მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მაკაბელთა*
თავი 1

11. გამოჩნდა ალექსანდრე მაკედონელი, ფილიპეს ძე, რომელიც გამოვიდა ხეთელთა ქვეყნიდან და დაამარცხა დარიოსი, სპარსთა და მიდიელთა მეფე და გამეფდა მის ნაცვლად, თავდაპირველად საბერძნეთზე.

2გადაიხადა მრავალი ომი, დაიპყრო ციხე-სიმაგრენი და გაწყვიტა ქვეყნის მეფენი.

3მიაღწია ქვეყნის კიდემდე და აკრიფა დიდძალი ხარკი ხალხებისაგან. როცა დაცხრა ქვეყანა მის წინაშე, აღზევდა იგი და გადიდგულდა.

4შეკრიბა დიდძალი ჯარი და განაგებდა ქვეყნებს, ხალხებს და ხელმწიფეებს, და იქცნენ მის მოხარკეებად.

5ამის შემდეგ ჩავარდა იგი ლოგინად და მიხვდა, რომ კვდებოდა.

6მოუხმო თავის დიდებულებს, ყმაწვილობიდანვე მასთან გამოზრდილთ, და გაუყო მათ თავისი სამეფო ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში.

7იმეფა ალექსანდრემ თორმეტი წელი და მიიცვალა.

8შემდეგ განაგებდნენ მისი მორჩილნი - თითოეული თავის სამფლობელოში.

9მისი სიკვდილის მერე თითოეულმა დაიდგა თავზე გვირგვინი, მათ შემდგომ კი ასევე იქცეოდნვნ მათი ვაჟები მრავალი წლის განმავლობაში, და განამრავლეს ბოროტება ქვეყანაზე.

10მათგან გამოვიდა ცოდვილი ფესვი - ანტიოქოს ეპიფანე, ძე მეფე ანტიოქოსისა, რომელიც იყო მძევლად რომში, და გამეფდა ელინთა მეფობის ასოცდამეჩვიდმეტე წელს.

11იმ დღეებში ისრაელიდან გამოვიდნენ ურჯულონი და აცთუნებდნენ მრავალს, ამბობდნენ: წავიდეთ და შევეკრათ ჩვენს გარემოსახლე ხალხს, რადგან მას შემდეგ, რაც მათ გამოვეყავით, მრავალი ბოროტება მოიწიაო ჩვენზე.

12მოეწონათ მათ ეს სიტყვა.

13ზოგიერთმა ხალხიდან მოიწადინა და გაეშურნენ მეფისაკენ, და მან დართო მათ ნება, დაეცვათ წარმართთა წეს-ჩვეულებანი.

14ააშენეს იერუსალიმში სასწავლებელი წარმართთა წესისამებრ,

15დაიწესეს თავიანთთვის წინდაუცვეთლობა და განდგნენ წმიდა რჯულისგან, შეეკრნენ წარმართებს და ავის საქმნელად გაყიდეს თავი.

16როცა განმტკიცდა ქვეყანა ანტიოქოსის წინაშე, გადაწყვიტა მან ეგვიპტეზე გამეფებულიყო, რათა ორ სახელმწიფოზე ემეფა.

17შევიდა ეგვიპტეში ურაცხვი ლაშქრით, ეტლებითა და სპილოებით, მხედრებითა და მრავალი ხომალდით.

18და შეებრძოლა ეგვიპტის მეფე პტოლემეოსს. დაფრთხა პტოლემეოსი მის წინაშე და გაიქცა, და მრავალი დაჭრილი დაეცა.

19დაეუფლნენ ეგვიპტის ქვეყანაში ციხე-ქალაქებს და აიღო ნადავლი ეგვიპტის ქვეყნიდან.

20გაბრუნდა ანტიოქოსი ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ ასორმოცდამესამე წელს და გაილაშქრა ისრაელზე და მიადგა იერუსალიმს დიდძალი ჯარით.

21ქედმაღლურად შევიდა საწმიდარში, აიღო ოქროს სამსხვერპლო, სასანთლე და ყოველი მისი ჭურჭელი.

22შესაწირავი ტაბლა, საღვრელი ფიალები, ოქროს ბარძიმი, ფარდა, გვირგვინები და ტაძრის გარეთა ოქროს მორთულობა.

23მიითვალა ვერცხლი და ოქრო, ძვირფასი ჭურჭელი და მიიტაცა დამალული განძი, რაც კი იპოვა.

24მოხვეტა ყოველივე და გაბრუნდა თავის ქვეყანაში; სჩადიოდა მკვლელობას და ამპარტავნულად ლაპარაკობდა.

25შეიქნა დიდი გლოვა ისრაელის ყოველ მხარეში.

26კვნესოდნენ მთავრები და უხუცესები, ქალიშვილები და ჭაბუკები დაუძლურდნენ, გაცუდდა ქალების სიტურფე.

27გლოვას მიეცა ყოველი სიძე და ქორწილის სარეცელზე მჯდომი ვაებდა.

28მიწაც კი შეიძრა მასზე მცხოვრებთათვის და მთელი სახლი იაკობისა სირცხვილმა დაფარა.

29ორი წლის შემდეგ გაგზავნა მეფემ გადასახადის უფროსი იუდას ქალაქებისკენ და შევიდა იერუსალიმში დიდძალი ლაშქრით.

30მიუთხრთ მათ სამშვიდობო სიტყვები ეშმაკობით და ერწმუნენ მას. მაგრამ უეცრად შეიჭრა ქალაქში და სასტიკად მოაოხრა.

31მოკრიფა ალაფი ქალაქიდან და ცეცხლით გადაბუგა, დააქცია მისი სახლები და გარეშემო კედლები.

32დაატყვევეს ქალები და ბავშვები და დაეუფლნენ საქონელს.

33შემოზღუდეს დავითის ქალაქი დიდი და მტკიცე კედლით, მტკიცე კოშკებით და იქცა მათ ციხე-სიმაგრედ.

34დაასახლეს იქ ცოდვილი ხალხი და ურჯულო კაცები დაეფუძნენ იქ.

35მოიმარაგეს იარაღი და საზრდო, მოხვეტეს იერუსალიმიდან ხარკი. განლაგდნენ იქ და შექმნეს დიდი მახე.

36ჩაუსაფრდნენ საკურთხეველს და ექმნენ ბოროტ მტრად ისრაელს ყოველმხრივ.

37დაღვარეს უცოდველი სისხლი საწმიდარის ირგვლივ წაბილწეს საწმიდარი.

38მათ გამო გაიქცნენ იერუსალიმის მკვიდრნი; უცხოთა საცხოვრებელი გახდა იგი და უცხოდ ექცა მათ ჩამომავლებს, და მიატოვეს იგი მათმა შვილებმა.

39გავერანდა მისი საწმიდარი, როგორც უდაბნო; მისი დღესასწაულები გლოვად შეიცვალა, მისი შაბათები - ძაძებად, დიდება მისი - სირცხვილად.

40მისი დიდების წილ გამრავლდა მისი უპატიობა და მისი ზეობა გლოვად შეიცვალა.

41მისწერა მეფემ მთელს თავის სამეფოს, რომ ყველა ხალხი ერთი ყოფილიყო და

42ყველას დაეგდო თავისი წეს-ჩვეულება. ყველა ხალხი დაჰყვა მეფის სიტყვას.

43ისრაელიდან ბევრმა მოიწონა მისი სამსახური და მსხვერპლს სწირავდნენ კერპებს და ბილწავდნენ შაბათს.

44გაგზავნა მეფემ წიგნი იერუსალიმში და იუდას სხვა ქალაქებში, რომ ქვეყნისთვის უცხო ზნე-ჩვეულებებს მიჰყოლოდნენ.

45აეკრძალათ აღსავლენი, მსხვერპლშეწირვა და საღვრელი სამსხვერპლოზე, და წაებილწათ შაბათი და დღესასწაულები.

46შეესვარათ საწმიდარი და წმიდა საგნები,

47აღემართათ ბომონები, ნაკრძალები და საკერპოები, შეეწირათ ღორები და უსურმაგები,

48დაეტოვებინათ თავიანთი ვაჟები წინდაუცვეთლად, შეებღალათ თავი ყოველი უწმინდურობითა და სიბილწით.

49რათა დავიწყებოდათ რჯული და ყოველი მცნება.

50და თუკი ვინმე არ მოიქცეოდა მეფის სიტყვისამებრ, უნდა მომკვდარიყო.

51ამ სიტყვების თანახმად მისწერა მთელ თავის სამეფოს და დაუდგინა ზედამხედველნი მთელ ხალხს და აიძულა იუდას ქალაქებს ზორვა.

52ხალხიდან ბევრმა, ვინც დააგდო მცნება და შეუერთდა მათ, ყველამ დაიწყო ბოროტების ჩადენა ქვეყანაში.

53აიძულეს ისრაელი, დამალულიყო ყოველ მის თავშესაფარში.

54ქისლევის მეთხუთმეტე დღეს, ასორმოცდამეხუთე წელს, დაამკვიდრეს გატიალების სისაძაგლე სამსხვერპლოზე და ბომონები წამოჭიმეს იუდას გარშემო ქალაქებში,

55და აკმევდნენ სახლების კარის წინ და ქუჩებში.

56რჯულის წიგნს თუ იპოვნიდნენ, ფლეთდნენ და ცეცხლში წვავდნენ.

57სადაც კი ვინმეს აღთქმის წიგნს აღმოუჩენდნენ, ან თუკი ვინმე რჯულს აღიარებდა, მეფის სამართლით კლავდნენ.

58მძლავრობდნენ ისრაელზე, ყველაზე, ვინც კი თვიდან თვემდე ქალაქში აღმოჩნდებოდა.

59თვის ოცდახუთს უზორავდნენ კერპს, რომელიც სამსხვერპლოს წინაშე იდგა.

60ცოლებს, რომლებიც თავიანთ შვილებს წინდაცვეთდნენ, ბრძანებისამებრ აშთობდნენ;

61ჩვილებს კისრებით ჰკიდებდნენ, მათ სახლებს არბევდნენ, წინდამცვეთლებს კი ხოცავდნენ.

62მაგრამ მრავალნი გამხნევდნენ ისრაელში და მტკიცედ დადგნენ, რომ არ ეჭამათ უწმიდურება.

63მიიღეს სიკვდილი, რათა არ წაბილწულიყვნენ საჭმელით და არ შეერყვნათ წმიდა აღთქმა. ასე დაიხოცნენ.

64დიდზე დიდი რისხვა იყო ისრაელის თავზე.


შემდეგი თავი