მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მაკაბელთა*
თავი 5

1დიდად განრისხდნენ წარმართები, როცა გაიგეს, რომ უწინდელივით აღიმართა სამსხვერპლო და განახლდა საწმიდარი.

2გადაწყვიტეს, აღმოეფხვრათ იაკობის მოდგმა, რომელიც მათ შორის იყო, და დაიწყეს ხოცვა და მუსრვა ხალხში.

3ხოლო იუდა შეებრძოლა ესავიანებს ედომში, აკრაბატენესთან, რადგან მათ ალყაში ჰყავდათ ისრაელი; სასტიკად დაამარცხა ისინი, დაიმორჩილა და აიღო ნადავლი.

4მერე გაიხსენა ბოროტებანი ბეანიანთა, რომლებიც მახედ და ხაფანგად იყვნენ ხალხისთვის და გზებზე უსაფრთებოდნენ მათ.

5მათ ციხე-სიმაგრეებს შეაფარეს თავი, ხოლო იუდა გარსშემოადგა მათ და დაარისხა ისინი, ცეცხლში გახვია მათი ციხე-სიმაგრეები ყველა მასში მყოფითურთ.

6მერე მიადგა ყამონიანებს და შეხვდა იქ მაგარ ხელს და ურიცხვ სიმრავლეს ტიმოთეოსის წინამძღოლობით.

7ბევრი ბრძოლა გადაიხადა მათ წინააღმდეგ და შეიმუსრნენ ისინი მის წინაშე. ასე დაამარცხა ისინი.

8მერე სწრაფადვე აიღო იაყზერი მისი სოფლებითურთ და იუდასკვნ შემოიქცა.

9მაშინ გალაადის წარმართები სამტროდ შემოეწყვნენ მათ მიწა-წყალზე მცხოვრებ ისრაელს, რომ მოესრათ ისინი, მაგრამ გაექცნენ დათემას ციხეში,

10და წერილები გაუგზავნეს იუდასა და მის ძმებს, შეუთვალეს: შეიკრიბნენ ჩვენს წინააღმდეგ ჩვენს ირგვლივ მყოფი წარმართები, რომ გაგვანადგურონ;

11ამზადებენ შეტევას და აპირებენ სიმაგრის აღებას, რომელსაც შეფარებულნი ვართ. ტიმოთეოსი მოუძღვის მათ ჯარს.

12მაშ, ახლა მოდი და გვიხსენი მათი ხელიდან, რადგან დაცემულია ბევრი ჩვენგანი,

13ჩვენი მოძმენიც, ყველა ვინც კი ტობში იგო, დახოცილნი არიან; მათი ცოლ-შვილი მონებად წაასხეს, ქონება დაიტაცეს, და ათასამდე კაცი გაწყვიტეს იქ.

14ჯერ კიდევ წერილებს კითხულობდნენ, რომ აჰა, სხვა შიკრიკები მოვიდნენ გალილეადან, სამოსელშემოგლეჯილნი და ეს ამბავი აუწყეს.

15თქვეს, შეიკრიბნენ პტოლემაისიდან, გვიროსიდან, ციდონიდან და წარმართთა გალილეადან ჩვენს გასანადგურებლადო.

16როდესაც გაიგეს ეს ამბები იუდამ და ხალხმა, შეიყარა დიდი კრებული იმის გადასაწყვეტად, თუ რა ეღონათ გასაჭირში მყოფი და მათგან მიმძლავრებული მოძმეებისთვის.

17მიმართა იუდამ სიმონს, თავის ძმას: ამოირჩიე კაცები, წადი და იხსენი შენი ძმები გალილეაში. ხოლო მე და ჩემი ძმა იონათანი გალაადისკენ გავემართებითო.

18ხალხის წინამძღოლებად კი ზაქარიას იოსები და ყაზარია დატოვა ლაშქრის დარჩენილ ნაწილთან ერთად იუდაში, მის დასაცავად;

19და უბრძანა მათ: განაგეთ ხალხი და ჩვენს მობრუნებამდე წარმართებს ნუ შეებრძოლებით.

20სიმონს ჩააბარეს სამიათასი კაცი გალილეაში სალაშქროდ, ხოლო იუდას რვაათასი კაცი გაალადისთვის.

21გაემართა სიმონი გალილეასკენ, მრავალი ბრძოლა გადაიხადა წარმართებთან და შეიმუსრნენ წარმართები მის წინაშე.

22მისდია მათ პტოლემაისის კარიბჭემდე და დაეცა წარმართთაგან სამიათასამდე კაცი და წამოიღო მან ნადავლი.

23წამოასხა გალილეასა და არბატეში მყოფი იუდაელნი დედა-წულიანად და იუდაში მიიყვანა დიდი სიხარულით.

24ხოლო იუდა მაკაბელმა და მისმა ძმამ იონათანმა გადალახეს იორდანე და სამი დღის სავალი გზა გაიარეს უდაბნოში.

25გადაეყარნენ ნაბატელებს, მშვიდობიანად შეეგებნენ მათ და ყველაფერი უამბეს, რაც შეემთხვათ მათ ძმებს გალაადში;

26რომ მრავალი მათგანი ჩაკეტილები არიან ბოცრასა და ბოსორში, ალემოში, ხასფოში, მაკედსა და კარნაინში, რომ ყველა ეს ქალაქი დიდია და გამაგრებული,

27რომ სხვები გალაადის დანარჩენ ქალაქებში არიან ჩაკეტილნი, რომ მტერი ხვალისთვის აპირებს თავდასხმას სიმაგრეებზე, მათ აღებას და დარბევას ერთ დღეში.

28სწრაფად შებრუნდა იუდა და მისი ლაშქარი უდაბნოში ბოცრას გზაზე; აიღო ქალაქი და გაწყვიტა მთელი მამროვანი მახვილის პირით, მოხვეტა ურიცხვი ნადავლი და ცეცხლში დაწვა.

29აქედან ღამით გაემართა და დათემას ციხე-სიმაგრემდე იარეს.

30დილით კი, როცა გათენდა, გაიხედეს და, აჰა, უამრავი ხალხი, რომელსაც სათვალავი არ ჰქონდა, მოათრევს კიბეებს და მანქანებს ციხე-სიმაგრის ასაღებად და მათთან საბრძოლველად.

31დაინახა იუდამ, რომ დაიწყო ომი და ქალაქის ხმაურმა ცას უწია საყვირებითა და დიდი ყვირილით,

32და შეუძახა ლაშქარს: იომებ დღეს თქვენი ძმებისთვის!

33სამი რაზმით ზურგიდან შემოუარეს მტერს, საყვირებს ჩაჰბერეს და ხმამაღალი ლოცვა დაიწყეს.

34მიხვდა ტიმოთეოსის ლაშქარი, რომ ეს მაკაბელი იყო და უკუიქცნენ მისგან, და მან მუსრი გაავლო მათ. იმ დღეს დაეცა მათგან რვაათასამდე კაცი.

35გადაინაცვლა ალემასკენ და შეებრძოლა, აიღო იგი და ამოხოცა მთელი მისი მამროვანი. მოხვეტა ნადავლი და ცეცხლში დაწვა.

36იქედან გაემართა და დაიპყრო ხასფო, მაკედი და ბოსორი და გალაადის დარჩენილი ქალაქები.

37ამ ამბების შემდეგ ტიმოთეოსმა ახალ ჯარს მოუყარა თავი და დააყენა რაფონის წინ, ხევის მხრიდან.

38გაგზავნა იუდამ ხალხი ბანაკის დასაზვერავად. და მოახსენეს მას: მასთან არიან შემოკრებილნი ჩვენს ირგვლივ მყოფი წარმართები, დიდძალი ჯარია.

39მოქირავნე არაბებიც მოუყვანიათ საშველად, ხევის მხარეს განლაგებულან და მზად არიან ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად, გაეშურა იუდა მათ დასახვედრად.

40ტიმოთეოსმა ასე უთხრა თავისი ჯარების მეთაურებს, როცა იუდა და მისი ლაშქარი ხევს მიუახლოვდა: თუ პირველმა გადმოლახა ხევი, ვერ შევაკავებთ, უეჭველად დაგვამარცხებს.

41ხოლო თუ შეშინდა და მდინარის გაღმა დაბანაკდა, თავს დავესხათ და დავამარცხებთ მას.

42როცა იუდა ხევს მიუახლოვდა, ხევთან დააყენა ხალხის მწიგნობარნი და უბრძანა მათ: არავინ გააჩეროთ აქ. ყველანი საბრძოლველად გაიყვანეთ.

43და მან პირველმა გადალახა ხევი მტრისკენ და მთელი ხალხი უკან მიჰყვა; მათ წინაშე დაეცნენ წარმართები, დაყარეს საჭურველი და თავი შეაფარეს წმიდა ნაკრძალს კარნაიმში.

44ქალაქი აიღეს, ხოლო წმიდა ნაკრძალი ცეცხლით დაწვეს ყველა შიგმყოფითურთ. ასე იძლია ვარნაიმი; წინააღმდეგობა ვეღარ გაუწივს იუდას.

45შეკრიბა იუდამ მთელ გალაადში მოსახლე ისრაელობა დიდიან-პატარიანად, მათი დედა-წულითა და საბადებლითურთ, უამრავი ხალხი, იუდას ქვეყნისკენ გასამგზავრებლად.

46მიადგნენ ეფრონს. ეს დიდი ქალაქია გზაზე, ძალზე ძლიერი; ვერ გაუხვევდნენ ვერც მარჯვნივ, ვერც მარცხნივ, მხოლოდ მის შუაგულში უნდა გაევლოთ.

47მაგრამ ჩაკეცეს ის ქალაქელებმა და ქვებით ჩახერგეს კარიბჭე.

48შეუთვალა მათ იუდამ სამშვიდობო სიტყვა: გაგვატარე შენს ქვეყანაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში მივიდეთ; ცუდს არაფერს შეგამთხვევთ, მხოლოდ ფეხს დავადგამთო. არ მოისურვეს მათი შეშვება.

49ბრძანა იუდამ, გამოეცხადებინათ ლაშქარში, რომ ყველა თავის ადგილას დამდგარიყო.

50დაიბანაკეს მეომრებმა, და ებრძოდა ქალაქს მთელ იმ დღეს და მთელ ღამეს, და ჩაბარდა ქალაქი მის ხელს.

51გაწყვიტა მთელი მამროვანი მახვილის პირით, დააქცია ქალაქი, ნადავლი აიღო და ქალაქში დახოცილთა გვამებზე გადაატარა ჯარი.

52გადალახეს იორდანე დიდი ვაკისკენ, ბეთ-შანის პირდაპირ.

53გზადაგზა იუდა კრებდა ჩამორჩენილთ და მთელ გზაზე ამხნევებდა ხალხს, ვიდრე იუდას ქვეყანას მიადგებოდნენ.

54შემდეგ შვებითა და სიხარულით ავიდნენ სიონის მთაზე და შესწირეს აღსავლენი, რადგან ერთი მათგანიც არ დაცემულა სამშვიდობოში მობრუნებამდე.

55იმ დროს, როცა იუდა და იონათანი გალაადის მიწაზე იყვნენ, ხოლო სიმონი, მისი ძმა, გალილეაში პტოლემაისის პირდაპირ იდგა,

56ზაქარიას იოსებს და ყაზარიას - ჯარების სარდლებს ესმათ მათი გმირობისა და გადახდილი ომის ამბავი.

57თქვეს: ჩვენც მოვიხვეჭოთ სახელი, ჩვენც გავემართოთ და შევებრძოლოთ წარმართებს ჩვენს ირგვლივ.

58მოუწოდეს ჯარებს, რომლებიც თან ჰყავდათ, და იამნიასკენ გაემართნენ.

59გორგია და მისი მეომრები ქალაქიდან გამოვიდნენ, რომ ბრძოლით შეგებებოდნენ მათ.

60უკუიქცნენ იოსები და ყაზარია და იდევნებოდნენ იუდას მისადგომებამდე. ორიათასამდე კაცი დაეცა იმ დღეს ისრაელიდან.

61შეიქნა ხალხში დიდი ლტოლვილება, რადგან არ ესმოდათ იუდასი და მისი ძმებისა, გმირობის გამოჩენა კი სურდათ.

62მაგრამ ესენი არ იყვნენ იმ გვარისანი, ვისი ხელითაც უნდა მოვლენოდა ხსნა ისრაელს.

63კაცი იუდა და მისი ძმები კი ფრიად განითქვნენ მთელი ისრაელისა და ყველა ხალხის წინაშე, სადაც გაგონილი ჰქონდათ მათი სახელი.

64და შემოკრბენ მის ირგვლივ მისი მაქებარნი.

65გაემართნენ იუდა და მისი ძმები სამხრეთისკენ და შეებრძოლენ ესავიანებს. დაამარცხა მან ხებრონი და მისი სოფლები, დალეწა მისი ციხე-სიმაგრენი და გადაწვა გოდლები მის გარშემო.

66მერე დაიძრა ფილისტიმელთა ქვეყნისკენ წასასვლელად და გადაიარა მარეშაზე.

67იმ დღეს დაეცნენ ბრძოლის ველზე მღვდლები, გმირობის ჩადენის მსურველნი, რადგან უგუნურად ჩაებნენ ბრძოლაში.

68ხოლო იუდამ გაუხვია აშდოდისკენ ფილისტიმელთა ქვეყანაში და დალეწა მათი ბომონები, ცეცხლს მისცა მათი ღმერთების ქანდაკებანი და მოხვეტა ნადავლი ქალაქებიდან. მერე იუდა ქვეყნისკენ გაბრუნდა.


წინა თავი შემდეგი თავი