერა და სახე.

34მეფის მეგობრებიც ყველანი მოღუშულები წავიდნენ, წვეულება დაიშალა და თითოეული თავის საქმეს ეწია.

35იუდაელებმა კი, მეფის ნათქვამი რომ შეიტყვეს, ადიდეს გამოცხადება ღმერთისა, მეფეთა მეფისა, რომელმაც მოუტანა მათ ხსნა.

36ეს რომ დაადგინა მეფემ, კვლავ გამართა ნადიმი და სამხიარულოდ მოიწვია სტუმრები.

37ხოლო ჰერმონი მოიხმო და მუქარით უთხრა: რამდენჯერ უნდა გიბრძანო, უმაქნისო, ეს საქმე?

38კიდევ მოამზადე სპილოები ხვალისთვის იუდაელთა გასანადგურებლად.

39ხოლო მეფის დაახლოებულმა პირებმა, რომლებიც სუფრას უსხდნენ მასთან ერთად, გაიკვირვეს მეფის მერყეობა და მოახსენეს:

40ვიდრემდის უნდა გვცდიდე, მეფეო, როგორც ბრიყვებს? აკი უკვე მესამეჯერ ბრძანებ იუდაელთა მოსპობას და საქმე საქმეზე როცა მიდგება, ცვლი და აუქმებ დადგენილებას.

41მოლოდინშია მთელი ქალაქი და შფოთავს; უამრავი ხალხით არის ავსებული და გაძარცვის მუდმივ საფრთხეშია.

42ხოლო მეფემ, ყველაფერში ფალარისის მსგავსმა და უგუნურებით აღვსილმა, ჩაიხშო იუდაელთა მიმართ აღძრული სინანულის გრძნობა და სასტიკი ფიცით დაიფიცა, რომ დაუყოვნებლივ შავეთში გაგზავნიდა ცხოველთა ფეხქვეშ გათელილ იუდაელებს.

43შემდეგ კი იუდაზე გაილაშქრებდა და ცეცხლითა და მახვილით მიწასთან გაასწორებდა მას; სწრაფად დაამხობდა მისთვის მიუწვდომელ ტაძარს, ცეცხლით გადაბუგავდა და სამუდამოდ გააუკაცრიელებდა მსხვერპლის შემწირველთაგან.

44მაშინ მეფის მეგობრები, დაახლოებული პირები, დიდი სიხარულით დაიშალნენ და გულდაჯერებულებმა ჯარები ქალაქის ყველაზე მოხერხებულ ადგილებში განალაგეს დასაცავად.

45როცა სპილოთა ზედამხედველმა გამაბრუებელი სასმელით - საკმეველნარევი ღვინით ლამის სიგიჟემდე მიიყვანა ცხოველები და საშინელი იარაღებით აღჭურვა ისინი,

46და ქალაქიც აივსო იპოდრომისკენ მიმავალი ურიცხვი ბრბოებით, ეახლა იგი მეფეს და შეახსენა აღსასრულებელი საქმე.

47მეფეც, მძიმე რისხვითა და უღვთო განზრახვით აღძრული, მთელს ამალასთან ერთად გავიდა იპოდრომზე, რათა გულგაქვავებულს საკუთარი თვალით ეყურებინა განწირული ხალხის უწყალო განადგურებისთვის.

48როგორც კი იუდაელებმა შეამჩნიეს კარიბჭიდან მომავალი სპილოების, მათი თანმხლები ჯარებისა და ბრბოს მსვლელობით ავარდნილი მტვრის კორიანტელი, და გაიგონეს ყურთასმენის წამღები ხმაური,

49იფიქრეს, სიცოცხლის უკანასკნელი წუთებიღა დაგვრჩენია და დასრულდა ჩვენი მოლოდინიო, მოთქმა-გოდებით დაუწყეს ერთმანეთს ყელზე კოცნა, ეხვეოდნენ ერთმანეთს ნათესავები: მშობლები - შვილებს, დედები - ყრმებს, ზოგი მკერდში იხუტებდა ახალშობილ ჩვილებს, უკანასკნელად რომ სწოვდნენ ძუძუს.

50მაგრამ როცა გაიხსენეს ამასწინათ ზეცით მოვლენილი სასწაული, ერთსულოვნად პირქვე დაემხნენ, მოიცილეს რა მკერდიდან ჩვილები;

51ხმამაღლა შეღაღადეს ძალთა გამრიგეს და შესთხოვეს, გამოცხადებულიყო და შეეწყალებინა შავეთის კარიბჭეს მიყენებულნი.


წინა თავი შემდეგი თავი