მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები შურის შესახებ

წმიდა მამები შურის შესახებ
ცოდვათა განმარტებანი

ღირსი ამბროსი ოპტინელი

შური მომდინარეობს ამპარტავნებიდან და ამასთანავე, დაკისრებული ვალდებულებებისადმი დაუდევრი დამოკიდებულებიდან. კაენმა დაუდევრობა გამოიჩინა რჩეული მსხვერპლი შეეწირა ღვთისთვის. და როდესაც, ასეთი უსულგულო დამოკიდებულების გამო, ღმერთმა უგულებელყო მისი შესაწირავი, ხოლო აბელის მიერ გულმოდგინედ შერჩეული მსხვერპლი კი მიიღო, კაენმა, შურით შეპყრობილმა, გადაწყვიტა მოეკლა და მოკლა მართალი აბელი. ამიტომ, ყველაფერს სჯობს, თავიდანვე გავანადგუროთ შური თავმდაბლური ლოცვით, თავმდაბლური აღსარებითა და გონივრული მდუმარებით.

შური თავს ავლენს შეუსაბამო მეტოქეობითა და გაჯიბრებით, შემდეგ კი გაღიზიანებითა და დამდურებით, დაბოლოს, იმის ლანძღვით, ვისიც გვშურს.

შურის ვნება არცერთ ბრწყინვალე დღესასწაულზე, არცერთ სასიხარულო გარემოებაში არ აძლევს სიხარულის საშუალებას იმას, ვისაც შეიპყრობს; გამუდმებით, მატლივით ხრავს სულსა და გულს გაურკვეველი მწუხარებით, რადგან მოყვასის კეთილდღეობასა და წარმატებას შურიანი საკუთარ წარუმატებლობად მიიჩნევს, სხვის მიმართ გამოვლენილ პატივისცემას კი – მისთვის დაუმსახურებლად მიყენებულ შეურაცხყოფად.

ერთმა ბერძენმა მეფემ მოისურვა გამოერკვია რომელი უფრო უარესი იყო – შურიანი თუ ვერცხლისმოყვარე – რადგან ამათგან არცერთს არ ემეტება სხვებისთვის სიკეთე. ამ მიზნით ბრძანა მოეყვანათ მის წინაშე შურიანი და ვერცხლისმოყვარე და უთხრა მათ: „თითოეულმა თქვენგანმა ის მთხოვოს, რაც სურს, მაგრამ მეორე იმაზე ორჯერ მეტს მიიღებს, რასაც საკუთარი თავისთვის პირველი მოითხოვს.“ ვერცხლისმოყვარე და შურიანი დიდხანს დაობდნენ – არცერთს არ სურდა პირველობა, რადგან შემდეგ ორჯერ მეტის მიღება უნდოდათ. ბოლოს და ბოლოს, მეფემ შურიანს მიმართა, რომ მას ეთხოვა პირველს. შურიანმა, რომელიც მოყვასისადმი არაკეთილმოსურნეობით იყო შეპყრობილი, მიღების ნაცვლად ბოროტება განიზრახა და უთხრა მეფეს:“ მეფეო! ბრძანე, რომ თვალი ამომთხარონ.“ გაკვირვებულმა მეფემ ჰკითხა, თუ რატომ ჰქონდა ასეთი სურვილი. შურიანმა კი უპასუხა: „იმისათვის, მეფეო, რომ უბრძანო, ჩემს მეგობარს ორივე თვალი დასთხარონ“.

აი, რამდენად დიდი ბოროტება და სულისთვის მავნებელი რამ არის შურის ვნება. შურიანი მზად არის საკუთარ თავსაც კი ავნოს, ოღონდაც მოყვასს ევნოს ორჯერ მეტად. ჩვენ აქ ვაჩვენეთ შურის უმაღლესი გამოვლინება, მაგრამ ამ ვნებას, ისევე როგორც მრავალ სხვას, აქვს სხვადასხვა საზომი და ხარისხი, ამიტომაც უნდა ვეცადოთ რომ პირველივე შეგრძნებისას გავანადგუროთ ისინი და გულთმეცნიერი უფლის წინაშე წარმოვთქვათ ფსალმუნის სიტყვები: „განმწმინდე მე დაფარულთაგან. ბოროტთაგანაც განაშორე მორჩილი შენი“ (ფს. 18: 13-14). ამასთანავე, თავმდაბლად უნდა გავუცხადოთ აღსარებაში ჩვენს სულიერ მამას ამ უძლურების შესახებ.

მესამე საშუალებაა – ყოველნაირად ვეცადოთ ცუდი არაფერი ვთქვათ იმ ადამიანის შესახებ, რომლისაც გვშურს. ამ საშუალებების გამოყენებით, მართალია, არც თუ ისე მალე, მაგრამ, ღვთის შეწევნით, აუცილებლად შევძლებთ შურის სენისაგან განკურნებას.

თუ გსურს გათავისუფლდე შურისა და სულისთვის საზიანო ეჭვიანობისაგან, იგივე საშუალება გამოიყენე და ილოცე: „განმწმინდე მე დაფარულთაგან.“ (ფს. 18, 13), ამავდროულად, იფიქრე, რომ სულიერი მარაგი ამოუწურავია – ვერავინ წარგტაცებს შენსას, ისივე, როგორც შენ ვერ წარიტაცებ სხვისას, ის ყველას ერგება და არ შემცირდება.

დაბოლოს: როგორც დედა იღუმენია გვირჩევს, სასრგებლო არ არის ყველასთან ყველაფრის თქმა, რადგან ამას ხშირად შური მოსდევს.


წინა თავი შემდეგი თავი