მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მაკაბელთა*
თავი 12

1როცა დაინახა იონათანმა, რომ დაუდგა შესაფერი ჟამი, ამოირჩია კაცები და გაგზავნა რომში მათთან მეგობრობის განსამტკიცებლად და განსაახლებლად.

2ასეთივე წერილები დაგზავნა სპარტაში და ყველა მხარეში.

3გაემართნენ რომისკენ. შევიდნენ საბჭოში და თქვეს: მღვდელმთავარმა იონათანმა და იუდაელმა ხალხმა მოგვავლინა ჩვენ ერთმანეთს შორის ძველი მეგობრობისა და მოკავშირეობის განსაახლებლად.

4მისცეს მათ წერილები, ყოველი მხარის გამგებელთა მიმართ მიწერილი, რათა მშვიდობით გაესტუმრებინათ ისინი იუდას ქვეყანაში.

5აი, ასლი წერილისა, რომელიც მისწერა იონათანმა სპარტელებს:

6მღვდელმთავარი იონათანი, ერის უხუცესნი, მღვდლები და დანარჩენი იუდაელი ხალხი სპარტელებს, ძმებს, მოგიკითხავთ.

7ჯერ კიდევ წინანდელ დროში თქვენი მეფის, არეიოსის მიერ მღვდელმთავარ ონიასთან გამოგზავნილი ყოფილა წერილი, რომ თქვენ ჩვენი ძმები ხართ, როგორც ამას ასლი წარმოგვიდგენს.

8პატივით მიიღო ონიამ გამოგზავნილი კაცი და გამოართვა წერილი, რომელიც ნათლად მოწმობდა მოკავშირეობასა და მეგობრობას.

9თუმცა ჩვენ ახლა ეს აღარ გვჭირდება, რადგან გასამხნევებლად ხელთ წმიდა წიგნები მოგვეპოვება.

10გადავწყვიტეთ თქვენთვის გამოგვეგზავნა წერილი ძმობისა და მეგობრობის განსაახლებლად, რათა არ გაგიუცხოვდეთ, რადგან მრავალ დროებას ჩაუვლია მას შემდეგ, რაც მოგვწერეთ.

11ჩვენ ახლა ყოველ დროს, დღესასწაულებშიცა და დანარჩენ სადაგ დღეებშიც გიხსენებთ თქვენ აღსავლენის შეწირვისას და ლოცვებში, რადგან ჯერ არს და ხამს ძმების გახსენება.

12თქვენი დიდებით გახარებულნი ვართ,

13თუმცა ჩვენ უზომო გასაჭირით და ხშირი ომებით ვიყავით გარემოცულნი; გვებრძოდნენ ჩვენ გარეშემო მეფეები.

14მაგრამ არ გვსურდა თქვენი და ჩვენი დანარჩენი მოკავშირეებისა და მეგობრეხის შეწუხება იმ ომებში;

15რადგან ციდან გვქონდა შეწევნა და ჩვენ ბევრჯერ გადავრჩენილვართ მტრების ხელიდან, ჩვენი მოძულენი კი დათრგუნულან.

16ახლა ავირჩიეთ ნუმენიოსი, ანტიოქოსის ძე, და ანტიპატროსი, იასონის ძე, და გამოვგზავნეთ რომაელებთან, რათა განვაახლოთ მათთან მეგობრობა და წინანდელი მოკავშირეობა.

17დავავალეთ მათ თქვენთან გამომგზავრებაცა და თქვენი მოკითხვაც; აგრეთვე, რომ გადმოგცენ ჩვენი წერილი ჩვენი ძმობის განახლების თაობაზე.

18ახლა კარგს იზამთ, თუ გვიპასუხებთ ამაზე.

19აი, ასლი წერილისა, რომელიც გაუგზავნეს ონიას:

20არეიოსი, მეფე სპარტელთა, მღვდელმთავარ ონიას მოგიკითხავ.

21წერილში აღმოჩნდა, რომ სპარტელები და იუდაელები ძმები და აბრაამის მოდგმისანი არიან.

22ახლა, რაკი ეს ამბავი შევიტყვეთ, კარგს იზამთ, თქვენს კეთილდღეობაზე თუ მოგვწერთ.

23ხოლო ჩვენ გწერთ, რომ თქვენი ცხვარ-ძროხა და ქონება ჩვენია, ჩვენი კი - თქვენი. ნაბრძანები გვაქვს, გაცნობოთ ეს ამბავი.

24გაიგო იონათანმა, რომ დაბრუნდნენ დემეტრიოსის მთავრები წინანდელზე მეტად ურიცხვი ლაშქრით მათთან საომრად.

25გამოვიდა იერუსალიმიდან და დახვდა მათ ხამათის მხარეში და არ შეუშვა თავის მიწა-წყალზე.

26გაგზავნა მზვერავები მათი ბანაკისაკენ; დაბრუნდნენ და მოახსენეს, რომ ღამით ამზადებდნენ მათზე თავდასხმას.

27როცა მზე ჩაესვენა, იონათანმა უბრძანა თავისთან მყოფებს, ეფხიზლათ და იარაღასხმულნი მდგარიყვნენ, რომ მზად ყოფილიყვნენ ომისათვის მთელი ღამის განმავლობაშა და გუშაგებიც დააყენა ბანაკის გარშემო.

28შეიტყვეს მოწინააღმდეგეებმა, რომ მზად არიან საომრად იონათანი და მასთან მყოფნიც. შეშინდნენ, გულები შეუდრკათ, კოცონები დაანთეს ბანაკში და უკუიქცნენ.

29ხოლო იონათანს და მასთან მყოფებს დილამდე არ გაუგიათ ეს, რადგან ხედავდნენ ანთებულ ცეცხლებს.

30მისდია მათ უკან იონათანმა, მაგრამ ვერ მიეწია, რადგან მდინარე ელეფთეროსს გაღმა იყვნენ გასულნი.

31მაშინ არაბებს გადაწვდა იონათანი, რომლებიც ზაბადეიანებად იწოდებოდნენ, სძლია მათ და მოხვეტა ნადავლი.

32მერე აიყარა და მიადგა დამასკოს, და გაიარა მთელი ის მხარე.

33სიმონი კი გაეშურა და იარა აშკელონამდე და მახლობელ ციხე-სიმაგრეებამდე, შემდეგ გაუხვია იაფოში და აიღო იგი,

34რადგან გაიგო, რომ იქაურებს სურდათ ციხე-სიმაგრე დემეტრიოსთან მყოფთათვის გადაეცათ. ჩააყენა იქ ჯარი მის დასაცავად.

35დაბრუნდა იონათანი, მოუხმო ხალხის უხუცესებს და მოითათბირა მათთან, რომ აეგოთ სიმაგრეები იუდაში,

36აემაღლებინათ იერუსალიმის კედლები და აღემართათ დიდი ზღუდე ციხე-სიმაგრესა და ქალაქს შორის, რათა გამოეყოთ ის ქალაქისგან, რომ ცალკე ყოფილიყო და შემწყდარიყო მათ შორის ყიდვა-გაყიდვა.

37შეიკრიბნენ ქალაქის ასაშენებლად და აღადგინეს ჩანგრეული კედელი ხევთან, აღმოსავლეთით, ხაფენათად წოდებული.

38ხოლო სიმონმა ააგო, ადიდა შეფელაში, გაამაგრა ის და დაუყენა ურდულებიანი კარიბჭე.

39ტრიფონი კი ცდილობდა, აზიის მეფე გამხდარიყო, გვირგვინი დაედგა და ხელი აღემართა მეფე ანტიოქოსზე.

40ეშინოდა, არ დაებრკოლებინა იგი იონათანს და ომი არ დაეწყო მის წინააღმდეგ. ამისთვის ცდილობდა მის შეპყრობას მოსაკლავად ადგა და ბეთ-შანისკენ გაემართა.

41გამოვიდა იონათანი მის დასახვედრად ორმოციათასი საბრძოლოდ მზადმყოფი კაცით და მიადგა ბეთ-შანს.

42როცა დაინახა ტრიფონმა. რომ იგი დიდძალი ლაშქრით არის მოსული, შეეშინდა, აღემართა ხელი მასზე.

43ამიტომ პატივით მიიღო იგი და წარუდგინა ყველა თავის მეგობარს, უბოძა საჩუქრები და უბრძანა თავის მეგობრებსა და ლაშქარს, დამორჩილებოდნენ, როგორც თავად მას მორჩილებდნენ.

44უთხრა იონათანს: რისთვის გასარჯე მთელი ეს ხალხი, თუ ომი არ გველის?

45მაშ, გაუშვი ახლა ისინი თავ-თავიანთ სახლებში, შენთვის კი აარჩიე რამდენიმე კაცი, ვინც შენთან დარჩება და ერთად გავემგზავროთ პტოლემაისისკენ. ჩაგაბარებ მას და დანარჩენ ციხე-სიმაგრეებს, დანარჩენ ჯარებს და ყველა გამგებელს; მერე კი შინ გავბრუნდები. ამის გულისთვის ვიმყოფები აქ.

46ერწმუნა მას და ისე მოიქცა, როგორც უთხრა. დაითხოვა ჯარები და წავიდნენ იუდას ქვეყნისკენ.

47თავისთან კი დაიტოვა სამიათასი კაცი, რომელთაგან ორი ათასი გალილეაში დარჩა, ათასი კი მას გაჰყვა.

48როცა იონათანი პტოლემაისში შევიდა, ჩაკეტეს კარიბჭეები პტოლემაისელებმა და შეიპყრეს იგი და ყველა, ვინც მასთან ერთად იყო შესული, მახვილით დახოცეს.

49გაგზავნა ტრიფონმა ჯარები და ცხენოსნები გალილეაში და დიდ ვაკეზე, რომ გაეწყვიტათ ყველანი, იონათანის თანამდგომნი.

50მაგრამ როცა გაიგეს მათ, რომ შეპყრირილია იონათანი, მისი ხალხი კი დახოცილი, გაამხნევეს ერთმანეთი და დაიძრნენ საომრად შემართულნი.

51მდევრებმა დაინახეს, რომ ბრძოლა სამკვდრო-სასიცოცხლო იქნებოდა, და უკუიქცნენ.

52დაბრუნდნენ ყველანი მშვიდობით იუდას ქვეყანაში და დაიტირეს იონათანი და მისი ხალხი; ძალზე შეშინებული იყო და დიდი მოთქმით მოთქვამდა მთელი ისრაელი.

53მათ ირგვლივ მოსახლე ყველა ხალხი ცდილობდა მათ განადგურებას, რადგან ამბობდნენ, აღარ ჰყავთ არც წინამძღვარი და არც მშველელიო. მაშ, ახლა ვეკვეთოთ და წარვხოცოთო კაცთა შორის მათი სახსენებელი.


წინა თავი შემდეგი თავი