მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > წმიდა გიორგი > წმინდა გიორგის მესამე სასწაული
წმინდა გიორგის მესამე სასწაული
პალესტინაში, წმინდა გიორგის დედულეთის დაბაში, სადაც დასვენებულია წმინდანის ყოვლად წმინდა ნაწილები, მეფემ ინება წმინდანის სახელზე აშენებული ტაძრის გაფართოება და გამშვენიერება. მან გაგზავნა თავისი ნათესავი დიდებული, მისცა მას მრავალი საფასური და უბრძანა, რომ სამეფო ხარკისაგან აიღოს შენების ყოველი ხარჯი და ამცნო, რომ ძალიან სასწრაფოდ ააშენოს და ყოველგვარი სამკაულით შეამკოს ტაძარი.
წარვიდა ეს კაცი და ჩაუყარა საფუძველი და დაიწყო შენება. რადგან საჭირო შეიქმნა სვეტები, დაიწყო ფიქრი და ძებნა, თუ სად პოვოს წმინდანის ტაძრის შესაფერისი სვეტები, რადგან იმ ადგილას არ იყო საშუალება არც სვეტების გამოკვეთისა და არც პოვნისა. ამიტომ მოშორებით ურჩიეს საჭირო სვეტების ძებნა. მაშინვე წავიდა იგი და იპოვა მშვენიერი სვეტები, გაამზადა ნავი და ზღვით განიზრახა მათი გადმოზიდვა.
ამ ადგილას იყო ერთი ქვრივი დედაკაცი. ცხოვრობდა იგი კეთილი ცხოვრებით და მოწამის სიყვარულით გამსჭვალულმა აღთქმა დაუდო წმინდანს, რომ თავისი ფულით იყიდდა მშვენიერ სვეტს და მისცემდა მის ტაძარს. იპოვა მან თავისი სურვილის შესაბამისი, იყიდა, მიიტანა ზღვასთან და ევედრებოდა მთავარს, რომ სხვა სვეტებთან ერთად მისი სვეტიც აეტანა ნავზე. ხოლო მან არაფრად ჩააგდო ქალის ვედრება და უთხრა: "შეუფერებელია სამეფო შესაწირავზე ქვრივის ძღვენის დართვა და ხალხის ხარკით გამზადებულ ნავზე გამოყოფილად ქვრივის ტვირთის ჩადება". დატოვა ის სვეტი იქვე და მხოლოდ სამეფო ხარჯით ნაყიდი სვეტები აიტანა ნავზე და წავიდა.
დედაკაცმა ნახა რა თავისი თავი შესაწირავთან ერთად ასე არაფრად მიჩნეული, ცრემლების ღვრით მიმართა წმინდანს: "ვაიმე, წმინდაო ქრისტეს მოწამეო გიორგი, რატომ არ შეიწირე ჩემი ეს მცირე ძღვენი და არ მიემსგავსე ამაში შენს მასწავლებელს ქრისტეს? რატომ არ გააჯერე ჩემი გული ამის გაკეთებით? ნუთუ არ იცი, როგორია ჩემი შენდამი სარწმუნოება? ნუთუ არ იცი, თუ რაოდენია ჩემს გულში შენი სურვილი? ახლა კი მივხვდი, რომ მოგბეზრდა ჩემი სიცოცხლე. ახლა კი მივხვდი, რომ ჩემი ცოდვების გამო დამტოვე შენი მფარველობის გარეშე."
როდესაც იგი ასე გოდებდა, წარმოუდგა მას ერთი მშვენიერი მხედარი და ჰკითხავდა ამდენი ტირილის მიზეზს. და როდესაც მოუთხრო, კვლავ ჰკითხა მას: "ტაძრის რომელ ადგილას გინდოდა შენი სვეტის აღმართვა?” მან უპასუხა: "მეო- რე სვეტად მარჯვენა მხარეს, ბატონო”.
ეს რომ მოისმინა, გამოცხადებული იგი გადმოხტა ცხენიდან და თავისი თითით დააწერა სვეტს ასეთი სიტყვები: "ქვრივის ეს სვეტი აღიმართოს მეორე სვეტად ტაძრის მარჯვენა მხარეს”. და მერე უთხრა დედაკაცს: "მე სვეტის ერთ მხარეს ავწევ, ხოლო შენ მეორე იტვირთე”. და როცა მან განკვირვებულმა აიღო, წამსვე დაინახა რომ სვეტი სწრაფად მისრიალებდა ზღვაზე და როგორც სულიერი მიდიოდა, ხოლო მხედრის სახით გამოცხადებული უჩინო იქმნა.
ხოლო ქალი შიშმა და გაკვირვებამ შეიპყრო და დარწმუნდა, რომ ის წმინდანი ნამდვილად ქრისტეს მოწამე გიორგი იყო და დაბრუნდა თავის სახლში გახარებული და მადლობდა ღმერთსა და წმინდა მოწამეს.
ხოლო სვეტმა გაიარა ზღვა და გაუსწრო იმ სვეტებს, რომლებიც სამეფო ნავზე იყო. და როგორც კი მიაღწია, დადგა ზღვის ნაპირზე და ეწერა მას წმინდანის ხელით გამოყვანილი სიტყვები, თითქოსდა წერაქვით ამოკვეთილნი, რომლებიც იხილა რა და წაიკითხა მეფის კაცმა, რომელიც დაწესებული იყო ტაძრის მშენებლობაზე, იგრძნო საქმის ვითარება, იცნო ის სვეტი და გაუკვირდა ქვრივის სარწმუნოება, შეშფოთდა და ადიდებდა ღმერთსა და წმინდა მოწამის ძალას აქებდა. მან წმინდა მოწამის მიერ მისთვის საღვთო სიტყვების გზით ბრძანებული ყველაფერი გულწრფელად შეასრულა.
ხოლო ჩვენ ამ დიდი მოღვაწის სწრაფი შეწევნა დავიხმაროთ და მოწყალედ ვითხოვოთ და მის სხვა საკვირველებათა თხრობას შევუდგეთ.