მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მეფეთა
თავი 2

1განძლიერდა გული ჩემი უფლისა მიმართ, და ამაღლდა რქა ჩემი ღმრთისა მიმართ, მაცხოვარისა ჩემისა: განვრცნა პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა; განვიხარე მე მაცხოვარებითა შენითა!

2რამეთუ არა ვინ არს წმიდა, ვითარ შენ, უფალი, და არა ვინ არს მართალ ღმრთისა ჩუენისაებრ! და არა ვინ არს წმიდა შენსა გარეშე.

3ნუ იქადინ, ნუცა იტყჳნ მაღალსა გარდარეულად, ნუცა აღმოვალნ მდიდრად სიტყუაჲ პირისაგან თქუენისა! რამეთუ ღმერთი არს მეცნიერებათა უფალი და ღმერთმან განამზადნეს საქმენი თჳსნი.

4მშჳლდები ძლიერთა მოუძლურდა, და უძლურნი შეიმოსნეს ძალითა.

5შვებულთა პური მოაკლდა და მშიერთა დაიპყრეს ქუეყანა; რამეთუ ბერწსა მას ესხნეს შჳდ შვილ და შვილმრავალი იგი მოუძლურდა!

6უფალმან მოაკუდინის და აცხოვნის; შთააგდის ჯოჯოხეთად და აღმოიყვანის!

7უფალმან დააგლახაკის და განამდიდრის, დაამდაბლის და აღამაღლის!

8აღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი, რათა დასვას იგი ძლიერთა თანა ერისა მისისათა და საყდარნი დიდებისანი დაუმკჳდრნეს მას;

9მოანიჭის თხოვა მლოცველთა მისთა და აკურთხნის წელიწადნი მართლისანი, რამეთუ არა არს სიმტკიცე ძლიერებაჲ კაცისა. უფალმან უძლურ-ყვნის მჴდომნი თჳსნი. უფალი წმიდა არს! (ნუ იქადინ ბრძენი სიბრძნითა თჳსითა, ნუცა იქადინ ძლიერი ძალითა თჳსითა, ნუცა იქადინ მდიდარი სიმდიდრითა თჳსითა, არამედ ამას ზედა იქადოდენ, რომელი-იგი იქადოდის გულისჴმის-ყოფასა და ცნობასა უფლისასა ყოფად სასჯელი სიმართლისა ქუეყანასა ზედა).

10უფალი ამაღლდა ცათა შინა და იქუხა, თავადმან განსაჯნეს კიდენი ქუეყანისანი სიმართლითა თჳსითა, მოსცეს ძალი მეუფესა ჩუენსა და აღიმაღლოს უფალმან რქა ცხებულისა თჳსისა!

11და დაუტევეს ყრმა იგი სამოველ სელომს წინაშე უფლისა და თაყუანი-სცეს უფალსა და წარვიდეს არმათემად სახიდ თჳსად; და ყრმა იგი სამოველ აღორძნდებოდა და მსახურებდა უფალსა წინაშე ელი მღდელისა.

12და ძენი იგი ელისნი, ნაშობნი უძღებნი და უსჯულონი, რომელთა არა გულისჴმა-ყვეს შიში უფლისა,

13და არცა წესი იგი მღდელობისა, ხოლო წესი იგი შესაწირავთა მათ ერისა მღდელისაგან იყო შეწირვად. მაშინ მოვიდა ყრმა ერთი მღდელისა აღმოღებად ჴორცისა მის და ჴელთა მისთა აქუნდა ფუცხვი სამპირი.

14და შთაყვის იგი სიავსა შიგან, ქოთანსა, გინა ქვაბსა და, პირველად რაჲცა მოემთხჳვის ფუცხუსა მას, იგიცა წარიღის ნაწილად მღდელისა მის. და ესე სახედ უყოფდეს ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი მოვიდიან შეწირვად მსხუერპლისა უფლისა მიმართ სელომად.

15და ვიდრე არღა უკმევიედ ცმელი იგი წინაშე უფლისა, მოვიდის მსახური იგი მღდელისა და ჰრქუის კაცსა მას შემწირველსა, ვითარმედ: მომეც მე ჴორცი შესაწვავად მღდვლისათჳს, და არა მოვიღო მგბარი ქვაბთაგან.

16მაშინ რქუა კაცმან მან, რომელი მოსრულ არნ შეწირვად მსხუერპლისა: პირველად შე-ღა-ვსწიროთ საკუმეველი და მსხუერპლი უფლისა, ვითარცა ჯერ-არს და მაშინ მიიღე ყოვლისაგან, რომლისათჳს გული უთქმიდეს სულსა შენსა. და ჰრქუას მან: არა, არამედ მომეც აწ, უკუეთუ არა, მოვიღო მძლავრ.

17და იყო ცოდვა იგი ყრმათა მათ დიდ წინაშე უფლისა, რამეთუ შეურაცხ-ყოფდეს მსხუერპლსა უფლისასა.

18და ყრმა იგი სამოველ იყო მსახურებად წინაშე უფლისა და ემოსა მას ევფუდ ბარი.

19და ჩუდკეცი მცირე უქმნის მას დედამან მისმან და მიართვის მას ჟამითი ჟამად, რაჟამს იგი აღვალნ ქმარსა თჳსსა თანა შეწირვად მსხუერპლისა მათ დღეთასა.

20და აკურთხა ელი ელკანა და ცოლი მისი და ჰრქუა: მოგეცინ შენ უფალმან თესლი ცოლისა მაგისგან შენისა ამის წილ თანანადებისა, რომელ-იგი მსახურეთ წინაშე უფლისა! და წარვიდა კაცი იგი ადგილად თჳსად.

21და მიხედნა უფალმან ანნას, და შვა სამ ძე და სამ ასულ. და განდიდნა ყრმა იგი სამოელ წინაშე უფლისა.

22და ელი მოხუცებულ იყო ფრიად და ესმოდა, რასა-იგი უყოფდეს ძენი მისნი ძეთა ისრაჱლისათა, და ვითარ-იგი დააძინებდეს დედათა აღთქუმულთა ბჭეთა თანა კარვისა საწამებელისათა.

23და ჰრქუა მათ: რომლისათჳს ეგრე იქმთ სიტყჳსა ამისებრ, რომელი მესმის პირისაგან ერისა უფლისა?

24ნუ ეგრე, შვილნო! არა კეთილ არს ამბავი ესე, რომელი მესმის თქუენთჳს; ნუ ეგრე ზამთ, ვითარმცა არა მონებთ ერსა უფლისასა.

25უკუეთუ შეცოდებით შესცოდის კაცმან კაცისა მისთჳს უფლისა მიმართ, უკეთუ უფალსა შესცოდოს, ვინ ლოცვიდეს მისთჳს? და არა ისმენდეს ჴმასა მამისა მათისასა, რამეთუ ნეფსით უნდა უფალსა განრყუნა მათი.

26და ყრმა იგი სამოველ ვიდოდა და განდიდნებოდა. და იყო იგი სათნო ღმრთისა და კაცთა.

27და მოვიდა კაცი ღმრთისა ელისა და ჰრქუა: ამას იტყჳს უფალი: გამოცხადებით გამოვეცხადე სახლსა მამისა შენისასა, ვიდრე იყუნესღა იგინი ეგჳპტესა მონად ფარაოსა.

28და გამოვირჩიე სახლი მამისა შენისა ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა ჩემდა მღდელად და აღსვლად საკურთხეველსა და აღღებად ევფუდისა. და მივეც სახლსა მამისა შენისასა ყოველი იფქლი ძეთა ისრაჱლისათა საჭმელად,

29და რომლისათჳს მიხედეთ თქუენ საკურთხეველსა ჩემსა მსხუერპლსა ჩემსა ურცხჳნოთა თუალითა და ადიდენ ძენი შენნი უფროს ჩემსა, კურთხევად მათთჳს პირველად ყოველი ნაყოფი მსხუერპლთა სახლისა ისრაჱლისა?

30ამისთჳს ამას იტყჳს ღმერთი ისრაჱლისა: ვთქუ, ვითარმედ: სახლი შენი და სახლი მამისა შენისა ვიდოდიან წინაშე ჩემსა უკუნისამდე. და აწ იტყჳს უფალი: ნუსადა იყოფინ, არამედ მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე და შეურაცხ-მყოფელნი ჩემნი შეურაცხ იქმნენ.

31აჰა ესერა, დღენი მოვლენან, - იტყჳს უფალი, - და მოვსრა ნათესავი შენი და თესლი სახლისა მამისა შენისა, და არა იყოს მოხუცებული შენი ტაძარსა შინა ჩემსა.

32და იხილოს მეყსა შინა განცჳფრებით ყოველივე კეთილი, რომელ ყოს უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან და არა იყოს მოხუცებული სახლსა შინა შენსა ყოველთა დღეთა.

33ხოლო არა ავჴოცო შენგან კაცი საკურთხეველისაგან ჩემისა, რათა ეჴუებოდის თუალთა მისთა და დასდნებოდეს გული მისი, და ყოველი დაშთომილი სახლისა შენისა დაეცეს მახჳლითა კაცთათა.

34და ესე იყავნ სასწაულად შენდა, რომელი მოიწიოს ორთა მათგან ძეთა შენთა: ერთსა შინა დღესა მოსწყდენ ოფნი და ფინეზ ერთბამად ორნივე.

35და აღვადგინო ჩემდა მღდელი სარწმუნო, რომელმან ყოველივე გულისა ჩემისა და სულისა ჩემისა ყოს; და უშენო მას სახლი სარწმუნო; და ვიდოდის იგი წინაშე ცხებულისა ჩემისა ყოველთა დღეთა.

36და იყოს, ყოველი ნეშტი სახლისა შენისა მოვიდოდის თაყუანის-ცემად მისა დანგითა ვეცხლისათა და ერთითა ჴუეზითა პურითა და რქუას: დამადგინე ერთსა ოდენ სამღდელოსა შენსა ჭამად პურისა.


წინა თავი შემდეგი თავი