მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მაკაბელთა*
თავი 16

1ჩამოვიდა იოანე გაზარადან და მოუთხრო სიმონს, თავის მამას, რაც კენდებეოსმა ჩაიდინა.

2უხმო სიმონმა თავის ორ ვაჟს, იუდასა და იოანეს, და უხუცესებს და უთხრა მათ: მეც, ჩემი ძმებიცა და მამაჩემის სახლიც ვებრძოდით ისრაელის მტრებს ყმაწვილობიდან დღევანდელ დღემდე და ბევრჯერ კეთილად წარიმართა ჩვენი ხელით ისრაელის ხსნა.

3ახლა მოვხუცდი, თქვენ კი ღვთის წყალობით სრულ ასაკს მიაღწიეთ. მაშ, გასწიეთ ჩემი და ჩემი ძმის მაგივრობა, წადით და იბრძოლეთ ჩვენი ერისთვის. ზეციდან იყოს თქვენი შეწევნა.

4აარჩია ქვეყნიდან ოციათასი მეომარი, ქვეითი და მხედარი, და გაემართნენ კენდებეოსის წინააღმდეგ. მოდეინში გაათენეს.

5დილით ადგნენ და ვაკეზე დაეშვნენ და, აჰა, დიდძალი ლაშქარი მოდის მათ შესახვედრად - ქვეითნი და ცხენოსანნი. მათ შორის კი მდინარე იყო.

6და დაიძრნენ მათ წინააღმდეგ თვითონ და მისი ხალხი. როცა დაინახა, რომ ხალხს ეშინოდა მდინარეზე გადასვლისა, თავად გადავიდა პირველი. შეხედეს მას მეომრებმა და უკან მიჰყვნენ.

7დაანაწილა ხალხი და დააყენა მხედრები ქვეითთა შორის. მტრის მხედრობა კი მეტად მრავალრიცხოვანი იყო.

8ბუკსა ჰკრეს და უკუიქცა კენდებეოსი და მისი ლაშქარი, და დაეცა მათგან მრავალი დაჭრილი. გადარჩენილები კი სიმაგრისაკენ გაიქცნენ.

9მაშინ დაიჭრა იუდა, იოანეს ძმა. ხოლო იოანე ედევნებოდა მათ, ვიდრე არ მიაღწია კედრონს, რომელიც მან ააშენა.

10მათ კი თავი შეაფარეს გოდლებს აშდოდის სანახებში, მაგრამ მან გადაწვა ისინი ცეცხლით; მოისრა მათგან ორიათასამდე კაცი და მშვიდობით დაბრუნდა იოანე იუდაში.

11ხოლო პტოლემეოსი, ძე აბუბოსისა, იერიხონის ვაკეზე იყო სარდლად განწესებული. უამრავი ვერცხლი და ოქრო ჰქონდა,

12რადგან მღვდელმთავრის სიძე იყო.

13გადიდგულდა და მოინდომა ქვეყნის დაპყრობა; მზაკვრულად განიზრახავდა სიმონის და მისი ვაჟების დაღუპვას.

14სიმონი ამ დროს ქვეყანაში ქალაქებს ათვალიერებდა და მათ საქმეებზე ზრუნავდა. ასსამოცდამეჩვიდმეტე წელს, მეთერთმეტე თვეს, რომელიც არის შებატის თვე, გადავიდნენ იერიხონში მატათია და იუდა - მისი ვაჟები.

15აბუბოსის ძემ ვერაგულად მიიღო ისინი თავის აშენებულ პატარა სიმაგრეში, რომელსაც დოკი ერქვა. გაუმართა მათ დიდი ლხინი, თან კაცები ჰყავდა იქ ჩასაფრებული.

16როცა სიმონი და მისი ვაჟები დათვრნენ, წამოდგნენ პტოლემეოსი და მასთან მყოფნი, აიღეს იარაღი და ნადიმის დროს თავს დაესხნენ სიმონს და მოკლეს იგი და მისი ორი ვაჟი, და რამდენიმე მისი მსახური.

17დიდი მზაკვრობა ჩაიდინა და სიკეთის წილ ბოროტი მიუზღო.

18დაწერა ეს ამბავი პტოლემეოსმა და სთხოვა მეფეს, მოეშველებინა მისთვის ძალები დასახმარებლად და ჩააბარებდა მას მათ ქვეყანასა და ქალაქებს.

19ზოგიც გაზარაში გაუშვა იოანეს მოსაკლავად. ხოლო ათასისთავებთან წერილები დაგზავნა, წარმდგარიყვნენ მის წინაშე, რათა მიეღოთ მისგან ოქრო-ვერცხლი და საჩუქრები.

20ზოგნი იერუსალიმის და ტაძრის მთის ასაღებად მიავლინა.

21ვიღაც ლტოლვილმა აუწყა იოანეს გაზარაში, დაიღუპნენ შენი მამა და მისი ძმები, და შენს მოსაკლავადაც გამოგზავნესო კაცები.

22ეს რომ მოისმინა, შეშფოთდა მეტად. შეიპყრო მის მოსაკლავად მოსული კაცები და დახოცა, რადგან მიხვდა, რომ მისი დაღუპვა ეწადათ.

23იოანეს დანარჩენი ამბები, მისი ომები და საგმირო საქმენი, რომლებიც ჩაიდინა, მშენებლობა კედლებისა, რომლებიც აღმართა, და ყოველი მისი ღვაწლი,

24მისი მღვდელმთავრობის მატიანეშია ჩაწერილი იმ დროიდან, რაც მღვდელმთავრად დადგა მამამისის შემდეგ.


წინა თავი