მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > წმიდა გიორგი > წმინდა გიორგის მეოთხე სასწაული
წმინდა გიორგის მეოთხე სასწაული

იმავე პირველად ნახსენებ დაბას, რომელშიც ზემოაღწერილი სასწაული მოხდა. ერთ დროს სარკინოზთა ჯარი შემოესია საბრძოლველად. როცა იქ მყოფნი ყველანი დაატყვევეს, თავიანთი კარვები იქ გაშალეს და იწყეს სმა და ლხინი და ისეთ სიგიჟემდე მივიდნენ, რომ ზოგიერთმა მათგანმა ტაძრის საკურთხეველში, სადაც ძლევამოსილი და წამების ღვაწლით შემკული მოწამის წმინდა ნაწილები იყო დასვენებული, დაიწყო უღირსი საქმეების კეთება, ვინაიდან ხელი მიჰყვეს ღორმუცელობას, ლოთობას და ძილს და კვლავ თამაშსა და ხუმრობას. ამის შემდეგ მოზიდეს ისრები და დაუწყეს სროლა იქ დადგმულ დიდებულ ხატებს.
ერთმა ტყვეთაგანმა გაუბედა მათ და უთხრა: "არ ეგების ასეთი სისაძაგლე წმინდანთა მიმართ, რადგან მოწამე, რომლის სახელითაც ეს ტაძარი არის პატივცემული, მეომარი იყო უძლეველი და დღემდე თავის მოწინააღმდეგებს ააშკარავებს და ულმობებელი სატანჯველით სპობს მათ”. მათ უწესოდ გაიცინეს და ხმამაღლა მიუგეს: "გაგვაგებინე, ვინ არის ასეთი”. ხოლო იგი უჩვენებდა მათ ზედა მხარეს მდგამ მოწამის ხატს, ბრწყინვალედ გამოსახულსა და მეომრის ჯაჭვის პერანგით შემოსილს, რომელსაც ერტყა ოქროს ქამარი. ხელში ეჭირა საბრძოლო შუბი და იყო თავზარდამცემი მისი მხილველებისათვის.
ერთმა მადგანმა მიიზიდა ისარი და სტყორცნა წმინდანის დიდებულ ხატს. ხოლო იგი წამშივე უკუიქცა და მტყორცნელს გული განუგმირა და ბეჭებამდე გაერჭო. იმავე წუთში დაეცა იგი და სული დალია.
სხვა მებრძოლებმა დაინახეს წმინდანის ხატი, რომ მას ხელი გაეშალა და შუბით ხოცავდა მათ. ხოლო მათ როგორც კი ეს დაინახეს, დიდ შიშში ჩაცვივდნენ და გაიქცნენ. ზოგიერთი მახვილით დაჭრილი გარბოდა და ზარდაცებული ყვიროდა, ხოლო ზოგიერთი ერთმანეთს თელავდა და სპობდა და უბადრუკი სული სასტიკად ძვრებოდათ. ხოლო რომელთაც შესძლეს გაქცევით თავისი სიცოცხლის გადარჩენა, თავიანთ ქვეყნებში გაიფანტნენ და წმინდა მოწამის ძალაზე მოუთხრობდნენ.
იმ დღიდან დამპყრობელთაგან ვერავინ გაბედა თამამად იმ საღვთო ტაძართან მიახლოვება, არამედ როდესაც საჭირო გახდებოდა მათთვის ტაძრის გვერდით გავლა, დიდი შიშითა და მოწიწებით აუვლიდნენ გვერდს და მასში დამკვიდრებულ დიდ ძლიერებას იუწყებოდნენ.