მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > წმიდა გიორგი > წამებაი წმიდისა გიორგისი
წამებაი წმიდისა გიორგისი, რომელი აღწერა და თანა დახუდა ყოველსა სიმენესა მისსა მოწაფე წმიდისა გიორგისი ბასიქარტოს

იმ დროს, როდესაც ეშმაკის კერპთმსახურებას დაეპყრო მთელი ქვეყანა, იყო საბერძნეთში მეფე, რომელსაც სახელად დეოკლეტიანე ერქვა. და იყო იგი მხეცი მძვინვარე და ქრისტიანთა სამწყსოთა დამაქცეველი. მას ჰყავდა ერთგული მეგობარი, რომლის სახელი იყო მაგნეტიოსი. ისინი თანამოაზრეები იყვნენ და იღვწოდნენ კერპთმსახურებისათვის და უნდოდათ ქრისტიანთა მოსპობა. მათ განიზრახეს, რომ სულ გააქრონ ნაზარეველთა (ე.ი. ქრისტიანთა, რადგან ქრისტე ნაზარეთიდან იყო) ღვთისმსახურება და მიაქციონ ყველა ადამიანი თავიანთ კერპთმსახურებას. მათ მისწერეს ასეთი წერილები საბერძნეთის სამეფოს ყველა ერისთავს: "დიდი მეფე, დღეგრძელი დეოკლეტიანე ყველა ერისთავსა და წინამძღვარს მშვიდობით მოიკითხავს. გაცნობებთ, რომ ჩვენამდე მოაღწია ამბავმა, რომელმაც ჩვენ ძალიან აღგვაშფოთა, რადგან აშკარაა მათი უღვთოება, რომლებსაც ქრისტიანი ჰქვიათ და რომლებიც თაყვანსცემენ კაცს, რომელსაც იესო ჰქვია, რომელიც შვა ებრაელმა დედაკაცმა, სახელად მარიამ, და აგინებენ ისინი დიდ ღმერთს აპოლონს და ყველა ღმერთებს, რომელთა შემწეობითაც წარიმართება ჩვენი მეფობა. ხოლო რომელსაც ჰქვია იესო, მას ემსახურებიან, როგორც ღმერთს, რომელიც ებრაელებმა მისი დაუდგრომელობისათვის ჯვარს აცვეს. ამიტომ ვბრძანებ, რომ, თუკი ჩვენს საბრძანებელში მოინახება კაცი ან ქალი ნაზარეველთაგანი, აწამონ იგი მწარე სატანჯველით მანამ, სანამ არ შესწირავენ მსხვერპლს ღმერთებს და არ უარყოფენ თავიანთ შეცდომას და ქრისტეს მიმართ რწმენას, თუ დაგემორჩილონ, აპატიეთ მათი მისამართით ადრე ნათქვამი, ხოლო თუ არ დაგემორჩილონ, მოსპეთ ისინი ცეცხლითა და მახვილით. იცოდეთ, რომ ყოვილი, რომელიც არაფრად ჩააგდებს ჩვენს ბრძანებულს, იმავე სატანჯველით დაისაჯოს".

როგორც კი ამ წერილებმა თავ-თავიანთ ადგილას მიაღწია, დაიწყო ქრისტიანთა სამწყსოების მასობრივი და სასტიკი დევნა, სანამ მრადე და არ უარყო ქრისტე. განმა მრავალი ტანჯვის შემდეგ ვერ მოითმინა ბოლომდე და არუარყო ქრისტე.

ხოლო დეოკლეტინე მეფემ შეკრიბა თავისი სახლის წევრები, ჯარის მეთაურები, ერისმტავრები და ურჩევდა მათ, თუ როგორ, რა საშუალებებით ამოძირკვონ ნაზარეველთა თესლი თავის სამეფოში. თითოეული მათგანი გაოგნებული იყო მისი შიშით. ხოლო მან უთხრა მათ: "მე თქვენ გეტყვით, ჩემო მეგობრებო, არავინ არის ჩვენ ღმერთებზე უფრო ბრწყინვალე, რადგან მოგვცეს ჩვენ ეს მეფობა და ყველა ადამიანს მისცეს თავისუფლება, ხსნა და ამიტომ განვიზრახე, რომ მათ ყოველთვის მივუზღა მსხვერპლი. და თუ ვინმე ნახოთ ქრისტიანეთაგანი, რომელიც ჩვენ ღმერთებს აგინებდეს, აწამეთ იგი მრავალგვარი სატანჯველით მანამ, სანამ არ მოშლით მათ უღვთოებას და სახსენებელს და სრულიად არ გავაქრობთ”.
მიუგეს მის წინაშე მდგომელმა მსახურებმა და უპასუხეს: "ჩვენ, მეფეო, სიხარულით მოვისმინეთ და მორჩილი ვართ თქვენი ბრძანებისა და პატივს მივაგებთ ღმერთებს ისივე, როგორც პატივს ვცემთ შენს დიდებულებას. და ამიერიდან თუკი ვპოვებთ ვინმეს, ვინც თავის თავს ქრისტიანეს უწოდებს თუნდაც თავის გულში, მოკვდეს იგი ყოველგვარი სიკვდილით”.
როგორც კი მათ შორის დაიდო ასეთი მოლაპარაკება და უღვთონი ამ აზრზე შეთანხმდნენ, მაშინ გაამზადეს მრავალგვარი სატანჯველი ქრისტიანებისათვის და კვლავ გაამწესეს მრავალი მოხელე, რომ ყველგან მოეძებნათ ნაზარეველები.

UUU მაშინ გამობრწყინდა ღვთის წმინდანი გიორგი, როგორც ბრწყინვალე ვარსკვლავი ბნელ ღამეშე, ქრისტეს მამაცი მხედარი და მარგალიტი რჩეული, ჩვენი პატრონი გიორგი. ხოლო მე, მონა მისი ბასიქარტოს, მასთან ვიყავი და მის გზას გავყევი და დავესწარი ყველაფერს და აღვწერე მისი ცხოვრება.
გამობრწყინდა იგი, რომ მოესპო კერპტმსახურების სიბნელე ზეციური განზრახვით, თავისი წამების ღვაწლით გაენათლებინა ქრისტიანობა. იგი არ შეშინდა, არც შეუძრწუნებია ბინძური მეფე დიოკლეტიანესა და მხედართმთავრების მუქარას და არც მისთვის განმზადებულ ნაირნაირ სატანჯველს, არამედ იფიქრა და თქვა გულში: "გიორგი, რატომ დგახარ შენ უსაქმოდ? აი, აგერ ქრისტე იწვევს თავისთან საქორწინო ზეიმზე ყველას, ვისაც სურს, და წალკოტი ღიაა და ვაღშამი გამზადებული. ახლა რას აყოვნებ შენ? შედი კარის დახურვამდე. აი, აგერ წინ დგას უფალი ჩემი ქრისტე, რომელმაც ჩვენთვის მოითმინა ჯვარი, ქადაგებს და იტყვის: "ნუ შეგეშინდებათ მათი, რომელნიც მოსპობენ თქვენ ხორცს, ხოლო სულის მოკვლა მათ არ შეუძლიათ”. გაიხსენე, გიორგი, შენი უფლის იესო ქრისტეს მცნება სახარებაში, რომ "რომელმაც მცნეს მე კაცთა წინაშე, მეც გაღიარო იგი ჩემი ზეციერი მამის წინაშე”. ნუ აირჩევ შენ, გიორგი, ამ ამაო ცხოვრებას, რომელიც როგორც ჩრდილი გაქრება, ნურც ამ ქვეყნის ამაო დიდებას სცემ უფრო მეტად პატივს, ვიდრე საუკუნო ცხოვრებას, რადგან ადამიანთა ყოველგვარი დიდება მინდვრის ყვავილს ჰგავს. ცოტა მოითმინე, რომ სამუდამოთ იხარო ანგელოზებთან ერთად”.

ამ სიტყვებს ამბობდა იგი თავის გონებაში და, როგორც კი გადაწყვიტა ეს თავის გულში, დაარწმუნა ამ გადაწყვეტილებაში მისმა გონებამ, არ აცახცახდა უღვთოტა მუქარისაგან, არამედ იქადაგა სიმართლე სიტყვით და ღვთის ეკლესიას თავის წამებასთან ერთად დაუტოვა მოძღვრება და ძვირფასი მოსახსენებელი.

ხოლო ქრისტეს წმინდა მოწამე გიორგი იყო კაბადუკიის ქვეყნიდან, რომელიც საბერძნეთშია. იგი იყო მთავარი, წარჩინებული, მდიდარი და სიბრძნით შემკობილი. იგი იყო მხედართუფროსი ჯარის ერთი ნაწილისა თავისი მამაცობისა და ძალის გამო და ცნობილი იყო დეოკლეტიანეს წინაშეც.

და როცა იხილა წმინდა გიორგიმ კერპტმსახურთა უღვთოება და უგუნურება ქრისტეს მიმართ, ადგა და მთელი თავისი ქონება ღარიბებს გაუნაწილა და გაემზადა წამებისათვის. იგი წარდგა მეფის, მისი მეგობრების, მხედრობისა და ხელისუფალთა წინაშე, ხმა ამოიღო და თქვა: "ჰეი მეფევ, მე ქრისტიანი ვარ და ამიტომ ვენდობი ქრისტეს, ჭეშმარიტ ღმერთსა და ზეცის მეუფეს, ქრისტეს, ჩემს ღმერთს. და აი, აგერ ვდგავარ მე თქვენ შორის და მიკვირს თქვენი კერპთმსახურების ცდომილება. თქვენ არ იცით თქვენი ნამდვილი ღმერთი და დამბადებელი ყოველივესი, რომელმაც მოგცა შენ მეფობა. ახლა, მეფევ, ნუ სცთები ეშმაკის საცთურებით, შენ და შენთან ერთად მსხდომარენი, რადგან ღმერთი, რომელსაც არ გაუჩენია ცანი და ქვეყანა, უნდა მოისპოს და გაქრეს. ხოლო ჩვენ ქრისტიანები თაყვანს ვსცემთ და გვწამს ერთი ღმერთი: მამა შემოქმედი და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე მისი მხოლოდშობილი, რომელმაც შექმნა ყველაფერი, და სული ღვთისა წმინდა, ერთი სამება სრული ღვთაებითა და ერთი მეუფებითა. და ჩვენ ამ ქვეყანაზე ვცოცხლობთ ამისი პატიოსანი სამსახურით და სიკვდილის შემდეგ მოველით საუკუნო ცხოვრებას. ხოლო თქვენი კერპტმსახურება სასაცილოა და არაფერია მასში სიმართლე, არამედ დაეუფლა მას ეშმაკი, რათა ყველა, ვისაც იგი სწამს, ჩაყაროს წარსაწყმედელში”.

მაშინ შეხედა მას მაგნეტიოსმა, მეფის მოადგილემ და მეგობარმა, და უთხრა მას: "რა გქვია, ან ვინ ხარ შენ, რომ ამდენი გაბედე ჩვენს წინაშე?” მიუგო მას წმიდა გიორგიმ და თქვა: "პირველი და რჩეული ჩემი სახელი არის ქრისტიანობა, ხოლო რომელიც კაცთაგან მეწოდა, გიორგი მქვია”. მოუბრუნდა მას დეოკლეტიანე, ჯოჯოხეთის ურჩხული, და უთხრა: "გიორგი, ჩვენ გვსმენია შენი სიბრძნე და მამაცობა. პატივცემულიცა ხარ ჩვენი მეფობის მიერ, მაგრამ ახლა ადექი და უზორე (ე.ი. შესაწირავი შესწირე) ღმერთებს. ისმინე ჩვენი, რადგან არ მოკვდე უკეთურად, არამედ განცხრომით იყო ჩვენი მეგობრობით და შეიძინო შენ სიმდიდრე, პატივისცემა და უფლება ჩვენს წინაშე. ხოლო ახლანდელი სითამამე არაფრით არ არის სასარგებლო შენთვის”.
მიუგო წმიდამან გიორგიმ და უთხრა მას: "ნეტა ჩემი ისმინო, მეფევ, და ცნო ჭეშმარიტი ღმერთი, რათა ღირსი გახდეს სასუფეველსა ცათასა, რადგან შენი ხელმწიფობა მცირე დროით არის. შენი მოწყალება და ტკბილი საუბარი ვერ შეარყევს ჩემში ჩემი ღმერთის სარწმუნოებას, ხოლო შენი პატივი შენვე გქონდეს და დანაპირები შენი იმათთვის დაიტოვე, რომლებიც შენ დაგმორჩილდებიან, ხოლო ჩემთვის ზეცის მეუფეა ქრისტე და მან მომანიჭოს მე დიდება და გამარჯვება ეშმაკსა და მის მსახურებზე”.
მაშინ განრისხდა მეფე, ბრძანა მისი ჩამოკიდება და ლახვრით დაკოდვა, სანამ მისი ნაწლავები მიწაზე არ დაცვივდებოდა.
და როგორც კი აძგერეს მას, იმწამსვე უკუიქცა ლახვარი, როგორც ტყვია, ხოლო მის სხეულს გადმოსდინდა სისხლი, როგორც ცვარი. მაშინ თქვა წმიდა გიორგიმ: " გმადლობ შენ, ქრისტე, რადგან უკუაქციე ჩემგან ეშმაკის მსახურთა ლახვარი და გააქარწყლე უღვთოს მუქარა ჩემ მიმართ.
A
და ისევ აღივსო მეფე გულისწყრობით და ბრძანა ჩამოხსნა მისი, საპატიმროში წაყვანა და იქ მისი ხუნდებით (ხის მორებისაგან დამზადებული ბორკილით) დაბორკვა, ხოლო მკერდზე უზარმაზარი ქვის ლოდის დადება. და როდესაზ ოთხმა კაცმა აიღო ეს ლოდი და მას დაადო, მაშინ თქვა წმიდა გიორგიმ: "გმადლობ შენ, ქრისტე ღმერთო, რადგან ღირსი გამხადე ამ მძიმე ქვის ჩემს გულზე დადებისა, რომ ამით დამტკიცდეს ჩემს გულში შენი სარწმუნოება".
მეორე დღეს ეშმაკმა მეფესა და მის მახლობლებს გულში ჩაუნერგა, რომ ააგონ დიდი ბორბალი და მასში შეამზადონ ტანჯვის მრავალნაირი მოწყობილობა. და ჩაარჭვეს მასში მახვილები და ბრძანა უღვთო მეფემ, რომ წმინდა გიორგი მასზე დაედვათ.
და როდესაც იხილა წმინდა გიორგიმ მცდელობით გამზადებული სატანჯველი, თქვა: "გმადლობ შენ, უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო იესო ქრისტე, რომ მომიყვანე მე ამათთან. ხოლო შენ ორ ყაჩაღს შუა ჯვარს ეცვი და სიკვდილის გემო ნახე, შენ, რომელიც უკვდავი ხარ, რომ გეხსნა ადამიანები სიკვდილისაგან. ახლა უფალო, მომანიჭე მე მტკიცე სარწმუნოება შენდამი ამ განსაცდელის ჟამს და დაიცავი ჩემი სული ეშმაკის ხრიკებისაგან".

იგი შეადგეს გამზადებულ ბორბალზე და ნაჭერ-ნაჭერ დაიჭრა მისი ხორცი. მაშინ აიმაღლეს ხმა მეფემ და მისმა მეგობარმა და თქუეს: "არ არის სხვა ღმერთი აპოლონის, პოსეიდონისა და ჩვენი სხვა ღმერთების გარდა. სად არის გიორგის ღმერთი? რატომ არ დაიხსნა მან იგი ჩვენი ხელიდან?"

ბრძანა მეფემ, რომ ასევე დატოვონ იგი ბორბალზე დადებული, ხოლო თვითონ სადილის საჭმელად წავიდა.
იქნებოდა დღის ათი საათი, რომ ზეციდან ჩამოვიდა ხმა, რომელიც იტყოდა: "მხნედ იყავ, გიორგი, და ნუ დაეჭვდები, ვინაიდან მრავალს ვარწმუნო შენ მიერ". და როგორც კი ესმათ ეს ხმა მცველებს, შეეშინდათ და გაიქცნენ. მოვიდა უფლის ანგელოზი და გამოიყვანა გიორგი სატანჯველისაგან, განკურნა და უთხრა მას: "სიმართლე იყოს შენთან, გიორგი. გჯეროდეს შენი ძალის მომცემისა, რომელმაც სრულ-ქმნას შენი წამება. აი, ახლა ვდგავართ და ველით, სანამ არ მოგეცეს შენ მოწამეობის სრული გვირგვინი”.
მაშინ ადგა გიორგი, მიდიოდა და მადლობას სწირავდა თავის უფალს, გალობდა და იტყოდა: "აგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო და შემწევ ჩემო და ვადიდო სახელი შენი მარადის და საუკუნიდან საუკუნამდე გამიმარჯვე მე ჩემს სავალ გზაზე, უფალო, და ნუ დამეუფლება მე ნურავითარი უსჯულოება”.
გიორგი მივიდა იმ ადგილას, სადაც იდგა აპოლონის კერპი, და იპოვა იქ მეფე, მისი მეგობარი და მრავალი მათი მახლობელი, რომლებიც მსხვერპლს სწირავდნენ ამ კერპებს. მიუახლოვდა მათ წმინდა გიორგი, ხმა გაიგო და თქვა: "მიცანი მე, მეფევ, და სცანით ღმერთი, რომელსაც მე გიქადაგებთ, რომელმაც დამიხსნა მე თქვენი ხელიდან და თქუენი მომაკვდინებელი სატანჯველისაგან, რომელიც შენ მოაწყვე ჩემს მოსაკლავად. და აი ახლა თქვენ ჩადიხართ ცოდვას და მსხვერპლს სწირავთ კერპებს”. მიხედა მას მეფემ და უთხრა: "ვინ ხარ შენ?”, ხოლო წმინდა გიორგიმ უპასუხა: "მე ვარ გიორგი, ქრისტეს მონა, რომელიც შენი ბრძანებით შემაგდეს ბორბალზე და დამტოვეთ დაჭრილი და გეგონათ, რომ მკვდარი ვარ. და აი, აგერ მოვედი, რათა გიჩვენო, რომ ჩემს ღმერთს, რომელსაც შენ აყვედრე, შეუძლია სიკვდილისაგან გახსნა”.
მეფე დააკვირდა მას და ამბობდა: "ნუთუ იგი არის?” ხოლო მისმა მეგობარმა თქვა: "იმას ჰგავს”. უთხრა მათ წმინდა გიორგიმ: "მე ვარ გიორგი, მონა ქრისტესი. ნუ სცდებით კერპების გამო, არამედ შეიგნეთ, რომ ქრისტე არის ის, რომელსაც შეუძლია გააცოცხლოს მიცვალებულები და ყველა, ვინც მას მიენდობა, იხსნას თქვენი ხელისაგან”.

და როგორც კი იხილეს და ეს სიტყვები მოისმინეს ანატოლე და ბარტულიონ მხედართუფროსებმა, ირწმუნეს ღმერთი მათ და მათმა სახლეულობამ და ხმა გაიღეს და თქვეს, რომ: "მხოლოდ ქრისტიანეთა ღმერთი არის ჭეშმარიტი ღმერთი”. როგორც კი ესმა ეს დაწყევლილ მეფეს, ბრძანა მათი გაყვანა დაუსახლებელ ადგილას და იქ მათი თავების მოკვეთა. როდესაც ისინი მიყავდათ, მთელი ხმით ყვიროდნენ: "უფალო ღმერთო ჩვენო იესო ქრისტე, შეივედრე ჩვენი სულები მშვიდობით და გვამყოფე ჩვენ შენი მეუფების ქვეშ და ჩაგვითვალე ჩვენი ეს მცირედი აღსარება შენდამი ჭეშმარიტ სარწმუნოებად და ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად”. და აღესრულა მათი წამება.
და როგორც კი დედოფალ ალექსანდრას ესმა ყველაფერი, რაც წმინდა გიორგიმ გააკეთა, მივიდა მეფესთან და ხმამაღლა თქვა, რომ: "მე ქრისტიანე ვარ და გიორგის ღმერთის მსახური ქალი”.
მიმართა მას მეფის მეგობარმა მაგნეტიოზმა: "გვითხარით ჩვენ, დედოფალო, რისთვის იწამე შენ ქრისტე და უარყავი ღმერთები?”

მიუგო მას დედოფალმა: "რადგან ვისურვე შემატება და დავგმე [სულიერი] სიღარიბე”. და წავიდა იგი თავის სახლში ღვთის შიშით და მტკიცე სარწმუნოებით.

განრისხდა მეფე და უბრძანა, რათა წმინდა გიორგი ახლადგამომწვარი კირის ორმოში ჩაეგდოთ და მისთვის მცველები დაეყენებიათ. სამი დღის შემდეგ მეფემ თქვა: "ამოკრიფეთ იმ წარწყმედილი მხედრის ძვლები და დამარხეთ მიწაში, რომ არავინ წაიღოს ისინი”. წავიდნენ ცხენოსანი ჯარისკაცები, რომ იგი ენაცათ და იპოვეს წმინდა გიორგი, რომლის ხორცსაც არავითარი ვნება არ შეხებია, რადგან ღვთის ანგელოზი იცავდა მას.
როდესაც ხალხმა იხილა ეს ამბავი, შექმნა ჟრიამული და თქვა: "დიდი არის ქრისტიანეთა ღმერთი”. როცა ესმა ეს ალექსანდრა დედოფალს, ისევ მივიდა იმ ადგილს და ხმამაღლა ამბობდა: "არ არის სხვა ღმერთი ქრისტიანეთა ღვთის გარდა, რომელიც დაიხსნის თავის მონებს გასაჭირისაგან”.

მხედრებმა, რომლებიც მისული იყვნენ ორმოდან წმინდა გიორგის ამოსაყვანად, ირწმუნეს ქრისტე. ხოლო მეფემ წინ დაისვა წმინდა გიორგი, შემოიკრიბა ირგვლივ თავისი ოჯახის წევრები და უთხრა წმინდანს: "გვითხარი ჩვენ, ვინ გაგაცოცხლა შენ?” მიუგო მას წმინდა გიორგიმ: "მე ვიცი, მეფეო, რომ კიდეც გითხრა თქუენ, არ დამიჯერებთ, მაგრამ მე არ დავფარავ: იცოდე შენ, მეფეო, რომ იესო ქრისტემ, ღვთის ძემ დამიცვა მე ყოველგვარი სატანჯველისაგან და დაიხსნის ეშმაკის მახისაგან ყველას, ვინც კი ვედრებით უხმობს მის წმინდა სახელს”.
კვლავ ბრძანა მეფემ, რომ გააკეთონ რკინის სანდლები, რომლებსაც შიგნიდან ჩამაგრებული იქნებოდათ გახურებული ლურსმნები, ჩააცვან მას ფეხებზედ მაშით და ასე არბენინონ იგი. წმინდა გიორგის არ შეეძლო ასე სიარული, მაგრამ მას თრევით აიძულებდნენ. იგი ეუბდნებოდა თავის თავს: "ისწრაფე, გიორგი, იმ ხვედრისაკენ, რომელიც შენთვის არის გამზადებული”. შემდეგ ლოცულობდა და ამბობდა: "ყფალო ჩემო და ღმერთო ჩემო იესო ქრისტე, შენ ხარ გაჭირვებულთა მხსნელი და ადგილი შესავედრებელი მათთვის, ვინც გიხმობს შენ და შენ აძლევ მოთმინებას ყველას, ვინც შენი სახელისათვის იგვემება. ნუ გამწირავ მე ახლა, არამედ მომმადლე მოთმინების უნარი სიკვდილამდე, რომ არ თქვას მტერმა თავის გუნებაში: "სად არის მისი ღმერთი?”.

და როდესაც დაამთავრა თავისი ლოცვა, მასთან მოაღწია ზეციდან ხმამ, რომელიც ამბობდა: "მხნედ იყავი, გიორგი, რადგან მე შენთან ვარ“. და მაშინვე განიკურნა მისი ფეხები.
შემდეგ მეფემ ბრძანა მისი საპყრობილეში ჩასმა. მეორე დღეს მოიხმო იგი და უთხრა: "სადამდე გაუძლებ შენ სატანჯველს და გრძნებით შეინარჩუნებ მხნეობას? დამემორჩილე ამიერიდან და შესწირე მსხვერპლი ღმერთებს”.
მიუგო წმინდა გიორგიმ მას და ყველას, რომლებიც იქ იყვნენ მასთან ერთად: "მე ჩემი ღვთის შეწევნით მოვითმენ ყველა თქვენს სატანჯველს, რომლითაც თქვენ მე მტანჯავთ. და აი, როგორც მხედავთ, აგერ ვდგავარ თქვენს წინაშე ცოცხალი, და თქვენ მოწამე ხართ ჩემი ღვთის ძალისა. კვლავაც მზად ვარ ყველაფრისათვის, როგორი სატანჯველიც არ უნდა დამატყდეს თავს თქვენგან, ჩემი პატრონის იესო ქრისტეს ძალით. ხოლო თქვენ რისი იმედი გაქვთ, რადგან ემსახურებით ფუჭ და უსულო კერპებს? ამიერიდან შეგრცხვეთ თქუენ და ნუ უწოდებთ მათ ღმერთებს, რადგან მხოლოდ მრუშობა იყო მათი საქმიანობა ამ ქვეყანაზე, მათი თანამგზავრი იყო სიმთვრალე და კაცის კვლა. ხოლო შემდეგ მოკვდნენ და ჩავარდნენ ჯოჯოხეთის ცეცხლში, რომელიც მათთვის არის გამზადებული და აგრეთვე ყველასთვის, ვინც მათ გაყვება”.
განრისხდა მეფე და უბრძანა, რომ ეცემათ იგი შეუბრალებლად მათრახით (საქონლის ძარღვებისაგან დამზადებული). და როგორც კი გუემეს იგი, უთხრეს მას მეფემ და მისმა მეგობარმა: "სანამდი არ დაგვემორჩილები ჩვენ, უბედურო, რომ შესწირო კერპებს მსხვერპლი და მიიღო დიდი საჩუქარი?”
წმინდა გიორგიმ მიუგო მათ და თქვა: "მე მაცოცხლებელ ღმერთს შევწირავ ყოველდღე და უოველ დროს ქების მსხვერპლს, რომ მან მიხსნა მე თქვენი ხელიდან, და განმადიდებს ზეციური დიდებით. ნეტა თქვენ დამიჯერებდეთ მე და ჩემთან ერთად თაყვანს სცემდეთ ჭეშმარიტ ღმერთს”.

და შემდეგ მეფის მეგობარი მაგნეტიოსი ევედრა მეფეს, რომ ნება დართოს მისი საკვრელისაგან განხსნისა. და როცა გახსნეს იგი, უთხრა მას: "თუ გინდა, რომ შენი ღმერთი გვწამდეს, გვიჩვენე ჩვენ სასწაული და გააცოცხლე ერთი მკუდართაგანი, რომლებიც ჩვენ წინ ამ სამარხებში არიან”.

უპასუხა მათ წმინდა გიორგიმ: "ღმერთს, რომელმაც ყველაფერი შექმნა არაფრისაგან, ცანი და დედამიწა, შეუძლია ამ მკვდრის აყენებაც. და ეს არ არის დაფარული მორწმუნეებისაგან. და თუ თქვენ გძლიათ ეშმაკის ცთუნებამ, კიდეც რომ აღდგეს მკედარი, თქვენ მაინც არ იწამებთ, მაგრამ აქ მდგომი ხალხისსათვის გავაკეთებ ამას ჩემი ღმერთის იმედითა და მოწყალებით. ყველა თქუენგანის წინაშე ვევედრები, რომ შეასრულოს ეს საკვირველება.
წმინდა გიორგიმ მოიდრიკა მუხლი და ილოცა, ადგა, აღაპყრო ხელები ზეცისაკენ და თქვა: "უფალო ღმერთო, ყოვლისა მპყრობელო, რომელსაც გინდა ყველა ადამიანის ხსნა, შენ ხარ, რომელმაც მოციქულთა და შენი ხელით ჰქენი საკვირველებანი, რათა წარმართებს ეწამებიათ და ეცნოთ შენი ღმერთობა. ახლაც, უფალო, შეისმინე ლოცვა ჩემი, შენი გლახაკი მონისა, და აღადგინე ერთი ამ მკუდართაგანი, შენი ძის, შენგან ცხებულის, სარწმუნოების სახელის სადიდებლად”. D

და სანამ მას დაასრულა ლოცვა, დაიწყო იმ ადგილას დიდი ძვრა, გაიღო საფლავის კარი და გამოვიდა იქიდან ერთი მკედართაგანი გაცოცხლებული და მოვიდა იგი წმინდა გიორგისთან, დავარდა მის ფეხებთან, ევედრებოდა მას და ეტყოდა: "შემიწყალე მე, მონაო ღმრთისა მაღლისაო, და მომეცი მე სიცოცხლის ნათელი, ქრისტეს ბეჭედი”.

მიუგო მას წმინდა გიორგიმ: "თუ გწამს ქრისტე, რომელიც გააცოცხლებს მიცვალებულებს, შენც იცოცხლო”.
ხოლო მან უპასყხა: "მწამს მე ღმერთი ცოცხალი და ძე მისი იესო ქრისტე, რომელმაც ახლახან მე აღმადგინა მკვდრეთით შენი ლოცვით”.

მაშინ გაუკვირდა მეფეს და აღივსო ბოროტად სარწმუნოებითა და ჰკითხა მკვდრეთით აღმდგარს: "გვითხარი ჩვენ, როდის მოკვდი შენ და ვინ იყავი სიკვდილამდე?” მან მიუგო: "ქრისტეს გამოცხადებაზე ადრე მოვკვდი მე. ვიყავი მე კერპთმსახური და სიკვდილის შემდეგ მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ ტანჯვაში ვიყავი”.

როგორც კი მოისმინა უამრავმა ხალხმა და ჯარმა ყოველივე, ირწმუნეს ღმერთი და ადიდებდნენ ქრისტეს. ხოლო როცა ეს მეფემ იხილა, აივსო საბრაზით და დაუმატა თავის სიბრმეს სიბრმე და თქვა, რომ: "გიორგი გრძნეული არის და რაღაც სული აღმოგვიყვანა, რომ ამით ჩვენ შეგვაცდინოს”.

უპასუხა მას წმინდანმა: "სადამდე შეცდები შენ, მეფეო, და არ ირწმუნებ ღვთისას? იცოდე შენ, მეფეო, რომ ეშმაკებს არ შეუძლიათ ქრისტეს სახელის მოსმენა და როგორ შეიძლება ეშმაკთა მხრივ იმის გაკეთება, რომ შენ იხილე და გესმა?”

მეფემ ბრძანა მისი საპყრობილეში შეგდება, ხოლო იგი შევიდა თავის სახლში. და რომლებმაცAმისი ირწმუნეს, ღამით მოვიდნენ მასთან და ქრთამს აძლევდნენ საპყრობლის მცველს, რომ ისინი შეეშვა, ხოლო წმინდანი მათ სარწმუნოებას ასწავლიდა ხოლმე. და მოჰყავდათ სნეულები, ბრმები და მისი ლოცვით ისინი იკურნებოდნენ.
იყო ერთი კაცი, მიწის მუშა, რომელსაც ერქვა ღორაკლეოზი. მოუკვდა მას ხარი, რომლითაც ხნავდა, მოვიდა იგი საპყრობილეში, დაემხო წმინდა გიორგის წინ და უთხრა მას: "უფალო ჩემო, შემიბრალე, რადგან მოკვდა ჩემი ხარი. გევედრები, რომ ილოცო და გაცოცხლდეს, რადგან ვიცი, რომ რასაც ღმერთისაგან ითხოვ, შეგისრულდება შენ”.

უთხრა მას წმინდა გიორგიმ: "თუ გწამს ჩემი ღმერთი გაცოცხლდება შენი ხარი”.
მიუგო მიწის მუშამ: "მწამს მე, რადგან არ არის სხვა ღმერთი, გარდა ქრისტიანთა ღმერთისა”.
უთხრა მას წმინდა გიორგიმ: "წადი და ნახო შენი ხარი ცოცხალი”. დაბრუნდა იგი და ამბობდა: "არ არის სხვა ღმერთი, გარდა ქრისტიანთა ღმერთისა. ძალიან დიდი არის იგი”.

როგორც კი მოისმინეს ეს მეფის მახლობლებმა, შეიპყრეს იგი, შეიყვანეს მეფესთან და მიუთხრეს მისი ამბავი. ხოლო იგი ძალიან არშფოთდა და არც კი გამოიკითხა რამე, არამედ ბრძანა, რომ იგი ნაჭერ-ნაჭერად დაეკუწათ. და როდესაც მას სჭრიდნენ, იგი ხმამაღლა ამბობდა: "ღმერთო ჭეშმარიტო, ნუ უარმყოფ მე, რადგან განკიცხული ვარ, არამედ მწამხარ შენ-მამა, ძე და სული წმინდა, მაგრამ მეშინია, რადგან ნათლისცემა არ მიმიღია. და შენ თუ გინდა, უფალო, შეგიძლია მაცხოვრო. გევედრები შენ, ქრისტე, რომ ას სისხლის დაღვრა ჩამითვალო ნათლისღებად, რადგან შენ ხარ ღმერთი გულთამხილველი.”
ზეციდან მოისმა მას ხმა, რომელიც ეტყოდა: "მოდი ჩემთან სიხარულით, რადგან სრულყოფილი ხარ და დასრულდა შენი წამება”. შემდეგ კვლავ მოაღწია მეფის ყურამდე, რომ ძალიან ბევრნი მიდიან საპყრობილეში გიორგისთან და იგი ასწავლის მათ ქრისტეს სარწმუნოებას და კურნავს ხალხში სნეულებებს. ბრძანა მეფემ წმინდა გიორგის მოყვანა. მაშინ უთხრა მეფეს მისმა მეგობარმა: "იცი, მეფევ, რომ ქრისტიანების მოდგმა არ დაგემორჩილება ძალით, ამითომ მოფერებით ელაპარაკე, თუ გინდა, რომ დაგემორჩილოს და შესწიროს კერპებს მსხვერპლი”. როცა წმინდა გიორგი მოჰყავდათ საპყრობილიდან, ფსალმუნს გალობდა და ამბობდა: "ღმერთო, მომხედე შეწევნით, უფალო, ჩემი შეწევნისათვის ისწრაფე”.
და როგორც კი წარდგა იგი მეფის წინაშე, დაუწყო მას მეფემ ვედრება: "გეფიცები შენ უფალ მზეს და სხვა ყველა ღმერთს, თუ შენ დამიჯერებ, გიორგი, და შესწირავ, დიდძალი სიმდიდრით დაგაჯილდოვო და ჩემს სამეფოში მეორე კაცათ გაგხადო, რადგან მებრალები მე და არ მინდა შენი ბოროტად მოკვდინება”.
უპასუხა მას წმინდა გიორგიმ: "შენ კარგად თქვი და თავიდან ასე რომ გეთქვა, შევისმენდი შენსას. ახლა კი სად წავიღო ამდენი გინება და ჩემი დიდი და ძლიერი ტანჯვა?”

მიუგო მეფემ და უთხრა: "მომიტევე მე, როგორც შენს მამას, რაც რამ ცუდი გავაკეთე შენს მიმართ, შესწირე ღმერთებს და ჩემთან იქნები დიდ პატივში”.
უპასუხა მას წმინდა გიორგიმ: "რადგანაც შეინანე ჩემს წინაშე, მეფეო, და ეს არის შენი ოცნება, რომ შევსწირო, მოდი და წავიდეთ შენი ღმერთების ადგილსამყოფელში”. ძალიან გაიხარა მეფემ და უბრძანა თავის სახლობას და მთელ თავის მხედრობას, რომ ტაძარში წასულიყვნენ და იქ ასე ექადაგათ: "გალილეველთა (ე.ი. ქრისტიანთა) მღვდელი მოდის დიდი აპოლონისათვის მსხვერპლის შესაწირავად”. და დაიწყო ყველა მეკერპემ ყვირილი: "სძლია აპოლონმა, საუკუნოდ იცოცხლოს მეფე დეოკლეტიანემ”.

და როგორც კი შევიდა ხალხი ტაძარში, დადუნდა მთელი ეს მასა. წმინდა გიორგიმ წარდგა აპოლონის კერპის წინაშე და ჰკითხა მას: "შენ ხარ ღმერთი და შენ შეგფერის, რომ ადამიანები გემსახურებოდნენ?” ხმა ამოიღო ეშმაკმა, რომელიც კერპის შიგნით იყო და თქვა: "არა ვარ მე ღმერთი და არც ესენი, რომლებიც ჩემთან არიან, არამედ ჭეშმარიტი ღმერთი მხოლოდ ქრისტიანთა ღმერთი არის და მისი ძე იესო ქრისტე, რომელმაც შექმნა ყველაფერი. ხოლო ჩვენ მისი ანგელოზები ვიყავით და, ოდეს იგი უარვყავით, ეშმაკი გვეწოდა და ჩვენი მეოხებით ადამიანები ცდებიან”.
უთხრა მათ წმინდა გიორგიმ: "თუ ღმერთები არა ხართ, რატომ ატყუებთ ადამიანებს და საერთოდ როგორ გაბედეთ აქ მოსვლა. როდესაც მე, მონა ქრისტესი, აქ ვიმყოფები, რომელიც წოდებული ვარ მისი სახელით”. "იგი არის ჭეშმარიტი ღმერთის ქრისტეს ჭაბუკი”- უეცრად შეჰყვირეს ეშმაკებმა გოდების ხმით. დიდი არეულობა იქმნა იქ და ყველა კერპი, რომელიც ტაძარში იდგა, ერთბაშად გადმოვარდა და დაიმსხვრა, რადგან სიტყვასთან ერთად ჯვარიც გადასახა მათ წმინდა გიორგიმ. როგორც კი ეს დაინახეს საკერპოს ბილწმა ქურუმებმა, მიესივნენ წმინდა გიორგის, შეიპყრეს და უთხრეს მეფეს: "მოჰკალი ეს გრძნეული, მეფეო, რადგან თავისი მისნობით მოატყუა ხალხი და ღმერთები შემუსრა”.
განრისხდა მეფე და უთხრა წმინდა გიორგის: "ბოროტო და ყოველგვარი გრძნეულებით აღსავსევ, შენ არ დამპირდი, რომ ღმერთებს შესწირავდი მსხვერპლს?” მიუგო მას წმინდა გიორგიმ: "შე ბრმავ და უსირცხვილოვ, ვერ ნახე, რომ, როგორც კი აღვასრულე ჩემი მსხვერპლი და ლოცვა ჩემი ღვთის იესო ქრისტეს მიმართ, მაშინვე წარწყმდა ყველა თქვენი ღმერთი. ამიერიდან იცოდე, რომ არ შეუძლიათ მათ თავიანთ თავს დაეხმარონ და როგორ უშველიან სხვას? რადგან კერპები არიან უსულონი და ეშმაკეულნი, რომლებიც შეაცდენენ ხოლმე ადამიანებს, ხოლო ქრისტეს მონები ანადგურებენ მათ, როგორც ეს შენ ნახე”.

როდესაც გაიგო ეს დედოფალმა, სირბილით მივიდა იგი მეფესთან და შესძახა: "ღმერთო გიორგისაო, მხედრისა უძლეველისა, მაპატიე ცოდვილს და ნუ გამიხსენებ ჩემ ცოდვებს, რომლებიც უმეცრებით ჩავიდინე. უფალო ღმერთო, გაიხსენე უკანასკნელი ჩემი შენდამი მოქცევა და მიმიჩინე ადგილი ქრისტიანებთან და შენ მონასთან - გიორგისთან”.
მაშინ დიდძალმა ხალხმა ირწმუნა ქრისტე. განრისხდა მეფე და ბრძანება გასცა გიორგისა და დედოფლისათვის და უთხრა წმინდა გიორგის: "ო, გიორგი უკეთურო, ვინაიდან შენ შეაცდინე დედოფალი და მისი სიკვდილის მიზეზი გახდი, ამიტომ წადიო შენ და იგი და მიიღეთ სამაგიერო, რომ შური ვიძიო ყველაფერზე, რაც თქვენ ღმერთებს აგინეთ. და აი, მე დამიმტკიცებია და მითქვამს, რომ თავი წარეკვეთოს მახვილით გიორგის, გალილეველთა მღვდელს და მასთან ერთად დედოფალსაც იმიტომ, რომ მან თაყვანი არ სცა აპოლონს და ამასთანავე შეაცდინა დედოფალი”.
მაშინვე წაიყვანეს ისინი მხედრებმა ქალაქგარეთ. დედოფალი სიხარულით მიდიოდა გიორგისთან ერთად და ლოცულობდა თავის გულში ღვთის მიმართ, ხოლო გარეგნულად მხოლოდ ბაგეები იძვროდნენ და თვალები ზეცას შესცქეროდა. სიარულის დროს დაჯდა დედოფალი ცოტა ხნით გზაზე და შეავედრა სული ღმერთს მშვიდობიანად.
ხოლო წმინდა გიორგი როგორც კი მიიყვანეს ადგილზე, უთხრა მან მათ: "ცოტა დამაცადეთ, ძმებო, რომ ვილოცო”. მიაპყრო თვალები ზეცას, გაშალა ხელები, ღრმად ამოიოხრა და თქვა: "უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო, რომელიც არსებობ საუკუნეებზე ადრე, რომლისაკენ მოვილტვოდი ჩემი სიყრმიდან, რომელი ხარ დიდი და კეთილი იმედი ყველა ქრისტიანისა, რომლის არსებობას არა აქვს დასასრული. შენ ხარ, რომელიც აძლევ შენს მოყვარულებს საჩუქარს მათ თხოვნაზე ადრე. ისმინე ჩემი, უფალო, შეიწყნარე ჩემი სული და განარიდე განმსჯელი ეშმაკებისაგან, რომლებიც არიან ჰაერში, და აპატიე ამ წარმართებს ყველაფერი, რა ბოროტებაც უყვეს შენს მონებს, და გაუნათლე მათ გულები ჭეშმარიტების შემეცნებისათვის, რადგან ყველა ადამიანის კეთილდღეობა გნებავს, და მოუვლინე, უფალო, დახმარება ყველას, რომლებიც კი უხმობენ შენს სახელს. და დაამკვიდრე მათ შორის შენი შიში და სიყვარული და შენი წმინდანების სურვილი, რათა აღასრულებდენ მათ დრესასწაულებს და ბაძავდნენ მათ სარწმუნოებას, რომ მათთან ერთად ღირსნი გახდნენ ზეციურ სამეფოში დამკვიდრებისა, რადგან შენი არის დიდება, მამისა და ძისა და წმინდისა სულისა აწ და უკუნითი უკუნისამდე, ამინ”.

და როდესაც დაასრულა თავისი ლოცვა, მუხლი მოიდრიკა და მიუშვირა კისერი. ჯალათმა დაჰკრა მახვილი და დასრულდა წმინდა გიორგის წამება 23 აპრილს, პარასკევ დღეს, დღის შვიდ საათზე.

მე, ბასიქარტოსი, მონა წმინდა გიორგისი, გავყევი ჩემს პატრონს და აღვწერე მისი წამება ჭეშმარიტად და უცვლელად. და ნეტარი არის, ვისაც სწამს მამა, ძე და სული წმინდა ჩვენი ძლიერი სულითა და ხორცით, რომლისა არის დიდება დაუსრულებელად, ამინ.