მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მაკაბელთა*
თავი 9

1როცა დემეტრიოსმა გაიგო, რომ ნიკანორი და მისი ჯარი ომში დაეცა, გადაწყვიტა ბაკხიდესა და ალკიმოსის მეორედ გაშვება იუდას ქვეყნისკენ მარჯვენა ფრთასთან ერთად.

2გაემართნენ გალგალის გზაზე და დაიბანაკეს მესალოთთან, არბელაში; აიღეს ის და ბევრი ხალხი გაწყვიტეს.

3ასორმოცდამეთორმეტე წლის პირველ თვეს იერუსალიმთან დაიბანაკეს.

4მაგრამ აიყარნენ და გაემგზავრნენ ბერეასკენ ოციათასი ქვეითით და ორი ათასი ცხენოსნით.

5ხოლო იუდა ელასში იდგა სამიათასი რჩეული კაცითურთ.

6იხილეს ჯარების სიმრავლე, რომ ურიცხვნი იყვნენ, და თავზარი დაეცათ. ბევრი გამოიპარა ბანაკიდან, რვაას კაცზე მეტი არ დარჩენილა მათგან.

7როცა დაინახა იუდამ, რომ გაიფანტა მისი ბანაკი და შეაჭირვა ომმა, გული შეუდრკა, რადგან დრო აღარ რჩებოდა მათი შემოკრებისთვის.

8დამწუხრებულმა უთხრა დარჩენილებს: დავიძრათ და შევუტიოთ ჩვენს მტერს, იქნებ შევძლოთ მათთან ბრძოლა.

9ისინი შეეცადნენ, გადაეთქმევინებინათ, უთხრეს: ვერ შევძლებთო, მაგრამ ახლა იქნებ გადავირჩინოთ თავი; მერე დავბრუნდეთ ჩვენი ძმებითურთ და შევებრძოლოთ მათ; ახლა ცოტანი ვართო.

10უთხრა იუდამ: ნუმც მოხდება ისე, რომ გავექცეთ მათ. თუ ჩვენმა ჟამმა მოაწია, ბარემ ვაჟკაცურად დავიხოცოთ ჩვენი ძმებისთვის და სააუგოდ ნუ მივცემთ ჩვენს სახელს.

11დაიძრა ჯარი ბანაკიდან და დაეწყო მათ პირისპირ. მხედრობა ორ ნაწილად გაიყო, ხოლო მეშურდულენი და მშვილდოსნები წინ წაუძღვნენ ჯარს, ასევე საუკეთესო მებრძოლნი. ბაკხიდე კი მარჯვენა ფრთაზე იყო.

12ორივე მხრიდან ახლოვდებოდნენ რაზმები საყვირების ხმაზე; იუდას ხალხიც ახმიანებდა თავის საყვირებს.

13შეზანზარდა მიწა ჯარების ხმაურისგან და მძვინვარებდა ბრძოლა დილიდან შეღამებამდე.

14როცა დაინახა იუდამ, რომ ბაკხიდე და მისი ბანაკის მთავარი საყრდენი მარჯვნივ იყო, შემოიკრიბა თავის გარშემო ყველა გულადი მეომარი.

15და მათ გაანადგურეს მარჯვენა ფრთა, მერე უკან მისდიეს აშდოდის მთამდე.

16როცა მარცხენა ფრთაზე მყოფებმა დაინახეს, რომ დამარცხდა მარჯვენა ფრთა, მოტრიალდნენ და ფეხდაფეხ მისდიეს ზურგში იუდას და მის ხალხს.

17შენივთდა ბრძოლა, მრავალი დაჭრილი დაეცა ორივე მხრიდან.

18დაეცა იუდაც, დანარჩენები კი გაიქცნენ.

19აიყვანეს იონათანმა და სიმონმა იუდა, მათი ძმა, და დამარხეს მისი მამა-პაპის სამარხში, მოდეინში.

20დაიტირეს და დიდი გლოვით იგლოვა იგი მთელმა ისრაელმა, მოთქვამდნენ მრავალ დღეს, ამბობდნენ:

21როგორ დაეცა ძლიერი, მხსნელი ისრაელისა!

22იუდას საქმენი - დანარჩენი მისი ომები და გმირობანი, რაც ჩაიდინა, და მისი სიდიადე, არ აღწერილა, რადგან ძალზე ბევრი იყო.

23იუდას სიკვდილის შემდეგ იყო, რომ გამოჩნდნენ ურჯულოები ისრაელის ყოველ მხარეში, თავი ამოყო ყველამ, უსამართლობის მოქმედმა.

24იმ დღეებში ჩამოვარდა ძალზე დიდი შიმშილობა და ქვეყანა მიემხრო მათ.

25ბაკხიდემ ამოირჩია უღვთო კაცები და დაადგინა ისინი მხარეთა განმგებლებად.

26ეძებდნენ და სდევნიდნენ იუდას მეგობრებს და მიჰყავდათ ისინი ბაკხიდესთან, და ის სჯიდა მათ და აბუჩად იგდებდა.

27ჩამოვარდა დიდი გაჭირვება ისრაელში, როგორიც აღარ ყოფილა იმ დღიდან, რაც არ გამოცხადებიათ მათ წინასწარმეტყველი.

28შეიკრიბა იუდას ყველა მოკეთე და მიმართეს იონათანს:

29რაც შენი ძმა იუდა მოკვდა, არ გამოჩენილა მისი მსგავსი კაცი, რომ გამოვიდეს და გაილაშქროს მტერზე და ბაკხიდეზე, ჩვენი ხალხის მიაძულეზე.

30ახლა, დღეიდან შენ აგვირჩევიხარ მის ნაცვლად, რომ გვყავდე მთავრად და წინამძღოლად ჩვენს ბრძოლებში.

31ჩაიბარა იონათანმა იმ დროს წინამძღოლობა და დადგა იუდას, თავისი ძმის, ნაცვლად.

32შეიტყო ეს ბაკხიდემ და ცდილობდა მის მოკვლას.

33შეიტყვეს იონათანმა, მისმა ძმამ სიმონმა და ყველამ, მასთან მყოფმა, და გაიქცნენ თეკოაყის უდაბნოსკენ, და დადგნენ ასფარის ტბის წყალთან.

34შეიტყო ბაკხიდემ შაბათ დღეს და გადავიდა მთელი ლაშქრითურთ იორდანეს გადაღმა.

35გაგზავნა იონათანმა თავისი ძმა, რაზმის წინამძღოლი, და სთხოვა ნაბატელებს, თავიანთ მეგობრებს, ნებართვა თავიანთი დიდძალი ავლადიდების მათთან შენახვისა.

36მაგრამ გამოვიდნენ იამბრიანები, რომლებიც მედაბადან არიან, და შეიპყრეს იოანე ყველაფრითურთ, რაც კი ებადა, და წავიდნენ დატვირთულები.

37ამ ამბების მერე გაიგეს იონათანმა და სიმონმა, მისმა ძმამ, რომ იამბრიანები დიდ ქორწილს იხდიდნენ და ნადაბათიდან მოჰყავდათ პატარძალი, ერთი ქანაანელი წარჩინებული დიდებულის ასული დიდი მაყრიონით.

38გაიხსენეს სისხლი მათი ძმის, იოანესი, გამოვიდნენ და დაიმალნენ მთის საფარში.

39გაიხედეს და დაინახეს: აჰა, ყიჟინი და დიდი მზითევი. სიძეც გამოვიდა თავის მეგობრებთან და ძმებთან ერთად მის შესახვედრად დოლებით, მუსიკითა და უამრავი საჭურვლით.

40ამოვიდნენ საფარიდან, თავს დაესხნენ მათ და დახოცეს. ბევრი დაჭრილი დაეცა, დანარჩენები მთისკენ გაიქცნენ. მოხვეტეს მთელი ნადავლი.

41გადააქციეს ქორწილი მწუხარებად და მათი სიმღერის ხმა - გლოვად.

42აიღეს თავიანთი ძმის სისხლი და იორდანეს ჭაობებისკენ გაბრუნდნენ.

43გაიგო ეს ბაკხიდემ და შაბათ დღეს მიადგა იორდანეს ნაპირს ურიცხვი ჯარით.

44მიმართა იონათანმა თანამდგომთ: მაშ, აღვდგეთ და შევებათ ჩვენი სიცოცხლისთვის, რადგან დღეს სხვა დროა, ვიდრე გუშინ და გუშინწინ იყო.

45აჰა, ბრძოლა გველის წინიდან და ზურგიდან. აქეთიქით კი იორდანეს წყალია, ჭაობი და ჭალა; მოსაბრუნებელი ადგილიც არაა.

46ახლა ცას შეჰღაღადეთ, ვინძლო მტრის ხელიდან გვიხსნას.

47დაიწყო ბრძოლა და შემართა იონათანმა ხელი ბაკხიდეს მოსაკლავად, მაგრამ დაუძვრა იგი და უკანა რიგებისკენ დაიხია.

48შეტოპეს იონათანმა და მისმა თანამდგომებმა იორდანეში და გადაცურეს მეორე ნაპირზე, მაგრამ მტერმაც გადალახა იორდანე მათ დასადევნელად.

49ბაკხიდეს მხრიდან დაეცა იმ დღეს ათასამდე კაცი.

50დაბრუნდა იერუსალიმში ბაკხიდე და ააშენა ციხე-ქალაქები იუდაში, ციხე-სიმაგრე იერიხონსა და ემაუსში, ბეთ-ხორონში, ბეთელში, თიმნაში, ფარათონსა და ტეფონში, მაღალი კედლებით და კარიბჭეებითა და ურდულებით,

51და ჩააყენა მათში დაცვა ისრაელის სამტროდ.

52გაამაგრა ქალაქები - ბეთ-ცური და გაზერა და ციხე. დატოვა მათში ჯარები და სურსათის მარაგი.

53წაიყვანა ქეეყნის მთავართა ვაჟები მძევლებად და იერუსალიმის ციხეში დაცვის ქვეშ დატოვა ისინი.

54ასორმოცდამეცამეტე წლის მეორე თვეს ალკიმოსმა ბრძანა, დაენგრიათ სამსხვერპლოს შიდა ეზოს კედელი და დაენგრიათ წინასწარმეტყველთა ნაშენები. როცა დაიწყო ნგრევა,

55დაეცა ალკიმოსი და დაბრკოლდა მისი საქმე. ენა წაერთვა და დადამბლავდა, აღარ შეეძლო სიტყვის წარმოთქმა და ბრძანების გაცემა თავისი სახლის თაობაზე.

56იმ დროს მოკვდა ალკიმოსი დიდი ტანჯვით.

57დაინახა ბაკხიდემ, რომ მოკვდა ალკიმაოსი და გაბრუნდა მეფისკენ. ორი წლით მოისვენა იუდას ქვეყანამ.

58მოითათბირა ყველა ურჯულომ, თქვეს: აჰა, იონათანი ამისი თანამდგომნი მყუდროებაში ცხოვრობენ უშფოთველად. ახლა მოვიყვანოთ ბაკხიდე და ერთ ღამეში შეიპყრობს ყველას.

59წავიდნენ და მოეთათბირენ მას.

60დაიძრა წასასვლელად ურიცხვი ჯარით და ფარულად დაუგზავნა წერილები ყველა თავის მოკავშირეს. თან იუდაში, რათა დაეჭირათ იონათანი და მისი თანამდგომნი; მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან გამჟღავნდა მათი განზრახვა.

61შეიპყრო იონათანის ხალხმა ქვეყნის კაცთაგან მოღალატენი, ორმოცდაათამდე კაცი, და დახოცეს.

62ხოლო იონათანი, სიმონი და მათი თანამდგომნი გადაიხვეწნენ ბეთბასისკენ უდაბნოში, ააშენეს დანგრეული და გაამაგრეს იგი.

63შეიტყო ეს ბაკხიდემ, შეკრიბა მთელი თავისი ლაშქარი და შეუთვალა იუდაელებსაც.

64მივიდა, შემოადგა ბეთბასის და ებრძოდნენ დიდხანს, მიაყენეს საბრძოლო მანქანებიც.

65იონათანმა ქალაქში დატოვა სიმონი, თავისი ძმა; თვითონ კი გაემართა ქვეყნისკენ და შევიდა მცირეოდენი ხალხით.

66დაამარცხა ოდომერა მისი ძმებითურთ და ფასირონიანები მათსავე კარვებში. დაიწყო მუსრვა და შეჭრა მოწინააღმდეგის ლაშქარში.

67ხოლო სიმონი და მისი თანამდგომნი გამოვიდნენ ქალაქიდან და ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს.

68შეებრძოლენ ბაკხიდეს და იძლია იგი მათგან; შეაჭირვეს, რადგან მისი განზრახვა და ლაშქრობა ფუჭი გამოდგა.

69ძლიერ განრისხდა ურჯულოებზე, რომელთაც ურჩიეს მას ამ ქვეყანაზე გამოლაშქრება; ბევრი დახოცა მათგან და გადაწყვიტა, თავის ქვეყანაში წასულიყო.

70შეიტყო ეს იონათანმა და გაგზავნა მათთან უხუცესები ზავის დასადებად და მათგან ტყვეების დასაბრუნებლად.

71დაეთანხმა და მისი სიტყვისამებრ მოიქცა. კიდეც შეჰფიცა, რომ აღარ შეეცდებოდა მისთვის ავს თავის სიცოცხლეში.

72დაუბრუნა ტყვეები, რომლებიც წაყვანილი ჰყავდა წინათ იუდას ქვეყნიდან; გაბრუნდა და წავიდა თავის ქვეყანაში. მეტად აღარ მოსურვებია გალაშქრება მათ მიწა-წყალზე.

73და დაცხრა მახვილი ისრაელში. დასახლდა იონათანი მიხმაშში და დაიწყო ხალხის განსჯა და გადააშენა უღმერთოები ისრაელიდან.


წინა თავი შემდეგი თავი