მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > წმიდა გიორგი > წმინდა გიორგის მეორე სასწაული
წმინდა გიორგის მეორე სასწაული
ამის შემდეგ, როცა გამოვიდა წმინდანი ქალაქიდან და მიდიოდა თავის მამულში, შეხვდა მას ეშმაკი უბრალო, მდაბალი სახით. ხელში მას ჯოხი ეჭირა და თავს მშვიდობიანად აჩვენებდა. როცა ეშმაკი შემოხვდა წმინდა გიორგის, შეეხმიანა წყნარად: "გიორგი!" მიუგო მას წმინდანმა: "როგორ დამიძახე სახელი, რომელიც არ იცოდი, თუ არ ხარ შენ ბოროტი ეშმაკი?" უპასუხა მას ეშმაკმა: "თუ შენ ღვთის ანგელოზი ხარ, მიჩვენე შენი ძალა." მაშინ მან შემოსწერა ჯვარით ეშმაკის ირგვლივ, ჩააყენა მასში ეშმაკი და უთხრა: "ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით მოდი და შემომიდექი მე". უეცრად იყვირა ეშმაკმა: "ვაი ჩემი ბრალი, გიორგი, რომ გადაგეყარე". უთხრა მას წმინდანმა: "მითხარი, ვინ ხარ შენ?" მაშინ დაიწყო ბოროტმა ეშმაკმა: "მე ვარ შამაელის შემდეგ მეორე. მე, გიორგი, ორმოცდაათი ათასის მფლობელი ვიყავი, როდესაც ღმერთმა კაცი გააჩინა და ქვეყანა გაყო და დაამტკიცა, იქ ვიყავ და ძრწოლით ვუყურებდი, როდესაც იგი ელვის შანთებს ფშვნიდა, მე ვიყავი ღრუბელთა შემაერთებელი. ჩემი დანახვა კაცობრივ ბუნებას არ შეეძლო. ჩემი ანგელოზთა დასსაც კი ეშინოდა. ხოლო ახლა რადგან გადმომაგდეს ზეციდან, მიწიერთა ფეხები მთელავენ მე. ვაი არს ჩემ თავზე, გიორგი, რადგან შემშურდა შენთვის მოცემული მადლი და განვიზრახე შენი შეცდენა ამ გზაზე, რომ თაყვანი გეცა ჩემთვის, რადგან ბევრი გამიშორებია ღვთისაგან. აჰა, ყველაფერი გიამბე შენ, გიორგი. გაიხსენე პირველი ნეტარება ჩემი და მერე-უბადრუკება ესე ჩემი და ნუ მიბრძანებ მე საუკუნო სატანჯველში წასვლას".
წმინდა გიორგიმ ილოცა და თქვა: "უფალო ღმერთო, გაანადგურე ეს არაწმინდა ეშმაკი, რომელმაც არ შეასრულა შენი ნება, არამედ დარჩა თავის უკეთურებაზე და არ მობრუნდა შენსკენ, ერთადერთისა და ჭეშმარიტი ღვთისაკენ. ჩააგდე იგი სატანჯველის ბნელ ადგილას, რომ შენ მიერ შექმნილი სახე-ხატი ვეღარ აცდუნოს".
იქვე იყო ძალზე დიდი კლდე, რომელზედაც წმინდანმა გამოსახა ჯვარის ნიშანი და ასე თქვა: "ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით განიღოს ეს კლდე". იმ წამსვე გაიღო კლდე, ხოლო მან ხელი ჰკრა ეშმაკს და ჩააგდო იგი ცეცხლის ორმოში. კვლავ უბრძანა კლდეს, რომ იქცეს, როგორიც პირველად იყო. არის ამჟამად ეშმაკი ცეცხლის სატანჯველში და იტანჯება საუკუნოდ. ქრისტიანთაგან ვინც ეს იხილეს, მადლობა შესწირეს ღმერთსა და წმინდა მოწამე გიორგის.