მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მაკაბელთა*
თავი 4

1გორგიამ წაიყვანა ხუთიათასი ქვეითი და ათიათასი რჩეული მხედარი, და დაიძრა ღამით ლაშქარი,

2რათა თავს დასხმოდნენ იუდაელთა ბანაკს და მუსრი გაევლოთ მათთვის მოულოდნელად; მისი მეგზურები ციხე-სიმაგრიდან იყვნენ.

3შეიტყო იუდამ და გამოვიდა თავისი ლაშქრითურთ მეფის ჯართან შესაბმელად ემაუსში,

4როცა ჯარები ჯერ კიდევ შორს იყვნენ ბანაკიდან.

5შევიდა გორგია ღამით იუდას ბანაკში და ვერავინ ნახა იქ. მერე მთებში ეძებდა მათ, რადგან იფიქრა: გაგვექცაო ეს ხალხი.

6გათენებისთანავე გამოჩნდა იუდა ვაკეზე სამიათასი კაცით; ფარები და მახვილები არ ჰქონიათ, რადგან ასე ისურვეს.

7დაინახეს წარმართთა ბანაკი, ძლიერი და გამაგრებული, მხედრობით გარსშემორტყმული; ბრძოლებში გამოწრთობილნი იყვნენ ისინი.

8უთხრა იუდამ კაცებს, რომლებიც თან ახლდნენ მას: მათი სიმრავლისა ნუ შეგეშინდებათ და მათი შემართება ნუ დაგაფრთხობთ.

9გაიხსენეთ, როგორ გადარჩნენ ჩვენი მამები მეწამულ ზღვაში, როდესაც ჯარით გამოუდგა მათ ფარაონი.

10ახლა კი შევღაღადოთ მას, ვინძლო ინებოს ღმერთმა ჩვენი გადარჩენა და გაიხსენოს მამათა აღთქმა, და შემუსროს ეს ლაშქარი დღეს ჩვენს წინაშე.

11და გაიგოს ყოველმა ხალხმა, რომ არსებობს გამომსყიდველი და მხსნელი ისრაელისა.

12როდესაც უცხოთესლმა ააპყრო თვალი, დაინახეს ისინი, მათ წინააღმდეგ მომავლები,

13და გამოვიდნენ საომრად თავიანთი ბანაკიდან; მაშინ ბუკსა სცეს იუდას მხრიდან

14და შეუტიეს და სძლიეს წარმართებს, და დაბლობისკენ გააქციეს;

15ჩამორჩენილნი კი მახვილით განგმირეს; მისდიეს მათ გაზერამდე და ედომის ვაკემდე, აშდოდამდე და იამნიამდე. გაწყდა მათგან სამიათასამდე კაცი.

16მობრუნდა იუდა ლაშქართან ერთად მათი დევნიდან.

17და მიმართა ხალხს: ნუ დახარბდებით ნადავლს, რადგან წინ ომი გვიდევს.

18გორგია და მისი ჯარი ჩვენს ახლოს არიან, მთებში. ახლა განეწყვეთ მტრის წინააღმდეგ და შეებრძოლეთ მათ, ამის შეხდეგ გაბედულად იალაფეთ.

19ამ ლაპარაკში იყო, რომ რაღაც რაზმი გამოჩნდა მთიდან.

20დაინახეს, რომ მათი ჯარი გაქცეულია, ბანაკს კი ცეცხლს უკიდებენ; ადენილი კვამლიდან ჩანდა, რაც მოხდა.

21ამის მნახველთ თავზარი დაეცათ; ხოლო ვაკეზე საომრად გამზადებული იუდას ლაშქარი რომ დაინახეს,

22ყველანი ფილისტიმელთა ქვეყნისკენ გაიქცნენ.

23მაშინ მიბრუნდა იუდა ბანაკის გასაძარცვავად და მოხვეტეს დიდძალი ოქრო-ვერცხლი, იაკინთი და ზღვის პორფირი, დიდი დოვლათი.

24როდესაც უკან დაბრუნდნენ, გალობანი და ლოცვები აღავლინეს ცისკენ, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა მისი წყალობა.

25აღსრულდა ისრაელზე იმ დღეს დიდი ხსნა.

26ხოლო ვინც გადარჩა უცხოთესლთაგან, ეახლნენ და აუწყეს ლისიას ყოველივე, რაც მოხდა.

27როცა მოისმინა ეს, შეშფოთდა და დაღონდა, რადგან ისე არ წაუვიდა საქმე ისრაელს, როგორც მას სურდა, და არ ახდა ისე, როგორც მეფემ უბრძანა.

28მეორე წელს შეკრიბა სამოცი ათასი რჩეული კაცი და ხუთიათასი ცხენოსანი, რომ შებრძოლებოდნენ მათ.

29მივიდნენ ედომში და ბეთ-ცურში დაიბანაკეს; და დაუხვდა მათ იუდა ათიათასი კაცით.

30როცა დაინახა, რომ ძლიერი იყო მათი ლაშქარი, ილოცა და თქვა: კურთხეულ ხარ, მხსნელო ისრაელისა, რომელმაც შემუსრე ძლიერი მტერი შენი მორჩილის, დავითის ხელით, და უცხოთესლთა ჯარი ხელში ჩაუგდე იონათანს, საულის ძეს, და მის საჭურველთმტვირთველს.

31ასევე მოამწყვდიე ეს ლაშქარი შენი ერის, ისრაელის ხელში, რომ შერცხვენოდათ თავიანთი ჯარისა და მხედრობისა.

32აავსე ისინი სიმხდალით, დაადამბლავე მათი ძალა, და შეარყია ისინი მარცხმა.

33შემუსრე ისინი შენს მოყვარულთა მახვილით და საგალობლებში განგადიდებენ შენი სახელის მცნობელნი.

34შემდეგ ეკვეთნენ ერთმანეთს და დაეცა ლისიას ბანაკიდან ხუთი ათასამდე კაცი და გაწყდნენ მათ წინაშე.

35დაინახა ლისიამ თავისი ლაშქრის უკუქცეკა და იუდას მებრძოლთა სიმამაცე, თუ როგორ იყვნენ მზად, ან ეცოცხლათ ან ღირსეულად დახოცილიყვნენ, და ანტიოქიისკენ გაემართა; გულში ჩაიდო, ჯარი დაექირავებინა და უფრო დიდი ლაშქრით კვლავ იუდაელებს შესეოდა.

36მაშინ თქვეს იუდამ და მისმა ძმებმა: აჰა, შეიმუსრა ჩვენი მტერი. ავიდეთ სამსხვერპლოს განსაწმედად და განსაახლებლად.

37შეიკრიბა მთელი ჯარი და ავიდნენ სიონის მთაზე.

38ნახეს გაპარტახებული საწმიდარი, წაბილწული სამსხვერპლო, გადამწვარი კარიბჭე; ეზოში კი ბუჩქები იყო ამოსული, როგორც ტყეში ან მთაში; სიწმიდეთა საცავები მოოხრებული იყო.

39შემოიგლიჯეს ტანისამოსი, გამართეს დიდი გლოვა და ნაცარი დაიყარეს თავზე.

40პირქვე დაემხნენ მიწაზე, მაუწყებელ საყვირებს ჩაჰბერეს და ხმამაღალი ღაღადისი აღავლინეს ცისკენ.

41მერე გამოყო იუდამ მებრძოლები ციხე-სიმაგრეში მყოფებთან საომრად, ვიდრე თავად სამსხვერპლოს გაწმედდა.

42ამოირჩია უბიწო მღვდლები, რჯულის ერთგულნი,

43და გაასუფთავეს საწმიდარი და ბინძური ქვები უსუფთაო ადგილზე გაიტანეს.

44შემდეგ გამართეს ბჭობა შებღალული აღსავლენის სამსხვერპლოს გამო, თუ როგორ მოქცეულიყვნენ.

45მაშინ გაუჩნდათ მათ კეთილი აზრი, დაენგრიათ იგი, რომ სირცხვილად არ ქცეულიყო მათთვის, რადგან წარმართთაგან იყო წაბილწული; და დაანგრიეს სამსხვერპლო.

46ქვები კი დააწყვეს ტაძრის მთაზე, შესაფერ ადგილას, სანამ მიამავალი ვინმე წინასწარმეტყველი მათ შესახებ იტყოდა რამეს.

47მოაგროვეს წესისამებრ გაუთლელი ქვები და ააგეს ახალი სამსხვერპლო ძველის მიხედვით.

48ააშენეს საწმიდარი და ტაძრის შიგადი, და აკურთხეს ეზო.

49ახლად დაამზადეს წმიდა ჭურჭელი და ტაძარში შეიტანეს სასანთლე, საკმევლის სამსხვერპლო და ტრაპეზი.

50აკმიეს სამსხვერპლოზე, შანდლებზე სანთლები დაანთეს და გაანათეს ტაძარი.

51ტრაპეზზე პურები დააწყვეს, ჩამოკიდეს ფარდები და აღასრულეს ყოველი საქმე, რაც წამოიწყეს.

52ასმეორმოცე წელს, მეცხრე თვის (ქისლევის თვის) ოცდამეხუთე დღეს, დილით ადრე ადგნენ

53და ახლადაგებულ აღსავლენ სამსხვერპლოზე ჯერისამებრ მოიყვანეს შესაწირავი.

54სწორედ იმ დროსა და იმ დღეს, როცა წაბილწეს წარმართებმა, განაახლეს იგი საგალობლებით, ბობღნებით, ებნებითა და წინწილებით.

55პირქვე დაემხო მთელი ხალხი, თაყვანისცეს და ჰმადლობდნენ ცას, რომელმაც სიკეთე მოიღო მათზე.

56რვა დღეს ასრულებდნენ სამსხვერპლოს სატფურებას, სიხარულით მოჰყავდათ აღსავლენი და სწირავდნენ ხსნისა და ქების შესაწირავს.

57ტაძრის შუბლი დაამშვენეს ოქროს გვირგვინებითა და ფარებით, განაახლეს კარიბჭეები და სიწმიდეთსაცავები, და კარი შეაბეს.

58დიდზე დიდმა სიხარულმა მოიცვა ხალხი და განქარდა წარმართთაგან მოყივნება.

59დააწესეს იუდამ, მისმა ძმებმა და მთელმა ისრაელის კრებულმა ეზეიმათ სამსხვერპლოს სატფურების დღე წლიდან წლამდე რვა დღის განმავლობაში, ქისლევის თვის ოცდამეხუთე დღიდან, ლხენითა და სიხარულით.

60იმავე ხანებში სიონის მთა შემოზღუდეს მაღალი კედლებით და მაგარი კოშკებით, რათა ოდესმე მომხდურ წარმართებს აღარ დაექციათ ისინი უწინდელივით.

61ჩააყენა იქ ჯარი მის დასაცავად და გაამაგრა ბეთცურიც დასაცავად, რათა ხალხს ედომის მხარეს ჰქონოდა სიმაგრე.


წინა თავი შემდეგი თავი