მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მესამე მაკაბელთა*
თავი 6

1მაშინ ვინმე ელეაზარმა, ქვეყნის სამღვდელოებაში განთქმულმა კაცმა, რომელიც მოხუცებულობის ასაკს იყო მიწევნილი და ყველანაირი ღირსებით შემკობილი, დააწყნარა თავის ირგვლივ მოხუცებულნი წმიდა ღმერთისადმი ღაღადებისგან და ასე ილოცა:

2მეუფეო ყოვლადძლიერო, უზენაესო, ყოვლისმყრობელო, ღმერთო, ყოვლის გამრიგევ მოწყალებით!

3მოხედე, მამაო, აბრაამის მოდგმას, კურთხეული იაკობის შვილებს, შენს წილხვედრილ კურთხეულ ერს, უცხო მიწაზე, როგორც უცხო, უსამართლოდ რომ იღუპება.

4შენ შთანთქე ზღვაში ფარაონი, ამ ეგვიპტის წინანდელი ხელმწიფე, თავხედი და მზვაობარი, თავისი დიდძალი ეტლიონითა და ამაყი ლაშქრითურთ, და დაღუპე, ისრაელის მოდგმას წყალობის ნათელი გამოუბრწყინე.

5შენ მოუდრიკე ქედი სანქერიბს, აშურელთა სასტიკ მეფეს, ურიცხვი ლაშქრით გათამამებულს, რომელმაც თითქმის მთელი დედამიწა დაიმორჩილა შუბით და შენს წმიდა ქალაქზეც გაილაშქრა, მწარე სიტყვებს რომ ლაპარაკობდა ტრაბახითა და შეურაცხებით, შენ გააცამტვერე იგი, მეუფევ, რათა მრავალი ხალხისთვის შენი ძალა გეჩვენებინა.

6ის სამი ყრმა ბაბილონში, რომელთაც ფუჭი კერპების თაყვანისცემაზე უარის ნიშნად ნებით მიანდეს ცეცხლს სიცოცხლე, აგიზგიზებულ ღუმელში ცვარის პკურებით ისე იხსენი, რომ თმის ერთი ღერიც არ დაშავებიათ, ცეცხლის ალი კი მათი მტრებისკენ მიმართე.

7შენ ამოიყვანე უვნებელად დღის სინათლეზე დანიელი, რომელიც შურიანთა ცილისწამებით ხაროში იყო ჩაგდებული ლომების შესაჭმელად.

8შენ მოხედე იონას მოწყალე თვალით, მამაო, როცა მას სიღრმის მკვიდრის, ვეშაპის სტომაქში გახრწნა მოელოდა და უვნებელი მოუვლინე იგი მისიანებს.

9და ახლაც შენ, რომელიც მოძულე ხარ შეურაცხებისა, მრავალმოწყალე და ყოველთა მფარველი, სწრაფად გამოეცხადე ისრაელის მოდგმას, ურჯულო და ბილწი წარმართებისგან შეჭირვებულს.

10და თუ უკეთურად გაგვიტარებია ცხოვრება გადასახლებაში, ჯერ გვიხსენი მტრის ხელიდან და, როგორც ინებებ, ისე დაგვღუპე, მეუფევ.

11მადლი არ მიაგონ ფუჭმორწმუნეებმა თავიანთ ფუჭ ღმერთებს რჩეულების დაღუპვის გამო, არა თქვან: საკუთარმა ღმერთმაც ვერ იხსნაო ისინი.

12ხოლო შენ, ყოვლგნით ძალმოსილო, მარადიულო, ახლა მოგვხედე და შეგვიწყალე ჩვენ, უგუნურად გამძვინვარებულ ურჯულოთა ხელში ბოროტმოქმედთა მსგავსად რომ ვიღუპებით.

13შიშით შეძრას დღეს წარმართები შენმა უძლეველმა ძალამ, პატივოსანო, რომელსაც ძალგიძს იაკობის მოდგმის გადარჩენა.

14შენ გევედრებიან ცრემლის ღვრით უამრავი ბავშვი და მათი მშობლები.

15დაინახონ წარმართებმა, უფალო, რომ ჩვენთან ხარ, და ნუ იბრუნებ პირს ჩვენგან, არამედ როგორც გითქვამს, მტრების მიწაზეც არ მივატოვებო მათ, ისე აღასრულე, უფალო.

16დაასრულა თუ არა ლოცვა ელეაზარმა, შემოვიდა იპოდრომზე მეფე ცხოველებითა და მთელი თავისი ზვიადი ლაშქრითურთ.

17დაინახეს იგი იუდაელებმა და ისეთი ხმით შეღაღადეს ცას, რომ მახლობელ ხეობაში გაისმა გამოძახილი, და აუტანელმა შიშმა მოიცვა მთელი ჯარი.

18მაშინ გააცხადა თავისი წმიდა სახე სახელოვანმა ყოვლისმპყრობელმა, და ჭეშმარიტმა ღმერთმა და გაიღო ციური კარიბჭენი, და ორი დიდებული, საშინელი სახილველი ანგელოზი, ჩამოვიდა იქიდან; ყველა ხედავდა მათ, იუდაელების გარდა.

19წინ გადაუდგნენ მტრის ლაშქარს და შიშითა და ძრწოლით აავსეს იგი, და შეურყეველი ხუნდები დაადეს.

20მეფეს მთელი ტანი აუცახცახდა და დაავიწყდა ამპარტავნობაც და რისხვაც.

21ცხოველები შეტრიალდნენ და აღჭურვილ ლაშქარს ეკვეთნენ, ფეხით გადათელეს და მუსრი გაავლეს.

22მაშინ მეფის რისხვა შეცვალა სინანულმა და ცრემლმა იმის გამო, რაც განზრახული ჰქონდა იუდაელთათვის.

23რადგან, როცა გაიგონა მათი ყვირილი და დაინახა დასაღუპად განწირულნი, ატირდა და მუქარით უთხრა თავის მეგობრებს:

24მეფის უფლებებს აჭარბებთ და მტარვალებზე სასტიკად იქცევით; ჩუმჩუმად იმასაც კი ცდილობთ, რომ მე, თქვენს კეთილისმყოფელს, ძალაუფლება და სიცოცხლე წამართვათ სამეფოსთვის საზიანო მოქმედებით.

25ვინ გამოყარა სახლებიდან და ვინ გამოამწყვდია აქ უგუნურად ეს ხალხი, რომელსაც საიმედოდ ეპყრა ჩვენი ქვეყნის ციხე-სიმაგრეები?

26ვინ სტანჯავს ასე უსამართლოდ ამ ხალხს, ყველა ხალხისგან გამორჩეულს დასაბამიდან ჩვენდამი ერთგულებაში, რომელსაც ხშირად უნახავს ხიფათი?

27ახსენით, ჩამოხსენით ამ უდანაშაულო ხალხს უსამართლო ბორკილები! მშვიდობით გაისტუმრეთ უკან და პატიება სთხოვეთ ყველაფრისთვის, რაც წინათ ჩაგიდენიათ.

28გაათავისუფლეთ შვილები ცის ყოვლისმპყრობელი ღმერთისა, მარადცხოვლისა, რომელიც წინაპართ დროიდან დღემდე დიდებასა და სიმტკიცეს ანიჭებს განუწყვეტლივ ჩვენს სახელმწიფოს.

29ეს თქვა მეფემ. ხოლო ეს-ეს არის სიკვდილს გადარჩენილი იუდაელები ჰმადლობდნენ წმიდა ღმერთს, თავიანთ მხსნელს.

30შემდეგ, როცა ქალაქში დაბრუნდა მეფე, მოიხმო მეღვინეთუხუცესი და უბრძანა მას, გაემზადებინა იუდაელებისთვის ღვინო და ყველაფერი, რაც საჭირო იქნებოდა შვიდდღიანი ნადიმის გადასახდელად; გადაწყვიტა, რომ მათ დიდი სიხარულით ეზეიმათ გადარჩენა სწორედ იმ ადგილზე, სადაც თავიანთ აღსასრულს უნდა შეხვედროდნენ.

31მაშინ იუდაელები, რომლებიც ამის წინ დამცირებულნი და შავეთის პირს მიმდგარნი იყვნენ, განემზადნენ გადარჩენის სალხინოდ ნაცვლად მწარე და საწყალობელი სიკვდილისა, და სიხარულით ავსილებმა სადღესასწაულოდ გადააქციეს ადგილი, რომელიც მათ სასიკვდილოდ და დასასამარებლად იყო განწესებული.

32შეწყვიტეს გლოვა და მათი მხსნელი და სასწაულთმოქმედი ღმერთის მადიდებლებმა წამოიწყეს მამაპაპეული საგალობელი. კვნესა და ვაება უკუაგდეს და გააბეს ფერხულები სამშვიდობო სიხარულის ნიშნად.

33ასევე მეფემაც გამართა დიდი ნადიმი ამ ამბის გამო და დაუცხრომელად ჰმადლობდა ზეცას, რომ შეესწრო იუდაელთა სასწაულებრივ გადარჩენას.

34ხოლო ისინი, ვინც იუდაელნი დასაღუპად და ფრინველთა საჯიჯგნად გაწირა და სიხარულით აღრიცხა ისინი, ახლა სირცხვილისგან ოხრავდნენ და ცეცხლივით აგიზგიზებული მათი თავხედობა სამარცხვინოდ დაცხრა.

35იუდაელებმა კი, როგორც ითქვა, ნადიმის შემდეგ ფერხული გააბეს და სამადლობელ სიმღერებში და საგალობელთა გალობაში გაატარეს დღესასწაული,

36დაადგინეს საყოველთაო წესად, რომ ყველგან, სადაც კი იუდაელები იცხოვრებენ, თაობიდან თაობაში, სიხარულით ეზეიმათ ეს დღეები არა სმა-ჭამისა და ღრეობის მიზნით, არამედ ღვთისგან მოვლენილი მათი ხსნის აღსანიშნავად.

37მერე მეფეს ეახლნენ და დაეთხოვენ თავ-თავიანთ სახლებში წასასვლელად.

38მათი აღწერა მიმდინარეობდა პაქონის ოცდამეხუთე დღიდან ეპიფის მეოთხე დღემდე - ორმოცი დღის განმავლობაში. მათი განადგურების დღეებად დადგენილი იყო ეპიფის მეხუთე დღიდან მეშვიდე დღემდე - სამი დღე.

39ამ დღეებშა დიდებულად მოუვლინა მათ წყალობა ყოვლისმპყრობელმა და ერთიანად იხსნა ისინი.

40მეფის ნაწყალობევით ნადიმობდნენ მეთოთხმეტე დღემდე, რა დღესაც ეახლნენ მეფეს დასათხოვნად.

41მეფემ შეიწყნარა ისინი და მისწერა ქალაქში მყოფ მხედართმთავრებს დაბეჭდილი წერილი, დიდსულოვნად გამოხატა რა თავისი ზრუნვა იუდაელებზე:


წინა თავი შემდეგი თავი