მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მაკაბელთა*
თავი 13

1გაიგო სიმონმა, რომ შეუკრებია ტრიფონს დიდძალი ჯარი იუდას ქვეყანაზე გასალაშქრებლად და მის გასანადგურებლად.

2დაინახა, რომ ხალხი დამფრთხალი და შეშინებული იყო, და წავიდა იერუსალიმში და შეკრიბა ხალხი.

3გაამხნევა ისინი და მიმართა მათ: თქვენ თვითონ ნახეთ ყოველი, რაც მე და ჩვმს ძმებს და მამაჩემის სახლს გაგვიკეთებია რჯულის საქმეთათვის და სამსხვერპლოსთვის. გახსოვთ ომებიცა და დარბევებიც, რაც გადაგვიტანია.

4ამ ამბებში დაიღუპა ყველა ჩემი ძმა ისრაელისთვის, მე ერთიღა დავრჩი.

5ახლა სიცოცხლეს არ დავზოგავ, რა გასაჭირიც უნდა მედგას, რადგან ჩემს ძმებზე უკეთესი არა ვარ.

6მაგრამ ვიძიებ შურს ჩემი ერისთვის და საწმიდარისთვის, და თქვენი ცოლ-შვილისთვის, რადგან სიძულვილით შეთქმულა ყოველი ხალხი ჩვენს მოსასპობად.

7სულით აინთო ხალხი, ეს სიტყვები რომ მოისმინა.

8მიუგეს და ხმამაღლა უთხრეს: შენა ხარ ჩვენი წინამძღოლი ნაცვლად იუდასი და იონათანისა, შენი ძმისა.

9გადაიხადე ჩვენი ომი და ყოველივეს, რასაც კი გვეტყვი, შევასრულებთ.

10მაშინ თავი მოუყარა მთელს მხედრობას და დააჩქარა იერუსალიმის კედლების შეკეთება და გაამაგრეს ყოველი მხრიდან.

11გააგზავნა იონათანი, ძე აბესალომისა და მასთან ერთად საკმარისი ჯარი იაფოში, გამორეკა იქ მყოფნი და დადგა იქ.

12ტრიფონი კი გამოემართა პტოლემაისიდან დიდძალი ლაშქრით იუდას ქვეყანაში შესასვლელად; იონათანიც მასთან ერთად მოჰყავდა ყარაულით.

13სიმონი კი ადიდაში, დაბლობის წინ დაბანაკდა.

14მიხვდა ტრიფონი, რომ აღდგა სიმონი იონათანის, თავის ძმის ნაცვლად, და გადაწყვეტილი აქვს მასთან ბრძოლა. გაუგზავნა ელჩები, შეუთვალა:

15იმ ვერცხლის გამო დავაკავეთ იონათანი, შენი ძმა, რომელიც მან სამეფო ხაზინიდან ისესხა საჭიროებისთვის.

16ახლა კი გამოგზავნე ასი ვერცხლის ტალანტი და მისი ორი ვაჟი მძევლად, რომ არ გაბედოს ჩვენზე აღდგომა, და გამოვუშვებთ მას.

17მიხვდა სიმონი, რომ მზაკვრულად ელაპარაკებიან, მაგრამ გაგზავნა ვერცხლი და ბავშვები, რომ ხალხის სიძულვილი არ გამოეწვია;

18არ ეთქვა ხალხს: ვერცხლი და ბავშვები რომ არ გაუგზავნა სიმონმა, იმიტომ დაიღუპა იონათანიო.

19და გაუგზავნა ბავშვები და ასი ტალანტი. მაგრამ მოატყუა ტრიფონმა და არ გაუშვა იონათანი.

20ამის მერე მოვიდა ტრიფონი, რომ შესეოდა ქვეყანას და გაენადგურებინა. მან ადორის გზით მოუარა, სიმონი და მისი ლაშქარი კი მიჰყვებოდა ყველგან, საითაც გაემართებოდა.

21ციხეში მყოფთ გაგზავნეს ელჩები ტრიფონთან, რომ წამოსულიყო მათკენ უდაბნოს გავლით და საკვები გამოეგზავნა მათთვის.

22გაამზადა ტრიფონმა ცხენოსნები წასასვლელად, მაგრამ იმ ღამეს უზომოდ დიდი თოვლი მოვიდა და ვეღარ გაემგზავრნენ თოვლის გამო. ადგა და გალაადისკენ წავიდა.

23როცა ბასკამას მიუახლოვდა, მოკლა იონათანი და იქ დამარხა.

24მერე გაბრუნდა ტრიფონი და თავის ქვეყნისკენ გაემართა.

25გაგზავნა სიმონმა ხალხი თავის ძმის, იონათანის, ძვლების ასაკრეფად და დამარხა ისინი მოდეინში, თავისი მამა-პაპის ქალაქში.

26დიდი გლოვით იგლოვა იგი მთელმა ისრაელმა და მწუხარებდნენ მრავალი დღის განმავლობაში.

27აღმართა სიმონმა ძეგლი თავისი მამისა და ძმების საფლავზე; აამაღლა იგი გამოსაჩენად თლილი ქვებით წინა მხრიდან და უკანა მხრიდან.

28დადგა შვიდი პირამიდა, ერთმანეთის პირისპირ, მამის, დედისა და ოთხი ძმისა.

29შეამკო სამკაულებით, შემოავლო დიდი სვეტები და სვეტებზე საჭურვლები ჩამოკიდა საუკუნო სახელისათვის, ხოლო საჭურველთა გვერდით - გამოქანდაკებული ხომალდები, რომ ყოველ ზღვაოსანს დაენახა.

30ეს სამარხი მოდეინში რომ გააკეთა, დღემდეა იქ.

31ამასობაში ტრიფონი ვერაგულად მოექცა ყმაწვილ მეფეს, ანტიოქოსს, და მოკლა იგი.

32გამეფდა მის ნაცვლად და აზიის გვირგვინი დაიდგა. დიდი უბედურება დაატეხა ქვეყანას.

33ხოლო სიმონმა ააშენა ციხე-სიმაგრეები იუდაში, შემოზღუდა მაღალი გოდლებით, დიდი კედლებით და ურდულებიანი კარიბჭეებით და მოამარაგა სარჩოთი სიმაგრეები.

34აარჩია სიმონმა კაცები და გაგზავნა მეფე დემეტრიოსთან, რომ ქვეყნისთვის შეღავათი მოეთხოვა მისგან, რადგან სულ ძარცვა-გლეჯაში იყო ტრიფონი.

35შემოუთვალა მას მედე დემეტრიოსმა ამ სიტყვებზე და მიუგო მას, ასეთი წერილი მისწერა:

36მეფე დემეტრიოსი სიმონ მღვდელმთავარს, მეფის მეგობარს, უხუცესებსა და იუდას ერს მოგიკითხავთ.

37მივიღეთ თქვენი გამოგზავნილი ოქროს გვირგვინი და პალმის რტო და მზადა ვართ, დავდოთ თქვენთან დიდი ზავი და მივწეროთ გადასახადების ზედამხედველვბს, რომ ხარკისგან გაგათავისუფლონ.

38ყოველივე, რაც თქეენ დაგიდგინეთ, უცვალებელი იყოს; სიმაგრეები, რომლებიც ააგეთ, თქვენვე გეპყრათ.

39გვიპატიებია თქვენთვის უგუნურებები და დანაშაულები, რაც დღემდე ჩაგიდენიათ, ხოლო გვირგვინის გადასახადი, რომელიც გმართებთ, და სხვა რამ ხარკი, რომელიც იკრიფებოდა იერუსალიმში, მეტად აღარ აიკრიფება.

40და, თუკი ვინმე თქვენიანი ჩვენს შორის ჩაწერის ღირსი აღმოჩნდება, ჩაიწერება. და იქნება ჩვენს შორის მშვიდობა.

41ასსამოცდამეათე წელს მოეხსნა წარმართის უღელი ისრაელს.

42ხალხმა ასე დაიწყო წერა სიგელებში და ხელშეკრულებებში: სიმონის, დიდი მღვდელმთავრის, ერისმთავრისა და იუდაელთა წინამძღოლის პირველ წელსო.

43იმ დღეებში დაბანაკდა სიმონი გაზარასთან და ალყა შემოარტყა მას, გააკეთა საალყო მანქანა და ქალაქს მიუახლოვდა. შელეწა ერთი გოდოლი და აიღო.

44გამოცვივდნენ მანქანაში მყოფნი ქალაქისკენ და შეიქნა დიდი მღელვარება ქალაქში.

45ქალაქელები თავიანთი ცოლ-შვილით კედელზე ავიდნენ, შემოიხიეს ტანისამოსი და ხმამაღლა აყვირდნენ, უხმობდნენ სიმონს, რომ მარჯვენა მიეცა მათთვის.

46თქვეს: ნუ მოგვაგებ ჩვენ ჩვენს ბოროტებათა წილ, არამედ შენი მოწყალების მიხედვით მოგვექციო.

47შეიბრალა ისინი სიმონმა და აღარ შეებრძოლა მათ; მაგრამ გამორეკა ისინი ქალაქიდან და გაწმიდა სახლები, რომლებშიც კერპები იყო. ასე შევიდა იქ საგალობლებითა და კურთხევით.

48განაგდო იქიდან ყოველი უწმიდურება და ჩაასახლა იქ რჯულის მიმდევარი ხალხი, გაამაგრა იგი და იქ აიშენა თავისთვის სამყოფელი.

49იერუსალიმის ციხეში მყოფებს კი ნებას არ აძლევდნენ, ქვეყნიდან გასულიყვნენ და ქვეყანაში შესულიყვნენ სავაჭროდ; ძალზე შიმშილობდნენ და მათგან ბევრი დაიღუპა შიმშილით.

50და შეჰღაღადეს სიმონს, რომ მიეცა მათთვის მარჯვენა და მანაც გაუწოდა მარჯვენა. გამოყარა ისინი იქიდან და გაწმიდა ციხე სიბილწეთაგან.

51ასსამოცდამეთერთმეტე წელს, მეორე თვის ოცდამესამე დღეს, შევიდა იგი ქება-დიდებითა და ბაიის რტოებით, ქნარებითა და წინწილებით და სტვირებით, საგალობლებით და სადიდებლებით, რადგან იძლია დიდი მტერი ისრავლისა.

52დააწესა, რომ იზეიმონ ეს დღე ყოველ წელიწადს სიხარულით. გაამაგრა ტაძრის ბორცვი ციხის გვერდით და დასახლდა იქ თავის თანამდგომებთან ერთად.

53დაინახა სიმონმა, რომ დაკაცდა მისი ვაჟი იოანე და ჩააბარა მას მთელი ლაშქრის წინამძღოლობა. და დასახლდა გაზარაში.


წინა თავი შემდეგი თავი