მთავარი გვერდი - ბიბლია

ახალი აღთქმა
პირველი იოანესი
თავი 2

1შვილნო ჩემნო, ამას გწერთ, რათა არ სცოდოთ, ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, ქომაგი გვყავს მამის წინაშე - იესო ქრისტე მართალი.

2ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის ცოდვათა მიმტევებელი.

3იმით გავიგებთ, რომ შევიცნეთ იგი, თუ დავიმარხავთ მის მცნებებს.

4ვინც ამბობს, რომ შეიცნო იგი, მაგრამ არ იმარხავს მის მცნებებს, ცრუა და ჭეშმარიტება არ არის მასში.

5ხოლო ვინც იმარხავს მის სიტყვას, მასში ჭეშმარიტად აღსრულებულა ღვთის სიყვარული; ამით შევიცნობთ, რომ მასში ვართ.

6ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, ისე უნდა იაროს, როგორც იარებოდა იგი.

7საყვარელნო, ახალ მცნებას კი არა გწერთ, არამედ ძველ მცნებას, რომელიც გქონდათ დასაბამიდან; ძველი მცნება არის სიტყვა, დასაბამიდან რომ ისმინეთ.

8თუმცა ახალ მცნებასაც გწერთ, რომელიც ჭეშმარიტია მასშიც და თქვენშიც; ვინაიდან ბნელი გადადის და ჭეშმარიტი ნათელი უკვე ნათობს.

9ვინც ამბობს, ნათელში ვარო, მაგრამ თავისი ძმა სძულს, ბნელშია დღემდე.

10ვისაც თავისი ძმა უყვარს, ნათელში მკვიდრობს და საცთური არ არის მასში.

11ხოლო ვისაც თავისი ძმა სძულს, ბნელშია, ბნელშივე იარება და არ იცის, საით მიდის, რადგანაც ბნელმა დაუვსო თვალი.

12ამას გწერთ, შვილნო, ვინაიდან მისი სახელით მოგეტევათ თქვენი ცოდვანი.

13ამას გწერთ, მამანო, ვინაიდან შეიცანით დასაბამიდან მყოფი. ამას გწერთ, ჭაბუკნო, ვინაიდან სძლიეთ ბოროტი.

14ეს მოგწერეთ, ყრმანო, რადგანაც შეიცანით მამა. ეს მოგწერეთ, მამანო, რადგანაც შეიცანით დასაბამიდან მყოფი. ეს მოგწერეთ, ჭაბუკნო, რადგანაც ძლიერნი ხართ, ღვთის სიტყვა მკვიდრობს თქვენში და სძლიეთ ბოროტი.

15ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურს რასმე; ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში.

16ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის.

17ეს ქვეყანაც გარდავა და მისი გულისთქმაც, ღვთის ნებისმყოფელი კი წარუვალია უკუნისამდე.

18ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია.

19ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნი, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ გამოვიდნენ, რათა ცხადი გამხდარიაო, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი.

20თქვენ კი ცხება გაქვთ წმიდისგან და იცით ყოველი.

21იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ არ იცით ჭეშმარიტება, არამედ იმიტომ, რომ იცით და ისიც გესმით, რომ არცერთი სიცრუე ჭეშმარიტებისგან არ არის.

22ვინ არის ცრუ, გარდა იმისა, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ისაა ანტიქრისტე, მამის და ძის უარმყოფელი.

23ვინც უარყოფს ძეს, აღარც მამა ჰყავს, ხოლო ვინც აღიარებს ძეს, მამაცა ჰყავს.

24ამრიგად, რაც დასაბამიდან გსმენიათ, დე, დარჩეს თქვენში, რადგან თუ ის, რაც დასაბამიდან გსმენიათ, დარჩება თქვენში, თქვენც დარჩებით ძეში და მამაში.

25ხოლო აღთქმა, რომელიც მან აღგვითქვა, არის საუკუნო სიცოცხლე.

26თქვენი მაცთუნებლების გამო მოგწერეთ ეს.

27თუმცა ცხება, რომელიც მისგან მიიღეთ, კვლავაც თქვენშია, და არ გჭირდებათ, რომ ვინმემ გასწავლოთ, რადგანაც ცხება, ჭეშმარიტი და არა ყალბი, თვითონვე გასწავლით ყველაფერს, ამიტომ რასაც გასწავლით, მასშივე დარჩით.

28ასე რომ, შვილებო, დარჩით მასში, რათა მისი გამოცხადებისას თამამად ვიყოთ და არ შევრცხვეთ მის წინაშე, როდესაც მოვა.

29თუკი იცით, რომ მართალია, ისიც იცოდეთ, რომ მის მიერაა შობილი სიმართლის ყველა მოქმედი.


წინა თავი შემდეგი თავი