მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მაკაბელთა*
თავი 2

1იმ დღეებში აიძრა იერუსალიმიდან მატათია, ძე იოანესი, ძისა სიმონ მღვდლისა, იოარიბიანთაგან, და მოდეინში დასახლდა.

2ჰყავდა მას ხუთი ვაჟი: იოანე, მეტსახელად გადი,

3სიმონი, მეტსახელად თასი,

4იუდა, მეტსახელად მაკაბელი,

5ელეაზარი, მეტსახელად აუარანი, და იონათესი, მეტსახელად აპფუსი.

6იხილა მკრეხელობანი, რომელნიც გავრცელდა იუდასა და იერუსალიმში,

7და თქვა: ვაიმე, რატომ გავჩნდი ჩემი ხალხის დაქცევისა და წმიდა ქალაქის იავარქმნის სახილველად! რატომ ვზივარ აქ, როცა იგი მტრის ხელშია გადაცემული და სამსხვერპლო უცხოთა ხელში?

8გამოჩნდა მისი ტაძარი, როგორც კაცი ვინმე შეურაცხი.

9შესამოსელი მისი დიდებისა მიტაცებულია, მისი ჩვილები მისსავე ქუჩებში დახოცეს და მისი ყმაწვილები მტრის მახვილით არიან განგმირულნი.

10ვინ აღარ მიიღო სამემკვიდრეოდ მისი სამეფო და ვინ არ დაეპატრონა მის მონაგარს.

11მთელი მისი სამკაული წაღებულია, თავისუფლების ნაცვლად მონა შეიქნა.

12და აჰა, ჩვენი სიწმიდეები, ჩვენი მშვენება და სახელი გატიალდა, წარმართებმა წაბილწეს.

13რაღასთცის გვინდა კიდევ სიცოცხლე?

14შემოიგლიჯეს მატათიამ და მისმა ვაჟებმა ტანისამოსი, ჯვალო ჩაიცვეს და მწარედ ტიროდნენ.

15მაშან მივიდნენ მოდეინში მეფის მოხელენი, რათა აეძულებინათ ხალხი, მსხვერპლი შეეწირათ კერპებისთვის.

16ისრაელიდან ბევრი შეუერთდა მათ.

17მიუგეს მეფის წარგზავნილებმა და უთხრეს მატათიას, თქვეს: წინამძღოლი, პატივდებული და დიდი კაცი ხარ ამ ქალაქში, ვაჟებითა და ძმებით ძლივრი;

18ახლა პირველი წადი და აასრულე მეფის ბრძანება, მოიქეცი, როგორც ყველა წარმართი, იუდას ხალხი და იერუსალიმში დარჩენილები მოიქცნენ, და გახდებით შენ და შენი შვილები მეფის მოყვარეები და პატივნაცემი იქნებით შენ და შენი შვილები ვერცხლით, ოქროთი და მრავალი ძღვენით.

19პასუხი გასცა მატათიამ და თქვა ხმამაღლა: მეფის სამეფო სახლის ყველა ხალხიც რომ დაემორჩილოს მას, ყველა სათითაოდ რომც განუდგეს თავისი მამა-პაპის რჯულს, და მისი მცნებები ამჯობინონ,

20მე მაინც დავრჩები მამა-პაპის აღთქმაში ჩემს ვაჟებთან და ძმებთან ერთად.

21შორს იყოს ჩვენგან მცნებებისა და რჯულის დატოვება.

22მეფის სიტყვებს არ დავემორჩილებით, არ გადავუხვევთ ჩვენს რჯულს არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.

23დაასრულა ამ სიტყვების თქმა და წინ გამოვიდა ერთი იუდაელი ვაცი, რომ ყველას თვალწინ ბომონზე მსხვერპლი შეეწირა მოდეინში მეფის ბრძანებისამებრ.

24დაინახა ეს მატათიამ და შურით აღინთო და გული აემღვრა, განრისხებული მივარდა მას და ბომონს დააკლა.

25იქვე მიაკლა მეფის კაციც, რომელიც მსხვერპლის შეწირვას აიძულებდა; სამსხვერპლოც მილეწა.

26შურით აღინთო რჯულის გულისთვის, როგორც ფინხასი მოიქცა ზიმრი შალომის ძის წინააღმდეგ.

27მოუწოდა მატათიამ ქალაქს დიდი ხმით, ამბობდა: რჯულისთვის და მცნებებისთვის ყველა მოშურნე გამოვიდეს ჩემს წინაშე!

28შემდეგ გაიქცნენ ის და მისი ვაჟები მთაში და მიატოვეს ყველაფერი, რაც ქალაქში ებადათ.

29მაშინ მრავალნი, სამართლისა და მსჯავრის მოშურნენი, გავიდნენ უდაბნოში, რათა იქ დასახლებულიყვნენ.

30თავად ისინი, მათი ვაჟები, მათი ცოლები და მათი ნახირი, რადგან მძლავრობდა მათზე ბოროტება.

31მეფის ხალხსა და ჯარებს, რომლებიც იერუსალიმში, დავითის ქალაქში იდგნენ, ემცნოთ, რომ ხალხი, რომელმაც უგულებელყო მეფის ბრძანება, უდაბნოს იდუმალ ადგილებს შეეფარა.

32ბევრნი დაედევნენ მათ და მიეწივნენ; განეწყვნენ მათ პირისპირ და შაბათ დღეს საომრად გაემზადნენ მათ წინააღმდეგ.

33ასე უთხრეს მათ: გამოდით, დაემორჩილეთ მეფის ბრძანებას და გადარჩებით.

34მაგრამ მათ მიუგეს: არც გამოვალთ, არც მეფის ბრძანებას შევასრულებთ და არც შაბათ დღეს არ შეურაცხვყოფთ.

35და დააჩქარეს ომი მათ წინააღმდეგ.

36ისინი კი არ შეპასუხებიან, მათთვის ქვაც არ უსრთლიათ და არც საფარი გადაუღობავთ.

37ამბობდნენ: ყველა დავიხოცებით ჩვენი სიმართლით. ცა და მიწაა მოწმე, რომ უსამართლოდ გვღუპავთო.

38ამგვარად დაესხნენ მათ შაბათ დღეს და დაიხოცნენ ისინი, მათი ცოლები, მათი შვილები და მათი ნახირი, ათასამდე კაცი.

39როცა გაიგეს ეს ამბავი მატათიამ და მისმა მეგობრებმა, დიდად დამწუხრდნენ მათ გამო.

40უთხრეს ერთიმეორეს: თუკი ყველანი ისევე მოვიქცევით, როგორც ჩვენი ძმები მოიქცნენ, და არ შევებმებით წარმართებს ჩვენი სიცოცხლისთვის, მალე აღგვგვიან მიწიდან.

41გადაწყვიტეს იმ დღეს და თქვეს: ყოველ კაცს, ვინც კი შაბათ დღეს დაგვესხმება თავს, შევებრძოლოთ. ისე ნუ გავწყდებით, როგორც ჩვენი ძმები გაწყდნენ სამალავებში.

42მაშინ შეუერთდა მათ ხასიდიანების საკრებულო, ისრაელის მაგარი მეომრები, ყველანი, რჯულისთვის თავგანწირვის მოშურნენი.

43ყველა, ვინც კი გასაჭირს გამოექცა, მათ შეუერთდა და მხარში ამოუდგა.

44შეკრიბეს ჯარი და დაამხეს ცოდვილნი თავიანთ მრისხანებაში და ურჯულო კაცები თავიანთ მძვინვარებაში. დარჩენილები კი წარმართებთან გაიქცნენ და თავს უშველეს.

45მოიარეს მატათიამ და მისმა მეგობრებმა და დაამხეს კერპები.

46წინდაუცვეთელი ბიჭები, ვინც კი ისრაელის საზღვრებში ნახეს, წინდაცვითეს იძულებით.

47განდევნეს ამპარტავნები და საქმე კეთილად წარიმართა მათ ხელში.

48ხელიდან გამოსტაცეს რჯული წარმართებს და მეფეს, და რქა ცოდვილს არ დაანებეს.

49მოაწია მატათიას აღსასრულის დღეებმა და უთხრა მან თავის ვაჟებს, ახლა ამპარტავნობა და გმობაა მოძალებული და დგება ჟამი გადატრიალებისა და რისხვის მძვინვარებისა.

50ახლა, შვილებო, შურით აღენთეთ რჯულისათვის და თავი დადეთ ჩვენი მამა-პაპის აღთქმისთვის.

51გაიხსენეთ მამა-პაპის საქმენი, რომლებიც ჩაიდინეს თავიანთ თაობაში, და მოიხვეჭთ დიდ პატივს და საუკუნო სახელს.

52განა აბრაამი განსაცდელში არ გამოჩნდა მორწმუნედ და მართალ კაცად არ შეირაცხა?

53იოსებმა მეტად მძიმე გასაჭირში დაიცვა მცნება და ეგვიპტის ბატონი შეიქნა;

54შურით აინთო ფინხასი, ჩვენი მამა, და საუკუნო მღვდლობის აღთქმა მიიღო;

55იესო ბრძანების აღსრულებისთვის გახდა ისრაელის მსაჯული;

56ხალხებს საკრებულოს წინაშე მოწმობისთვის ერგო სამკვიდრო ქვეყანაში;

57დავითს თავის მოწყალებისთვის ხვდა საუკუნო მეფობის ტახტი;

58ელია რჯულისადმი შურის გამო იქნა ცად აყვანილი;

59ხანანიამ, ყაზარიამ, მისაელმა ირწმუნეს და გადარჩნენ ცეცხლის ალში;

60დანიელი თავისი უბიწოების გამო გადაურჩა ლომების ხახას.

61და ასე, გაიხსენეთ თაობიდან თაობამდე, რომ მის მოიმედეთაგან შემწეობა არავის მოკლებია.

62ხოლო ცოდვილი კაცის სიტყვები ნუ შეგაშინებთ რადგან მისი დიდება ნეხვად და მატლად გადაიქცევა.

63დღეს აღზევებულია, ხვალ კი აღარსად ჩანს, რადგან მტვერს დაუბრუნდა და მისი ზრახვებიც გაცამტვერდა.

64შვილებო, განმტკიცდით და რჯულში გამხნევდით რადგან მისით მოიხვეჭთ პატივს.

65ახლა კი, აჰა, ვიცი, რომ სიმონი, თქვენი ძმა, გონიერი კაცია, ყოველთვის მას დაუჯერეთ, ის იქნება თქვენი მამა.

66იუდა მაკაბელი მაგარი მეომარი იყო სიჭრუკიდანვე. ის იქნება თქვენი ჯარის უფროსი და შეებრძოლება ხალხებს.

67თქვენ კი შემოიკრიბეთ გარშემო ყველა რჯულის დამცველი და თქვენი ხალხის შური იძიეთ.

68სამაგიერო მიაგეთ წარმართებს და გაუფრთხილდით რჯულის მცნებებს.

69შემდეგ აკურთხა ისინი და შეერთო მამა-პაპას.

70მიიცვალა ასორმოცდამეექვსე წელს და დაიმარხა მოდეინში, თავისი მამა-პაპის სამარხში, და დიდი გლოვით იგლოვა იგი მთელმა ისრაელმა.


წინა თავი შემდეგი თავი