მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > წმიდა გიორგი > წმინდა გიორგის მეხუთე სასწაული
წმინდა გიორგის მეხუთე სასწაული

პაფლაღონიის მხარეს არაბთა ჯარი შემოესია და მრავალი დაატყვევეს. და როცა ძალიან დიდი რაოდენობა შეკრიბეს, მათ შორის აღმოჩნდა ერთი ჭაბუკი, წმინდა მოწამე გიორგის ტაძრის მნეთაგანი, დატყვევებული სხვა ტყვეებთან ერთად. იმ დაბას, სადაც მოწამის სახელობის ტაძარი იყო აშენებული და რომლის მოსახლეობაც იყო დატყვევებული, ფატარი ეწოდებოდა მათ მიერ.
და როცა ყველა ტყვე წაიყვანეს უსჯულო მთავართან, ზოგნი მახვილით დაახოცინა და ზოგნი თავისიანებს დაურიგა მონებად. ხოლო ის ჭაბუკი, რადგან სხვებს ჯობდა მოხდენილობით, მთავრის მონად განაწესეს.
როდესაც მთავარი თავის ქვეყანაში დაბრუნდა, შეეცადა ჭაბუკი მისი სარწმუნოებიდან გადმოებირებინა და მართალია, ვერ შესძლო, მაგრამ მისი სასიკვდილოდ გამეტება არ ინება, საპატიო და უჭირველ სამსახურს მოაცილა, სამზარეულოში მსახურად დაადგინა და წყლის ზიდვა და შეშის ჭრა დაავალა.
ჭაბუკი იგონებდა რა მოწამის მონობისა და სამსახურის შემდეგ თუ როგორ სასტიკ მონობაში ჩავარდა, წმინდანს ცრემლებით ევედრებოდა, შეებრალებინა მისი გასაჭირი და დახმარების ხელი გაეწოდებინა მისთვის, ეშველა მისი მახვეწარისათვის. და რამდენადაც მსახური ჭაბუკის სარწმუნოება მაცხოვრის მიმართ მატულობდა, იმდენად მისი ცრემლის ნაკადული იზრდებოდა. მათი ღვრით იგი გულს ვერ უჯერებდა.
ერთ ღამეს, როცა ჭაბუკმა მოინდომა დასაწოლად წასვლა და ზღუდის კარს გასცდა, მოესმა ვიღაცის ხმა, რომელიც გარედან სახელით ეძახდა მას. და როდესაც მოისმინა, მიუგო: "ვინ ხარ, ბატონო?” ხოლო იგი ეუბნებოდა, რომ მისი ნაცნობია და მისი ნახვა უნდა. ჭაბუკს არაფერზე შეპარვია ეჭვი, მხოლოდ უკვირდა: "გარეთ მყოფმა როგორ დაინახა შიგნით მყოფი”.
როდესაც კარი გააღო, დაინახა საკვირველი მხედარი, ასაკით ჭაბუკი და შესახედავად მშვენიერი, რომელმაც მოიკითხა იგი. და როცა იგი უფრო და უფრო აკვირდებოდა, რათა ეცნო იგი, მაშინ მოსული, თითქოს საკოცნელად, მისკენ დაიხარა და აიყვანა იგი, ცხენის კისერზე შემოსვა, მოსხლიტა და ჭენებით მიუშვა თავისი ცხენი. და ცოტა ხნის შემდეგ კვლავ გადმოსვა, ხელი შეაშველა და რომელიღაც სახლში შეიყვანა, მერე გამოემშვიდობა და გაუჩინარდა.
ჭაბუკი ამ საკვირველმა ამბავმა გააოცა და სახტად დარჩენილი სრულებით მოეშვა, ღრმა ძილმა შეიპყრო და არ იცოდა, რა მოხდა მის თავზე, ვერც ადგილი და სახლი, რომელშიც იწვა, ვერ იცნო.
ცისკარზე ვიღაც შევიდა სანთლით ხელში. როგორც კი ჭაბუკმა იგრძნო ეს, ადგა მის შესახვედრად. ხოლო შესულმან როცა დაინახა აგარიანთა სამოსლით შემოსილი, შეშინდა და ეგონა, რომ ქურდი იყო, შეშფოთდა და ყვირილი დაიწყო. ისიც, როცა მან იხილა ქრისტიანული იერის მქონე შემოსული, ჩაცმული ეკლესიის მნის ტანსაცმელით, შეშინდა და მამაც დაიწყო ყვირილი. ვისაც მათი ყვირილი შეესმათ, სირბილით შევარდნენ სახლში და შეიპყრეს ჭაბუკი და ეკითხებოდნენ, თუ საიდან არის, ვინ არის და როგორ შევიდა დაკეტილ კარში. იგი შიშის კანკალს აეტანა და თანდათან ყველაფერი მოუთხრო მათ. ხოლო მათ, როცა მისი სიტყვები ესმოდათ, სახეს ცრემლები უსველებდათ და აცქერდებოდნენ ჭაბუკის სახეს, რადგან მათი უმრავლესობა მასთან ერთად მნეებად მსახურობდა წმინდა მოწამის ეკლესიაში.
და როდესაც ნამდვილად იცნეს იგი, ხმამაღლა ადიდეს ღმერთი, რომელიც წმინდა მოწამის მეშვეოვით ასეთ სასწაულებს აღასრულებს, და უთხრეს ჭაბუკს: "ნამდვილად ეს არის წმინდა მთავარმოწამის გიორგის ტაძარი, სადაც შენ დაგატყვევეს.” ხოლო იგი მოეგო გონებას და დარწმუნდა, რომ ჭეშმარიტად ის არის და ყველასთან ერთად მხურვალე ცრემლით დიდება შესწირა მას. და ყოველთვის ჰყვებოდა ხოლმე დიდებული და უძლეველი მოწამის სასწაულებს.
ხოლო ჩვენ წმინდა მოწამის სხვა კიდევ ერთ საკვირველმოქმედებას მოგითხრობთ, რადგან მისი სასწაულების რიცხვი აურაცხელია, და ასე დავიმთავროთ ჩვენი სიტყვა. ხოლო თქვენ სარწმუნოებით მომიპყარით ყური, რომ სულიერი სარგებელი მოიმკოთ, მრავალმოწყალე და კეთილი ღმერთი ადიდით და მუდამ აქებდეთ და ადიდებდეთ მას.