მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მაკაბელთა*
თავი 10

1ასმესამოცე წელს გამოვიდა ალექსანდრე, ძე ანტიოქოსისა, ძისა ეპიფანესი, და დაიპყრო ტოლემაისი. მიიღეს იგი და იქ გამეფდა.

2გაიგო ეს მეფე დემეტრიოსმა, შეკრიბა დიდძალი ლაშქარი და გამოვიდა მასთან საომრად.

3გაუგზავნა დემეტრიოსმა იონათანს წერილი მშვიდობის სიტყვებით, რათა განედიდებინა იგი.

4რადგან ამბობდა: დავასწროთ მათთან ზავის დადება, სანამ ალექსანდრესთან შეკრავდეს იგი კავშირს ჩვენს წინააღმდეგ.

5გაგიხსენებს ყველა ბოროტებას, რაც მას, მის მოძმეებსა და ხალხს დავმართეთო.

6მისცა დემეტრიოსმა ნება, შეეკრიბა ლაშქარი, მოემზადებინა იარაღი და ყოფილიყო მისი მოკავშირე. ბრძანება გასცა, დაებრუნებინათ მისთვის მძევლები ციხეებიდან.

7წავიდა იონათანი იერუსალიმში და წაიკითხა წერილი მთელი ხალხისა და ციხეში მყოფთა გასაგონად.

8დიდმა შიშმა აიტანა ისინი, როცა მოისმინეს, რომ მეფეს მისთვის ჯარის შეკრების უფლება მიუნიჭებია.

9ციხეში მყოფებმა გადასცეს იონათანს მძევლები და დაუბრუნა ისინი თავიანთ მშობლებს.

10დასახლდა იონათანი იერუსალიმში და შეუდგა ქალაქის შენებასა და განახლებას.

11დაავალა მუშაკებს, გასამაგრებლად სიონის მთის გარშემოც აეგოთ ქვების ოთხკუთხა კედელი. და ასეც გააკეთეს.

12გადაიხვეწნენ უცხო ტომები, რომლებიც ბაკხიდეს აშენებულ სიმაგრეებში იდგნენ.

13ყველამ დატოვა თავისი ადგილი და თავისი ქვეყნისკენ გაეშურა.

14მხოლოდ ბეთ-ცურში დარჩნენ მავანნი, ვინც გადავიდნენ რჯულსა და აღთქმებს, რადგან ეს იყო მათი თავშესაფარი.

15შეიტყო მეფე ალექსანდრემ, დაპირებები რომ შეუთვალა დემეტრიოსმა იონათანს; უამბეს იონათანისა და მისი ძმების გადახდილ ომებზე და გასაჭირზე, რაც მათ გადაიტანეს.

16თქვა: ასეთ კაცს მეორეს ვერ მოვნახავთ; მოდით, დავიმეგობროთ და მოკავშირედ გავიხადოთ.

17დაწერა წერილი და გაუგზავნა ასეთი სიტყვებით:

18მეფე ალექსანდრე ძმას, იონათანს, მოგიკითხავ.

19გაგვიგონია შენზე, რომ მაგარი კაცი ხარ და შეგფერის ჩვენი მეგობარი იყო.

20დღეს, ამიერიდან დამიდგენიხარ შენი ხალხის მღვდელმთავრად და მიწოდებია შენთვის მეფის მეგობარი (გაუგზავნა მას ძოწეული და ოქროს გვირგვინი), გეჭიროს ჩვენი მხარი და გაუფრთხილდი ჩვენს მეგობრობას.

21შეიმოსა იონათანმა წმიდა შესამოსელი ასმესამოცე წლის მეშვიდე თვეს, კარვობის დღესასწაულზე, შეკრიბა ჯარები და მოიმარაგა დიდძალი იარაღი.

22გაიგო დემეტრიოსმა ეს ამბები, გაწყრა და თქვა:

23ეს როგორ მოგვივიდა, რომ დაგვასწრო ალექსანდრემ და საყრდენად დაიმეგობრა იუდაელნი?

24მეც მივწერ მათ გასამხნევებელ სიტყვებს და პატივსა და ძღვენს დავპირდები, რომ ჩემი მხარდამჭერნი შეიქნანო.

25და შეუთვალა მათ შემდეგი სიტყვები: მეფე დემეტრიოსი იუდაელთა ერს მოგიკითხავთ.

26გვესმოდა და გვიხაროდა, რომ იცავდით ჩვენთან დადებულ შეთანხმებებს, უფრთხილდებოდით ჩვენს მეგობრობას და ჩვენს მტრებს არ ემხრობოდით.

27ახლაც ეცადეთ, კვლავ გაუფრთხილდეთ ჩვენს ნდობას და სიკეთეს მოგაგებთ თქვენ იმის სანაცვლოდ, რასაც ჩვენთვის გააკეთებთ.

28ბევრ შეღავათს გაგიწევთ და ძღვენს გამოგიგზავნით.

29ახლა კი თქვენ ნებაზე გიშვებთ და ვათავისუფლებ ყველა იუდაელს გადასახადისგან, და მარილისა და გვირგვინების ბაჟისგან.

30ამიერიდან გამიუქმებია მარცვლეულის მესამედი და ხის ნაყოფთა ნახევარი, რომლებიც ჩემთან იგზავნება იუდას ქვეყნიდან და სამი ოლქიდან, რომლებიც მას აკრავს, სამარიდან და გალილეადან, ამიერიდან სამარადისოდ.

31ხოლო იერუსალიმი, მისი სანახები, მეათედები და შემოსავალი წმიდა და თავისუფალი იყოს.

32გამიუქმებია უფლება იერუსალიმის ციხეზე და მღვდელმთავრისთვის მიმიცია, რომ მის დასაცავად ჩააყენოს იქ კაცები, ვისაც თვითონ დაასახელებს.

33ყოველ იუდაელს, იუდას ქვეყნიდან წარტყვევნილს, მთელ ჩემს სამეფოში, უსასყიდლოდ ვათავისუფლებ. ყველამ გააუქმოს მათი ცხვარ-ძროხის გადასახადი.

34ყოველი დღესასწაული: შაბათი, ახალმთვარობა და დაწესებული დღეები - სამი დღე ზეიმამდე და სამიც ზეიმის შემდეგ, ყველა იქნება შეღავათიანი და საუქმო ყოველი იუდაელისთვის, ვინც კი ჩემს სახელმწიფოშია.

35არავის ექნება უფლება მათგან ვინმე დაავალდებულოს ან რაიმე საქმის კეთება აიძულოს.

36იუდაელთაგან მეფის ლაშქრისთვის გამოიყოს სამი ათასი კაცი, და მიეცეს მათ სარჩო, როგორც დაწესებულია მეფის ყოველი ჯარისკაცისთვის.

37ისინი უნდა იყვნენ ჩაყენებული მეფის დიდ ციხესიმაგრეებში და განწესდნენ სამეფო საქმეებზე, რომლებიც ერთგულებას საჭიროებენ. მათი ზედამხედველნიცა და წინამძღოლებიც მაგათგან უნდა იყვნენ და იცხოვრონ თავიანთი რჯულით, როგორც მეფემ დაადგინა იუდას ქვეყანაში.

38სამი ოლქი, რომლებიც სამარიის ქვეყნიდან ეკვრის, მიუერთდეს იუდას, რათა ჩაითვალოს, რომ ერთიანია, და არ დამორჩილდეს სხვა ძალაუფლებას, გარდა მღვდელმთავრისა.

39პტოლემაისს და მის გარეშემოს საჩუქრად ვუბოძებ იერუსალიმის საწმიდარს, რათა იტვირთოს საწმიდარის ხარჯები.

40მე კი ყოველ წელიწადს შესაბამისად თხუთმეტ ათას შეკელ ვერცხლს გავცემ მეფის შემოსავლიდან - შესაბამისი ადგილებიდან.

41და მთელი დანარჩენი ნაწილი, რაც შემოსავლიდან არ გაცემულა, როგორც წინა წლებში გაიცა, დღეიდან ტაძრის საქმეებს მოხმარდეს.

42და გარდა ამისა, ხუთიათასი შეკელი ვერცხლი, რომელსაც იღებდნენ საწმიდარის შემოსავლიდან გაუქმებულია, რადგან ის მომსახურე მღვდლებს ეკუთვნით.

43თუკი ვინმე, ვისაც სამეფო ანდა სხვა საქმე მართებს იერუსალიმის ტაძარში, ანდა რომელიმე მის სანახში, გაიქცევა, გათავისუფლდეს და დაუბრუნდეს ყველაფერი, რაც ჩემს სამეფოში აბადია.

44საწმიდარის ასაგებად და მის განსაახლებლად სახსრები გაიცეს სამეფო შემოსავლიდან.

45იერუსალიმის კედლების ასაგებად და გარშემო გასამაგრებლად სახსრები გაიცეს სამეფო შემოსავლიდან, ასევე კედლების ასაგებად იუდაში.

46როდესაც იონათანმა და ხალხმა ეს სიტყვები მოისმინეს, არ ერწმუნენ მათ, არც მიიღეს, რადგან ახსოვდათ დიდი სიავე, ისრაელში რომ ჩაიდინა დემეტრიოსმა და სასტიკად შეაჭირვა ისინი.

47ხოლო ალექსანდრესთან კავშირი სასიკეთოდ მიიჩნიეს, რადგან მან შესთავაზა პირველად მშვიდობის სიტყვა და მასთან ერთად იბრძოდნენ მრავალი ხნის განმავლობაში.

48შეკრიბა მეფე ალექსანდრემ დიდი ჯარი და დადგა დემეტრიოსის პირისპირ.

49შეებრძოლა ერთმანეთს ორი მეფე, უკუიქცა დემეტრიოსის ლაშქარი, მისდია მას ალექსანდრემ და სძლია მას.

50ძალზე გაასასტიკა ბრძოლა მზის ჩასვლამდე და დაეცა იმ დღეს დემეტრიოსი.

51ალექსანდრემ ეგვიპტის მეფე პტოლემეოსთან გაგზავნა ელჩები და დააბარა შემდეგი სიტყვები სათქმელად:

52როდესაც დავბრუნდი ჩემს სამშობლოში, დავჯექი ჩემი მამა-პაპის სამეფო ტახტზე, ხელში ავიღე ხელმწიფება, ვძლიე დემეტრიოსს და განვაგე ჩვენი ქვეყანა,

53შევები მას, დამარცხდა იგი თავისი ბანაკითურთ და დავჯექი მის სამეფო ტახტზე.

54ახლა კი დავუმოყვრდეთ ერთმანეთს და მომეცი ახლა შენი ქალიშვილი ცოლად. დაგიმოყვრდები და შენცა და მასაც შენს საკადრის საჩუქრებს გიძღვნით.

55მიუგო მას მეფე პტოლემეოსმა, თქვა: კურთხეულია დღე, როცა დაბრუნდი მამა-პაპის ქვეყანაში და მასამეფო ტახტზე დაბრძანდი.

56ახლა აგისრულებ, რაც მომწერე. ოღონდ შემეგებე პტოლემაისში, რათა ვიხილოთ ერთმანეთი, და დაგიმოყვრდები, როგორც შენ თქვი.

57გამოვიდნენ ეგვიპტიდან თვითონ პტოლემეოსი და კლეოპატრა, მისი ასული, და ჩავიდნენ პტოლემაისში ასსამოცდამეორე წელს.

58შეეგება მას მეფე ალექსანდრე და მისცა მას კლეოპატრა, თავისი ასული. პტოლემაისში გადაუხადა მას დიდებული ქორწილი, როგორც მეფეებს ეკადრებოდათ.

59მისწერა მეფე ალექსანდრემ იონათანს, წამოსულიყო მის შესახვედრად,

60და ისიც დიდებით გაემგზავრა პტოლემაისისკენ და შეხვდა ორ მეფეს. უძღვნა მათ და მათ მეგობრებს ვერცხლი და ოქრო, და უხვი მოსაკითხავი და ჰპოვა მადლი მათ წინაშე.

61შეითქვა მის წინააღმდეგ ღვარძლიანი ხალხი ისრაელიდან, რჯულსგანმდგარი კაცები, და დააბეზღეს ის, მაგრამ არ შეიწყნარა ისინი მეფემ.

62გასცა მეფემ განკარგულება, გაეხადათ იონათანისთვის მისი ტანისამოსი და ძოწეულით შეემოსათ იგი. ასეც გააკეთეს.

63გვერდით მოისვა ის მეფემ და უთხრა თავის მთავრებს: მასთან ერთად გამოდით შუა ქალაქში და გამოაცხადეთ, რომ არც ერთ საქმეში არ დააბეზღონ იგი და არც არავინ შეაწუხოს ის რაიმეს გამო.

64როცა დაინახეს შემწამებლებმა მისი დიდება, თანახმად გამოცხადებულისა, და რომ ძოწეული მოსავს მას, მიმოიფანტნენ ყველანი.

65განადიდა იგი ხელმწიფემ, შერაცხა უახლოეს მეგობრად და მიანიჭა მას სარდლობა და მხარის უფროსობა.

66დაბრუნდა იონათანი იერუსალიმში მშვიდობითა და სიხარულით.

67ასსამოცდამეხუთე წელს კრეტადან გაემართა დემეტრიოსი, ძე დემეტრიოსისა, თავისი მამა-პაპის ქვეყნისკენ.

68შეიტყო მეფე ალექსანდრემ, დამწუხრდა მეტად და ანტიოქიაში გაბრუნდა.

69დემეტრიოსმა სარდლად დანიშნა აპოლინიოსი, რომელიც კოილეს სირიის მთავარი იყო. შეკრიბა დიდძალი ლაშქარი და დაბანაკდნენ იამნიასთან. ასე შეუთვალა მღვდელმთავარ იონათანს:

70შენ ხარ ერთადერთი, რომ გვეწინააღმდეგები ჩვენ; დასაცინი და გასაკიცხი შევიქენი შენს გამო, რისთვის გვემალები მთებში?

71ახლა კი, შენი ჯარების თუ გეიმედება, ჩამოდი ჩვენთან, ვაკეზე, და აქ გამოვცადოთ ერთმანეთი, რადგან ჩემთანაა ქალაქთა ძალა.

72მკითხე და გაიგე, თუ ვინა ვარ მე და ვინ არიას დანარჩენი ჩემი თანამდგიამნი; გეტყვიან, რომ ვერ დაგვიდგებით ჩვენ, რადგან ორგზის უკუქცეულა შენი მამა-პაპა თავისი ქვეყნისკენ.

73ახლა შენ ვეღარ დაუდგები ცხენოსან ლაშქარს ვაკეზე, სადაგ არც ქვაა, არც ხეობა, არც გასაქცევი ადგილი.

74როგორც კი გაიგო იონათანმა აპოლონიოსის სიტყვები, დაიძრა განრისხებული. აარჩია ათიათასი კაცი და გამოემართა იერუსალიმიდან. შეეგება მას სიმონი, მისი ძმა, მისაშველებლად.

75იაფოსთან დაბანაკდა, მაგრამ ქალაქის ხალხმა ჩაუკეტა კარიბჭეები, რადგახ აპოლონიოსის დაცვა იდგა იაფოში; და შეებრძოლენ მას.

76შეეშინდა ქალაქის ხალხს და გაიღო კარიბჭეები, და აიღო იონათანმა იაფო.

77როცა შეიტყო ეს აპოლონიოსმა, შეჰყარა სამი ათასი მხედარი და დიდი ლაშქარი, და დაიძრა აშდოდისკენ, თითქოს თავს არიდებსო. სინამდვილეში კი ვაკეზე გავიდა, რადგან ურიცხვი ცხენი ჰყავდა და ამის იმედი ჰქონდა.

78მისდია მას იონათანმა აშდოდისკენ და შეეტაკნენ ერთმანეთს ჯარები.

79მათ ზურგში აპოლონიოსს ჰყავდა ათასი მხედარი, ფარულად დატოვებული.

80მიხვდა იონათანი, რომ მის ზურგში მტერი იყო ჩასაფრებული, რადგან მომწყვდეული ჰყავდათ მისი ჯარი და დილიდან შეღამებამდე ესროდნენ მის ხალხს ისრებს.

81ხალხი კი იდგა, როგიარც იონათანმა დააწყო. დაიქანცნენ მათი ცხენოსნები.

82წინ გაიყვანა სიმონმა თავისი ჯარი და შეება რაზმებს; ცხენოსნები კი დაიღალნენ, იძლივნენ მათ მიერ და უკუიქცნენ.

83ცხენოსნები დაიფანტნენ ვაკეზე, აშდოდისკენ გაიქცნენ და შეცვივდნენ ბეთ-დაგონში, თავიანთ საკერპოში თავის გადასარჩენად.

84გადაწვა იონათანმა აშდოდი და მისი გარეშემო ქალაქები. მოხვეტა ნადავლი, დაგონის ტაძარი კი ლტოლვილებთან ერთად ცეცხლში დაწვა.

85მახვილით დაცემულები გადაბუგულებთან ერთად რვაათას კაცამდე იყო.

86დაიძრა იქიდან იონათანი და აშკელონს შემოადგა; გამოვიდნენ ქალაქიდან მის შესახვედრად დიდი პატივით.

87დაბრუნდა იონათანი თავის თანამდგომებთან იერუსალიმში დიდძალი ნადავლითურთ.

88როგა გაიგო მეფე ალექსანდრემ ეს ამბები, კიდევ მეტად განადიდა იონათანი.

89გაუგზავნა მას ოქროს ბალთა, როგორსაც, ჩეეულებრივ, მეფეთა ნათესავებს უძღვნიდნენ ხიალმე; უბოძა ყეკრონი მთელი მისი მიწა-წყლითურთ სამემკვიდრეოდ.


წინა თავი შემდეგი თავი