მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > წმიდა გიორგი > წმინდა გიორგის მეექვსე სასწაული
წმინდა გიორგის მეექვსე სასწაული

პირველად უნდა გაუწყოთ, ო ძვირფასო შეკრებილობავ და ქრისტეს მოყვარენო მსმენელნო, რომ პაფლაღონიის ქვეყნის მკვიდრთ დიდი სარწმუნოება და მხურვალე სიყვარული აქვთ დიდებული და ღვაწლითშემოსილი ქრისტეს მოწამის გიორგისი. ამიტომ მონდომებული არიან, რომ მის სახელზე აშენონ ძვირფასი და მშვენიერი ტაძრები, ემსახურონ და ილოცონ მათში, მონატრული არიან და მოსურნე მის საპატივცემულოდ გამართონ დღესასწაულები და შეკრებები. განსაკუთრებით კი ისინი, ვინც ამასტრიდის გარშემო სოფლების მკვიდრნი არიან, როგორც ამას ქვემოთ მოყოლილი ამბავი გამოაჩენს, სადაც მის სახელზე მშვენიერი ტაძარი არის აშენებული იმ ადგილას, რომელსაც პატამონი ეწოდება, რომლისკენაც ყველანი სარწმუნოებით ისწრაფვიან და რასაც ითხოვენ, მაშინათვე მიიღებენ.
იყო ერთი კაცი იმ ადგილას, კეთილმსახური და უფლის მოშიში, სახელით ლეონ და ჰყავდა მას თავისი ღვთისმოყვარების შესაფერისი შესანიშნავი მეუღლე, სახელად თეოფანია. ცხოვრობდნენ ისინი მდიდრულად და არაფერი არ აკლდათ, ჰქონდათ მათ დიდებული და ყოვლად ქებული ქრისტეს მოწამის გულწრფელი სარწმუნოება, განუხრელი იმედი და მხურვალე ნატვრა. მის ტაძარში შეუნელებლად ლოცულობდნენ და მის ხსენებას ყოველ წელს აღასრულებდნენ და მას თავიანთი მთელი ქონების მცველად, შემქმნელად და მზრუნველად თვლიდნენ და ღვთის შემდეგ წმინდანის იმედი ჰქონდათ.
ეს კაცი ეკუთნოდა მეომართა რიცხვს და თავის მხედრობის წესს დაუზარებლად ასრულებდა. ცხოვრობდა რა ასე, მიეცათ მათ ვაჟი, რომელიც წმინდა მოწამის დიდებულ ტაძარში სარწმუნოებით შეამკეს და წყლისა და სულის მიერ ნათლისღებით მეორედ დაბადეს და მოწამის სიყვარულით მას გიორგი დაარქვეს. როდესაც რძეს შეეშვა, წმინდა წერილის შესასწავლად მოწამის ტაძრის მღვდელს მიაბარეს, რომ იგი განესწავლა, მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ: "უფლის სწავლითა და მოძღვრებით”. ასე, როგორც ახლად დარგულ ხეს, ზრდიდნენ და მისი მშვენიერებითა და წესიერებით იხარებდნენ და წმინდა მოწამეს ევედრებოდნენ, რომ ჭკვიანი ყოფილიყო, სწორ გზაზე და საღვთო ცხოვრებით ევლო.
მშობელთა ლოცვით და მოწამის ხელშეწყობით ბავშვი შეიქნა მორიდებული, გონიერი და ბეჯითი მოსწავლე, არა მარტო გონების სიმახვილით და გულმოდგინებით, არამედ დაწესებული დღისა და ღამის ლოცვების დაუზარელად, გულმოდგინედ გალობით და თავისი მოთმინებით ყველასთვის სასურველი და საყვარელი გახდა.
როცა ყველაფერი ეს ხდებოდა, დაიწყო დასავლეთის წარმართების სასტიკი შემოტევები ქრისტიანებზე და გაერთიანებული ძალებით თავდასხმები. ასე მაგალითად, ბულგარელებმა, უნგრელებმა, სკვითებმა, მიდიელებმა და თურქებმა არა მარტო მახლობელი ქვეყნები მოაოხრეს და დაარბიეს, არამედ ღვთის მფარველობის ქვეშ მყოფი დედაქალაქის დაპყრობაც კი განიზრახეს, ძლიერი ღმერთის კაცთმოყვარეობასა და წყალობას რომ არ დაეშალა და გაექარწყლებია მათი ზრახვები.
იმან, ვისაც ამ დროს ბერძენთა მეფობის გვირგვინი ედგა, ყველა მხარეს გაგზავნა და მოუხმო თავისი საბრძანებლის მეომარ-მხედრების, ერისთავებს და ჯარის წინამძღვრებს, რათა შებრძოლებოდნენ ზემოხსენებულ წარმართებს. ვინაიდან იმ ღვთისმოყვარე კაცს-ლეონს, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, აღარ შეეძლი სიბერით უძლურების გამო მხედრობის წესის შესრულება და მგზავრობის სიძნელების ტვირთვა, მან უნებლიეთ და იძულებით, ღვთის ნების გარეშე, გადაწყვიტა თავისი დედისერთა ძე გიორგი, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვი იყო და არ იყო აცილებული ყრმათა ასაკს, თავის მაგივრად ჯარის სამსახურში გაეგზავნა.
მან ჩაჰკიდა ხელი თავის მეუღლეს და შვილს, მოწამის ტაძარში წავიდა და ასეთი ტკივილნარევი ვედრებით მიმართა წმინდანს:
"წმინდა გიორგი, ქრისტეს მოწამეო, შენ შეგავედრებთ ჩვენს დედისერთას და საყვარელ შვილს, რომელსაც შენი სურვილით და სიყვარულით გიორგი ვუწოდეთ. ახლა კი ისმინე ჩვენი ვედრება: შენ წარუძეღ და დაიცავი იგი, მშვიდობის გზაზე ატარე და კვლავ მშვიდობით და უვნებლად დააბრუნე ჩვენთან, რათა უფრო ვამრავლოთ შენდამი მადლობა და სარწმუნოება, როგორც ჩვენი და ყველას შემწისა ყველაფერში”.
ეს და სხვა მრავალი სთხოვეს რა და ცრემლით ევედრნენ, გაგზავნეს იგი სხვა მეომრებთან ერთად, და დღე და ღამე არ აკლებდნენ მისთვის ვედრებასა და წმინდანის შეწუხებას, რათა ექცეს იგი მას მზრუნველი და თანამოგზაური, რომ ჯანმრთელმა და ცოცხალმა მოაღწიოს მშობლებთან.
შეიკრიბა საბერძნეთის ყველა მხრიდან უამრავი ჯარი და შეებნენ ზემოხსენებულ წარმართებს მოუხერხებელ ადგილას და ზღვის ფრიალო ნაპირას, რომლებსაც უსჯულოები, როგორც გამძვინვარებული მხეცები, მაშინვე თავს დაესხნენ, უკუაქციეს და უთვალავი რაოდენობა გაჟლიტეს. ეს მოხდა, როგორც მგონია, ჩვენი უთვალევი უსჯულოების გამო ღვთის მიერ დადებული ჩვენთვის უცნობი სასჯელით, რომელიც მხოლოდ ყველაფრის შემქმნელმა იცის.
იმ დღეს იმ ადგილას მოხდა ქრისტიანთა დიდი ჟლეტა, ვინაიდან ზოგი მახვილით ამოწყდა და ზოგი ზღვაში ჩაეძირა, ხოლო სხვები სრესა-ჭყლეტაში გაიგუდნენ, ერთმანეთი გადათელეს და ურთიერთ შეტაკებისას გაწყდნენ, სხვები სხვადასხვა, ნაირნაირი და მრავალფერი სიკვდილით დაიხოცნენ. ხოლო სხვები ტყვე იქმნენ და ბნელ საპყრობილეებში და უკუნ დილეგებში დაანწყვდიეს, შიმშილითა და წყურვილით გაჭირვებულები და გალეულები საცოდავად ამოწყდნენ, ზოგიერთებს კი მონობის მწარე ხვედრი ხვდათ.
ამოდენა სიმრავლიდან ზოგიერთები გაიქცნენ და გადარჩნენ. ხოლო ყრმა გიორგი ღვთის შეწევნითა და წმინდა მოწამის მზრუნველობით და მის მშობელთა ლოცვით მთელი და უვნებელი დარჩა, რადგან არც მახვილით დაიჭრა, არც მეჯახებისაგან გაითელა, არც რაიმე სასიკვდილო ზიანი შეხვედრია, მხოლოდ შეპყრობილ იქნა წარმართთა ერთი მთავრის მიერ, რომელმაც იხილა რა მისი მშვენიერება და სილამაზე, გაბარწვისა და გვემის ნაცვლად თავისი მორჩილება და სამსახური დაავალა და თავის ქვეყანაში გაგზავნა.
ყრმა მადლობელი იყო ღვთისა და წმინდა მოწამე გიორგისა, რადგან ცოცხალი დარჩა და გულმოდგინედ და დაუზარებლად აღასრულებდა ხოლმე თავისი პატრონის ყოველგვარ დავალებას და ცდილობდა, რომ მის მოსაწონისად გამოჩენილიყო.
რამდენიმე დროის შემდეგ მისმა მშობლებმა, რადგან ვერ ეღირსნენ მის ხილვას, იწყეს ბუნებრივი სიყვარულის გამჟღავნება, გულმუცელი ეწვოდათ და მწარედ გოდებდნენ. მამამისი ასეთ სიტყვებს ეუბნებოდა: "ვაიმე, ჩემო ერთად-ერთო და სანუკვარო შვილო; ვაიმე, ჩემი სიბერის ნუგეშისმცემელო, რატომ მე, მოხუცებული და უძლური, არ წავედი ჩვეულებისამებრ ჩემი მხედრული ვალის მოსახდელად და მოცილეთა გასაკიცხად გავხდი? რატომ არ დაგტოვე შენ სახლში, როგორც ნორჩი ნაყოფი, დედაშენის სანუგეშოდ და ჩვენი შთამომავლობის გასამრავლებელ თესლად? აწი რა ვქნა და რა ვიღონო? არ ჩემი მწუხარების როგორი ნუგეში ვპოვო მე? ან ვინ დავტოვო ჩემი ქონების მემკვიდრედ? ვინ მომიაროს მე უძლურსა და მოხუცებულს? ან როცა მოვკვდები, ვინ გამითხაროს საფლავი და ვინ ახსენოს სახსენებელი ჩემი? ვაიმე უბედურსა, ვაიმე საწყალობელსა, როგორი მწუხარებით ჩავიდა ჩემი სიბერე ჯოჯოხეთში.”
დედამისი კი უფრო მწარე გოდებით გოდებდა და ისიც ასეთ სიტყვებს ამბობდა: "ვაიმე, ჩემო ტკბილო შვილო, ვაიმე, ჩემი სულის ნუგეშისმცემელო, ვაიმე, ჩემო თვალის სინათლევ, როგორ გიგლოვო შენ, ან რა სახით ვიტირო შენი დაკარგვა და დაღუპვა, ანდა სიკვდილი? არ ვიცი მახვილით მოკვდი, თუ შეტაკების დროს გაიგუდე, ციხეში ჩაგაგდეს, თუ საპყრობილეში დაგამწყვდიეს, შიმშილით დადნი თუ წყურვილით დაილიე. ცოცხლებთან გიგულო, შვილო, თუ მიცვალებელებთან მოგიხსენო? ვინმემ რომ ფრთები მომცეს, როგორც მტრედს, ავფრინდებოდი და შენამდე მივაღწევდი და მოგძებნიდი მკვდართა შორის დაცემულთა. ეგების შევძლებდი შენი სანატრელი სხეულის რომელიმე ნაწილის ან ძვლების პოვნას, რომ წამეღო და ჩემი სიკვდილის დროს ჩემთან ერთად დამეფლა. აქ რომ მომკვდარიყავი, ო საყვარელო შვილო, უფრო მოსათმენი მექნებოდა ტკივილი, როცა საკუთარი ხელით შეგახვევდი, მიგაბარებდი მიწას და მცირე ნუგეშად შენს სამარეზე დამჯდარი ვიტირებდი ჩემს თავს”.
ასე და ამაზე უფრო საშინლად მოთქვამდა დედამისი და ტკივილით იტყოდა, როგორც შეჰფერის გოდება შვილისმოყვარე დედას ერთადერთი და საყვარელი ძის დაკარგვისა და მოცილების გამო. ორივენი, მამაც და დედაც, ასე გოდებდნენ არა მარტო განმარტოებით და თავიანთ სახლში, არამედ მოწამის ტაძარში მივიდნენ, ცხარე ცრემლებით და გულდამწვარი მოთქმით ღაღადებდნენ: "ო, ქრისტეს წმინდა მოწამეო, ასეთი იმედით იმიტომ შეგავედრეთ ჩვენი საყვარელი და დედისერთა ძე, რომ მხეცებისა და ფრინველების შესაჭმელი გამხდარიყო? ასეთი სამაგიერო მოგვაგე იმ მხურვალე ვედრებათა და ლოცვათა სანაცვლოდ, რომელთაც შენდა მიმართ ყოველ დღე ვასრულებდით? ნამდვილად ჩვენი ცოდვები გახდა შენი წყალობის დაყოვნების მიზეზი, მაგრამ თუ ჩვენი სიბერის შეწყალება არ ინებე, შენი მონის სიყრმე როგორ არ შეიწყალე? ამ შენს წმინდა ტაძარში არ გახდა ღირსი მეორედ შობისა წყლისა და სულის მიერ ნათლისცემით? შენი ძვირფასი სახელით არ ვეცით პატივი ჩვენ საწყალ შვილს? შენი მეოხებით ყოველდღე არ ვწირავდით ღმერთს მისთვის ვედრებას? რატომ დაივიწყე და არაფრად ჩააგდე ჩვენი უბედურება და გაჭირვება, წმინდაო და დიდებული მოწამეო გიორგი”.
ამას და ამაზე მეტს როცა იტყოდნენ ტირილით ყრმის მშობლები თავიანთი თავისა და წმინდანის მიმართ, არა მარტო მეგობრებში, ახლობლებსა და ნაცნობებში იწვევდნენ მწუხარებას, არამედ თითქოსდა ქვებსაც აღუძრავდნენ სინანურსა და გლოვას მათთან ერთად.
ასევე ყრმა გიორგიც, ტყვეობასა და მონობაში მყოფი, მათსავე მსგავსად და უფრო მეტადაც, მწარე ტირილით ეტყოდა მოწამეს: "ო, წმინდაო ქრისტეს მოწამეო გიორგი, რატომ მიმატოვე შენი საბრალო მონა? ან რატომ არაფრად ჩააგდე შენი მადიდებელი ჩემი მშობლების ვედრება, თხოვა და გადაწყვიტე ჩემი მონობაში მიცემა და დიდ მწუხარებაში ჩაგდება ამ უცხო ქვეყანაში და უსჯულო და მძვინვარე ხალხს შორის? არც ჩემი მშობლების ცრემლები შეიწყალე და არც ჩემს სინორჩეს ექმენ მოწყალე. ნუთუ ჩემი მშობლების მიერ შენდამი არ ვიყავი შემოვედრებული და იმ შენს დიდებულ ტაძარში არ მივიღე ნათლისღება, შენ სეხნიად ვიწოდე და წმინდა წერილის მოძღვრება მასში არ ვისწავლე? და თუ ჩემი ცოდვებისათვის ინებე ამ გაჭირვებაში ჩემი ჩაგდება, სულ ნუ მიმატოვებ, არამედ აწ, ამის შემდეგ იზრუნე ჩემთვის და წარმართთა მხეცური ზრახვები ჩემდამი შეარბილე და შენი მოწყალებით ჩემს მშობლებს ნუგეში ეცი”.
ეს ამბავი რო ხდებოდა, აჰა, მოიწია მოწამის ხსენების დღე, რომლის ბრწყინვალედ დღესასწაულობას ყოველწლიურად ჩვეულნი იყვნენ ტყვეობაში ჩავარდნილი ყრმის მშობლები. და დღესასწაული რაც უფრო ახლოვდებოდა, უფრო აძლიერებდნენ ისინი მოთქმას და ტირილს, მაგრამ მაინც ბეჯითად, დიდი სურვილით და გულმოდგინებით აღასრულებდნენ მას. როდესაც მოიწია ღვაწლშემკული მოწამის დღესასწაული, მწუხრის გალობის შემდეგ, როგორც იყო იმ მხრის ჩვეულება, გაამზადეს ბრწყინვალე ტაბლა და ყველა შეკრებილს ყოველგვარი პატივისცემით გულუხვად გაუმასპინძლდნენ.
და როდესაც ისინი ტაბლასთან ისხდნენ, სხვა არაფერი ჰქონდათ სალაპარაკო, გარდა იმისა, რომ ყველანი ყრმაზე ფიქრობდნენ და მასზე ლაპარაკობდნენ, რადგან მისი დედ-მამა ტიროდა დაამბობდა: "წმინდანის წინა ხსენების დღეს ჩვენი საყვარელი შვილი გიორგიც ჩვენთან იყო და შემოკრებულებს ემსახურებოდა”.
ხოლო ნათესავები, ესმოდათ რა მათი სიტყვები, მათთან ერთად იცრემლებოდნენ და გლოვობდნენ, მეგობრები და მოძმენი ნუგეშს სცემდნენ, და ყველა იქ შეკრებილი მწუხარე იყო და მათთან ერთად იტანჯებოდა.
იყო რა ტყვეობაში, ყრმა გიორგიმაც იცოდა, რომ იმ ღამეს წმინდანის ხსენება იყო. იდგა იგი სამზარეულოში ცეცხლთან,
ჩვეულებრივ თავისი პატრონის სამსახურს ასრულებდა და ადუღებდა ღვინის შესაზავებელ წყალს. იგი იგონებდა: "ამაღამ ჩვენს სახლში ჩემი მშობლები ელოდებიან მოწამის სახსენებელის შესრულებას და იქ შემოკრებილთ ყოველგვარი პატივისცემით გაუმასპინძლდებიან. მეც, საბრალო ტყვექმნილი, მოწამის გასული ხსენების დროს მათთან ვიყავი და მათთან ერთად ვდღესასწაულობდი, ვცხოვრობდი და მის წმინდა ტაძარში შემოკრებილებთან ერთად ვგალობდი და ვდღესასწაულობდი, ხოლო ახლა უცხო ქვეყანაში ტყვე ვარ და მონაქმნილი”.
როდესაც მწუხარედ მდგომი ამას იგონებდა თავის გუნებაში, ტირილს იწყებდა და ცრემლიანი ასე ამბობდა: "ვაიმე, რომ მხოლოდ მარტო მე გავხდი უღირსი შენს ტაძარში შესვლისა, ო წმინდაო ღმრთისაო, მაგრამ როდესაც ჩემი მშობლები აღასრულებენ შენ სახსენებელს ჩემი დაკარგვისათვის, მწარედ არ მოთქვამენ? ხოლო მე როგორი გალობა შემოგწირო შენ ამ შენ დღესასწაულზე, ან რომელი ქებით ვადიდო ეს დიდებული შენი სახსენებელი? სხვა არაფერი მაქვს, მხოლოდ უსარგებლო ცრემლები და უსიტყვო კვნესა, შეწუხებული გულიდან, კოცონის მსგავსად ამომავალი. იცოცხლე ყველა ჩემიანებო და ჩემო ნაცნობებო, ნუ დამივიწყებთ მე ტყვესა და თქვენგან გადაკარგულსა და, თუ როგორც ცოცხალს მახსენებთ, ილოცეთ ჩემთვის, თუ როგორც მკვდარს-მილოცეთ და მიგლოვეთ, როგორც მკვდარი”.
როცა იგი ამას იგონებდა წყნარად და მდუმარედ, უსიტყვო წუხილით, სასწრაფოდ უბრძანეს მას მასთან მყოფნა მონებმა სამზარეულოდან წყლის ჭურჭლის აღება და პატრონთან ასვლა. ყრმამ თვალთაგან ცრემლი მოიწურა, აიღო მდუღარე და აქაფებული ჭურჭელი, რომელსაც კურკუმა ჰქვია, და სწრაფად გაემართა თავისი პატრონის მაგიდისაკენ.
და როცა იგი ადიოდა, აჰა, ყოვლად დიდებულმა ქსრისტეს მოწამე გიორგიმ სწრაფად აიტაცა იგი, ამბაკუმის მსგავსად, და თვალისდახამხამების უმალ მიიყვანა იგი თავის მშობლიიურ სახლში, სადაც მისიანები და მისი ნათესავები ისხდნენ ტაბლასთან შემოკრებულ მრავალ ხალხთან ერთად; და ხელში ეჭირა ზემოხსენებული კურკუმა, როგორც ახლახან ცეცხლიდან აღებული.
როდესაც იგი უეცრად იხილეს მისმა დედ-მამამ და ყველა იქ შემოკრებულმა ხალხმა ბულგარულ სამოსელში გამოწყობილი და მდუღარე კურკუმით ხელში, გაოცდნენ და მთელი ხმით იყვირეს და დიდება მიუზღეს ღმერთს. და როცა ეს მოხდა, მის მშობლებს მოულოდნელი და უეცარი სიხარულისაგან გული წაუვიდათ და უსულოდ დაცვივდნენ მიწაზე. ხოლო სხვები კისერზე ეხვეოდნენ, კოცნიდნენ და ეკითხებოდნენ მისი მოსვლის ვითარებას.
ხოლო ყრმამ იცნო რა თავისი სახლი და თავისი მშობლები და ყველა იქ შეკრებილნი, შეკრთა და გაოცდა და, როცა გონს მოეგო და დაიწყნარა თავისი გონება, დაიწყო თხრობა თავისი დაბრუნების შესახებ და ასე იტყოდა: "არ ვიცი, რა მოგიყვეთ თქვენ, მხოლოდ ერთი რამე ვიცი, რომ ახლა, ამ დროსა და ამ წამში, ვიყავი მე ბულგარეთის ქვეყანაში ტყვეობაში და მონობაში. და აი, ეს ჭურჭელი, რომელსაც ჩემს ხელში ხედავთ, სამზარეულოში ცეცხლიდან ავიღე მდუღარე და ვაპირებდი ჩემ პატრონთან ამეტანა მაგიდაზე. და როგორც კი მივაღწიე კიბეს, რომელიც იქ ადიოდა, ვიხილე კიბის კუთხესთან ერთი მხედარი, სტრატილატის ფორმით შემოსილი და მზის ბრწყინვალებაზე უფრო ბრწყინვალე, რომელმაც წამში ამიყვანა და გამომიტაცა. და მიდიოდა რა ელვაზე უფრო სწრაფად, მე არც მის ჯაფას ვგრჯნობდი და არც მოძრაობას. მხოლოდ როდესაც ზღვაზე ავედით, მეგონა, რომ თითქოს ცხენის ფეხთაგან რაღაც ხმაური და წყლის ჩხრიალი მესმოდა. და უმალ ისევ ხმელეთზე აღმოვჩნდით ნათლითა და ბრწყინვალებით მფრინავნი, შრომისა და გაჭირვების გარეშე და არ ვიცოდი, თუ საით მივდივარ, ან სადა ვარ. ასე საკვირველად და მოულოდნელად, როგორც მხედავთ, წამში აი, აგერ თქვენ შორის დამაყენა და ეს მდუღარეც ხელში მიჭირავს”.
ეს ყველაფერი როდესაც მოისმინეს ყრმისაგან, ყველანი გაკვირვებამ შეიპყრო და სწრაფად გაცვივდნენ სახლიდან და დარბოდნენ, რომ ეპოვნათ მისი მხსნელი, თაყვანი ეცათ და ედიდებინათ. და როცა ვერავინ იპოვეს, კვლავ ყრმისაკენ გაეშურნენ და ამ საკვირველების სიდიადე უფრო უკვირდათ, რადგან ხედავდნენ კურკუმას მის ხელში, მდუღარეს და ქაფქაფას, თითქოს მხოლოდ ახლახან აეღო ცეცხლიდან.
ხოლო როდესაც მისი მშობლები გამოფხიზლდნენ გულწასულობისაგან, მოეხვივნენ შვილს კისერხე, შეიტკბეს იგი, მხურვალე ცრემლებით კოცნიდნენ, გაკვირვებით ათვალიერებდნენ და გუნებაში ფიქრობდნენ და იტყოდნენ: "ნეტავ ჭეშმარიტად ჩვენი შვილი არის ეს?’’ ამას და ამაზე მრავალს რას არ იტყოდნენ და რას არ აკეთებდნენ იმ საკვირველმოქმედების სამადლობელად, რომელიც იქმნა ქრისტეს დიდებული მოწამის გიორგის მოღუაწეობით და მხურვალე შეწევნით.
ასე გადაიქცა მტანჯველი და მწარე მწუხარება უზომო და დიდ სიხარულად და ყველანი ადიდებდნენ ყოვლად კეთილსა და კაცთმოყვარე ღმერთს, ასეთი დიდებული საკვირველების ჩამდენს, თავისი მსახურის, ყოვლად ქებულისა და წმინდა მოწამის მიერ და მადლობას უძღვნიდნენ უძლეველსა და ღვაწლშემოსილ და სამგზის სანატრელ გიორგის. და სადიდებლად, სამარადისო სახსენებლად, პატივსაცემად, მოსათხრობად და სამადლობლად ყრმა გიორგის მიერ ტყვეობიდან ჩამოტანილი მდუღარით ღვინო განაზავეს და წმინდა მოწამის დიდებისა და შემწეობისათვის შესვეს.
სხვა საკვირველი ამ საკვირველებიდან მოისმინეთ, ძმებო, რადგან ტყვეობიდან ჩამოტანილი კურკუმა არც თუ დიდი იყო, არამედ ძალიან პატარა, ხოლო წმინდანის სახსენებლად შეკრებილი ხალხი მრავალრიცხოვანი იყო, მაგრამ სასმელად იყო არა მარტო მაგიდასთან მსხდომთ, არამედ მსახურებსაც, სუფრის მოსამსახურეებსაც და ყველას, ვინც კი ამ დღესასწაულს დაესწრო, რადგან არც წყალი მოაკლდა და არც მდუღარება დააკლდა ამდენი დროს განმავლობაში, არამედ იუო ცხელი და მდუღარე, როგორც ძლიერ ცეცხლზე შედგმული.
ჰოი საკვირველება! რადგან, როგორც წინასწარმეტყველ ელიას დროს ღარიბი და სტუმართმოყვარე ქვრივის ფქვილის ჭურჭელსა და ზეთის კოშოტს არაფერი მოაკლდა, ასევე პატარა კურკუმაში მდუღარის მატებამ შემცირება და გაგრილება შეაჩერა და, როგორც ვთქვი, დაუზოგავად ყველას ეყო. და, როგორც შეშაზე დასხმულმა წყალმა, (თავისი ბუნების საწინააღმდეგოდ) ანთებული ცეცხლი იმავე ელია წინასწარმეტყველის წყალობით კი არ ჩააქრო, ასევე საღვთო ცეცხლის ძალამ წმინდანის შემწეობით მდუღარე წყალი უფრო გააცხელა და გაახურა.
სხვა ყველამ, როგორც ვთქვით, წმინდა მოწამის დიდებისა და შემწეობისათვის, დანაყრდნენ და ძალზე გახარებულნი ადიდებდნენ და მადლობას სწირავდნენ ღმერთს. ბოლოს წაიყვანეს ურმა და წავიდნენ წმინდა გიორგის ტაძარში და ერთად ხალობდნენ, ტიროდნენ კიდეც და სიხარულის ცრემლით მიწას ალბობდნენ.
და როცა მოწამის დიდებულ ტაძარში შეიყვანეს, იწყეს მისმა მშობლებმა მადლობის შეწირვა მოწამისადმი და ასე იტყოდნენ მის მიმართ ხმამაღლა: "გმადლობთ, წმინდაო ღვთისაო, შენი გულმოდგენი ხელის შეწყობისა და შეწევნის გამო, რომ არ უგულვებელყავი ჩვენი ცრემლები, ჩვენი ვედრება, არამედ შენი ვალდებულებაც შეასრულე და ჩვენი შვილი მშვიდობით დააბრუნე და ცოცხალი გვაჩუქე. მაგრამ გვაპატიე ჩვენი ადრინდელი საყვედურის სიტყვები, რომლებიც შენ მიმართ ვთქვით. გვაპატიე ჩვენ, ქრისტეს მოწამეო, რადგან ყველასთვის მოწყალე და კეთილი ხარ, რადგან გულისტკივილით შეპყრობილნი და ბუნებრივი გრძნობით აღელვებულნი, უნებურად გულგატეხილობის სიტუვებს”.
ასეთი და სხვა უმრავლესი სამადლობელით მადლობას სწირავდნენ და ევედრებოდნენ ქრისტეს წმინდა მოწამეს. ის ღამე უძილოდ გაათენეს, მისი დღესასწაული და ხსენები ბრწყინვალედ აღასრულეს და ტყვეობიდან ჩამოტანილი კურკუმა წმინდა ტაძარს შესწირეს, რომ იყოს იგი მოსახმარებელი უხრწნელისა და წმიდა საუფლო ხორცისა და სისხლის საკურთხეველზე შეერთებისას, მხილველთა დასარწმუნებლად, მსმენელთა სამოწმოდ და დიდებული საკვირველების საუწყებლად.
საკვირველებით განთავისუფლებული ყრმა გიორგი მაშინ ძალიან ყრმა იყო, ხოლო ახლა სიბერეს მიაღწია და თვითონ უამბობს ხოლმე დროდადრო მასზე მომხდარ საკვირველებას და წმინდა და დიდებული მოწამის გიორგის ცხოველმყოფელობას.
ასეთია დიდებული გიორგის საკვირველებანი, როგორც ეს მრავალთაგან მხოლოდ მცირედი მოგახსენეთ. ასეთია მისი წამების ღვაწლის ქება. ამოდენაა მისი სიმამაცის ძალა, რადგან თუკი მხოლოდ სათითაოდ ვიტყვით მის სასწაულებს, რომელთაც იგი აღასრულებს ყველას მიმართ, ასევე ცალკეული კაცის მიმართ, და თუ ვინმე მოისურვებს ყველას აღწერას, ამას ადამიანის ენა არ გაწვდება და არ იკმარებს ნაწერის სიმრავლე, რომ აღრიცხოს მისი სასწაულების რიცხვი, რადგან სავსეა ყოველი ქვეყანა, ყოველი ეკლესია და ყოველი სახლი მისი საკვირველებითა და წყალობით, როგორც ცა ვარსკვლავებით, ქვეყანა ყვავილებით და ზღვის სანაპირო ქვიშით.
მაგრამ, ჰოი მოწამეთა და მოღვაწეთა მშვენიერებავ, ჩემო საფიქრელო და ბრწყინვალებავ, ტკბილო სახელითაც და საქმითაც, ჰოი, მეუფის მრავალნაყოფიერო ნაღვაწო, ყოველთა მართალთა სამკაულო, ურწმუნო მტერთა მძლეველო, დიდო მხედარო ქრისტე ღვთისაო, რომელმაც იქადაგე მისი წმინდა და დიდებული სახელი უსჯულო მეფეთა და მთავართა წინაშე და მათ მუქარებსა და ტანჯვის გამო სურვილით შესვი წამების სასმელი და უკვდავების გვირგვინი მაღლის მაცოცხლებელი მარჯვენით დაიდგი და ახლა მისი მადლით ცაში ანგელოზებთან ერთად დგახარ მისი ტახტის წინაშე, ხოლო მიწაზე ხილვებს და სასწაულებს და დიდებულ საკვირველებებს აღასრულებ, რომელთა რიცხვი უთვალავია, მოდი ახლა და დადექი ჩვენ შორის და გაგვიყავი ჩვენ, მაქებართა და მგალობელთა შენთა, მადლი, წყალობა და ცოდვათა მოტევება და გაგვიძეხი ჩვენ მშვიდობის გზაზე საწადელი სავანისაკენ, ზეციური სასუფლევისაკენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემწეობით, რომელსაც შეჰფერის ყოველივე დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამასთან და სულიწმინდასთან ერთად, აწ და სამარადისოდ და საუკუნიდან საუკუნემდე, ამინ.