მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მაკაბელთა*
თავი 7

1ასორმოცდამეთერთმეტე წელს რომიდან გამოვიდა დემეტრიოსი, სელევკის ძე, გაემართა ზღვისპირა ქალაქის მცირეოდენი ხალხით და იქ გამეფდა.

2როდესაც შედიოდა თავისი მამა-პაპის სამეფო სახლში, ჯარმა შეიპყრო ანტიოქოსი და ლისია, რომ მიეგვარათ მისთვის.

3გაიგო მან ეს ამბავი და თქვა: ნუ მიჩვენებთ მათ სახეებს.

4მეომრებმა დახოცეს ისინი და დაბრძანდა დემეტრიოსი სამეფო ტახტზე.

5ყველა ურჯულომ და უღვთო კაცმა ისრაელიდან მას მიაშურა; მიუძღოდა მათ ალკიმოსი, მღვდელმთავრობის მოწადინე.

6როცა შეიკრიბა ხალხი მის წინაშე, თქვეს: გაწყვიტეს იუდამ და მისმა ძმებმა ყველა შენი მოკეთე, ჩვენც გაგვაძევა ჩვენი ქვეყნიდან.

7ახლა გაგზავნე კაცი, ვისაც ენდობი. წავიდეს, ნახოს მთელი უბედურება, რაც ჩვენ და მეფის ქვეყანას გვიყო, დასაჯოს ისინი ყველა მათ მშველელთან ერთად.

8ამოირჩია მეფემ თავის მოკეთეთაგან ბაკხიდე, რომელიც მდინარისგაღმა მხარეს განაგებდა, დიდ კაცად შეირაცხებოდა სამეფოში და მეფის ერთგული იყო.

9გაგზავნა იგი და მასთან ერთად უღვთო ალკიმოსი, რომელიც მღვდელმთავრად ჰყავდა დანიშნული, და ისრაელიანთა დასჯა დაავალა.

10გაემართნენ და დიდძალი ჯარით იუდას ქვეყანას მიადგნენ; გაუგზავნა მოციქულები იუდას და მის ძმებს მშვიდობის სიტყვით, მაგრამ მზაკვრულად.

11მაგრამ მათ ყურად არ იღეს მათი სიტყვები, რადგან დაინახეს, რომ დიდძალი ჯარით იყვნენ მოსულნი.

12მაშინ ალკიმოსთან და ბაკხიდესთან შეიკრიბა მწიგნობართა კრებული სამართლის საძიებლად.

13პირველნი ხასიდიანები იყვნენ ისრაელიანთაგან, რომლებიც მათგან მშვიდობას მოელოდნენ.

14თქვეს: ჯარით არის მოსული სამღვდელო კაცი, აარონის მოდგმიდან, და არ შეურაცხგვყოფს.

15სამშვიდობო სიტყვები უთხრა მათ და შეჰფიცა: ავს არაფერს შეგამთხვევთო არც თქვენ, არც თქვენს მეგობრებს.

16და ერწმუნენ მას. მაგრამ მან გამოიყვანა მათგან ექვსასი კაცი და დახოცა ისინი ერთ დღეში თანახმად დაწერილისა:

17შენს წმიდათა სხეული და მათი სისხლი დაღვარეს იერუსალიმის გარშემო და დამმარხავი არავინ იყო.

18და მოიცვა მათგან შიშმა და ძრწოლამ მთელი ხალხი და თქვეს: არ არის მათში სიმართლე და სამართალი, რადგან გატეხეს პირობა და ფიცი, რომლითაც დაიფიცეს.

19ბაკხიდე კი წავიდა იერუსალიმიდან და ბეთსაიდაში დაბანაკდა. გაგზავნა და დააჭერინა ბევრნი, რომლებიც მისგან იყვნენ გაქცეულნი, და ზოგიერთნი ხალხიდანაც, და ერთ დიდ ჭაში ჩახოცა ისინი.

20ჩააბარა ქვეყანა ალკიმოსს და დაუტოვა ჯარი დასახმარებლად. მერე გაბრუნდა მეფესთან.

21ალკიმოსი მღვდელმთავრობისთვის იბრძოდა.

22თავი მოიყარა მასთან მათი ხალხის ყველა მაშფოთებელმა. გაბატონდნენ იუდას ქვეყანაზე და დიდი რბევა მოაწყვეს ისრაელში.

23როცა დაინახა იუდამ მთელი ბოროტება, რაც ჩაიდინეს ალკიმოსმა და მისმა თანამდგომებმა ისრაელიანებს შორის, რომ გადაამეტეს წარმართებს,

24მოიარა იუდაელთა მთელი მიწა-წყალი ირგვლივ და შური იძია განდგომილ ხალხზე. და შეწყვიტეს მათ ქვეყანაში შემოსვლა.

25დაინახა ალკიმოსმა, რომ გაძლიერდნენ იუდა და მისი თანამდგომნი, და მიხვდა, რომ ვერ გაუძლებდა მათ, დაბრუნდა მეფესთან და ბოროტად დაადანაშაულა ისინი.

26მეფემ გაგზავნა ნიკანორი, ერთ-ერთი თავის სახელოვან მთავართაგანი, მოძულე და მტერი ისრაელისა, და უბრძანა მას ხალხის აწიოკება.

27მიადგა ნიკანორი იერუსალიმს დიდძალი ჯარით და შეუთვალა იუდასა და მის ძმებს სამშვიდობო სიტყვები, მაგრამ მზაკვრულად:

28ნუ მოხდება ბრძოლა ჩემსა და თქვენს შორის; მანდ ვიქნებით მცირეოდენი ხალხით, რათა პირისპირ გიხილოთ მშვიდობით.

29გაემართა იუდასკენ და მშვიდობით შეხვდნენ ერთმანეთს. მეომრები კი მზად იყვნენ იუდას შესაპყრობად.

30მაგრამ შეიტყო იუდამ, რომ მზაკვრობით იყო მოსული მის წინააღმდეგ, და მეტად აღარ მოუსურვებია მისი პირისხილვა.

31მიხვდა ნიკანორი, რომ გამჟღავნდა მისი განზრახვა და გავიდა იუდასთან საბრძოლგვლად ხაფარსალამის მახლობლად.

32დაეცა ნიკანორის მხრიდან ხუთიათასამდე კაცი და გაიქცნენ დავითის ქალაქისკენ.

33ამ ამბების მერე იყო, რომ ავიდა ნიკანორი სიონის მთაზე და გამოვიდნენ საწმიდარიდან სამღვდელონი და ხალხის უხუცესები, რათა მშვიდობით მიგებებოდნენ და მეფისთვის შეწირული აღსავლენი ეჩვენებინათ მისთვის.

34მან აბუჩად აიგდო ისინი, დასცინა მათ, წაბილწა ისინი და თავხედურად ლაპარაკობდა.

35მერე რისხვით დაიფიცა და თქვა: თუკი ახლავე არ ჩამაბარებთ იუდას და მის ლაშქარს, ასე მოხდება: მშვიდობით თუ მოვბრუნდი, გადავწვავ ამ სახლს. და გამოვიდა დიდად განრისხებული.

36შევიდნენ მღვდლები და დადგნენ სამსხვერპლოსა და ტაძრის წინაშე, ატირდნენ და თქვეს:

37შენ აირჩიე ეს სახლი, რომ შენი სახელით წოდებულიყო, რათა ჰქონოდა იგი შენს ერს სამლოცველო და სავედრებელ სახლად.

38შური მიაგე ამ კაცსა და მის ლაშქარს, დაე, მოისრნენ მახვილით. მოიხსენე მათი მკრეხელობა და მეტს ნუღარ აცოცხლებ.

39ხოლო ნიკანორი გამოვიდა იერუსალიმიდან, ბეთხორონში დაბანაკდა და შეუერთდა მას სირიის ჯარი.

40იუდა კი დაბანაკდა ხადაშაში სამი ათასი კაცითურთ. ილოცა იუდამ და თქვა:

41როდესაც მოჰყვნენ მკრეხელობას მეფის მოციქულები, გამოვიდა შენი ანგელოზი და მოსრა მათგან ასოთხმოცდახუთი ათასი კაცი.

42ასევე დააქციე ეს ლაშქარი დღეს ჩვენს წინაშე; დაე, იცნან დარჩენილებმა, რომ ბოროტად ილაპარაკა მან შენს საწმიდარზე, და უყავ სამართალი თავისი ბოროტებისამებრ.

43შეიბნენ ჯარები საომრად ადარის თვის ცამეტს და განადგურდა ნიკანორის ლაშქარი; პირველი ის დაეცა ბრძოლაში.

44როდესაც დაინახა მისმა ჯარმა, რომ დაეცა ნიკანორი, დაყარეს იარაღი და გაიქცნენ.

45მისდიეს მათ ერთი დღის გზაზე ხადაშადან გეზერის მისადგომამდე და მათ უკან ომის მაუწყებელ ბუკებს აყვირებდნენ.

46გამოვიდნენ იუდას გარშემო ყველა დაბიდან და გარსშემოერტყნენ მათ, მტერი შემობრუნდა მათკენ და მახვილით დაეცა ყველა.

47ახვეტეს ნადავლი და სარჩო, ხოლო ნიკანორს მოჰკვეთეს თავი და მარჯვენა, რომელიც მედიდურად გაიშვირა. წაიღეს და იერუსალიმს გარეთ ჩამოკიდეს.

48ძლიერ გაიხარა ხალხმა და ის დღე გაატარეს, როგორც დიდი სიხარულის დღე.

49და დაადგინეს, რომ ედღესასწაულათ ეს დღე ყოველ წელიწადს ადარის ოცდაათში.

50მცირე ხნით დაწყნარდა იუდას ქვეყანა.


წინა თავი შემდეგი თავი